გრიგოლ ფერაძის არქივის პოვნის იმედი დიდხანს არ არსებობდა. ეს ის დოკუმენტური მასალაა, რომელიც უცნობმა 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ვარშავის მიტროპოლიის ბიბლიოთეკაში გადამალა მას შემდეგ, რაც ფაშისტების მიერ დევნილი ებრაელების შეფარების მიზეზით, გრიგოლ ფერაძე საიდუმლო პოლიციაში (გესტაპო) დაასმინეს და შემდეგ დააპატიმრეს.
დოკუმენტებს შორის იყო გრიგოლ ფერაძის პასპორტი, დიპლომი, წერილები, ბერლინისა და ბონის უნივერსიტეტების პროფესორებთან მიმოწერა, მისი ანდერძი, დაპატიმრებისას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ვარშავის მიტროპოლიის თანამშრომლების შედგენილი დაპატიმრების დოკუმენტები და სხვა ძვირფასი მასალა.
ეს ბიბლიოფილური გამოცემა - „წმინდა გრიგოლ ფერაძე. ცხოვრება და მოღვაწეობა“ - ვარშავის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ალოიზი ნოვაკის საპატიო პატრონაჟით გამოიცა. წიგნი ინგლისურ ენაზე დაისტამბა.
მასში სულ შევიდა 82 უნიკალური დოკუმენტი და 43 ფოტო.
გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო შრომების გამოცემის იდეა პირველად 23 წლის წინ გაჩნდა, 2002 წელს, როცა ვარშავის უნივერსიტეტში ჩატარდა გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია - ორგანიზატორი ისტორიკოსი (ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის კავკასიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი) დავით ყოლბაია იყო, რომელიც გვიამბობს, რომ სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა ვარშავაში გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მემკვიდრეობის შემსწავლელი საერთაშორისო კომისიაც. მეცნიერისა და ვარშავის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზის, ჰენრიკ პაპროცკის რედაქციით პოლონურ ენაზე მომზადდა გრიგოლ ფერაძის შრომების სამი ტომი, ასევე, ცალკე - სამი ტომი ქართულ ენაზეც (დავით ყოლბაიას რედაქციით) და ერთი ტომიც გერმანულად - ბერნარდ უტიესა და ჰენრიკ პაპროცკის რედაქციით. ინგლისურად დაიბეჭდა გრიგოლ ფერაძის დღიურებიც. ასე „დაბრუნდა“ გრიგოლ ფერაძე ხელახლა მეცნიერებაში.
„დრო გადის, გრიგოლ ფერაძის შრომები კი აქტუალობას არ კარგავს, რადგან ის მნიშვნელოვნად უსწრებდა დროს. მისი შრომებიდან ვიგებთ, თუ როგორი იყო ქართული წარწერები თუ ძეგლები, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. იერუსალიმსა და სირიაში მისი მოგზაურობის ჩანაწერების („იერიქონის ვარდების“) დახმარებით შეძლო აღმოეჩინა წმინდა მიწაზე ქართველ არქეოლოგს, თამილა მგალობლიშვილს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართული მონასტერი”, - უყვება დავით ყოლბაია რადიო თავისუფლებას.
გზა საქართველოდან ევროპამდე
გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 სექტემბერს კახეთში, სოფელ ბაკურციხეში დაიბადა - მღვდელ რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში. დღემდეა შემონახული ბაკურციხის წმინდა გიორგის ეკლესიის სამეტრიკო წიგნი გრიგოლ ფერაძის დაბადებისა და ნათლობის შესახებ.
გრიგოლმა სწავლა დაიწყო სასულიერო სემინარიაში, რომლის რექტორიც იმ დროს იყო ცნობილი მეცნიერი, თეოლოგი კორნელი კეკელიძე.
ერთხანს მასწავლებლობდა კიდეც - საქართველოდან წასვლამდე გრიგოლ ფერაძე ჯერ გორის მაზრის სოფელ ზემო ხანდაკში, მოგვიანებით კი სოფელ მანავში ასწავლიდა ბავშვებს.
1919-21 წლებში გრიგოლ ფერაძემ სამხედრო მომზადებაც გაიარა. მსახურობდა გორში, ბორჯომსა და ახალციხეში. შემდეგ კი, როგორც ისტორიკოსი დავით ყოლბაია გვიამბობს, კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა.
1921 წელს, შემოდგომაზე, საქართველოს საეკლესიო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია ხელმძღვანელობდა, გრიგოლ ფერაძე სასწავლებლად გერმანიაში გაგზავნეს „სრულყოფილი თეოლოგიური ცოდნის მისაღებად”. ამის შემდეგ მისი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირდა ევროპას - ის სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.
დავით ყოლბაია გვიზიარებს ნაწყვეტს გერმანელი მწერლისა და მთარგმნელის, არტურ ლაისტის წერილიდან, რომელიც მან 1921 წლის ოქტომბერში თბილისიდან მისწერა დოქტორ იოჰანეს ლეფსიუსს და ბერლინში პირველად ჩასული გრიგოლის მხარდაჭერა სთხოვა:
„ამ წერილის მომტანი, ბატონი გრიგოლ ფერაძე, ქართველი ახალგაზრდა, აპირებს ბერლინში ევანგელისტური თეოლოგიის შესწავლას... ბატონი ფერაძე ძალიან მონდომებულია... თუმცა ახალგაზრდა კაცის ფულადი სახსრების სიმწირისა და ქართული ეკლესიის მმართველობის ამჟამინდელი გაჭირვების გამო საკმარისი ფინანსური შესატანის იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ გერმანიის კულტურული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკლესიის ჩართვა გერმანელი მეცნიერების გავლენის სფეროში და ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ ახალგაზრდა კაცს ბერლინში ფინანსურ დახმარებას გაუწევდნენო”...
გერმანიაში სასწავლებლად წასვლის მოსურნე გრიგოლ ფერაძე მგზავრობისთვის საჭირო ხარჯების შეგროვებას თავადაც ცდილობდა. ამის დასტურია 1921 წლით დათარიღებული მისი თხოვნის წერილი საზოგადოება „ჩემოსადმი”:
მარადიული ემიგრაცია
მეოცე საუკუნის ოციან წლებში (1927 წლიდან) გრიგოლ ფერაძე ინგლისში მუშაობს - ბრიტანეთის მუზეუმისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში უძველეს საეკლესიო ხელნაწერებს ეცნობა. ამავე წელს ინიშნება გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე. მონაწილეობს ბონის, ვენის, ლოზანის კონფერენციებში, სადაც მოხსენებებით გამოდის - ლაპარაკობს საქართველოს პრებიზანტიურ ლიტურგიკაზე, სახარების ქართულად თარგმნის პრობლემაზე...
პოლონური ენა ექვს თვეში ისწავლა. თავისუფლად ფლობდა ებრაულ, არაბულ, კოპტურ, ბერძნულ, ლათინურ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, სომხურ, საეკლესიო სლავურ ენებს. ხუთ ენაზე აქვეყნებდა ნაშრომებს: ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და პოლონურ ენებზე.
ჰქონდა ხელნაწერების, პალიმფსესტების, ხატების განსაკუთრებული კოლექცია, ფერწერული ტილოები და ძვირფასი ბიბლიოთეკა - მთელი კოლექცია მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა.
1931 წელს გრიგოლ ფერაძე ლონდონის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცება. ორი წლის შემდეგ კი მას ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტზე პატროლოგიის პროფესორად მიიწვევენ.
ისტორიკოსი დავით ყოლბაია მოგვითხრობს, რომ ამ პერიოდში ის არ წყვეტს სამეცნიერო მუშაობას - 1934 წელს გერმანიაში მიდის და ლაიფციგის, ბერლინისა და გოეტინგენის ბიბლიოთეკებში დაცულ ქართულ ხელნაწერებს აღწერს. მოგზაურობს რუმინეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში.
ჯერ სოფიის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში აღმოაჩენს უძველეს ქართულ ხელნაწერებს, შემდეგ იერუსალიმსა და სირიაში მიაკვლევს ქართულ წარწერებს. ვარშავაში დაბრუნების შემდეგ კი თავის ცნობილ დღიურებს დაწერს: „იერიქონის ვარდები, წმინდა მიწასა და სირიაში მოგზაურობის დღიური“.
დაპატიმრება დასმენის შემდეგ
1939 წელს, ვარშავის გერმანული ოკუპაციის შემდეგ, ხელისუფლებამ უცხოელ მოქალაქეებს პოლონეთის დატოვების უფლება მისცა - გრიგოლ ფერაძესაც შეეძლო წასვლა, თუმცა ვარშავაში დარჩენა გადაწყვიტა და როგორც მისი ბიოგრაფებიც აღნიშნავენ, ეს იყო მისი შეგნებული გადაწყვეტილება.
იმ დროს მას ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის პასპორტი - ქვეყნისა, რომელიც აღარ არსებობდა და უკვე საბჭოთა რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული.
1942 წლის მაისში, გრიგოლ ფერაძე ვარშავაში მესამე რაიხის საიდუმლო სახელმწიფო პოლიციამ, (გესტაპო) დააპატიმრა. დაპატიმრების ოფიციალურ მიზეზად ფაშისტების მიერ დევნილი ებრაელების დახმარება და მათი შეფარება დასახელდა.
„აქ არ დავასახელებ ამ რამდენიმე ადამიანის გვარს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა ცნობილია, რომ სწორედ მათი დაბეზღების შემდეგ დააპატიმრეს გრიგოლ ფერაძე“, - წერს ჰენრიკ პაპროცკი.
გრიგოლ ფერაძე ვარშავის პავიაკის ციხეში ჩასვეს. 5 მაისს, დაპატიმრებისთანავე დალუქეს მისი ბინა ვარშავაში, ბრუკოვას ქუჩის 22, ბინა 11-ში და შემდეგ გაჩხრიკეს - მაშინ გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები და საეკლესიო ნივთებიც მისი კოლექციიდან, რომლებსაც გრიგოლ ფერაძე თავისი მოგზაურობის დროს იძენდა საქართველოში დასაბრუნებლად.
საიდუმლო პოლიციამ მის ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან, ინგლისური და ამერიკული ვალუტა აღმოაჩინა - გესტაპო ამტკიცებდა, რომ ეს ფული ებრაელთა დახმარების ფონდს ეკუთვნოდა, რაც „არქიმანდრიტის წინააღმდეგ უტყუარ ნივთმტკიცებას წარმოადგენდა“.
დავით ყოლბაია წერს, რომ პავიაკის ციხეში ყოფნისას გრიგოლ ფერაძის ბინაზე, მისივე თხოვნით, დიაკონი გიორგი ბერკმან-კარენინი ზრუნავდა.
დღემდეა შემონახული გრიგოლ ფერაძის მიერ გიორგი ბერკმან-კარენინისთვის მიწერილი წერილი - ერთგვარი ანდერძი, როგორ უნდა განკარგონ მისი ქონება.
„ბინა გთხოვთ გადასცეთ რომელიმე კონსისტორს... იმ შემთხვევაში თუ აქედან ვერ გამოვალ, ჩემი ბიბლიოთეკა გადაეცეს მეტროპოლიას, ნივთები გაიყიდოს, რომლის შემოსავალი დაენიშნოს ვოლაზე (ვარშავის ერთ-ერთი რაიონი - მთარგმ.) ჩვენი მრევლის ობლებს (...). ჩემი ქართული წიგნები და დოკუმენტები (ასევე ხატები) ომის შემდგომ გაეგზავნოს ქართულ ეკლესიას“.
ლონდონის პოლონეთის ბიბლიოთეკაში დავით ყოლბაიამ აღმოაჩინა იქ დაცული ერთი გამოუქვეყნებელი ხელნაწერი, რომელიც პოლონეთის არმიის კონტრაქტის ქართველ ოფიცერს, პუბლიცისტსა და მთარგმნელს, ვიტალი (თალიკო) უგრეხელიძეს, ეკუთვნის და რომელშიც ის აღწერს, როგორ მიუჩინეს გრიგოლ ფერაძეს ჯაშუშად მისთვის ნაცნობი ადამიანი. მცირე ამონარიდი უგრეხელიძის დღიურიდან დავით ყოლბაიამ ჩვენც გაგვიზიარა:
„გ. ა.-მ მას ჯაშუშად მიუჩინა ბ. მ., რომელიც გაიძვერულად შეუჩნდა ჩვენს ბერს. ბ. მ. ტუტუციც კი იყო, მაგრამ გაიძვერობაც როდი აკლდა. ბერი ფერაძე მას შეეჩვია ისე, რომ ხვაშიადი გაუმხილა. კედლიდან ჩამოიღო დიდი ხატი, გადმოიღო ერთი დიდი აგური, იქიდან გამოიტანა ქაღალდი და წაუკითხა გ.ა.-ს ნამოქმედარი. ბ. მ. გაიქცა და ეს მოახსენა გენერალ ალ. კ.-ს. გ. ა., გენერალი ალ. კ. და პოლკოვნიკი ნ. კ. უკვე გესტაპოს წევრები იყვნენ. ბერს გესტაპო მიუგზავნეს და დააჭერინეს. ამანათი გერმანელებმა წაიღეს, ბერი მკაცრ ბანაკში გაგზავნეს, სადაც ექვს კვირაში სული ამოხდა....
ბერის ამანათი მოიტანეს კლუბში და ერთი დიდი ოთახი აავსეს. მე, როდესაც ეს გავიგე, იქ მივირბინე, მინდოდა ორი ძველი ქართული საეკლესიო გალობის წიგნი გადამერჩინა გესტაპოს ხელიდან. იმ ოთახში შევედი. დამხვდა იქ პოლკოვნიკი ჩ. და მითხრა, რომ უკვე გესტაპომ ქონება აღწერაო. წიგნების ხელის ხლება აღარ შეიძლებოდა. მაგიდაზეც ეწყო წიგნები. დავინახე წაბლისფერყდიანი პატარა სახარება და დავიწყე მაგიდის ირგვლივ სეირნობა და პოლკ. ჩ.-თან ბაასი. ერთ წამში, ოდეს იგი მიბრუნდა, მე ვიხელთე დრო და სახარება ვიტაცე ჯიბეში. რამდენიმე წამის შემდეგ გამოვედი და სახარება დღემდე მაქვს შენახული. დანარჩენი ყველაფერი გესტაპომ წაიღო და დაიკარგა სამუდამოდ“...
ბოლო წუთები ნაცისტურ ბანაკში
გრიგოლ ფერაძე ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში, სავარაუდოდ, 1942 წლის 18 ან 19 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც დავით ყოლბაია მოგვითხრობს, 1942 წლის 11 დეკემბერს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტმა რუდოფ ჰოსმა ოფიციალური ცნობა გაუგზავნა ვარშავის სამიტროპოლიტოს დიაკვანს, ეჟი ბერკმან-კარენინს, ოსვენციმის ტყვეთა ბანაკიდან გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების შესახებ.
„1945 წელს, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ორმა ყოფილმა პატიმარმა გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების შესახებ ვარშავის მართლმადიდებლურ მიტროპოლიას აუწყა, რომ მამა გრიგოლმა თავისი ნებით აღიარა არჩადენილი დანაშაული, რომ მან მოიპარა პური და ამით მთელი ტყვეთა ბანაკი გადაარჩინა. იგი ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, ხოლო შემდეგ ბენზინი გადაასხეს და ბანაკის თვალწინ დაწვეს. სამწუხაროდ, მათი განცხადება არავის ჩაუწერია ან დაიკარგა, ან აღმოჩენას ელოდება“, - გვიყვება დავით ყოლბაია.
ერთი წლის მერე, 1946 წლის 1 თებერვლის წერილში მიტროპოლიტი დიონისე რუსეთის პატრიარქ ალექსი I-ს სწერდა: „ჩვენი მართლმადიდებელი თეოლოგიის სექციის პროფესორი, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, ქართველი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული. ბონისა და ოქსფორდის პროფესორი, ენების მცოდნე, რუსული და ქართული ენების გარდა ფლობდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს, დაპატიმრებულ იქნა და გადაყვანილი აუშვიცის ტყვეთა ბანაკში, იქ დახვრეტილიო“.
ჰენრიკ პაპროცკის ვარაუდით, შესაძლებელია, რომ ეს ინფორმაცია სწორედ ამ ორი ყოფილი პატიმრის მონაყოლთან არის დაკავშირებული.
ისტორიკოსებისთვის გრიგოლ ფერაძის გარდაცვალებაში ბევრი უპასუხო კითხვა არსებობს - შევიდა თუ არა ნებაყოფლობით გაზის კამერაში მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად? თუ მის მიერ არჩადენილი დანაშაულის აღიარებას პატიმრების თვალწინ მისი დაწვა ან დახვრეტა მოჰყვა?
„სრული უტყუარობით ისტორიული სიმართლის აღდგენა, ალბათ, შეუძლებელია, მაგრამ დღეს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ გრიგოლ ფერაძემ თავი გასწირა და მთელ ქვეყანას მოყვასისათვის თავგანწირვის იშვიათი მაგალითი უჩვენა“, - წერს დავით ყოლბაია და იმედს გამოთქვამს, რომ ეს წიგნი ქართულ ენაზეც ითარგმნება.
1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. 2013 წელს კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ ფერაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
გრიგოლ ფერაძე ვარშავაში ომის დამთავრების შემდეგაც არ დავიწყებიათ - ახსოვდათ მისი საქმეებიც და მოწამებრივი სიკვდილიც.