"ბრძოლა ბრძოლის შემდეგ", (2025, აშშ, რეჟისორი პოლ თომას ანდერსონი)
ჯერ იყო კანის ფესტივალზე ნაჩვენები ოლივერ ლაშეს „სირატი“ (ესპანეთმა ამერიკულ „ოსკარზე“ წარადგინა), მერე ალექსანდრე კობერიძის „ხმელი ფოთოლი“ და ახლა პოლ თომას ანდერსონის „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ (ასე თარგმნა სათაური ჩვენმა კინოგაქირავებამ), რომელიც ოქტომბრის დღეებში სიმბოლურად გადის საქართველოს კინოთეატრებში და ერთგვარი ანარეკლიცაა იმისა, რაც თუნდაც 4 ოქტომბერს მოხდა თბილისში. თუმცა რატომ მხოლოდ თბილისში - მთლიანად 2025 წლის სარკეა, აღბეჭდილი ისტორიაა, მხატვრული ფორმით გამოხატული რეალობა, რომელიც მომავალ თაობებს დარჩებათ.
და მაინც. პოლ თომას ანდერსონის ახალი ფილმი პირადად ჩემთვის არის კინო მამაზე, რომელიც თავისი ქალიშვილის პოვნას და გადარჩენას ცდილობს, ურჩხულის მიერ მოტაცებულ მზეთუნახავზე, რომელიც მამამ უნდა გამოიხსნას. შეიძლება იმიტომ, რომ არქეტიპული ნარატივები უფრო მაინტერესებს კინოში... შეიძლება იმიტომაც, რომ ახალ ამერიკულ ბლოკბასტერში (უფრო ზუსტად, „არტბლოკბასტერში“) სწორედ ქალიშვილის ძებნის და გადარჩენის ამბავია ყველაზე დამაჯერებლად წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის წინასწარმეტყველური დისკურსი სულ სხვა თემაზე გადის.
„ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ თომას პინჩონის რომანის, „ვაინლენდის“ ეკრანიზაციაა, პოლ თომას ანდერსონის ყველაზე ძვირი პროექტი - ფილმის წარმოება, სხვადასხვა მონაცემით, 150-200 მილიონი დოლარი დაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ანდერსონის ახალ ფილმში ჰოლივუდის მეგავარსკვლავები თამაშობენ და VistaVision ფორმატი (“ფართოფორმატიანი კინო”) იაფი არ ჯდება, ჩემთვის მაინც გაუგებარი რჩება ამხელა ბიუჯეტის აუცილებლობა სოციალური ფილმისთვის, რომელსაც კრიმინალური სიუჟეტის მიუხედავად, საავტორო კინოს (“არტჰაუზის”) პრეტენზია აქვს. შეიძლება ავტორის მიზანი და შედეგი ეწინააღმდეგება ერთმანეთს… კინოს ისტორიისთვის ეს ახალი არ არის. შეიძლება „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ ჩაფიქრებული იყო, როგორც ფუტურისტული სანახაობა (ამიტომაც არ დაენანა ფული პოსტმოდერნისტული რომანის ეკრანიზაციისთვის Warner Bros-ს), მაგრამ რეალობა დაეწია მას. ამერიკულ ქალაქებში ჯარი ჯერ შესული არ იყო და დონალდ ტრამპს არალეგალურ მიგრანტებთან უკომპრომისო ბრძოლა დაწყებული არ ჰქონია, როცა ანდერსონმა ფილმის გადაღება დაასრულა.. დღეს ეს ფილმი რეალურ დროში მიმდინარე ქრონიკებად აღიქმება და „პოლიტიკური ჯოჯოხეთის“ სახეა მსუბუქი, გულისამაჩუყებელი „ჰეპი-ენდით“. არა მგონია, დღევანდელი სამყარო (რომლის სურათი დაგვიხატა ანდერსონმა) ამ ოპტიმიზმს იმსახურებდეს. მაგრამ ასეთი ფინალი რომ არ ჰქონდეს, Warner Bros-ი 150 მილიონს არ დახარჯავდა ფილმზე, რომელმაც შეიძლება უამრავი ამერიკელი გააბრაზოს - როგორც კონსერვატორები, ასევე მემარცხენეები.
“ბრძოლა ბრძოლის შემდეგ” ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. პირველში რევოლუციონერი მებრძოლების ჯგუფი აშშ-მექსიკის საზღვარზე მდებარე იმიგრანტთა ბანაკიდან პატიმრებს ათავისუფლებს. რადიკალებს შორის არიან ბობი (ლეონარდო დი კაპრიო) და მისი შეყვარებული პერფიდია (ტეიანა ტეილორი), ძლიერი ქალი, ბოლომდე ბრძოლის მტკიცე გადაწყვეტილებით. პერფიდია პოლკოვნიკ სტივენ ლოკჯოს (შონ პენი) დამცირებასაც კი ისე ოსტატურად ახერხებს, რომ ფილმის ეს “ბოროტი ძალა”, ხავსმოკიდებული პატრიარქალურებისა და ფაშიზმის სახეც კი მოსვენებას კარგავს და პერფიდიას სილამაზით მოხიბლული, თავისებური სექსუალური ფსიქოზით ავადდება. გაბედული თავდასხმის შედეგია ახალშობილი ვილა, ბობის ან, შესაძლებელია, ლოკჯოუს ქალიშვილი - ამას ფილმში მალევე გავიგებთ.
ფილმის მეორე “განყოფილებაში” მოქმედება 16 წლის შემდეგ ხდება. ბობი ახლა ნარკომანი და ლოთია, ცხოვრობს პარანოიული ხილვებით და აცვია სასაცილო ხალათი. პერფიდია გაქრა, დე კაპრიოს პერსონაჟი კი ნუგეშს პოულობს თავისი ქალიშვილის, ვილას აღზრდაში.
ამასობაში ისევ ჩნდება პოლკოვნიკი ლოკჯოუ, რომელიც რასისტთა ელიტარულ კლუბში გაწევრიანებას გეგმავს. ერთადერთი, რამაც გეგმა შეიძლება დაუნგრიოს, ესაა "ზანგი" საყვარლისგან გაჩენილი ჰიპოთეტური ქალიშვილი, რომლის კვალი როგორმე უნდა წაიშალოს მიზნის მისაღწევად.
რაც ნამდვილად მომეწონა ამ „ანტიგმირულ ეპოსში“ ისაა, რომ პოლ თომას ანდერსონი ძალადობის შელამაზებას არ ცდილობს. მიჰყვება თავის გმირებს, აკვირდება და აცლის, სანამ ისინი საკუთარ სიმართლეს გამოავლენენ, თუნდაც ყველაზე ბნელს. გაშინებს და გაცინებს ერთდროულად, როგორც ყოველთვის შესანიშნავად ქმნის ატმოსფეროს, თამაშობს შუქით, სიჩუმით და ხმაურით.
პირველი მოქმედება აბსოლუტურად პოლიტიკურია (მიუხედავად იმისა, რომ ჟანრები თავიდანვე არეულია… ბუნებრივია, ეს ხომ პოლ თომას ანდერსონია!). ერთ მხარესაა რეპრესიული მთავრობა, რომელიც შეპყრობილია იმიგრაციით და ეთნიკური სიწმინდის იდეებით, მეორე მხარეს კი არიან უტოპისტი რევოლუციონერები, რომლებიც თავიანთი მიზნების მისაღწევად იმავე მეთოდებს იყენებენ, რასაც მათი მტრები. იდეაში ფილმის ავტორებს ბალანსი უნდა დაეცვათ ამ ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ სისტემას შორის, უნდა გვენახა სატირა ორ „დაბერებულ“ იდეოლოგიაზე, უკიდურესად მემარჯვენე და უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკურ გამოცდილებაზე. ცხადზე ცხადია, რომ დაპირისპირების მიუხედავად, ფილმის პერსონაჟები გარკვეული თვალსაზრისით ავსებენ ერთმანეთს. ეს ურთიერთშემავსებლობა მოულოდნელი სასიყვარულო სამკუთხედის სახით გამოიხატება: ერთ მხარეს ბობი და პერფიდია, მეორე მხარეს კი - სტივ ლოკჯოუ, გახლეჩილი თავის რასისტულ იდეოლოგიასა და შავკანიანი ქალისადმი ვნებას შორის.
