Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იუშჩენკო: პუტინის ძალა ჩვენს სისუსტეშია - უკრაინისთვის იარაღი გადამწყვეტია


ვიქტორ იუშჩენკო, უკრაინის მესამე პრეზიდენტი
ვიქტორ იუშჩენკო, უკრაინის მესამე პრეზიდენტი

"არავის ვურჩევდი ევროპაში იკითხოს, ვინ არის შემდეგი. თქვენ! მიუხედავად იმისა, ლიეტუველები ხართ, ბულგარელები თუ სხვა. მომდევნო მსხვერპლი თქვენ იქნებით", - ამბობს 2005-2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში.

რადიო თავისუფლება: დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ალასკაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან ერთობლივი შეხვედრა გამართოს დონალდ ტრამპის მონაწილეობით და პრეზიდენტ ერდოანის შუამავლობით. თქვენ რამდენჯერმე შეხვედრიხართ კრემლის ლიდერს. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან კომუნიკაციისას?

ვიქტორ იუშჩენკო: ჩემი აზრით, დასავლეთ ევროპაში პოზიციების კარგი კოალიცია გვაქვს. ევროპა მეტ-ნაკლებად ერთი ხმით იწყებს საუბარს. საკმაოდ ნათლად გამოხატავს თავის პოზიციას. ამიტომ, არსებობს განცდა, რომ შესრულებულია ძალიან კარგი და კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური და დიპლომატიური სამუშაო.

რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, შეერთებულ შტატებს. თავის დროზე მე ხელი მოვაწერე აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ასევე მახსოვს ის ვალდებულებები, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1994 წელს აიღო უკრაინის ბირთვული არსენალის განიარაღებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ვისურვებდი.

არ ვისურვებდი, რომ მსოფლიომ გაიმეოროს ის შეცდომა, რომელიც ევროპულმა დემოკრატიამ დაუშვა მიუნხენში 1938 წლის შემოდგომაზე.

რათა არ გაჩნდეს განცდა, რომ სამუშაო შეხვედრების ფორმატის ორგანიზების მომენტებიდან დაწყებული, უკრაინა არ არის უპირველესი ამერიკის პრეზიდენტისთვის, რომ თითქოს ჯერ აგრესორთან შეხვედრაა საჭირო.

არ ვისურვებდი, რომ მსოფლიომ გაიმეოროს ის შეცდომა, რომელიც ევროპულმა დემოკრატიამ დაუშვა მიუნხენში 1938 წლის შემოდგომაზე, როდესაც ვითომდა მშვიდობისკენ უფრო მოკლე გზის ძიებაში, გააფორმეს მიუნხენის სამშვიდობო შეთანხმება, რამაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომი გამოიწვია.

დღეს ბევრი ანალიტიკოსი ამბობს: „ისწავლეთ ისტორია“, რადგან ევროპულ პოლიტიკაში ასეთი პერიოდი უკვე იყო.

ვიქტორ იუშჩენკო
ვიქტორ იუშჩენკო

რატომ არ მიიწვია პრეზიდენტმა რუზველტმა თავის კაბინეტში ჰიტლერი ან მუსოლინი?

რატომ არ ჩაატარა მან ოკუპანტთან და დამპყრობელთან ისეთი პოლიტიკური რაუნდები, როგორებშიც, სამწუხაროდ, უკვე ჩართულია პუტინი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მაღალ პოლიტიკურ დონეზე არა თუ არავის მიუწვევია, არამედ არავის დალაპარაკებია.

ეს კიდევ უფრო ზრდის შეშფოთებას, რადგან აქ ბევრი აზრი არსებობს იმის შესახებ, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა ურთიერთობებმა. ჩვენ ვამბობთ, რომ ისტორიაში ასეთი დროება ერთხელ უკვე იყო.

რადიო თავისუფლება: დონალდ ტრამპი უკრაინას სთავაზობს ტერიტორიების გაცვლას. მან ისაუბრა გაცვლის ერთგვარ შესაძლებლობაზე. უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ნებისმიერი სახის ტერიტორიულ დათმობაზე. რას შეიძლება გულისხმობდეს ტრამპი ტერიტორიების გაცვლაში? თუ არის მისაღები რაიმე სახის დათმობა ამ საკითხზე?

ვიქტორ იუშჩენკო: მე უკრაინის თვალსაზრისს ვიზიარებ. ჩემს ქვეყანას არ გადაუხვევია არცერთი საერთაშორისო შეთანხმებიდან, არცერთი საერთაშორისო ტრადიციიდან. როგორც ქვეყანა, ჩვენ სრული ღირსებითა და პატიოსნებით ვიქცევით.

როდესაც უღმერთო აგრესორთან დათმობებზე მივდივართ, სინამდვილეში მივდივართ ბოროტებასთან დათმობებზე. არ მგონია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ასეთი გზა უნდა აირჩიოს, როდესაც უკრაინის მხარდაჭერის დონე რიგით ამერიკელებში 51%-დან 63%-მდე გაიზარდა.

ჩემი აზრით, ამერიკელ ერს კარგად და სიღრმისეულად ესმის ამ ომის, მოსკოვური ოკუპაციის ყველა გამოწვევა.

არსებობს განცდა, რომ ამერიკელები ცდილობენ გაარკვიონ, ვინ შვა ეს ომი, ეს ბოროტება და როგორ უნდა უპასუხონ ამ ბოროტებას.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადის Air Force One-ის თვითმფრინავში, რომელიც ალასკაში მიემგზავრება, რათა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მიზნით. აშშ. 2025 წლის 15 აგვისტო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადის Air Force One-ის თვითმფრინავში, რომელიც ალასკაში მიემგზავრება, რათა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მიზნით. აშშ. 2025 წლის 15 აგვისტო

რუსეთი მსოფლიო პროდუქტის დაახლოებით 1,7%-ს აწარმოებს, ამერიკა კი - 27%-ზე მეტს. სულ „რამშტაინის კოალიცია“ მსოფლიო პროდუქტის 60%-ზე მეტს აწარმოებს.

ჩვენ აბსოლუტურად საკმარისი რესურსები გვაქვს იმისთვის, - თუ თანმიმდევრულად, ეკონომიკური იზოლაციის, სანქციებისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მექანიზმებს გამოვიყენებთ და გვექნება ერთიანი გეგმა, - რომ პუტინს ვაიძულოთ ჯარების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ამგვარად დაესმება წერტილი ამ სამხედრო გამოწვევას.

რადიო თავისუფლება: დასავლეთს აქვს რესურსები, მაგრამ არსებობს თუ არა მათი გამოყენების პოლიტიკური ნება?

ვიქტორ იუშჩენკო: სწორედ ამაზე ვსაუბრობ. იცით, დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფლობს ისეთი მასშტაბური ინიციატივებისა და შესაძლებლობების რესურსებს, რომ...

არსებობს ხედვა, თუ როგორ მოვძებნოთ სწორი გეგმა ამ ომის დასასრულებლად, როდესაც მტერი იძულებული იქნება, უკან დაიხიოს, დათმოს ტერიტორია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია დანაკარგებისთვის და დასრულდეს ჩვენი უსაფრთხოების პროექტი ნატოში ან ევროკავშირში წევრობის პერსპექტივით.

ბოლო 20-30 წელს ავიღებთ, რომლის განმავლობაშიც პუტინი რუსეთის ხელისუფლებაშია, რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპაში ექვსი ომი აწარმოა: მთიანი ყარაბაღი, სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი, ყირიმი, დნესტრისპირეთი, დონბასი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი აზრით, უკრაინულმა მხარემ ძალიან კარგი გეგმა შეიმუშავა. მას კარგ დიპლომატიურ ქრესტომათიასაც კი დავარქმევდი.

გაითვალისწინეთ, რომ თუ ბოლო 20-30 წელს ავიღებთ, რომლის განმავლობაშიც პუტინი რუსეთის ხელისუფლებაშია, რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპაში ექვსი ომი აწარმოვა: მთიანი ყარაბაღი, სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი, ყირიმი, დნესტრისპირეთი, დონბასი.

რაც ახლა ხდება, ნამდვილი ფართო მასშტაბის ომია.

არაფერს ვამბობ სირიაზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და იმ კონფლიქტებსა და ომებზე, რომლებიც პუტინმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაიწყო, დაწყებული მიანმარით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ერთიანი რუსული საკითხია. ასეთია რუსეთის პრეზიდენტის ქცევა.

