ახალი მინისტრის პრეზენტაციას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, - რომელიც დღეს დილას წერილობითი განცხადებით დაემშვიდობა საზოგადოებას და თქვა, რომ სურს, ოჯახს მეტი დრო დაუთმოს, - არ დასწრებია.
გელა გელაძე 2025 წლის იანვრიდან 2025 წლის 5 აპრილამდე „ქართული ოცნების“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე იყო, 5 აპრილს კი სუსის ახალი უფროსის, ანრი ოხანაშვილის მოადგილედ დაინიშნა.
- თავდაცვის სამინისტროში ის მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა, სუსში კი - არასრული ორი თვის.
ირაკლი კობახიძემ გელაძე წარადგინა, როგორც „გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის „მრავალწლიანი სტაჟი“ აქვს.
კარიერა „ოცნების“ მმართველობისას
მისი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ასეთია:
- 2023-24 წლებში – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
- მანამდე ხუთი წელი ამავე სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსი იყო.
გელა გელაძე ამ პოსტს იკავებდა 2021 წლის 19 მაისს, როდესაც თბილისის 51-ე სკოლაში ერთ-ერთ კლასს ეწვია, კამერების წინ, მის უკან დაფაზე კი ჩანდა რუსულენოვანი წარწერა: Жизнь ворам - „ქურდებს სიცოცხლე“.
- 2012-16 წლებში იყო პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, 16-18 წლებში კი - შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსი.
კარიერა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას
- ის წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში, დიმიტრი შაშკინის მინისტრობისას, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეც იყო - 2010-12 წლებში;
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ის ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის სოდ-ში:
- 2007-2008 წლებში – იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მრჩეველი;
- 2007 წელს – იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტის მრჩეველი;
- 2005-2006 წლებში – შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;
- 2005 წელს - თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი;
- 2004-2005 წლებში – შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
- 2004 წელს – შსს-ის დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი;
- 2004 წელს – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენ. ინსპექციის მრჩეველი.
რატომ გადადგმა გომელაური
28 მაისს, დილის 9:30 საათისათვის, შსს-ის პრესცენტრმა გაავრცელა ცნობა ვახტანგ გომელაურის გადადგომის შესახებ. როგორც თავად აცხადებს, გადაწყვიტა ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.
გომელაური, - რომელსაც 2024 წლის 19 დეკემბერს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ ფინანსური სანქციები დაუწესეს დემონსტრაციების დარბევის ფონზე, - მეორე დღეს ვიცე-პრემიერად დანიშნეს.
- შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად იგი 2015 წელს დაინიშნა;
- შემდეგ სუსის უფროსი იყო;
- 2019 წლიდან გომელაური ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნეს.
„დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო”, - ნათქვამია გომელაურის განცხადებაში, რომელიც დღეს, 28 მაისს, გამოქვეყნდა შსს-ს ოფიციალურ საიტზე.
გომელაური აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.
ფორუმი