20 ოქტომბერს დამტკიცებული ახალი სქემა საშუალებას მისცემს ევროკავშირს, გადალახოს უნგრეთისა და სლოვაკეთის - კრემლის ახლო მოკავშირეებისა და ევროკავშირის რუსული ენერგიის მთავარი მიმღებების - წინააღმდეგობა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ კანონპროექტზე, რომელიც ბლოკის 27 ქვეყანას საშუალებას აძლევს, დააწესოს შეზღუდვები რუსეთთან ენერგოვაჭრობაზე. ამჟამად, როგორც საბჭო განმარტავს, ეს შეზღუდვები ხორციელდება არა კანონებით, არამედ სანქციების პაკეტების მეშვეობით, რომლებიც ყოველ ექვს თვეში ერთხელ განახლებას და ერთხმად დამტკიცებას საჭიროებს. კანონის მიღებისთვის საჭირო ახალი ზომა მოითხოვს კვალიფიციური უმრავლესობით დამტკიცებას, რაც უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს გადალახვის საშუალებას იძლევა.
როგორც კი ევროპარლამენტი ახალ რეგულაციას დაამტკიცებს, ევროკავშირი კანონით დააწესებს რუსეთიდან როგორც ბუნებრივი აირის (მილსადენებით), ასევე გათხევადებული აირის შესყიდვის სრულ აკრძალვას, რომელიც 2028 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ევროკავშირმა დიდი ხნის წინ შეზღუდა რუსული ნავთობის იმპორტი, ხოლო ქვანახშირისა მთლიანად აკრძალა, თუმცა რუსულ გაზზე არანაირი სანქცია არ დაუწესებია, რადგან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას.
რუსული ნავთობი ამჟამად ევროპული იმპორტის 3%-ზე ნაკლებს შეადგენს, თუმცა გაზის წილი, მიუხედავად იმისა, რომ ომამდელ 45%-ზე დაბალია, ევროკავშირის მონაცემებით, დაახლოებით 13%-ს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი კრემლს წელიწადში 15 მილიარდ ევროზე მეტს უხდის.
„ეს საფრთხეს უქმნის ევროკავშირის სავაჭრო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნავენ ევროკავშირის საბჭოში.
რუსული გაზის ემბარგოს გარეშე, ეჭვქვეშ დგება ევროკავშირის ფლაგმანური REPowerEU გეგმის განხორციელება, რომელიც რუსეთისგან სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გულისხმობს.
ევროკავშირის საბჭომ 20 ოქტომბერს მოწონებულ სქემას უწოდა REPowerEU-ს ცენტრალური ელემენტი და გაიხსენა, რომ გეგმა შემუშავდა „რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დასასრულებლად“ მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააჩაღა „გაზის ომი“ და არაერთხელ შეუწყვიტა გაზის მიწოდება ევროკავშირს.
20 ოქტომბერს შეთანხმებული გეგმა გულისხმობს გარდამავალი პერიოდის შემოღებას. მთლიანობაში, რუსული გაზის იმპორტი 2026 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. თუმცა 2025 წლის 17 ივნისამდე დადებული მოკლევადიანი კონტრაქტები შეიძლება ძალაში დარჩეს 2026 წლის 17 ივნისამდე, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტები - 2028 წლის 1 იანვრამდე.
ევროპარლამენტში არ არსებობს წინააღმდეგობა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტის იდეასთან დაკავშირებით. გასულ კვირას მის პოზიციას თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი მრეწველობისა და ენერგეტიკის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის საპარლამენტო კომიტეტებმა.
REPowerEU - ევროკომისიის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს შეჭრის საპასუხოდ 2030 წლისთვის წიაღისეული საწვავის მოხმარებაზე თანდათანობით უარის თქმას. წიაღისეული საწვავის დაგეგმილი ჩანაცვლების მისაღწევად, გეგმაში ასახულია ენერგიის დაზოგვის, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის და განახლებადი ენერგიის წყაროების ფართოდ გამოყენების ზომები. ენერგიის დაზოგვის ეკონომიკური სტიმულირების მიზნით, დაგეგმილია სავალდებულო ენერგოეფექტურობის მიზნის 9%-დან 13%-მდე გაზრდა და დღგ-ს განაკვეთების შემცირება ენერგოეფექტურ გათბობის სისტემებზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და პროდუქტებზე, ასევე შენობების იზოლაციაზე. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია იგეგმება თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტისა და მილსადენებიდან გაზის მიწოდების გაზრდით, ხოლო მომავალში - მწვანე წყალბადის საშუალებით. REPowerEU-ს თანახმად, განახლებადი ენერგიის წყაროების წილი 2030 წლისთვის 40%-დან 45%-მდე უნდა გაიზარდოს.
