Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბურევესტნიკი“ - რაკეტა თუ „მფრინავი ჩერნობილი?!" რატომ იმუქრება პუტინი თავისი საეჭვო ეფექტიანობის იარაღით


რუსული ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა "ბურევესტნიკი"
რუსული ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა "ბურევესტნიკი"

რუსეთში ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ გამოჩენა ექსპერტებისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა, თუმცა მათი აზრით, რაკეტა, რომლის შექმნაზეც რუსი მეცნიერები 2001 წლიდან მუშაობენ, ვერ შეცვლის სტრატეგიულ ბალანსს შეერთებულ შტატებთან.

26 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა შეხვედრა გამართა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან, რომელმაც რუსეთის უმაღლეს მთავარსარდალს ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტის „ბურევესტნიკის“ წარმატებული გამოცდის შესახებ მოახსენა. თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, გამოცდებმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ბირთვული ფარის საიმედოობაო“. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს რაკეტა ისეთი „უნიკალური პროდუქტია, როგორიც მსოფლიოში სხვას არავის აქვს”. პუტინმა ამ რაკეტის შექმნის შესახებ პირველად 2018 წელს, ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვისას განაცხადა.

ნორვეგიამ, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, დაადასტურა „ბურევესტნიკის“ გამოცდის ფაქტი. ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ვიცე-ადმირალმა ნილს ანდრეას სტენსიონესმა, 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთმა გასულ კვირას ბარენცის ზღვაში მდებარე კუნძულ „ნოვაია ზემლიადან“ „ბურევესტნიკის“ „ახალი საცდელი გაშვება“ განახორციელა.

რუსული "ბურევესტნიკის" რაკეტის საცდელი პოლიგონი. ნოვაია ზემლია. 2023 წელი.
რუსული "ბურევესტნიკის" რაკეტის საცდელი პოლიგონი. ნოვაია ზემლია. 2023 წელი.

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმაც სიამაყით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ წარმატებით გამოცადა ბირთვულძრავიანი ახალი მაღალტექნოლოგიური იარაღი - მოქმედების შეუზღუდავი რადიუსის ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“.

„ყველას ვულოცავ „ბურევესტნიკის“ შექმნას. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო მის შექმნასა და გამოცდაში, დაიჯერა ეს პროექტი და ყველაფერი გააკეთა მის განსახორციელებლად. ამ იარაღს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. „ბურევესტნიკი“ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, მის სუვერენიტეტს და ასევე ხელს შეუწყობს თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის დაცვას მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვოლოდინმა.

ვიაჩესლავ ვოლოდინი
ვიაჩესლავ ვოლოდინი

ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთის ხელისუფლების განცხადებები ახალი სუპერ-თანამედროვე („ანალოგის არ მქონე“) ფრთოსანი რაკეტის შექმნის შესახებ, უფრო მეტად პოლიტიკური პროპაგანდაა, ვიდრე რეალური გარღვევა სტრატეგიულ ბალანსში.

ექსპერტების ვარაუდით, რუსული ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა ძალიან ძვირი ჯდება და, შესაბამისად, რუსეთის მხოლოდ რამდენიმე მათგანის წარმოებას თუ შეძლებს. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის შეიარაღებაში „ბურევესტნიკის“ მიღება რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული ძალების სტრატეგიულ ბალანსს ვერ შეცვლის. სავარაუდოდ, შეერთებული შტატები არც კი შეეცდება „ბურევესტნიკის“ მსგავსი ფრთოსანი რაკეტის შექმნას.

როგორც მიუნხენის ბუნდესვერის უნივერსიტეტის პროფესორმა კარლო მასალამ უთხრა გერმანულ Deutsche Welle-ს, მოსკოვის განცხადებები „პროპაგანდისტული შოუა“, რადგან ისინი ნატოს ბირთვული წვრთნებისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ფონზე კეთდება.

სამხედრო ანალიტიკოსი იური ფიოდოროვიც რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ „ბურევესტნიკით პუტინის ტრაბახის" ერთ-ერთი მიზანი სწორედაც რომ აშშ-თან დიალოგის დაბრუნებაა.

“აშშ რუსეთს უსწრებს სტრატეგიული ბირთვული არსენალის შენარჩუნების პერსპექტივების თვალსაზრისით. რუსეთის სტრატეგიული იარაღი იმდენად დაძველდა,რომ, მაგალითად, „სატანა“ და „SS-18“ რაკეტები, რომელთაგან თითოეული 10 ქობინს ატარებს, არსენალიდან სრულად მოხსნის ზღვარზეა. ასევე ძველდება მთელი რიგი სხვა სტრატეგიული შეიარაღებისა, რომლის შეცვლის არსებითი რესურსი რუსეთს არ გააჩნია. ამიტომ სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები, თუ ასეთი კონტროლი მიღწეული იქნება, რუსეთისთვის უფრო მომგებიანია. აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ჯერჯერობით საკმაოდ ცივ დამოკიდებულებას ავლენს ამ იდეის მიმართ, მაგრამ არსებობს სხვა პრობლემებიც, მათ შორის ბირთვულ ქობინებში გამოსაყენებელი პლუტონიუმისა, რომელთა უტილიზაციაც უნდა მომხდარიყო ე.წ. ბრიდერულ (breeder reactor) ან სწრაფ ნეიტრონულ რეაქტორებში”, - ამბობს ანალიტიკოსი.

რუსეთის თავის მოძველებულ სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებაში გამოსაყენებელი პლუტონიუმის უტილიზაცია/განადგურებასაც პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. საქმე ის არის, რომ პუტინმა 27 ოქტომბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთსა და აშშ-ს შორის პლუტონიუმის მართვისა და განადგურების შეთანხმებას აუქმებს. შეთანხმებასთან ერთად უქმდება დოკუმენტის შესაბამისი ყველა პროტოკოლიც.

ვლადმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
ვლადმირ პუტინი და დონალდ ტრამპი

პლუტონიუმის მართვისა და განადგურების შეთანხმება (PMDA), რომელიც 2000 წელს გაფორმდა, თითოეულ მხარეს ავალდებულებდა, გაენადგურებინათ სულ მცირე 34 ტონა სამხედრო დანიშნულების პლუტონიუმი. შეთანხმების რატიფიცირება 2011 წელს მოხდა, მისი აღსრულება კი 2018 წელს უნდა დაწყებულიყო. აშშ-ის თანახმად, შეთანხმების ფარგლებში დაახლოებით 17 000 ბირთვული რაკეტის საწარმოოდ საჭირო რაოდენობის პლუტონიუმი განადგურდებოდა. 2016 წლის 31 ოქტომბერს პუტინმა შეთანხმების მოქმედება შეაჩერა, ახლანდელი კანონით კი შეთანხმება ოფიციალურად გაუქმდა. ამავე წელს რუსეთმა შეთანხმების განსაახლებლად რიგი მოთხოვნები წარადგინა, რომლებიც მოიცავდა იმ დროისთვის რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის გაუქმებას, შემზღუდავი ზომების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა და NATO-ში 2000 წლის 1 სექტემბრის შემდეგ გაწევრიანებულ ქვეყნებში აშშ-ს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო დანაყოფების შემცირებას იმ დონემდე, რომელიც შეთანხმების გაფორმებისას იყო. აშშ-მ რუსეთის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, რუსეთი აშშ-თან პლუტონიუმის მართვისა და განადგურების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შენარჩუნებას მიუღებლად მიიჩნევდა.

იური ფიოდოროვი
იური ფიოდოროვი

რისთვის სჭირდება პუტინს დიდი რაოდენობით პლუტონიუმი? - ამ კითხვის პასუხად სამხედრო ანალიტიკოსი იური ფიოდოროვი ამბობს:

“ვფიქრობ, რომ რუსეთს აქვს ბირთვული სტრატეგიისა და მთლიანად ბირთვული არსენალის განახლების საჭიროება. ფაქტია, რომ ბირთვული ქობინები, ბირთვული იარაღი, ბირთვული ასაფეთქებელი ნივთიერებები და იგივე სამხედრო დანიშნულების პლუტონიუმი, რომელიც ბირთვულ ქობინებშია გამოყენებული, დროთა განმავლობაში იცვლიან თვისებებს. საბრძოლო მასალა დროდადრო განახლებას, ხოლო ბირთვული ასაფეთქებელი ნივთიერებები სხვადასხვა პროცედურის ჩატარებას საჭიროებენ და ა.შ. ეს რთული საკითხია. პლუტონიუმის წარმოებაც საკმაოდ ძვირია, ამიტომ შესაძლებლად მიიჩნევენ, უტილიზაციის ნაცვლად, რამდენიმე ასეული ტონა პლუტონიუმი აიღონ და შეინახონ. თუმცა პუტინს არ აქვს მნიშვნელოვანი რესურსები სტრატეგიული ბირთვული არსენალის განახლებისთვის. ვსაუბრობ არა მხოლოდ საბრძოლო მასალაზე, არამედ რაკეტებზეც. არსებობს “სატანა” SS-18, არსებობს SS-19 რაკეტა, რომელიც ასევე ძალიან ძველია. მათი ექსპლუატაციის ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა. ერთი სიტყვით, დროა, ეს რაკეტები ჩამოიწეროს. მაგრამ რუს სამხედროებს საერთოდ არ სურთ მათი ჩამოწერა, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ჩასანაცვლებლად არაფერი აქვთ. ცდილობენ დახვეწონ რაკეტა “სარმატი”, რომელიც, სავარაუდოდ, “სატანას” ჩაანაცვლებს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით. ასე რომ, ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებითაც”.

რას წარმოადგენს ბურევესტნიკი?

„ბურევესტნიკი“ (ინდექსი - ГРАУ 9M730,ნატოს კოდური აღნიშვნა SSC-X-9 Skyfall) - გლობალური რადიუსის კონტინენტთაშორისი ფრთოსანი რაკეტა ბირთვული ძრავის მოწყობილობით. რაკეტის სასტარტო (გამშვები) ძრავა მყარსაწვავიანია, ხოლო სამარშო - ბირთვული ჰაერ-რეაქტიული. რაკეტის პარამეტრები: სიგრძე გაშვებისას: 12 მ, ფრენისას - 9 მ. კორპუსის ფრონტალური პროექცია ელიფსურია (1 x 1.5 მ). რაკეტის კორპუსი დაფარულია ტეფლონის ფენით. რაკეტა ქვე-ბგერითია. ავტორთა მტკიცებით, ფრთოსანი რაკეტის ფრენის ტრაექტორია და უკიდურესად ხანგრძლივი მანევრირების დრო, საშუალებას აძლევს მას გაარღვიოს მტრის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ზღუდეები. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წარმატებული გამოცდისას რაკეტის ფრენის დრომ 15 საათი, ხოლო დაფარულმა მანძილმა 14 000 კმ შეადგინა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ბურევესტნიკის“ შემუშავების შესახებ პირველი განცხადება ჯერ კიდევ 2018 წლის 1 მარტს გააკეთა ფედერალური კრებისთვის გაგზავნილ მიმართვაში. პუტინის მიმართვის დროს ნაჩვენები იყო სარაკეტო სისტემის გამოცდის ვიდეოჩანაწერი. 2018 წლის 22 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამართული ღია კენჭისყრის შემდეგ, ფრთოსან რაკეტას „ბურევესტნიკი“ ეწოდა.

„ბურევესტნიკის“ შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს 2001 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები (1972 წელს დადებული) რაკეტსაწინააღმდეგო ხელშეკრულებიდან გავიდა. პროფესორ მარკ გალეოტის თქმით, „ბურევესტნიკი“ ძველი, საბჭოთა ეპოქის პროდუქტია, „რომელიც თაროდან ჩამოიღეს“ და ახალი დაფინანსებით გააცოცხლეს. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ფრთოსანი რაკეტის შექმნაზე მუშაობენ ეკატერინბურგის საკონსტრუქტორო ბიუროსა და საროვში მდებარე ექსპერიმენტული ფიზიკის სრულიად რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტები.

პუტინის განცხადებებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტების თანახმად, რაკეტის კორპუსის ზომები შედარებადია Х-101 ფრთოსანი რაკეტის ზომებთან და აღჭურვილია მცირეგაბარიტიანი ბირთვული ენერგომოწყობილობით. ამასთან, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, .“ბურევესტნიკის“ ფრენის სიშორე ათეულჯერ აღემატება Х-101-ის მოქმედების დიაპაზონს.

კაპუსტინ იარი, სამხრეთ რუსეთის საცდელი პოლიგონი, სადაც ანალიტიკოსების თქმით, გამოსცადეს ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“. 2019 წლის სურათი
კაპუსტინ იარი, სამხრეთ რუსეთის საცდელი პოლიგონი, სადაც ანალიტიკოსების თქმით, გამოსცადეს ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“. 2019 წლის სურათი

2018 წლის 3 მარტს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-მა, სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ გამოცდა გაიარა მცირეგაბარიტიანმა ბირთვულმა ენერგოდანადგარმა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფრთოსანი რაკეტების და წყალქვეშა აპარატების წარმოებაში. ჯეფ ტერიმ, აშშ-ის ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკის პროფესორმა, ამერიკულ Tomahawk-თან შედარებისას აღნიშნა, რომ „ბურევესტნიკის“ ძრავის სასარგებლო (არათერმული) სიმძლავრე დაახლოებით 766 კვტ-ია, რაც, მისი თქმით, საკმაოდ კარგად ჯდება თანამედროვე თაობის მცირეგაბარიტიანი ბირთვული რეაქტორის პოტენციური სიმძლავრის დიაპაზონში. სპეციალისტებით თქმით, „ბურევესტნიკში“ გამოყენებულია ღია ციკლის გაზის ტურბინა, განსხვავებით „პოსეიდონისა“, რომლის იმავე ტიპის რეაქტორში გამოყენებულია დახურული ციკლის გაზის ტურბინა, სადაც გამონაბოლქვი და გაცივებული გაზი უკან, რეაქტორში ბრუნდება.

“ბურევესტნიკის” არცთუ სახელოვანი ისტორია

ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Nuclear Threat Initiative-მა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ 2017-2019 წლებში რუსეთმა ჩაატარა „ბურევესტნიკის“ მინიმუმ 13 გამოცდა, მაგრამ მათგან მხოლოდ ორი იყო „ნაწილობრივ წარმატებული“. 2019 წლის აგვისტოში, სევეროდვინსკის მახლობლად, საცდელ პოლიგონზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც „როსატომის“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მაშინ სწორედ ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ აფეთქდა.

მართლაც, 2019 წლის 8 აგვისტოს, არხანგელსკის ოლქში მდებარე ნიონოკასა და სოპკას სამხედრო პოლიგონზე მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც გამომცდელი მეცნიერები დაიღუპნენ და დაშავდნენ. სევეროდვინსკში, რომელიც პოლიგონიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, ფონური რადიაციის 0.11 μSv/სთ-დან 2 μSv/სთ-მდე ხანმოკლე ზრდა დაფიქსირდა (11:50-დან 12:20 საათამდე). ბეტა-გამოსხივების მომატებული დონე 9-დან 11 აგვისტომდე პერიოდში არა მხოლოდ სევეროდვინსკში, არამედ არხანგელსკშიც დაფიქსირდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და „როსატომის“ ოფიციალური ცნობით, საცდელ მოედანზე აფეთქდა თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტის ძრავა, რომელიც კვების რადიოიზოტოპური ენერგიის წყაროს იყენებდა.

ინგლისის მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ბირთვული იარაღის ექსპერტებმა, ჯეფრი ლუისმა და ენ პელეგრინომ, თანამგზავრულ ფოტოებსა და არაპირდაპირ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოთქვეს მოსაზრება, რომ აფეთქება მოხდა ბირთვული ფრთოსანი რაკეტის „ბურევესტნიკის“ გამოცდის დროს. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აფეთქებული რაკეტა მართლაც „ბურევესტნიკი“ იყო, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არც დაადასტურა და არც უარყო ბირთვული ფრთოსანი რაკეტის შესაძლო გამოცდის ფაქტი. სამხედრო ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ტრამპის განცხადება არა სადაზვერვო ცნობებს, არამედ მედიაპუბლიკაციებს ეფუძნებოდა.

CNBC, აშშ-ის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით, გამოთქვა ვარაუდი, რომ აფეთქება მოხდა ოკეანის ფსკერიდან წინა გამოცდის დროს ჩავარდნილი რაკეტის ამოღების ოპერაციის დროს.

შეფასებები და კრიტიკა

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ „ბურევესტნიკი“ იყენებს პირდაპირი ნაკადის ბირთვულ ჰაერ-რეაქტიულ ძრავას, რომელიც, ტრადიციული ბირთვული იარაღის ძრავის სისტემებისგან განსხვავებით, მთელი თავისი მოქმედების განმავლობაში წარმოქმნის „რადიოაქტიურ გამონაბოლქვს“. ამ მოსაზრებას იზიარებენ The National Interest-ში, თუმცა, Stratfor-ში ვარაუდობენ, რომ ძრავა არა პირდაპირი ნაკადის, არამედ ტურბორეაქტიულია.

2019 წლის თებერვალში, გამოცემა Business Insider-მა, ფრთოსანი რაკეტის მე-13 გამოცდის კომენტირებისას, განაცხადა, რომ „რაკეტა ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს გამართულად“. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა მხოლოდ ერთ წარმატებულ გამოცდაზე იტყობინებოდა.

2019 წლის აგვისტოში, National Interest-მა განაცხადა, რომ საცდელი გაშვებების შედეგები იმაზე მიუთითებდა, რომ „ბურევესტნიკის“ პროგრამა შორს იყო სრულყოფილებისგან. მეტიც, ექსპერტთა დასკვნით მაშინაც კი, თუ „ბურევესტნიკის“ გამოცდა წარმატებით განხორციელდება, ასეთი სისტემის არსენალში მიღება ძვირი, სახიფათო და ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება.

2019 წლის აგვისტოში, Foreign Policy-ში გამოქვეყნდა სამხედრო ექსპერტების, მაიკლ კოფმანის (აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA) რუსეთის პროგრამების დირექტორი) და იან უილიამსის (სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტის დირექტორის მოადგილე) მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რუსეთს არ ჰქონდა არც ტექნიკური და არც ფინანსური შესაძლებლობა პროექტის წარმატებით დასასრულებლად. 2020 წლის ივლისში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეიარაღების კონტროლის საკითხებში, მარშალ ბილინგსლიმ, რაკეტას „განკითხვის დღის სისტემა“ და „მფრინავი ჩერნობილი“ უწოდა.

„არ გამკვირვებია, რომ შექმნეს. ყველაფერი, რისი ტექნიკურად შექმნა შეიძლება, ის შეიქმნება კიდეც“, - განუცხადა DW-ს ვენის ბირთვული იარაღის განიარაღებისა და გაუვრცელებლობის ცენტრის წამყვანმა მკვლევარმა ნიკოლაი სოკოვმა. მისი თქმით, ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის ექსპერიმენტები 1960-იან წლებში აშშ-სა და სსრკ-ში წარმოებდა: „მაშინ პროტოტიპები ტოვებდნენ „მასიურ რადიოაქტიურ კვალს“, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს პროექტები არ განხორციელდა. მისი შექმნა რთული იყო. როგორც ჩანს, „როსატომმა“ მოახერხა ისეთი ძრავის შექმნა, რომელიც ფრენის დროს არ ქმნის მნიშვნელოვან რადიოაქტიურ დაბინძურებას“.

ექსპერტების თქმით, „ბურევესტნიკს“ ორი მთავარი უპირატესობა აქვს: ფრენის პრაქტიკულად შეუზღუდავი დიაპაზონი და არაპროგნოზირებადი მხრიდან იერიშის მიტანის შესაძლებლობა. ჩანაფიქრით, რაკეტა შექმნილია იმისთვის, რომ გაარღვიოს აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომლის ყველაზე ძლიერი ნაწილი ჩრდილოეთში მდებარეობს და შექმნილია ბალისტიკური რაკეტების პროგნოზირებად ტრაექტორიებზე გასანადგურებლად. სხვა მიმართულებების დაფარვაც შესაძლებელია, მაგრამ რთულია და მოითხოვს ხარჯებსა და დროს. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მომავალში, როდესაც აშშ შექმნის უფრო ძლიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, ე.წ. „გუმბათს“, „ბურევესტნკის“ ექნება მასში შეღწევის ძალიან მცირე შანსი.

„ბურევესტნიკს“ ტექნიკური მახასიათებლებით ადარებენ სხვა ფრთოსან რაკეტებს, იმავე ამერიკული Tomahawk-ს ან რუსულ Х-101-ს. ახალი რაკეტის დაბალი სიჩქარე დაუცველს ხდის მას ჩვეულებრივი სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემების მიმართ: „ბურევესტნიკის“ ჩამოგდება ისევე შესაძლებელია გამანადგურებლების მიერ, როგორც ეს ხდება უკრაინაში რუსული იერიშების მოგერიებისას. თუმცა, სხვა თანამედროვე ფრთოსანი რაკეტების მსგავსად, „ბურევესტნიკის“ აღმოჩენა რთულია მისი ფრენის დაბალი სიმაღლისა და მანევრირების გამო.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, „ბურევესტნიკი“ 2027 წლამდე ვერ იქნება მიღებული ექსპლუატაციაში. „ბურევესტნიკის“ საბრძოლო პოტენციალი ასევე არ არის გათვალისწინებული 2026 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელებულ რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG