„მშვიდობა და მეტი სიკეთე“, დედაქალაქის მერის, კახი კალაძის მესამე ვადის საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება, მათთვის მიუღწეველი მიზანია - ისინი ავარიული სახლების გვერდით ახალ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ჯერჯერობით უშედეგოდ.
კომპანიამ, რომელიც ისრაელის მოქალაქე გავრიელ ბინიაშვილმა და სამშენებლო კომპანია M2-თან ასოცირებულმა არქიტექტორმა ირაკლი შარაშიძემ 2022 წლის ბოლოს დააარსეს, თბილისში, ბარნოვის ქუჩის ვიწრო ჩიხში, კულტურული მემკვიდრეობის ორ ძეგლს შორის, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
კახა კალაძის არჩევნებმა პოლიტიკური კრიზისის, სამოქალაქო მღელვარების, ოპოზიციის ბოიკოტისა და პოლიტიკური ოპონენტების პატიმრობის პირობებში ჩაიარა და თითქმის არ იყო არც დრო და არც სივრცე თბილისში, მათ შორის ისტორიულ ნაწილში, ქაოსური, ზოგჯერ სახიფათო განაშენიანების შესახებ დებატებისთვის.
კალაძის მერობის განვლილ პერიოდში, 2018-2024 წლებში, თბილისში ათასობით ახალი მშენებლობის ნებართვა გაიცა. და რადგან მერიას გეოლოგიური სამსახური არ აქვს, მშენებელი კომპანიები თავად უკვეთენ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევებს.
ასე მოხდა ბარნოვის ქუჩაზეც.
ვინ არის ბარნოვის პირველი ჩიხის ინვესტორი?
Binyamin Investment Management Fund-ის (ბინიაშვილის საინვესტიციო ფონდი) ვებგვერდზე ბარნოვის ქუჩის სამშენებლო პროექტი აღწერილია, როგორც სივრცე, რომელიც გაიყიდება და გაქირავდება, უფრო მეტად ახალგაზრდა სტარტაპერებსა და ფრილანსერებზე, როგორც საერთო საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი.
შვიდსართულიანი კომპლექსის სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასულ წელს გასცა. ამ დოკუმენტით პროექტი 2027 წლის 25 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
მშენებლობის სიახლოვეს მდებარე ისტორიული შენობების 80-მდე მობინადრე, ამ გადაწყვეტილების გამოუსწორებელი შედეგების შიშით, პროექტის შეჩერებას ითხოვს.
რატომ თქვა სასამართლომ უარი მშენებლობის შეჩერებაზე?
“თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის გამოცემული ყველა სამშენებლო გადაწყვეტილება არაკანონიერი აქტია”, - ამბობს ადვოკატი ნატა ქარჩაიძე. ის ბარნოვის N 8-ში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამავე სახლის ამხანაგობის თავმჯდომარეა. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და მუნიციპალიტეტის შეფასებით, მესამე ხარისხის დაზიანებები აქვს.
მან და მისმა მეზობლებმა 2000 ლარი შეკრიბეს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მდგომარეობის შეფასება დაუკვეთეს.
ექსპერტის დასკვნით, დიდი ალბათობით, ახალი მშენებლობა გავლენას მოახდენს ისტორიული ღირებულების შენობაზე, რომლის მდგომარეობა ისედაც არასახარბიელოა. ბზარები, დაზიანებები, დეფორმაცია - შენობას III ხარისხის ხარვეზები აქვს და ეს სისუსტეები „ასაკობრივი ცვეთით, ხანგრძლივი ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებით და ფუძე-საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციითა“ გამოწვეული - წერია დასკვნაში. ექსპერტები ასკვნიან, რომ ამ სახლში ცხოვრება ახლაც სახიფათოა და ეს რისკები მიწისძვრისას განსაკუთრებით გაიზრდება.
დასკვნაში ასევე წერია, რომ ბარნოვის ქუჩის პირველი ჩიხის N-10-ში დაგეგმილი მშენებლობა, ასე ახლოს ამ მოძველებულ ისტორიულ შენობასთან, დიდი ალბათობით, მის მდგომარეობას გააუარესებს.
ექსპერტების ეს მოსაზრებები ბარნოვის N-8-ში მცხოვრებლებმა სასამართლო საჩივარს დაურთეს და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს, მაგრამ უშედეგოდ - მოსამართლე ზვიად გოჩაშვილმა მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
“ადრეც მოვითხოვეთ მშენებლობის შეჩერება და მაშინ ლაბორატორიის დასკვნები დავურთეთ, მაგრამ მოსამართლემ ექსპერტიზის დასკვნა, მტკიცებულება მოგვთხოვა, რომ ეს მშენებლობა ნამდვილად ზიანის მომტანია”, - ამბობს ნატა ქარჩაიძე.
ექსპერტიზის ამ დასკვნის მიუხედავად, დავა მათ სასარგებლოდ არ გადაწყვეტილა - “ამ ინფორმაციაში [იგულისხმება ექსპერტიზის დასკვნა] ახალი არაფერიაო”, - ასე დაასაბუთა გადაწყვეტილება მოსამართლემ.
მას არ უმსჯელია “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონზე, რომლის მიხედვით, ძეგლის დაცვის არეალი ასე გამოითვლება: ძეგლის სიმაღლე გამრავლებული ორზე, არანაკლებ ორმოცდაათი მეტრის რადიუსით.
შენობა, რომელიც ბარნოვის პირველი ჩიხის № 10-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს, ბარნოვის ქუჩა № 8-ში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლიდან მხოლოდ 50 სანტიმეტრით იქნება დაშორებული, რაც არღვევს არა მხოლოდ ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალს, არამედ ჩვეულებრივ შენობებისთვის დადგენილ სამეზობლო მიჯნასა და უსაფრთხოების ნორმებსაც კი.
რა მოჰყვება ახალ მშენებლობას ბარნოვის პირველ ჩიხში?
მაყაშვილის და ბარნოვის ქუჩის კვეთაზე ადრე დიდი მანქანების მოძრაობის შემზღუდავი გაბარიტული ბოძები იდგა. ამ აკრძალვას ერთდროულად სახლები, გზა და მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა დაეცვა, თუმცა 2017 წელს, ბარნოვის N 10-ში სასტუმროს მშენებლობისას, ბოძები მოჭრეს და მას მერე აღარც დაუბრუნებიათ.
დღის უმეტეს დროს ამ ვიწრო დაღმართზე ცალმხრივი მოძრაობა მანქანების უწყვეტი ჯაჭვით არის გადატვირთული.
ახლა ახალი შენობისთვის ადგილის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, 11 ათასამდე კუბური მეტრი გრუნტის გატანა იქნება საჭირო, ანუ ბარნოვის ქუჩაზე 8 კუბური მეტრი ტევადობის თვიმცლელმა მანქანამ დაახლოებით 1400-ჯერ უნდა გაიაროს. მშენებლობის დასაწყებად 3 000 კუბური მეტრი ბეტონის შემოტანას კი დაახლოებით 500 ბეტონმრევი დასჭირდება.
დიდი ალბათობით, ამ ვიწრო და დამრეც ქუჩაზე ბეტონმრევები ზევიდან ქვევით ან ვერ ივლიან, ან თუ ივლიან, ავარიების რისკებს შექმნიან, - გვეუბნება მშენებელი ექსპერტი და ამატებს: თუკი ბარნოვის ქუჩის ზედა ნაწილში მოძრაობა პატრულმა არ გააკონტროლა, ურთიერთსაპირისპიროდ მოძრავ მანქანებს გვერდის ავლა გაუჭირდებათ.
გრუნტის გაზიდვისა და ბეტონის შეტანის გარდა, ავარიულ, დაბზარულ სახლებს, მათ შორის, სამ კულტურულ ძეგლს, რომლებსაც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონი იცავს, ხიმინჯების გაბურღვის პროცესში წარმოქმნილი ვიბრაციაც დააზიანებს - ახალ შენობას 40-ზე მეტი ხიმინჯი დასჭირდება.
რა საფრთხე ექმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს?
თბილისში ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 1790 შენობა არსებობს, მათგან 18 ვასილ ბარნოვის ქუჩაზე. ბარნოვის ქუჩის ყველა ძეგლი საცხოვრებელი სახლიცაა და ისინი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა.
ახალ მშენებლობასთან ყველაზე ახლოს ბარნოვის პირველი ჩიხის N8-ში მდებარე სახლია. მას არქიტექტურული ძეგლის სტატუსი 2007 წლის 1 ოქტომბრიდან აქვს.
ოდნავ დაბლაა ჩუქურთმიანი, ხვეული, შაბიამინისფერკიბიანი და წითელსაფეხურებიანი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი. ეს კიბე დღეს თბილისის ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, 3 წლის წინ ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა ის თავიანთი ინიციატივითა და კერძო ფონდების დახმარებით აღადგინეს.
ლურჯჩუქურთმებიანი, აგურით ნაშენები სახლი კაკაბაძეების ქუჩის N 13-ში სამშენებლო მოედანს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. ეს სახლიც ავარიულია - კედლები დაბზარულია, მაღალი ხის კიბე მორყეული. 1891 - აწერია ეზოს ჭიშკარზე. სავარაუდოდ, ეს ამ სახლის აშენების თარიღი უნდა იყოს.
“ვერ წარმომიდგენია, აქ როგორ უნდა ვიცხოვროთ: მტვერი, ხმაური, ნგრევა დაიწყება და კიდევ უფრო დააზიანებს ჩვენს სახლს”, - ამბობს ნინო ბახტაძე. ის ძმები კაკაბაძეების ქუჩის სახლის ამხანაგობის თავმჯდომარეა. მისი ბინის ფანჯრები მეორე სართულიდან პირდაპირ გავრიელ ბინიაშვილის მიწის ნაკვეთს უყურებს.
2015 წლის 26 მარტიდან, მთავრობის დადგენილებით, თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ბედს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნაცვლად, მუნიციპალიტეტი განაგებს. თბილისის მერიის კომპეტენციაა ძეგლების მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია, კონსერვაცია და რეაბილიტაცია.
არა მარტო ისტორიული ნაწილი, არამედ რეკრეაციული ზონაც
ვასილ ბარნოვის პირველი ჩიხის № 10-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს, ერთდროულად რეკრეაციული ზონა 2-ისა და თბილისის სატყეო ზონის სტატუსიც აქვს. მთაწმინდის მთის ფერდი, რომელსაც უშუალოდ ემიჯნება მიწის ნაკვეთი, ტერასულად არის გამწვანებული კვიპაროსებით და სხვა მრავალწლიანი ნარგავებით.
გამწვანებულ ტერიტორიაზე დგას 156 ძირი საღი ხე, რომლებიც 682,2 კვადრატულ მეტრს
იკავებს. პროექტის მიხედვით, მათი ერთი ნაწილი ადგილზე დარჩება, მეორე ნაწილი მოიჭრება, მესამე კი - იქვე უნდა გადაირგოს.
რამდენად სანდოა გეოლოგიური დასკვნა?
7-სართულიანი კომპლექსის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნას 93 წლის გეოლოგის, გუგა ჭოხონელიძის ბეჭედი აქვს დასმული. ჭოხონელიძე 2023 წელს, დასკვნის გაცემიდან სამ წელიწადში, გარდაიცვალა.
მან სამშენებლო დასკვნა დაწერა 2 274 კვადრატული მეტრი მიწის ფართობისთვის, რომლის 900 კვადრატული მეტრი შენობამ უნდა დაიკავოს.
ციცაბო კალთაზე ასეთი მასშტაბური მშენებლობის ტერიტორიის გეოლოგიური კვლევისთვის, სულ მცირე, 4-6 ჭაბურღილი მაინც უნდა გაეთხარათ. ოფიციალური დოკუმენტაციით კი, ბარნოვის პირველი ჩიხის № 10-ში, პროექტის შედგენის ეტაპზე მხოლოდ სამი ჭაბურღილიდან ამოიღეს გეოლოგიური სინჯები.
საექსპერტო დასკვნით, გამოუფიტავი ქანები ამ მიწაზე დაახლოებით 7 მეტრის სიღრმიდან იწყება. კიდევ სამი, ანუ ჯამში 10 მეტრი იქნებოდა იდეალური ხარისხიანი გეოლოგიური მონაცემების შესაგროვებლად.
გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნაში ასევე ნახსენებია სამი შურფი, რომლებიც მომიჯნავე სახლებს გაუკეთდა. შურფი სპეციფიკური თხრილია, რომელსაც გეოლოგები ნიადაგის თვისებებისა და გრუნტის წყლების შესასწავლად იყენებენ. შურფები ყველა შენობას ცალ-ცალკე უკეთდება. ნატა ქარჩაიძე კი ამბობს, რომ მათთან ამ მოთხოვნით არავინ მისულა.
აწ უკვე გარდაცვლილი გეოლოგის, გუგა ჭოხონელიძის, ჩანაწერი, რომელიც გეოლოგიური ანგარიშის საექსპერტო დასკვნაშია, შესაძლოა არ იყოს გადამოწმებული. საექსპერტო დასკვნა გეოლოგმა შეიძლება ადგილზე მიუსვლელადაც დაწეროს.
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნაში ასევე ნახსენებია, რომ გრუნტის წყლის ქიმიური შემადგენლობა გამოიკვლიეს, მაგრამ მისი შედეგები დოკუმენტს არ ახლავს. გრუნტის წყლის ქიმიური შემადგენლობა მნიშვნელოვანია საინჟინრო კონსტრუქციისა და სამშენებლო მასალების გამოყენების დაგეგმვისას. გრუნტის წყლის ქიმიური ანალიზით ჰიდროლოგები იგებენ წყლის აგრესიულობას, კოროზიულობას, რასაც მშენებლები და ინჟინრები უნდა დაეყრდნონ, მაგალითად, გრუნტის მიმართ მდგრადი ცემენტის ასარჩევად.
სად და როგორ მოეწყობა კანალიზაცია?
გეგმით, ახალი შენობა მიწის ზევით 19 მეტრზე მაღალი იქნება, მიწისქვეშ კი თითქმის რვა მეტრზე ჩავა. ავტოფარეხის სართულები უფრო დაბლა აღმოჩნდება, ვიდრე ამ უბნის გრუნტის წყლებია. სასტუმროს სახურავი კი რვა მეტრით ასცდება ბარნოვის პირველი ჩიხის მომიჯნავე სახლს.
საპროექტო დოკუმენტებში, რომლებიც “კაქტუსს” თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა გადასცა, არსად არის ნახსენები, როგორ უნდა მოაწყონ ამ საერთო საცხოვრებლისთვის განკუთვნილი შენობის საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა, არადა, ამ უბნის რთული რელიეფიდან გამომდინარე, კომპანიას ცალკე უნდა ჰქონდეს შესწავლილი ეს საკითხი.
ვასილ ბარნოვის № 8-ში და ვასილ ბარნოვის პირველი ჩიხის № 8-ში მდებარე შენობების უშუალო სიახლოვეს, დაახლოებით 3-4 მეტრში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვით, 2007 წელს ღრმა სამშენებლო ქვაბული ამოჭრეს. თუმცა იქ მშენებლობა არ გაგრძელებულა და ქვაბული ღიად დარჩა.
18 წლის მანძილზე დაუკონსერვებელ ქვაბულში წვიმისა და გრუნტის წყლები გროვდება, ჯდება მიწა და ქვაბულიც დაბლა იწევს. მოსახლეობის არაერთი თხოვნის მიუხედავად, არც მერია და არც მთაწმინდის გამგეობა ამ საქმეს ხელს არ ჰკიდებენ - ბარნოვის ქუჩის № 2-6 “კერძო ტერიტორიაა და ვერ შევეხებითო“, პასუხობენ.
კიდევ ერთი გეოლოგიური დასკვნა - რატომ არ გაგრძელდა ძველი მშენებლობა?
ამ ქვაბულში 2008 წელს მშენებლობა დაიწყეს, მაგრამ ფერდობი ჩამოინგრა და გასამაგრებელი გახდა. ფერდობზე ბეტონის ბლოკები მოეწყო - საყრდენი კედელი. გართულდა ხიმინჯების გაყვანის პროცესიც [ხიმინჯი ის კონსტრუქციაა, რომელსაც მთელი შენობა ეყრდნობა].
“ხიმინჯების უფრო ღრმად გაყვანა შეწყდა. მუშაობა გაართულა მიწისქვეშა წყლების მოდენამაც. მათი ამოტუმბვა კარგად ვერ მოხერხდა”, - წერია გეოლოგიურ დასკვნაში.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კენჭნარი ფუძე ვერ გამოდგა 9-სართულიანი შენობის მყარ საძირკვლად. ხიმინჯოვანი ველის მოედანიც მოეწყო, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ხიმინჯების გაყვანა საფრთხეს უქმნიდა მეზობელ სახლებს, ამიტომ ხიმინჯები ხელით გაიყვანეს.
ამავე გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ „მშენებლებმა გადაწყვიტეს ხიმინჯების გამოყენებაზე უარი ეთქვათ, იმიტომ რომ მათი მოწყობა საფრთხეს შეუქმნიდა მიმდებარე სახლების მდგრადობას.”
დოკუმენტი, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაა ამ ქვაბულზე.
დოკუმენტი ორ, ძველ და შედარებით ახალ, დასკვნას აერთიანებს: ერთი 2017-ში ჩატარდა და მეორე - 2004-ში. ერთში [2017] წერია, რომ საინჟინრო-გეოლოგიური კუთხით მესამე [რთულ] კატეგორიას განეკუთვნება, მეორე [2004] დოკუმენტის მიხედვით კი - მეორე, საშუალო სირთულისას. ახალი დოკუმენტის მიხედვით, შენობა უნდა იყოს 9-სართულიანი, ხოლო ძველი დოკუმენტის მიხედვით, 3 სართულით დაბალი უნდა ყოფილიყო. ანგარიშებს შორის 13-წლიანი შუალედია, ამ პერიოდში კი საინჟინრო-გეოლოგიური პირობები ერთი ნიშნულით გაუარესდა.
„მაინც არაფერი შეიცვლება“ - მოსახლეობის დუმილი
ახალი მშენებლობის ტერიტორიას ოთხივე მხრიდან ციცაბო ფერდობზე შეფენილი საცხოვრებელი სახლები ესაზღვრება - ამ შენობების უმეტესობა დაბზარულია. თუკი აქაურებს გამოელაპარაკები, მოგიყვებიან, როგორ ეშინიათ ავარიულ სახლებში ცხოვრების, როგორ ვერ გვარდება მათი წლობით გაწელილი თავსატეხი, როგორი შიშით უყურებენ მდიდარ მშენებლებს და როგორ გადმოდის ხშირად კანალიზაციის წყალი კაკაბაძის ქუჩაზე. საკმარისია მათ ინტერვიუ სთხოვო, რომ ჩუმდებიან - სახელის გამხელა მათთვის ზედმეტი თავისტკივილია.
“მაინც არაფერი შეიცვლება. შევარდნაძის დროიდან ასე ვართ”, - ასე გვითხრა უარი საკუთარი სახელის გამხელაზე ზეინაბ ბოცვაძის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალმა, რომელმაც დეტალურად აღგვიწერა თავისი უბნის, ტურისტების საყვარელი თბილისის ქუჩის პრობლემები.
ამ ძველი უბნის ავარიულ სახლებს შემორჩენილი მცხოვრებლების უმეტესობა პენსიონერი ან დაუსაქმებელია, მათთვის პროტესტიც რთულია და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებაც. მაგალითად, სასამართლოს ბაჟისა და სამხარაულის ექსპერტიზისთვის საჭირო თანხის შეგროვება - 20-50 ლარი ოჯახზე - მათთვის დიდი ფულია.
და რა შეიცვლება, რომც იჩივლონ?
ბარნოვის ქუჩაზევე, რომელიც დედაქალაქის ისტორიული უბანია, რამდენიმე მეტრით მაღლა ახალი მშენებლობიდან, ოთხსართულიანი სასტუმრო შვიდი წლის წინაც აშენდა. მაშინაც, 2017 წელს, სამშენებლო ნებართვა ადგილობრივებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ საქმის განხილვა ხუთ წელს გაიწელა.
ოთხსართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დამთავრებული იყო, როცა მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა განხილვის საბოლოო სხდომა 2022 წლის 9 ივნისს გამართა და მხარეების არგუმენტები მოისმინა. 21 დღის შემდეგ კი გამოაცხადა, რომ მოსახლეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებიდან ხუთი წლის შემდეგ გამართული სხდომა ისედაც აზრს იყო მოკლებული - სასტუმრო უკვე მუშაობდა და შემოსავალს იღებდა.
ეს სასტუმრო, რომელიც 49-ე სკოლის გვერდით დგას, მერიას დღემდე არ მიუღია ექსპლუატაციაში - შეესაბამება თუ არა დასრულებული შენობა მის პროექტს, ახლაც არ არის შემოწმებული.
ფორუმი