ეს ამბავი გაირკვა 16 ოქტომბერს, როცა "ქართული ოცნების" მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის მონახაზების პრეზენტაციისას განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი გახდება, ბაკალავრიატი (“გამონაკლისი სპეციალობების გარდა“) 3-წლიანი, მაგისტრატურა კი - 1-წლიანი.
სკოლებში ცვლილებებზე ზეპირად გამოცხადდა. უნივერსიტეტების ამბავი კი უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ოთხგვერდიან ეროვნულ კონცეფციაში ჩაიწერა.
17 ოქტომბერს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რეფორმის მიზანი საქართველოში უკეთესი განათლების მიღებაა - ხოლო ვისაც სკოლის დამთავრებისთანავე საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა უნდა, ურჩია, მე-12 კლასი ან “საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში” გაიარონ, ან საზღვარგარეთ დაამთავრონ სკოლა.
დაანონსებული განათლების რეფორმა აკადემიურმა წრეებმა და განათლების მკვლევრებმა გააკრიტიკეს, მათ ამ გეგმაში არაერთი საფრთხე და ნაკლოვანება დაინახეს.
მათ შორის, უნივერსიტეტების და ზოგადად, აკადემიური სივრცის უფრო იოლად გაკონტროლების მცდელობა, ევროპისგან იზოლაცია თუ ხელისუფლების ფინანსური დაინტერესება.
- როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს კავშირში სკოლის 12 კლასის 11 კლასამდე შემცირებასთან ან უნივერსიტეტებში სწავლისთვის ჯამში 2 წლის ჩამოკლებასთან?
- რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც ამბობენ, რომ მათი შვილები “მე-12 კლასში მაინც არაფერს სწავლობდნენ”?
- ან სტუდენტებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ სწავლას უფრო მალე მორჩებიან?
- საკმარისი იქნება ამ დროში მიღებული ცოდნა?
- და ამ ცოდნით უცხოეთში სწავლის გაგრძელებას ძველებურად შეძლებენ?
- 11-წლიანი ატესტატი ევროპული განათლებისკენ გზას მართლა ჩაკეტავს თუ უბრალოდ ცხოვრებას გაართულებს?
- უკვე აწყობილი სისტემა როგორ და როდის გადაეწყობა?
ეს იმ კითხვების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებზე პასუხების მოძებნასაც იმ ადამიანების დახმარებით შევეცადეთ, რომლებიც კარგად იცნობენ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის საგანმანათლებლო სისტემებს.
11 კლასი დავასრულე - ანუ ევროპაში ვეღარ ვისწავლი?
აბიტურიენტების ჯგუფებში ხშირად ასე სვამენ კითხვას.
11-წლიანი ატესტატის მფლობელი აბიტურიენტები საქართველოდან უცხოეთში სასწავლებლად წასვლას კი შეძლებენ, მაგრამ მეტი დაბრკოლების გადალახვის ფასად.
„წავა გაცილებით ნაკლები, ვიდრე აქამდე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი ნანა დიხამინჯია, რომელიც მოელის, რომ ევროპის (და ამერიკის) უნივერსიტეტებში ასეთი დიპლომების აღიარების პრობლემა აუცილებლად გაჩნდება.
„დღეს თუ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია თავად, მშობლის დახმარების გარეშეც გაგზავნოს უნივერსიტეტში აპლიკაცია, ხვალ ის ამას ვეღარ შეძლებს. რატომ ვართულებთ ამ პროცესს? საქართველოდან ემიგრაციას ხელს შეუშლისო, ასეთი არგუმენტი მოვისმინე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ემიგრაციაში სამუშაოდ მიდიან, თავის გადასარჩენად და არა სასწავლებლად.“
ვინც შეძლებს და შვილებს დამამთავრებელ კლასში საქართველოში აკრედიტებულ ამერიკულ ან ევროპულ სკოლებში გადაიყვანს, ან სულაც ბოლო კლასის სასკოლო განათლებას უცხოეთში მიაღებინებს, მათთვის 11-წლიანი ატესტატი პრობლემას არ შექმნის, მაგრამ:
„რამდენ მშობელს აქვს საქართველოში იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ასეთ სკოლებში ასწავლოს საკუთარ შვილებს?“ - კითხულობს ნანა დიხამინჯია.
„ნათელია, ვისთვის იქნება რეალურად ეს შესაძლებლობა და ვისთვის აღარ - ყველა თანამდებობის პირი სწორედ ასეთ სკოლებში ატარებს თავიანთ შვილებს“, - გვეუბნება განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძეც.
ფული რომც გამოვრიცხოთ, 18 წლამდე ასაკის ადამიანის წასვლა უცხოეთში სასწავლებლად (11-კლასდამთავრებული აბიტურიენტი არასრულწლოვანია), დამატებით ბიუროკრატიული მექანიზმების გადალახვასაც უკავშირდება - შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ ამას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვისაც რესურსი გააჩნია. მაგრამ ყველა - ვეღარ.
ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების უმრავლესობას სტუდენტების მისაღებად 12-წლიანი სასკოლო განათლების მოთხოვნა აქვს: თუ საქართველოში მე-12 კლასი გაუქმდა, მაშინ ამ უნივერსიტეტების მოთხოვნებს საქართველოს სკოლები ვერც შინაარსობრივად და ვეღარც ფორმალურად ვერ დააკმაყოფილებენ.
გერმანიაში, სადაც სკოლა 13-წლიანია და სადაც საქართველოს სკოლის 12 კლასის ატესტატით იქაურ უნივერსიტეტში ისედაც ვერ მოხვდებოდა აბიტურიენტი, აქამდე ის მაინც იყო შესაძლებელი, რომ მომავალ სტუდენტს უნივერსიტეტის ერთწლიან დამატებით მოსამზადებელ პროგრამაზე ჩაებარებინა - ახლა, როგორც შალვა ტაბატაძე გვეუბნება, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული იქაც ვეღარ მოხვდება.
უფრო დიდი გამოწვევაც არსებობს - ნაკლები დროის გატარება სკოლასა თუ უმაღლესში, რაც ნიშნავს ნაკლები ცოდნის მიღებას და მეტ პრობლემას საზოგადოებისთვის:
„არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ რაც უფრო მალე გადიან ადამიანები განათლებიდან, ადრე ტოვებენ სკოლას თუ უნივერსიტეტს, მით მეტად არიან მიდრეკილი ასოციალურობისკენ, პრობლემებისკენ, მათ შორის, კრიმინალისკენ. ნაკლები დრო სკოლაში ნიშნავს იმას, რომ ისინი მეტად იქნებიან დამოკიდებული სახელმწიფოზე სოციალური დაცულობის თვალსაზრისითაც და ამასაც რომ თავი დავანებოთ, წარმოუდგენელია ვინმემ დაგვარწმუნოს იმაში, რომ თითო წლის მოკლებით სკოლაში, ბაკალავრიატსა თუ მაგისტრატურაში შევძლებთ ჩვენს ახალგაზრდებს მივცეთ უკეთესი განათლება“, - გვითხრა შალვა ტაბატაძემ.
ავტორთა ერთმა ჯგუფმა შეისწავლა განათლების პოლიტიკა და დანაშაულის ურთიერთკავშირი შვედეთის მაგალითზე (The Effect of Education Policy on Crime: An Intergenerational Perspective) და ამ კვლევამ აჩვენა, რომ სკოლის რეფორმამ, რომელიც ზრდიდა განათლების დონეს, შეამცირა დანაშაულის სტატისტიკა. ევროპაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის (The costs of early school leaving in Europe) თანახმად კი, სკოლაში ერთი დამატებითი სასწავლო წელი პირდაპირ კავშირში იყო უკეთეს ჯანმრთელობასთან, მომავალში უკეთეს სამუშაო პირობებთან და ა.შ.
ევროპა გასაგებია, რა მოხდება ამერიკის უნივერსიტეტებში?
არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა ქეთევან ჩაჩხიანმა გვითხრა, რომ ამერიკული უნივერსიტეტებიც ძალიან დეტალურად სწავლობენ, რა საგნები აქვთ გავლილი ბავშვებს სკოლაში და რა დონეზე იციან ეს საგანი.
უნივერსიტეტმა შესაძლოა მიიღოს ქართველი აბიტურიენტი, მაგრამ მას გაცილებით დაბალი საფეხურიდან მოუწევს სწავლის დაწყება - ისეთი საგნების აღება, რომლებიც სკოლაში უნდა ჰქონდეს ძალიან კარგად ნასწავლი და ეს სწავლის პერიოდს გაზრდის.
მოსალოდნელია, რომ გართულდება დაფინანსების მოპოვებაც, რადგან რაც ნაკლებად ხარ მომზადებული, მით ნაკლებია კარგი დაფინანსების შანსიც.
„მე ამ პრობლემას სხვა კუთხითაც ვუყურებ - 12-წლიანი სკოლა არის ზოგადი განათლების მიღებული, თანამედროვე მოდელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი სკოლას ასრულებს 18 წლის ასაკში, როცა მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და თან, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელში, ის იღებს ძალიან საჭირო ცოდნას.
საქართველოში ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ და იმის ნაცვლად, რომ მშობელმა სახელმწიფოს მოსთხოვოს მისი შვილისთვის ამ 12 წლის ნაყოფიერად დაგეგმვა, ის ამბობს, გავაუქმოთ, მაინც არაფერი ხდება ბოლო კლასშიო... ჩემს შვილს, მაგალითად, რომელიც ამერიკაში სწავლობდა, საერთოდ არ ჰქონდა სკოლის ბოლო წლებში მოდუნების დრო, იმდენად მრავალფეროვანი და დახუნძლული იყო სხვადასხვა საინტერესო პროგრამებით. რატომ? იმიტომ, რომ ასეთია უმაღლესში მისაღები სისტემის დაკვეთა სკოლის მიმართ, რაც ჯერ ჩვენთან არ არსებობს“, - გვითხრა ქეთევან ჩაჩხიანმა.
თუ 12-1 ცვლილება მომავალი წლის სექტემბრიდან ამოქმედდა, შესაძლოა კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდეს, მე-11 და მე-12 კლასელები მომავალ წელს ერთდროულად დაამთავრებენ სკოლას:
„განათლების მინისტრი ამაში პრობლემას ვერ ხედავს, ამბობს, უნივერსიტეტებში მისაღები ადგილები მაინც რჩება ხოლმეო. მაგრამ ხომ ვიცით, რომ ასეთი ადგილები რჩება ისეთ უნივერსიტეტებში, რომელთა განათლების ხარისხი არც ისე მაღალია“, - შენიშნავს ჩვენთან საუბარში უმაღლესო განათლების მკვლევარი ქეთი ცოტნიაშვილი.
სკოლაში სწავლების ერთი წლით შემცირების იდეას ფეისბუკზე განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე (კახა) ლომაიაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს ჩამოაშორებს ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სივრცეს.
"ამ სივრცისგან ჩამოშორება დაუშვებელია", - წერს ალექსანდრე ლომაია.
როდის გაჩნდა საქართველოში მე-12 კლასი?
საქართველოში 12-წლიან სასკოლო სწავლების სისტემაზე გადასვლა 2005 წელს გადაწყდა - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ახალი სისტემა “ბოლონიის პროცესთან” თავსებადობას ისახავდა მიზნად.
განათლების სამინისტროს ვებსაიტზე ბოლო დრომდე იძებნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გახდა სკოლების 12-წლიან სწავლებაზე გადასვლის წინაპირობა და იქ ეწერა, რომ ევროპაში უნივერსიტეტებში მიღების წინაპირობა იყო 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტი და რომ 10-11-წლიან ატესტატს ევროპის არცერთი ქვეყანა არ იღებდა. მოყვანილი იყო ცალკეული ქვეყნების მაგალითებიც.
ამ ინფორმაციას განათლების სამინისტროს საიტზე ვეღარ მივაგენით, ის აღარ იძებნება, თუმცა სოციალურ ქსელებში ეს სქრინი მაინც გავრცელდა.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები საქართველოში 12-წლიან სწავლებაზე 2008-2009 სასწავლო წელს გადავიდნენ.
სხვა ქვეყნებში რა ხდება?
11-წლიანი საშუალო განათლების მოდელი ყველაზე მეტად დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.
ევროპის ქვეყნების უმეტესობაში საშუალო განათლება 12 ან 13 წელია (მაგ. გერმანია, საფრანგეთი, იტალია).
აშშ, კანადა, იაპონია, სამხრეთი კორეა – იქ საშუალო სკოლებში სწავლა ჩვეულებრივ 12 წელს გრძელდება.
11-წლიანია სწავლა რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის სკოლებში.
უნივერსიტეტსაც 6-ის ნაცვლად 4 წელში დავამთავრებ - ეს რაში შემიშლის ხელს?
"უნივერსიტეტში 3-1 სწავლება, თუ საბოლოოდ ასე გადაწყდა, ყველა უნივერსიტეტს აურევს დალაგებულ სისტემას", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანა დიხამინჯია. მისი თქმით, დღეს საქართველოში საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამების 90%-ზე მეტი 4-წლიანია, რომელთა „გადაწყობა“ სამწლიან პროგრამაზე, გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელი შრომაა, პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო აღიარებას.
„მე, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიყავი კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი და ახლა რომ ვფიქრობ, საშინლად გამიჭირდებოდა სამ წელზე ამ პროგრამის გადაწყობა. უბრალოდ, კრედიტები არ გეყოფა. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად განათლების სტანდარტი უნდა შეცვალო..."
ნანა გვიყვება, რომ აშშ-ის უნივერსიტეტებში სამწლიანი საბაკალავრო პროგრამები გამონაკლისია. გერმანიაში არსებობს სამწლიანი ბაკალავრიატი, თუმცა იქ 13 კლასგამოვლილი, საუკეთესოდ მომზადებული აბიტურიენტები შედიან.
ერთწლიანი მაგისტრატურა (გარკვეულ დარგებში) არსებობს როგორც ამერიკაში, ისე ევროპაშიც, მაგრამ, როგორც წესი, ეს არის კვლევაზე დაფუძნებული და არა ცალკეული საგნების სწავლაზე ორიენტირებული მაგისტრატურა.
„საქართველოში კი ერთ წელში, თან აქაური ბაკალავრიატის საფეხურის დასრულების შემდეგ, შეუძლებელია თან გაღრმავებულად ისწავლო საგნები და თან იკვლიო“, - ეუბნება ნანა დიხამინჯია რადიო თავისუფლებას.
„ამ ცვლილების შედეგად, ჩვენ გვეყოლება არაკვალიფიციური ბაკალავრები და მაგისტრები, როლებიც თავის რეალიზებას ვერც აქ და მით უმეტეს, ვერც ევროპაში ვერ მოახერხებენ“, - ასეთია შალვა ტაბატაძის პროგნოზიც:
"ჩვენი აბიტურიენტების მომზადების დონეც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, წელს 40 000 აბიტურიენტიდან, მისაღებ გამოცდებზე მათემატიკა, როგორც საგანი, ჩააბარა მხოლოდ 14 000-მა (დანარჩენმა ისტორია აირჩია). მათგან 18 % ჩაიჭრა. ხოლო ამ 14 000-დან 8000-მა აჩვენა დაბალი შედეგი. ასეთი სტუდენტი რომ დაგიჯდება პირველ კურსზე, სამ წელიწადში მისი კარგ სპეციალისტად მომზადება არის ტყუილი... ვინმე დაგვიჯერებს, რომ ჩვენი 20 წლის მაგისტრი კარგად არის მომზადებული, როცა ევროპასა და ამერიკაში 20 წლისები იწყებენ ბაკალავრიატს? ცხადია - არა“, - ამბობს ის.
რაში დასჭირდა ხელისუფლებას 12-1 და 3+1 სისტემა?
აკადემიურ წრეებსა და განათლების ექსპერტებში რამდენიმე შესაძლო მიზეზი უკვე დასახელდა. მაგალითად, ფულის დაზოგვა:
„მხოლოდ გრანტებზე რომ ვილაპარაკოთ, 3+1 და არა 4+2 ნიშნავს ერთით ნაკლებ წელს ბაკალავრიატზე და ერთით ნაკლებს მაგისტრატურაზე - ცხადია, გრანტის ფული გეზოგება. იგივე მიზეზი უნდა ჰქონდეს 12-1-საც - მასწავლებლების ხელფასებზე იქაც დაახლოებით 8%-ს მაინც დაზოგავენ, რაც ცოტა არ არის“, - ამბობს ნანა დიხამინჯია.
შალვა ტაბატაძის აზრით, თავად განათლების ეს კონცეფციაა იმდენად პრობლემურია თავისი შინაარსით, რომ მთავრობას მის დასაბალანსებლად სჭირდებოდა ისეთი პოპულისტური კომპონენტები, რომლებიც მას პოპულარულს გახდიდა.
„ჩემი აზრით, პროფესორების 10 000-ლარიანი ხელფასიც ამის ნაწილია და 12-1-ც - ეს უკანასკნელი უმრავლესობაზე იყო გათვლილი, რადგან ცნობილია მე-12 კლასით ყველას უკმაყოფილება. თუმცა ვფიქრობ, ეს განზრახვა ჩაუვარდათ, რადგან ამ ამბავს ბევრი კრიტიკა და დიდი რეზონანსი მოჰყვა".
ან უფრო დიდი და ფარული მიზეზი: ევროპულ სივრცეს მოწყვეტა, რადგან ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, როგორც ჩვენი რესპონდენტებიც ამბობენ, ქმნის წინაპირობას, რომ საქართველო დაშორდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს.
ხელისუფლება რას ამბობს?
დაგროვილ კითხვებზე პასუხების და სხვა დეტალების დასაზუსტებლად, განათლების სამინისტროსაც ვთხოვეთ მინისტრთან ან მის მოადგილესთან ინტერვიუ, თუმცა უარი მივიღეთ - გვიპასუხეს, რომ ცალკეულ დეტალებზე ახლა დამატებით ვერ ისაუბრებენ და რომ მალე დაიწყება შეხვედრები “ყველა მხარესთან”, მანამდე კი ისევ კონცეფციის წაკითხვა გვირჩიეს.
მოვითხოვეთ ინტერვიუ განათლების ხარისხის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთანაც, თუმცა პასუხი ჯერ არც მათგან არ მიგვიღია.
რადიო თავისუფლებამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძესაც ჰკითხა აზრი 3+1 სისტემაზე უნივერსიტეტების გადასვლაზე, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ეს საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი ამბავი არ არის და ამაზე “მსჯელობა იქნება”:
“მუშა პროცესია, - თქვა მან, - არაფერი პრობლემა აქ არ არის”.
ვადები - როდის შეიცვლება სისტემა რეალურად?
ირაკლი კობახიძის სიტყვებით, უმაღლესი განათლების რეფორმის გეგმის პირველი ნაწილი ერთ წელიწადში შესრულდება.
კონცეფციის სრულ განხორციელებას, მისივე თქმით, დაახლოებით 3-4 წელიწადი დასჭირდება.
რა იგულისხმება პირველ ეტაპზე დაგეგმილ ნაბიჯებში, ჯერჯერობით უცნობია.
უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია 2025 წლის იანვარში შეიქმნა და მას სათავეში ჩაუდგა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მისი მოადგილე „ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძეა. კომისიაში ასევე არიან „ოცნების“ კულტურის, სპორტისა და იუსტიციის მინისტრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სადავო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თბილისის მერი კახა კალაძე.