პოლ თომას ანდერსონი თითქოს ცდილობს დაიკავოს სასწორი და „არ გაექცეს“ სიმპათია მარცხნივ (ირონიითაა ნაჩვენები მემარცხენეთა აკვიატებები, მათი გენერალიზებული თვითკმაყოფილება და მუდმივი აღშფოთება)... მაგრამ არ გამოსდის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ლეონარდო დი კაპრიოს და შონ პენის პერსონაჟები ერთ სასწორზე ვერ თავსდებიან. პირველს „ხელს უშლის“ მომხიბვლელობა, სითბო, სინაზე, რომლის განდევნა ვერა და ვერ ხერხდება ჩვენს წარმოდგენაში ლეონარდოს ძველი როლებით შექმნილი იმიჯიდან. მეორე კი უსაზღვროდ, მე ვიტყოდი, ვულგარულად კარიკატურულია. ხოლო იუმორი, ირონია, რომლისკენაც მუდმივად მიგვითითებენ ხოლმე ანდერსონის თაყვანისმცემლები, უპირველესად მსახიობების თამაშის გამო გადააქცევს ფილმს კლოუნადად, არა კვენტინ ტარანტინოს (ბევრი ადარებს), არამედ უფრო მელ ბრუქსის კომედიების სტილში...
კინოსთვის მელ ბრუქსი შეიძლება გუშინდელი დღეა, მაგრამ დღეს თავად რეალობა გახდა კარიკატურული, ამიტომაც შესაძლებელია პოლიტიკური სწორხაზოვნება, რომელმაც აქ შეიძლება გააღიზიანოს ინტელექტუალები, სწორედაც რომ ადეკვატურია. იმის ფონზე, რაც დღეს მთელ მსოფლიოში ხდება, ამერიკის საზოგადოების რადიკალიზაციის ფონზე, თითქმის შეუძლებელია ხელოვანმა შენიღბოს პოლიტიკური სიმპათიები. მაგრამ პოლ თომას ანდერსონი არც კენ ლოუჩია და არც ძმები დარდენები, ანტიკაპიტალისტური აქტივიზმის გამოხატვის პროცესში ზედაპირულობას რომ გადაურჩეს, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლები (თავად ფაშისტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ოსტატურად დაგრიმულ თოჯინებად რომ არ წარმოგვიდგინოს. ეს ვიდეოთამაშების ესთეტიკა, გაუგებარი ფუნქციის საუნდტრეკი ფორტეპიანოს უწყვეტი ბგერით (მაპატიონ ჯონი გრინვუდის ფანებმა), დროში გაწელილი დევნის სცენები, წარმოუდგენლად პათეტიკური აკორდები ფინალში (დედის ზეამაღლებული წერილი, რომელსაც ვილა კითხულობს, კიდევ ერთი კომპრომისია Warner-ის აქციონერებთან. იმას უნდა აუჩუყო გული, ვინც 150 მილიონი დოლარი მოგცა) - ყველაფერი ეპატიება ხელოვანს, რომელმაც გაბედა და მაყურებელს უთხრა, რომ სამყაროს სერიოზული განსაცდელი ემუქრება მდიდარი რასისტების, ტექნოფაშისტების მხრიდან და, რაც მთავარია, იწინასწარმეტყველა მომავალი.
პოლიტიკური იდეოლოგიების დაპირისპირება მეორე პლანზე გადადის მას შემდეგ, რაც დიკაპრიოს პერსონაჟი გადაწყვეტს, ყველაფერი დათმოს მშვიდი ოჯახური ცხოვრებისთვის. ფილმიც ბევრად უფრო თბილი, უფრო ადამიანური ხდება, როცა პოლიტიკა პირადი შურისძიების თემით, შვილის ძებნის და დაბრუნების თემით იცვლება. თანაც ეს გადასვლა ერთი კინოდან მეორეში თავად შინაარსით გამართლდება, ავტორი გვეტყვის ჩვენ და ეტყვის საკუთარ თავსაც - დღევანდელ რეალობაში, თუ გაქცევას შეეცდებით, პოლიტიკა, ამა თუ იმ ფორმით, ასე ადვილად არ გაგიშვებთ. ტყუილად ცდილობთ - პოლიტიკისგან თავს ვერ დააღწევთ! სწორედ აქედან ირკვევა, რომ “ბრძოლა ბრძოლის შემდეგ”, ფილმი, რომელიც თანაბრად სასაცილოცაა და სერიოზულიც (ხშირად ერთდროულად), არა იმდენად რევოლუციურ ტერორს, რამდენადაც მამობას და პასუხისმგებლობას ეძღვნება. ბრძოლაზე გულგატეხილი მამა ცხოვრებამ ახალ ბრძოლაში ჩააბა, ქალიშვილისთვის, მომავალი თაობის გადარჩენისთვის ბრძოლაში.
არქეტიპული ნარატივების გააქტიურება ყოველთვის უკავშირდება კონკრეტულ სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ განწყობებს. გლობალური დესტაბილიზაციის ფონზე, ფაქტობრივად, არქეტიპულად ამოქმედდა ოჯახის გადარჩენის იდეა - ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ გარესამყარო მათ ვეღარ იცავს, სახელმწიფო ინსტიტუტების იმედი კი აღარ უნდა გქონდეს. ასეთ ფონზე მამა-მშობელი, როგორც უკანასკნელი დამცველი თუ საყრდენი, სიმბოლურად მძლავრ ფიგურად იქცევა.
2025 წლის კინოში აშკარაა მცდელობა, “მამრობითი” ფიგურა ყველანაირი ტოქსიკური პატრიარქატის გარეშე წარმოჩინდეს, როგორც მომვლელი, გადამრჩენელი, მაგრამ არა დომინანტი. მამის ფიგურა იქცა არა მბრძანებლად, არამედ უკანასკნელ ადამიანად, რომელმაც ქაოსისგან უნდა გვიხსნას. ამიტომ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მამის მიერ შვილის ძიების არქეტიპი თანამედროვე კინოში ერთდროულად ასახავს კოლექტიურ შიშებს, ეგზისტენციალურ გაურკვევლობასა და ინდივიდუალური მოქმედების რწმენის განახლებულ ფორმას.
დღეს ძნელი წარმოსადგენია ამერიკელი აუდიტორიისთვის უფრო აქტუალური ფილმი, ვიდრე „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ (რაც ავტომატურად აქცევს მას “ოსკარის” სავარაუდო ფავორიტად). მაგრამ ქართული აუდიტორიისთვისაც ძნელი წარმოსადგენია რაღაც სხვა კინო, რომელიც შეიძლება 2025 წლის ოქტომბრის მოვლენებს ემთხვეოდეს. სადღაც წავიკითხე, თუკი ზამთარში რუსთაველზე “ჯენზის" აქტივისტებს აპატიმრებდნენ, დღეს უკვე მათ მამებს იჭერენო. თუკი პოლ თომას ანდერსონის ახალი ფილმის ფინალი - გადარჩენილი გოგო, ვილა, რომელიც საპროტესტო აქციაზე გარბის - ზედმეტად პათეტიკურად გვეჩვენება, ისიც ნუ დაგვავიწყდება მაშინ, რომ ეს პათეტიკა, დადებითი ემოციის მოთხოვნილება და საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და გაბღენძილი, გამდიდრებული, თვითკმაყოფილი ბოროტება დამარცხდება… ეს ყველაფერი ასევე ჩვენი რეალობაა.
ფორუმი