თუმცა ევროპარლამენტის წევრები უფრო ამბიციური გრაფიკის შემოღების ინიციატივით გამოდიან: რუსული გაზის იმპორტზე სრული უარი ითქვას 2027 წლის 1 იანვრისთვის და არა 2028 წლის 1 იანვრიდან.
რუსული გაზის გარდა, ევროკავშირი უახლოეს დღეებში გეგმავს ახალი შეზღუდვების დაწესებას რუსეთის მთავარ საქონელზე - ნავთობზე. ეს შეზღუდვები მიმართული იქნება ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე და გაფორმდება არა საერთოევროპული კანონმდებლობით, არამედ სანქციების პაკეტით.
რას „მოუტანს“ რუსეთს სანქციების XIX პაკეტი?
ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს იქნება მიღებული. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი, ბოლო არ იქნება.
„რუსეთის სამხედრო ხარჯების მეტად შემცირებისთვის, ჩვენ გვჭირდება უფრო მტკიცე საერთოევროპული მიდგომა "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში. მისივე თქმით, ბრიუსელი აღიარებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და მიესალმება მას, მაგრამ არ სჯერა, რომ რუსეთსაც იგივე მიზნები ამოძრავებს.
მოსკოვი, რომელიც დასავლეთის სანქციებს უკანონოს უწოდებს, აცხადებს, რომ ევროკავშირის ეს ძალისხმევა გავლენას ვერ მოახდენს რუსეთის პოზიციაზე უკრაინასთან დაკავშირებით.
სანქციების ახალი პაკეტის მიღებას ადრე სამი ქვეყანა - ავსტრია, უნგრეთი და სლოვაკეთი - ეწინააღმდეგებოდა. თუმცა გასულ უქმეებზე ვენამ გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ევროკავშირის ამ ძალისხმევას. ავსტრია ითხოვდა კომპანია Rasperia-სთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, რათა Raiffeisen Bank International-ს შეეძლოს ამ ფირმის წილის შეძენა სამშენებლო კომპანია Strabag-ში. როგორც Reuters-ი იტყობინება, Rasperia-ს ადრე აკონტროლებდა რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა, რომელმაც მთლიანად გაყიდა კომპანია, Strabag-ის აქციების ჩათვლით.
ვენისგან განსხვავებით, ჯერჯერობით პოზიციას არ იცვლიან ბუდაპეშტი და ბრატისლავა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირებას 1 ბარელზე 60 დოლარიდან 47,6 დოლარამდე, გადახდის სისტემა „მირის" (Мир) შეზღუდვას, „როსნეფტთან“ და „გაზპრომნეფტთან“ ტრანზაქციების აკრძალვას, სანქციების დაწესებას 118 ტანკერისათვის, რომლებიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში არიან ეჭვმიტანილი და სხვა.
ევროპის ვერდაძლეული დამოკიდებულება რუსულ ნედლეულზე
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, 2025 წელს საფრანგეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდმა, ხორვატიამ, რუმინეთმა, პორტუგალიამ და უნგრეთმა რუსეთს ენერგომატარებლებში მილიარდობით ევრო გადაუხადეს. საუბარია 2025 წლის პირველი რვა თვის იმპორტზე, რომლის ღირებულებამ 11,4 მილიარდი ევრო შეადგინა:
- საფრანგეთი - 2,2 მლრდ (ზრდა წინა წელთან შედარებით 40%-ით);
- ნიდერლანდი - 0,5 მლრდ (ზრდა წინა წელთან შედარებით 72%-ით).
საფრანგეთის ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, ამგვარი ზრდა განპირობებულია სხვა ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებით. ფრანგული ანალიტიკური კომპანიის, Kpler-ის სპეციალისტების თქმით, რუსული იმპორტის ნაწილი შემდგომ გერმანიას მიეწოდება.
ნიდერლანდის მთავრობამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გეგმებს რუსული ენერგომატარებლების იმპორტის თანდათანობით გაუქმებასთან დაკავშირებით, მას არ შეუძლია არსებული კონტრაქტების დაბლოკვა მანამ, სანამ ეს წინადადებები ევროკავშირის კანონმდებლობაში არ აისახება.
2024 წელთან (ანალოგიურ პერიოდთან) შედარებით, რუსული ენერგომატარებლების შესყიდვები ასევე გაიზარდა:
- პორტუგალიაში - 167%-ით;
- რუმინეთში - 57%-ით;
- ხორვატიაში - 55%-ით;
- ბელგიაში - 3%-ით.
უნგრეთი და სლოვაკეთი კვლავ რუსეთის ენერგომატარებლების უმსხვილეს იმპორტიორებად რჩებიან: მათზე მოდის საერთო დანახარჯის თითქმის ნახევარი - 5 მლრდ ევრო.
2021 წელს (უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე) ევროკავშირმა რუსეთისგან 133 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ენერგომატარებელი შეიძინა. 2022 წლიდან კი იმპორტმა 213 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობას - 167 მილიარდ ევროს.
ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული ნედლი ნავთობისა და საწვავის შესყიდვების უმეტესობა და დასახა გეგმები, როგორ დააჩქაროს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა 2027 წლისთვის. ექსპერტების ცნობით, გათხევადებული აირი ევროკავშირში რუსეთის ყველაზე დიდი საიმპორტო პროდუქციაა (შესყიდვების საერთო მოცულობის თითქმის ნახევარს შეადგენს).
„ევროკავშირი დათანხმდა აშშ-სგან მეტი ენერგომატარებლის შესყიდვას, რათა დააკმაყოფილოს აშშ-ის ხისტი მოთხოვნა რუსული გაზის იმპორტის შეჩერებაზე. თუმცა ილუზია იქნება იმის დაჯერება, რომ ამერიკული გათხევადებული გაზი ერთი-ერთზე ჩაანაცვლებს რუსულს, - ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი, ენ-სოფი კორბო, - ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირი კერძო კომპანიების ხელშია, რომლებიც არ ექვემდებარებიან თეთრი სახლისა და ევროკომისიის დიქტატს. პირიქით, ოპტიმიზაციას უკეთებენ თავიანთ პორტფელებს.“
ანდრეი სიბიჰა: „ზეწოლა, ზეწოლა და კიდევ ერთხელ ზეწოლა“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ სანქციების მე-19 პაკეტის დამტკიცება „ევროკავშირის სიძლიერისა და ერთიანობის მნიშვნელოვანი სიგნალი“ იქნება.
„პუტინი არ აპირებს ამ ომის დასრულებას - ის მხოლოდ დროის მოგებას ცდილობს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლა და კიდევ ერთხელ ზეწოლა. პუტინს მხოლოდ ეს ესმის. რუსეთმა ვერ მიაღწია რაიმე მნიშვნელოვან შედეგს „ზაფხულის შეტევის“ დროს, ამიტომ ახლა ცდილობს ზამთარი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ იარაღად. ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მძიმე თავდასხმის ქვეშაა“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პლატფორმა X-ზე.
სიბიჰას თქმით, სწორედ ამიტომ „კვლავ მნიშვნელოვანია“ საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული ობიექტების ფიზიკური დაცვის გაძლიერება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღება, რომელიც „ევროკავშირის სიძლიერისა და ერთიანობის მნიშვნელოვანი სიგნალი“ იქნება.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ კიევი მიესალმება პროგრესს გაყინული რუსული აქტივების (მათ შორის ე.წ. სარეპარაციო კრედიტის) გამოყენებაში.
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის (KIIS) გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების უმრავლესობა - 58% - მიიჩნევს, რომ ევროპა აგრძელებს „უკრაინისთვის სერიოზული დახმარების გაწევას და რომ მას ომის სამართლიანი პირობებით დასრულება სურს“, ხოლო 36% მიიჩნევს, რომ ევროპა „დაიღალა და ზეწოლას ახდენს უსამართლო მშვიდობის დასამყარებლად“.
იაფი ნავთობი - რუსეთის ეკონომიკის ყველაზე დიდი მტერი
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და 6,6 ტრილიონი რუბლი (81 მლრდ დოლარი) შეადგინა, რისი მთავარი მიზეზიც ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნაა.
ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 25%-ს შეადგენს. ექსპერტთა გათვლებით, საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, 2025 წელს რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის სფეროდან შესული შემოსავლები მაინც ყველაზე დაბალი იქნება პანდემიით გამოწვეული 2020 წლის შემდეგ. ეკონომისტი სერგეი ალექსაშენკო ვარაუდობს, რომ საბოლოო მაჩვენებელმა შეიძლება დაახლოებით 8,5 ტრილიონ რუბლს (104,5 მლრდ $) მიაღწიოს.
ამასთან, ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2020 წლის შემდეგ, ძირითადად ომის გამო. 2026 წელს ომის დაფინანსების გასაგრძელებლად, რუსეთის ხელისუფლება კვლავ გაზრდის გადასახადებს, მათ შორის საშემოსავლო გადასახადს.
რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები განისაზღვრება სამი ძირითადი მაჩვენებლით: ექსპორტის მოცულობა, Urals-ის ნავთობის ფასი და რუბლის გაცვლითი კურსი. როგორც ექსპერტები ამბობენ, 2025 წელს ექსპორტი დიდად არ შეცვლილა, რუსეთის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფასებმა და გაცვლითმა კურსმა. რუსეთის მთავრობამ ბიუჯეტი დაგეგმა Urals-ის ნავთობის 1 ბარელზე 69,70 აშშ დოლარი საშუალო წლიური ფასით, კურსად კი ივარაუდა 1 დოლარი - 96,5 რუბლად. სინამდვილეში, Urals-ის ნავთობის ფასი 60 დოლარზე დაბლა დაეცა (სექტემბერში 56,82 აშშ დოლარი იყო), ხოლო 1 დოლარი დაახლოებით 80 რუბლი ღირდა.
ექსპერტთა გათვლებით, რუსეთისთვის უკეთესი არც 2026 წელი არ იქნება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, 2026 წლის ბიუჯეტის კანონში რუსეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული ფასების ორიენტირები უფრო რეალისტურად გამოიყურება: რუსეთის მთავრობა Urals-ის ნავთობის 1 ბარელის ფასად 59 აშშ დოლარს, ხოლო 1 დოლარის ღირებულებად 92,2 რუბლს ვარაუდობს, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ამ შემთხვევაშიც, ბაზარი უფრო პესიმისტურია.
ბოლო თვეებში წამყვანი საინვესტიციო კომპანიების - Citi-ს, Goldman Sachs-ის, JPMorgan-ის და სხვათა - პროგნოზები შეიცვალა: 2026 წელს Brent-ის საშუალოდ ფასი 1 ბარელზე 60-70 აშშ დოლარიდან შემცირდა 50-60 აშშ დოლარამდე. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წელს Brent-ის საშუალო ფასი შესაძლოა ბარელზე 51 დოლარამდე დაეცეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე უარესი პროგნოზია რუსეთისთვის. შესაბამისად, თუ ეს პროგნოზები ახდება, რუსული Urals-ის ნავთობი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიაფდება.
ექსპერტთა თქმით, ფასების მოსალოდნელი კლების მთავარი მიზეზი იგივეა, რაც წელს იყო: მიწოდება მოთხოვნაზე სწრაფად იზრდება. ეს პროცესი დაჩქარდა მას შემდეგ, რაც OPEC+ შეთანხმებაში მონაწილე რვა ქვეყანამ უარი თქვა ნავთობის მოპოვებაზე ნებაყოფლობით დაწესებული შეზღუდვების დაცვაზე.
2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე OPEC+ ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება დღეში 2,2 მილიონი ბარელით გაზარდეს, რასაც სექტემბრიდან თანდათანობით დაემატება კიდევ 1,65 მილიონი ბარელი დღეში. სამომავლოდ მოპოვების ზრდის ტემპი შესაძლოა კიდევ უფრო დაჩქარდეს. Bloomberg-ისა და Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთი, რომელსაც წარმოების გაზრდის მეტი პოტენციალი აქვს, ოქტომბრიდან ბაზარზე მეტი ნავთობის გატანის მომხრეა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის ბაზარზე დღეში 1,9 მილიონი ბარელის პროფიციტი იქნება, რაც 2026 წლისთვის 3,3 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, რაც გლობალური მოთხოვნის დაახლოებით 3%-ია.
Citi-ს ანალიტიკოსების მიხედვით, ჯერჯერობით ნავთობის ფასების უფრო მკვეთრ ვარდნას აკავებს ზოგიერთი ქვეყნის, პირველ რიგში, ჩინეთის რეზერვების აქტიური შევსების პროცესი. ექსპერტთა გათვლებით, წლის ბოლომდე Brent-ის ნავთობის ფასი 1 ბარელზე დაახლოებით 60 დოლარამდე შემცირდება და შემდგომ დაახლოებით ამ დონეზე შენარჩუნდება. Citi-ს ანალიტიკოსების გათვლებით, ამის შემდეგ ფასების მკვეთრი რყევები არ იქნება, თუ რამე მოულოდნელი არ მოხდება.
თუმცა არსებობს სხვა თვალსაზრისებიც. Bloomberg-ის მიმომხილველი ხავიერ ბლასი აღნიშნავს, რომ ნავთობის პროფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზრდება ფასებზე ზეწოლაც. ადრე, ასეთ პერიოდებში, ჭარბი ნავთობი უფრო აქტიურად მიედინებოდა საწყობებში. ახლა ეს მექანიზმი ნაკლებად ეფექტურია მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, რაც ნავთობის შენახვას ნაკლებად მომგებიანს ხდის.
- რა სხვა ფაქტორები ემუქრება რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებს?
ინვესტიციების ექსპერტის, ევგენი კოგანის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის 1 დოლარით ვარდნა რუსეთის ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 160 მილიარდი რუბლით (დაახლოებით 2 მლრდ $) აზარალებს:
„თუ ნავთობის ფასი დიდი ხნის განმავლობაში 60 დოლარზე დაბლა დარჩება, საჭირო გახდება ფულის რეგულარული გადაქაჩვა ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან“.
ფასების შემცირების გარდა, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე 2026 წელს შესაძლოა გავლენა იქონიოს ფაქტორმა, რომელსაც 2025 წელს პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ მოუხდენია: მიწოდების მოცულობამ. აშშ აგრძელებს ინდოეთზე ზეწოლას, რათა მკვეთრად შეამციროს რუსული ნავთობის შესყიდვები. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ დელი თანდათან ემორჩილება ამ ზეწოლას. Kpler-ის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი დაახლოებით 15%-ით ნაკლები იყო, ვიდრე წინა წელს.
სანამ ბაზარი დაბალანსებული რჩებოდა, ანუ მოთხოვნა დაახლოებით შეესაბამება მიწოდებას, მსხვილი იმპორტიორების მიერ რუსული ნავთობის უარყოფა ნაკლებად სავარაუდოდ მოჩანდა. თუმცა პროფიციტის პირობებში, რუსეთის ნავთობის შესყიდვების ნაწილობრივი შემცირება შესაძლებელი ხდება.
ამასობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანსაც მოუწოდა, უარი თქვას რუსულ ნავთობზე.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა რუსული ნავთობის ახალი ზღვრული ფასი: ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა 1 ბარელის ფასი 60 დოლარიდან 48 დოლარამდე შეამცირეს.
სპეციალისტებს მართალია უჭირთ იმის ზუსტად თქმა, რამდენად შემცირდება რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავენ უეცარი ზრდის შესაძლებლობას.
რუსეთის ეკონომიკასა და ბიუჯეტში რომ კარგი არაფერი ხდება, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდანაც ჩანს: 15 ოქტომბერს სახელმწიფო სათათბიროს წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაიჭირეს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის დეფიციტი 5,7 ტრილიონ რუბლს (70 მლრდ $) ანუ ქვეყნის მშპ-ის 2,6%-ს შეადგენს, ხოლო ეკონომიკის საპროგნოზო ზრდა - 1%-ს.
ფორუმი