ეს არის ქცევა, რომელიც გლობალურ საფრთხეებს ქმნის. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ლოკალიზდეს პუტინის მიერ უკრაინასთან წარმოებული ომი, გასათვალისწინებელია ომის მთლიანი კონტექსტი, რომ ფუნდამენტურად უნდა გადაიჭრას ის პრობლემები, რომლებიდანაც ეს ომი წარმოიშვა, რათა ეს იყოს გარანტია იმისა, რომ არ გაგრძელდეს ბალტიის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის ან მსოფლიოს რომელიმე ნაწილისთვის.

და თუ გვსურს, რომ ამ ომის დასრულებაში ნამდვილად სწორი და მსხვილი წერტილი დაისვას, უფრო მეტი გულმოდგინებით უნდა შევხედოთ უკრაინული მხარის საჭიროებას ამ ომის მილიტარული დასრულების ნაწილში.

ეს იქნება ყველაზე კარგი რამ. სწორედ ეს აიძულებს პუტინს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და აიღოს პასუხისმგებლობა.

აქცია აშშ-ის საელჩოსთან რუსეთის ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, პუტინისა და ტრამპის შეხვედრის დღეს. კიევი. 2025 წლის 15 აგვისტო
აქცია აშშ-ის საელჩოსთან რუსეთის ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, პუტინისა და ტრამპის შეხვედრის დღეს. კიევი. 2025 წლის 15 აგვისტო

დღეს ის კვლავ ცდილობს მანიპულირებას. ამიტომ, პირადად მე არ მაქვს სერიოზული განცდა, რომ ალასკის შეხვედრა კონფლიქტის მოგვარების რაიმე სახის ეტაპობრივ გეგმას მოიტანს.

სწორი იქნება, თუ მსოფლიო ამას გლობალური თვალსაზრისით შეხედავს, რომ უკრაინის ომი რუს ოკუპანტთან მხოლოდ მცირე პრელუდიაა იმ მიზნებისა, რომლებიც პუტინმა რუსეთის ამოცანებად ჩამოაყალიბა.

რადიო თავისუფლება: და რა არის სინამდვილეში პუტინის მიზნები უკრაინაში? ანუ, ტერიტორიების მიტაცებაზე ვსაუბრობთ თუ უკრაინელების, როგორც ერის განადგურებაზე?

ვიქტორ იუშჩენკო: აშკარაა, მას ჩვენი განადგურება სურს. მას უკრაინის განადგურება უნდა. მისთვის უკრაინა პოლიტიკურ ერთეულს არ წარმოადგენს. მას აინტერესებს სივრცე. სივრცე, რომელსაც უკრაინა ატარებს - მეხსიერების, ისტორიის, რელიგიის სივრციდან დაწყებული, ყველანაირი აქტივობით დამთავრებული; კულტურულიდან დაწყებული ტექნიკური, ეკონომიკური საკითხებით დამთავრებული.

ერთხელ, 1918 წლის შემდეგ, ლენინმა უკრაინაში რუსული არმიის სარდალს, მიხეილ ფრუნზეს, წერილი მისწერა. მანამდე ფრუნზემ შეატყობინა, რომ უკრაინის განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ბრძოლა უჭირდა და რომ ჯარების რუსეთში დაბრუნებას ითხოვდა. ლენინმა მას მოკლე დეპეშა გაუგზავნა, ძალიან მკაცრი: „უკრაინის დაკარგვა იგივეა, რაც თავის დაკარგვა“.

მე არავის ვურჩევდი ევროპაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, იკითხოს, ვინ არის შემდეგი. თქვენ!


ამიტომ, არანაირი უკან დახევა, ბრძოლა ბოლომდე, რადგან სინამდვილეში ეს არის რუსეთის პასუხი. და ეს ფილოსოფია დღემდე არსებობს.

როგორც ერთხელ თქვა გოლდა მეირმა, რომელიც უკრაინაში დაიბადა, „ჩვენ ძალიან ცოტა სივრცე გვაქვს კომპრომისისთვის. მათი სურვილია ჩვენი მოკვლა, ჩვენი კი - სიცოცხლე“.

მაგრამ მკვლელობები უკრაინით არ დასრულდება. არავის ვურჩევდი ევროპაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, იკითხოს, ვინ არის შემდეგი. თქვენ! მიუხედავად იმისა, ლიეტუველები ხართ, ბულგარელები თუ სხვა. მომდევნო მსხვერპლი თქვენ იქნებით. ამიტომ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იმის წინაპირობაა, რომ გავუმკლავდეთ პუტინის ბოროტებას.

სამი წლის განმავლობაში ვერ ვახერხებდით ზაფხულის სამხედრო კამპანიის ორგანიზებას სხვადასხვა მიზეზის გამო. ან ძალიან ცოტა იარაღს გვაძლევენ, ან დაგვიანებით გვაძლევენ.

რადიო თავისუფლება: მობილიზაციის პრობლემები…

ვიქტორ იუშჩენკო: იცით, უკრაინის მობილიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვისაუბრია. 140-მილიონიანი ქვეყანა მობილიზაციის რესურსებით აშკარად აღემატება 40-45-მილიონიანს.

უკრაინელი ჯარისკაცი ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცია ევროპაში. ასეთი ჯარისკაცი აქამდე არ ყოფილა!


მაგრამ არსებობს მრავალი ისტორიული მაგალითი, როცა იმარჯვებენ ოსტატობით, ასიმეტრიით. განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ტექნიკური საშუალებები საჰაერო სივრციდან დაწყებული და დამთავრებული არტილერიით, ციფრული და სხვა იარაღით.

ეს ასიმეტრია და ტექნიკური უპირატესობები გაცილებით მეტ სამუშაოს ასრულებს, ვიდრე ცოცხალი ძალა.

დღეს უკრაინელი ჯარისკაცი ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცია ევროპაში. ასეთი ჯარისკაცი აქამდე არ ყოფილა!

ის კარგი, საიმედო ტყვიაგაუმტარი ჟილეტია ევროპისთვის. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ - საჭიროა იარაღი, სათანადო იარაღი. რუსეთთან ჩვენი საზღვრის სიგრძე 1200 კმ-ია.

ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში ვინმეს უბრძოლია ასეთ ფრონტზე? არა. გაქვთ ასეთი ომის წარმოების გამოცდილება? არა და არა. ამიტომ, იარაღი ჩვენი სურვილი კი არა, კატეგორიული მოთხოვნაა.

თუ გვსურს გამარჯვება პუტინის რუსეთზე, პუტინის რეჟიმზე, იარაღი, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ იარაღი დროულად და დიდი რაოდენობით. ასეთ შემთხვევაში მტკიცე ვიქნებით პასუხში, როგორ შევაბრუნოთ ეს ბოროტება იმ თავის ბუნაგში, საიდანაც მოვიდა.

რადიო თავისუფლება: საკუთრივ, რა როლი აქვს დღეს უკრაინას ევროპის რუკაზე და რად უნდა იქცეს ის ევროპისთვის ომის დასრულების შემდეგ? ნატოს აღმოსავლეთ ფლანგად თუ ბუფერულ ზონად, რომელიც ევროპას რუსეთისგან გამოყოფს?

ვიქტორ იუშჩენკო: იცით, პირველი, რაც დღეს ყველაზე აქტუალური და განხილვადია, არის ის ფუნქციონალურობა, რომელსაც უკრაინა უსაფრთხოების თვალსაზრისით ახორციელებს.

ამ წლების განმავლობაში პენტაგონის ბიუჯეტის 7%-ით ჩვენ შევასრულეთ ის ამოცანა, რომელიც პენტაგონისთვის და ევროპის შეიარაღებული ძალებისთვის იყო დასახული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ საქმეს ჩვენზე უკეთ ვერავინ გააკეთებს.

მაგრამ იმისათვის, რომ ის ეფექტიანი იყოს, ყველაზე მეტად გაუმჯობესება, დახვეწა სჭირდება ევროპის თავდაცვის პოლიტიკას, რომელზეც არავინ საუბრობდა ათწლეულების განმავლობაში.

როდესაც პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინას შეუტია, მას 12,5 ათასი ტანკი ჰყავდა. ამ დროს გერმანიაში 400 ტანკი იყო. ადრე არსებული 16 თუ 14 ბრიგადიდან გერმანიამ მხოლოდ 4 ბრიგადა დაიტოვა. ეს მიუთითებს სრულიად არეულ, არაადეკვატურ უსაფრთხოების პოლიტიკაზე.

პარალელურად, შეიძლება დაისვას კითხვა, რამდენი ტანკი იყო, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში? 170. ჩვენ დაახლოებით 7,5-8-ათასიან რუსული ტანკების არმადას დავუპირისპირდით. დღეს ყველა მათგანი დამწვარია. მათ შორის ის ოთხიც, რომლებიც აქ, ჩემთან მუზეუმის წინ დგას.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ წინააღმდეგობის მანქანა, ისეთი, როგორიც უკრაინას აქვს, სხვას არავის აქვს. შეუძლებელია ამ გამოცდილების, პრაქტიკისა და ძალის უგულებელყოფა.

რაკეტებისა და სარაკეტო ძრავების 90%, რომლებიც დღეს რუსეთის შეიარაღებაშია, უკრაინული წარმოებისაა. რუსული ვერტმფრენების 90%-ზე მეტი დაფრინავს უკრაინული ძრავების წყალობით. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ ხარკოვში დამზადებულ უკრაინულ ტანკებზე. შეგვიძლია ვისაუბროთ გემთმშენებლობაზე, რომელიც სსრკ-ში ყველაზე მეტად განვითარებული იყო უკრაინაში.

ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ პუტინიზმის, როგორც ასეთის, დამარცხებით.

რა თქმა უნდა, უკრაინა ძალიან ძლიერია პოლიტექნიკაში. ეს არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე. უკრაინიდან იყო საბჭოთა კოსმონავტიკის მამა კოროლიოვი, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა უკრაინის პოლიტექნიკურ სკოლას. და როდესაც დღეს ვსაუბრობთ დასავლურ, ევროპულ და აღმოსავლურ სამყაროებს შორის კავშირზე, ცხადი ხდება, რომ ყველაზე აქტუალური კითხვაა, თუ როგორ გავკვალოთ გზა დასავლური ეკონომიკიდან აღმოსავლეთის ეკონომიკამდე, დაწყებული საჰაერო და საზღვაო ჰაბებით, გაგრძელებული ბევრი სხვა რამით.

ვიქტორ იუშჩენკო და ირინა სისაკი, რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის თანამშრომელი
ვიქტორ იუშჩენკო და ირინა სისაკი, რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის თანამშრომელი

ყველაფერ ამაზე საუკეთესო პასუხებს იძლევა უკრაინა. ეს არის ჩვენი ცოდნა და უნარები. მაგრამ ახლა აშკარაა, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. უნდა დავასრულოთ ეს ომი და დავასრულოთ ის პუტინიზმზე გამარჯვებით.

რადიო თავისუფლება: როგორ ხედავთ ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების პერსპექტივებს? იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთა რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე, უნდა დაამყაროს თუ არა უკრაინამ რაიმე ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან მომავალში?

ვიქტორ იუშჩენკო: ჩვენ გვექნება ინერტულობის ძალიან ხანგრძლივი პაუზა, რომლის დაძლევაც დროთა განმავლობაში შეიძლება მონანიებით, ბოდიშის მოხდით, მაგრამ რუსებს არ უყვართ მონანიება.

რუსები გერმანელები არ არიან. გერმანელებსაც კი 50 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ევროპა მოსწრებოდა ისეთ დროს, როცა ვარშავაში ჩასული გერმანიის კანცლერი მუხლებზე დაჩოქილი ითხოვდა პატიებას.

მსოფლიოს პრობლემა ის 140 მილიონი რუსია, რომლებიც პატარა პუტინებად არიან აღზრდილი.


მაგრამ მითხარით, ვინ აპატიებს პუტინს ამ ბოროტებას? არავინ. თუმცა ვფიქრობ, რომ მას სინანულის უნარი არც აქვს.

ჩემი აზრით, მსოფლიოს მთავარი პრობლემა, როგორც ბოროტების მისიისა, მხოლოდ თავად პუტინი არ არის.

მსოფლიოსთვის პრობლემა ის 140 მილიონი რუსია, რომლებიც დღეს პატარა პუტინებად არიან აღზრდილი და რომლებსაც თავისუფლება არ სჭირდებათ, რომლებიც ამაყობენ, რომ ყმები არიან.

გაეროს საერთაშორისო სასამართლოს შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებას მოითხოვენ. ჰააგა, ნიდერლანდი. 2024 წლის 7 მაისი
გაეროს საერთაშორისო სასამართლოს შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებას მოითხოვენ. ჰააგა, ნიდერლანდი. 2024 წლის 7 მაისი

რუსეთში არ არსებობს ოპოზიცია. არ არსებობენ თავისუფალი ჟურნალისტები - დღეს რუსეთში ციხეში უფრო მეტი ჟურნალისტია, ვიდრე სტალინის, ბრეჟნევის, ანდროპოვის დროს იყო. პუტინის მმართველობისას ყველაზე მეტი ჟურნალისტი გამოამწყვდიეს ციხეში.

ამიტომაც ნურავის ექნება მარტივი შერიგების, მარტივი გაგების იმედი, რადგან ეს მთელი რუსული სამყაროა, რომელიც ცხოვრობს ამბიციებში და რომელთან ცხოვრებასაც ვერცერთი ერი, არა მხოლოდ მეზობელი, არამედ დღევანდელ სამყაროში არსებული ვერცერთი ერი ვერ შეეგუება.

რადიო თავისუფლება: დაახლოებით ერთი წელია, უკრაინაში მიმდინარეობს დისკუსიები როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. თქვენი აზრით, რა პირობებში უნდა დაუბრუნდეს უკრაინა საარჩევნო პროცესს? და საერთოდ შესაძლებელია თუ არა არჩევნების ჩატარება ომის დროს?

ვიქტორ იუშჩენკო: ვფიქრობ, ყველაზე მეტად რუსეთს უნდა, რომ უკრაინა ახლა ჩაეფლოს არჩევნების პოლიტიკურ პროექტში. არადა უკრაინის კონსტიტუცია ამბობს: „არჩევნები არ ტარდება საომარი მდგომარეობის დროს“. და ეს ხისტი პოზიციაა, რომელსაც სერიოზულ უკრაინულ პრესაში არავინ განიხილავს. არსებობს კანონი. ომის დროს ამ კანონში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება. ამიტომ, ბოდიში, მაგრამ დაემორჩილეთ კონსტიტუციის ნორმას, რომელიც ამას არეგულირებს.

მეტიც, აქ დისკუსიის საგანს საერთოდ ვერ ვხედავ.

კონსტიტუციის ავტორებმა თქვეს: „ძვირფასებო, როდესაც თქვენი არსებობისთვის საფრთხე არსებობს, ჩაერთეთ ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში და არა კონსტიტუციის ცვლილებებში“. მესმის, რომ ზოგჯერ ავტორიტარიზმი იწყებს სუნთქვას, გარკვეულ ნიუანსებში ავლენს თავს, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი რამ ხომ მოსალოდნელი იყო.

არჩევნები ჯერ კიდევ წინ არის. ზოგადად, ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებით მშვიდად უნდა ვიყოთ, ვიმოქმედოთ კონსტიტუციის შესაბამისად.

რადიო თავისუფლება: წელს უკრაინა უკვე მეოთხედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს სრულმასშტაბიანი ომის პირობებში. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, საზოგადოებაში იზრდება დაღლილობა, თავს იჩენს დაძაბულობა ფრონტსა და ზურგს შორის, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის. საპროტესტო გამოსვლებშიც ჩანს საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლების ნაბიჯების გამო. რას ფიქრობთ, როგორ უნდა შეინარჩუნოს უკრაინამ შინაგანი ერთიანობა და საერთოდ შესაძლებელია კი ეს?

ვიქტორ იუშჩენკო: ჩვენ არ გვაქვს სხვა ვარიანტი, გარდა იმისა, რომ გავერთიანდეთ, გავერთიანდეთ ჩვენი ფუნდამენტური მიზნის - გამარჯვების - გარშემო. მე ვერ ვხედავ სხვა გზებს, რომლებიც რუსეთის მოწყალებას გამოიწვევს. ჩვენ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ. ჩვენ გვჭირდება ადეკვატური იარაღი რუსული მუქარის საპასუხოდ, რეაგირების ის ფორმატი, რომელიც გააგრილებს რუსეთის ხელისუფლების პატარა ტვინებს. ბოდიში, ვერანაირი ლოცვა ვერ შეცვლის პუტინს, მის შეხედულებებს. პუტინიზმი, როგორც ბოროტება, ჰგავს დრაკონს, რომელიც გარშემო აბნევს კბილებს, რათა ახალი ბოროტება აღმოცენდეს.

უნდა ვიპოვოთ ძალები ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ვართ მშვენიერი, მტკიცე, უდიდესი სლავური ერი ევროპასა და მსოფლიოში. ჩვენ მაგრები ვართ. მაღალი კლასის ხალხი გვყავს. ჩვენი სულისკვეთების, ჩვენი პატრიოტიზმის თამასა ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღლა აიწია.

რადიო თავისუფლება: ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთი მოკლე კითხვა დასასრულისთვის. ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ „პუტინის ძალა ჩვენს სისუსტეშია“...

ვიქტორ იუშჩენკო: დეზინტეგრირებასა და გულგრილობაში. ჯერ კიდევ 34 წლის წინ გვეუბნებოდნენ: „რა მნიშვნელობა აქვს? რა განსხვავებაა?“

თურმე არ აქვს მნიშვნელობა „კოსოვოროტკებს“ ვატარებთ თუ „ვიშივანკებს“. იქით მიმყავს საუბარი, რომ ჩვენ მრავალი ათეული წლის განმავლობაში აუხდენელი ოცნებები გვქონდა. აი, მაგალითად, რა ოცნება ჰქონდა ტარას შევჩენკოს?

შეხედეთ, რამდენად წმინდა და ზედმიწევნით ფაქიზი იყო მისი ოცნება: გვქონოდა უკრაინული ანბანი.

კი, მაგრამ უკვე 300-400 წელია, ყველა ევროპულ ერს აქვს ეს თავისი ანბანი. ჩვენ კი მხოლოდ ოცნება გვქონდა. დიახ, ჩვენ მხოლოდ ოცნება გვქონდა, რადგან ჩვენ ვცხოვრობდით მხოლოდ რუსეთის იმპერატორის საგანგებო დადგენილებებში, რომლებშიც ადამიანს, უკრაინელს, ძაღლებში ცვლიდნენ. და ეს იყო ნორმა.

და პანტელეიმონ კულიშს, ძვირფას მეგობარს, რა ოცნება ჰქონდა?

ტარას შევჩენკო მის ქორწილში უფროსი ბოიარი იყო. მას რა ოცნება ჰქონდა? ბიბლია ეთარგმნათ უკრაინულად. ეს უკვე მე-19 საუკუნის დასასრულია. უკრაინაში მშობლიური ენაზე ბიბლია არ არსებობდა. აი, რა გვაღატაკებდა, რადგან ყველგან და ყველაფერში რუსიფიკაცია გვქონდა. არ არსებობდა უკრაინული თეატრი, უკრაინული ოპერა... ყველაფერს გვართმევდნენ, ყველაფერს გვიკრძალავდნენ.

თუ პოლონეთიდან ფარულად წიგნს ჩამოიტანდი, გადასახლებაში გაგიშვებდნენ. ჩვენ დავკარგეთ დაახლოებით უკანასკნელი 200 წელი, როცა ერების კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. ჩვენ გვახრჩობდა უკრაინიზმის შექმნის წყურვილი, მაგრამ ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენს წაშლას, უკრაინული ეკლესიისა და დამწერლობის წართმევას, ჩვენი ენის დაყვანას დიალექტსა თუ კილოკავზე.

და მეორე - გულგრილობა, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისიდან ვატარებთ არჩევნებს, მოდით ვიკითხოთ, რა ხმებს ითვლიდნენ საუბნო კომისიები, როდესაც ათობით პროცენტი არ მიდიოდა არჩევნებზე?

ასე ხდებოდა იმიტომ, რომ კომუნისტურმა რეჟიმმა მიგვაჩვია. არჩევნების მიმართ ყველა გულგრილი იყო. მოგცემდნენ რაღაც ლიმონათს, ფუნთუშას ან სხვა რამეს. სულ ეს იყო, ნამდვილი არჩევანი კი მოსკოვში კეთდებოდა. მოსკოვში წერდნენ, ვინ იქნებოდა პირველი მდივანი და ვინ უხელმძღვანელებდა უმაღლეს რადას.

ამ ჩვენმა გულგრილობამ ხელი შეუწყო უკრაინული საქმის უკან დახევას, მოსკოვისათვის ინსტრუმენტების მიცემას. ბევრი რამ უკვე გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია სამუშაო. ამის თქმა მინდოდა. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინული საქმისთვის კიდევ ბევრი შრომა მოგვიწევს, განსაკუთრებით ახალ თაობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG