Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელოუინის კინო


„ბუგონია“, რომელსაც ამჟამად საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ, 2003 წლის კორეული ფილმის - „გადაარჩინე მწვანე პლანეტა“ - რიმეიკია.
„ბუგონია“, რომელსაც ამჟამად საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ, 2003 წლის კორეული ფილმის - „გადაარჩინე მწვანე პლანეტა“ - რიმეიკია.

„ბუგონია“ (2025, აშშ, რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი)

იორგოს ლანთიმოსის მიზანთროპიული კინო შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ შეუძლებელია არ დააფასო მისი უნარი, შეინარჩუნოს საკუთარი ხელწერა სრულიად განსხვავებულ ჟანრებსა და თემებში. ლანთიმოსი თანამედროვე კინოს იმ იშვიათ ავტორებს შორისაა, რომლის ფილმს რამდენიმე ეპიზოდითაც იცნობ. მით უფრო გასაოცარია ჰოლივუდში დამკვიდრებული ბერძენი რეჟისორის შემოქმედებითი პროდუქტიულობა, სითამამე და ექსპერიმენტისადმი სიყვარული.

აგერ, გარისკა და წარმატებული პროექტების შემდეგ „სხვისი ფილმის“ გაცოცხლება გადაწყვიტა: „ბუგონია“, რომელსაც ამჟამად საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ, 2003 წლის კორეული ფილმის - „გადაარჩინე მწვანე პლანეტა“ - რიმეიკია.

ფილმის მსოფლიო პრემიერა პროდიუსერებმა ჰელოუინის ღამეს დაამთხვიეს: ბევრი სისხლი, ჭრილობები, გადაპარსული თავები, მკვდრის ნიღბებად ქცეული სახეები - ამ ყველაფერმა ერთდროულად უნდა შეგაშინოს და გაგაცინოს. ეს ატმოსფერო დეკორაციის ნაწილად იქცა ლოს-ანჯელესში გამართულ პირველ ჩვენებაზე. ამბობენ, სეანსის წინ მაყურებელს თავების გადაპარსვასაც კი სთავაზობდნენ, თითქოს იდენტიფიკაციის ეფექტი სიამოვნებად ექცეოდათ (ფილმში ემა სტოუნს მართლაც ვნახავთ გადაპარსული თმით). არადა, თუ „ბუგონიაში“ რაიმე არის ცალსახა, ეს იდენტიფიკაციის და, მით უმეტეს, პერსონაჟების თანაგრძნობის კატეგორიული უარყოფაა.

კინოს გადაღება 35 მმ-იან ფირზე დღეს უკვე ეგზოტიკად მიიჩნევა - ისედაც საკმარისია „გაუცხოების ეფექტის“ შესაქმნელად. მაგრამ „ბუგონიაში“ ამას ემატება ლანთიმოსისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული აბსურდიზმი და მაყურებლის „წვალების“ უნიკალური მანერა.

მიშელ ფულერი (ემა სტოუნი) მსხვილი ფარმაცევტიკული კომპანიის წარმატებული აღმასრულებელია: ითვლის კალორიებს, კრივში ვარჯიშობს და სიამოვნებას არ იკლებს. კონსპიროლოგი მეფუტკრე ტედი (ჯესი პლემონსი) არწმუნებს ბიძაშვილს, რომ აუცილებელია მიშელის გატაცება, რადგან სინამდვილეში ის უცხოპლანეტელია, რომელიც კაცობრიობის განადგურებას ცდილობს.

გატაცების შემდეგ იწყება მიშელის წამება - წარმოდგენილი არც ისე ზომიერად და არცთუ მაინც და მაინც მახვილი იუმორით. მაყურებელი იბნევა: ხან იჯერებს, რომ მიშელი მართლაც „ანდრომედეს აგენტია“, ეჭვობს, რომ შეშლილი ტედის ეჭვები სულაც არ არის უსაფუძვლო. პარალელურად კი ხედავს ქალის წამებას და ვეღარ ხვდება, ვის მიმართ უნდა ჰქონდეს თანაგრძნობა.

ამან შეიძლება დაგღალოთ, გაგაღიზიანოთ კიდეც. მით უმეტეს, როცა უყურებთ სანახაობას, რომელიც ახლოს არ გიშვებთ. ცივი იუმორი, ესთეტიზებული სისასტიკე, სენტიმენტებისგან დაცლა, ხაზგასმული უარი პერსონაჟების მიმართ ემპათიაზე - ეს ყველაფერი ლანთიმოსის ხელწერის ნიშანია. მის გმირებს ყოველთვის ხვდებათ ჰერმეტული სივრცე - ბინები, ოფისები, სარდაფები. ინტერიერები უფრო ციხეს ჰგავს. გრძელი, “არამტვრევადი“ კადრები, რომლებიც არ იცვლება მაშინაც კი, როცა კამერის წინ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება; ზედმიწევნით გეომეტრიული და უჰაერო კომპოზიციები. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ მაყურებელი დისტანციიდან უყურებს და ხვდება, რომ „უცხოა“ ამ თამაშში.

თუმცა არ იფიქროთ, რომ მაყურებელთან ასეთი კატათაგვობანა მხოლოდ ლანთიმოსის არჩევანია. ნახეთ „გადაარჩინე მწვანე პლანეტა“ - 20 წლის წინ გადაღებული “ანტიგლობალიზაციური” კორეული მანიფესტი, ჩან ჯუნ-ხვანის შედევრი, რომელიც მოსკოვის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურის პრიზით აღინიშნა (ერთგვარი „დამცირება“ ამ მასშტაბის ფილმისთვის).

„გადაარჩინე მწვანე პლანეტა“ ერთ-ერთი უნიკალური ნამუშევარია ყველა კინემატოგრაფიული ჟანრის აღრევის თვალსაზრისით - ფილმი, რომელიც გაშინებს, გაცინებს, გაოცებს, გაგაღიზიანებს და ბოლოს აგატირებს კიდეც. მაყურებლისთვის ერთი ჟანრიდან მეორეში გადასვლა ხან სასიამოვნოა, ხან დამღლელი - კორეულ კინოს ხომ ზომიერების ნორმები ყოველთვის სპეციფიკური ჰქონდა.

მსახიობებიც ზოგ სცენაში ვერ უმკლავდებიან ამ „ჟანრობრივ დატვირთვას“, მაგრამ მთლიანობაში „გადაარჩინე მწვანე პლანეტა“ აბსოლუტურად „შეშლილი“ ფილმია - თავისუფალი ფორმის ზეიმი, რომლის მსგავსი პირადად მე მხოლოდ კენ რასელის პროექტებში მახსოვს.

იორგოს ლანთიმოსი, ალბათ, ამიტომაც დათანხმდა სხვისი ფილმის ადაპტაციას - დღეს ჩან ჯუნ-ხვანის შედევრი გაცილებით აქტუალური ჩანს, ვიდრე 2003-ში. სოციალური ქსელების ეპოქაში პარანოია იმდენად ღრმადაა გამჯდარი ჩვენს ცნობიერებაში, რომ ტყუილი სინათლის სიჩქარით ვრცელდება. ფსიქოზი, რომელმაც მოიცვა ჩვენი „მწვანე პლანეტა“, სულ უფრო დამაჯერებლად აქცევს შეთქმულების თეორიებსა და ყველას მოსყიდვის იდეას.

“გადაარჩინე მწვანე პლანეტის” ნახვის შემდეგ “ბუგონია” მეორადი ფილმი ხდება, თუმცა არ არის მეორადი თავად ლანთიმოსის შემოქმედებით ბიოგრაფიაში, რადგანაც, მართალია, სატირა კაპიტალიზმის თემაზე ტიპურია ლანთიმოსისთვის, სამაგიეროდ მნიშვნელოვნად გამძაფრებულია სატირა კაპიტალიზმის მსხვერპლზე - იმ ადამიანებზე, რომლებიც სწორედ უსამართლობამ და უთანასწორობამ დააჯერა აბსურდულ თეორიებში (ტედის დედა, მაგალითად, მიშელის ფარმაცევტიკული კომპანიის ექსპერიმენტულმა წამალმა დააავადა).

კორეული პირველწყაროსგან განსხვავებით, ბოროტი კაპიტალიზმის სიმბოლოდ ლანთიმოსმა არა მამაკაცი, არამედ ქალი აირჩია - თავისი მუდმივი თილისმის, ემა სტოუნის შესრულებით. ქალი-მეცნიერი, როგორც „დედა“, თითქოს აკონტროლებს სიცოცხლეს პლანეტაზე, მაგრამ მალე ცხადი ხდება, რომ დედობა მხოლოდ ინსტრუმენტია, რეპროდუქცია კი ექსპერიმენტი.

მაყურებელი ელოდება მეცნიერების კრიტიკას, მაგრამ ეს მოლოდინი არ მართლდება. რჩება მხოლოდ ლანთიმოსის ირონიული მზერა - „ბუგონია“ ფილმი-დაცინვაა, რომელიც მასხრად იგდებს შეთქმულების თეორიებსაც, ფარმაცევტიკულ გიგანტებსაც, კაპიტალიზმსაც და მთლიანად კაცობრიობას. ლანთიმოსი დარწმუნებულია, რომ ჩვენ, ადამიანები, არ ვართ ღირსნი ვიცხოვროთ ამ მშვენიერ პლანეტაზე - მხოლოდ ფუტკრები გააგრძელებენ თავიანთ საქმეს ჩვენი სიკვდილის შემდეგ.

როგორც უნდა გაღიზიანებდეთ ლანთიმოსის მიზანთროპია, „ბუგონიის“ შესანიშნავი ფინალი - თითქოს ვიდეოკლიპის სტილში აწყობილი სცენა პიტ სიგერის სიმღერით „Oh, When Will You Ever Learn?“ (მარლენ დიტრიხის შესრულებით) - არასოდეს დაგავიწყდებათ.

ეს იქნება კლასობრივი ომის ფინალი, რომელიც ლანთიმოსმა „ბუგონიაში“ წარმოგვიდგინა. ღარიბებმა, საკუთარი შეთქმულების თეორიებით, შური იძიეს მდიდრებზე. და თუ მათ სჯერათ „დიფსტეიტების“, „ომის პარტიების“, „ბოროტი ინვესტორების“, რატომ არ უნდა დაიჯერონ უცხოპლანეტელების, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩვენი მწვანე პლანეტის განადგურება? სიგიჟეა, რა თქმა უნდა. მაგრამ ზუსტად ის ატმოსფეროა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. “დიფსტეიტების“ ძლევამოსილების იდეებით ღარიბებს ახლა ის იმორჩილებს, ვის ხელშიცაა ძალაუფლება.

კაცობრიობა - როგორც ტკბილი თაფლი, საიდანაც იბადებიან ხარბი უცხოპლანეტელები - ეს მეტაფორა თავად ფილმის სათაურშია გამოტანილი. სახელი „ბუგონია“ უკავშირდება ბერძნულ მითს (მე თვითონაც ხშირად მავიწყდება, რომ ლანთიმოსი ბერძენია) და ნიშნავს ფუტკრების დაბადებას მკვდარი ძროხისგან - სიკვდილისგან სიცოცხლის წარმოშობის პარადოქსს. ფილმის მსვლელობისას ეს იდეა იშლება: სიცოცხლე და სიკვდილი, ზრუნვა და ძალადობა, ბუნება და მეცნიერება ერთმანეთს უჩინრად ერწყმის.

დიახ, მაყურებელი უნდა გადაიღალოს, უნდა იგრძნოს თავი მოტყუებულად - და ასე, დაქანცული უნდა შეხვდეს „ბუგონიის“ ფინალს. ესაა მისი კათარსისი.

მანიპულაციაა? კი, ასეა.

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება - ლანთიმოსი ბერძენია.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG