Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა მოგვმართა საარჩევნოდ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად - კალასი


ბრიუსელი ერევანს 12 მილიონ ევროს გამოუყოფს, საარჩევნოდ უცხოურ ჩარევასთან საბრძოლველად.
ბრიუსელი ერევანს 12 მილიონ ევროს გამოუყოფს, საარჩევნოდ უცხოურ ჩარევასთან საბრძოლველად.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, ერევანმა დახმარებისთვის მიმართა ევროკავშირს, არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც მოლდოვის შემთხვევაში, - განაცხადა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

კაია კალასმა განმარტა, რომ ეს საკითხი 15 დეკემბერს განიხილეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.

„თქვენ იცით, რომ სომხეთს მომავალ წელს არჩევნები აქვს. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ დასახმარებლად. სომხებმა მოგვმართეს და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში იგივე მხარდაჭერა ითხოვეს, რაც ჩვენ მოლდოვას გავუწიეთ“, - განაცხადა უმაღლესმა წარმომადგენელმა.

  • კიშინიოვს ბრიუსელი მრავალი არხით უჭერს მხარს, მათ შორის მოლდოვაში „ევროკავშირის პარტნიორობის მისიის“ მეშვეობით.
  • ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 2022 წლიდან, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მოლდოვაში ჰიბრიდული თავდასხმების ტალღა დაიწყო, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად.
  • 2025 წლის 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მოლდოვა საუბრობდა რუსეთის მასშტაბურ ჩარევაზე, რასაც ქვეყნის პრორუსულმა ოპოზიციამ უსაფუძვლო, ხოლო რუსეთმა „ანტირუსული ისტერია“ უწოდა.

2025 წლის 2 დეკემბერს ბრიუსელმა გადაწყვიტა, არჩევნებამდე ერევანს 12 მილიონი ევროს მხარდაჭერა გამოუყოს უცხოურ ჩარევასთან საბრძოლველად.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 დეკემბრის შეხვედრის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია. საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას მოკლედ აღნიშნა, რომ შეხვედრისას განიხილეს „ჰიბრიდული საფრთხეები“. მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რომელი ქვეყნიდან ან ქვეყნებიდან იგულისხმება ეს საფრთხეები.

„განვიხილეთ ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობის სფეროში მიღწეული ყველა ძირითადი მიღწევა... ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეები და ევროკავშირის მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკონომიკის მინისტრმა სომხეთის პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ სომხეთის მთავრობას 2026 წლის არჩევნებამდე გარე საფრთხეების გასანეიტრალებლად დახმარება სჭირდება.

„შესაძლოა იყოს ჰიბრიდული თავდასხმები, კერძოდ, ჩვენი დემოკრატიის საფრთხის შექმნის მცდელობები და სხვადასხვა სახის ყალბი ამბების ან საარჩევნო მოსყიდვის მექანიზმების გამოყენება გარკვეული წრეების მიერ, რომლებიც მილიარდობით დოლარს ფლობენ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გევორქ პაპოიანმა ასევე არ დაასახელა კონკრეტული ქვეყანა, თუმცა თქვა, რომ სომხეთს სჭირდება ფულადი რესურსები, ძალა და ცოდნა, როგორ ებრძოლოს გარე ჩარევის საფრთხეს.

2025 წლის 10 დეკემბერს ნიკოლ ფაშინიანის გერმანიაში ვიზიტისას, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში რუსეთისგან მომავალ „ჰიბრიდულ საფრთხეებზე“ ისაუბრა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG