Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარალს თუ არ დაფარავ, ქვეყნიდან ვერასდროს გახვალ - "ქართული ოცნება" კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს


ისევ იცვლება სექტემბერში ერთხელ უკვე გადაკეთებული კანონი. გამკაცრებას ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებენ.
ისევ იცვლება სექტემბერში ერთხელ უკვე გადაკეთებული კანონი. გამკაცრებას ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებენ.

მოკლედ

  • 15 ოქტომბერს, სადავო პარლამენტმა მოიწონა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მსჯავრდებულებს ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას უვადოდ უწესებს
  • ახალი ნორმები შეეხება მათ, ვისაც ფინანსური ზარალი არ აუნაზღაურებია
  • იურისტები ცვლილებებს "არაადამიანურად" მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობას ზრდის

საქართველოს მოქალაქეს შესაძლოა უვადოდ აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა, თუკი ის ზარალს არ აანაზრაურებს - „ქართული ოცნება“ სექტემბერში ერთხელ უკვე შეცვლილ კანონს ისევ ამკაცრებს. ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის დასაბუთება მოსამართლის ვალდებულება აღარ იქნება.

სექტემბერში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩაიწერა, რომ "მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება 16 წლის ვადით". ეს მაქსიმალური ვადა იყო. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ „ზედა ჭერი“ აღარ იარსებებს.

სისხლის სამართლის კოდექსსა და თანმდევ ოთხ კანონში შესატანი ცვლილებები, სადავო პარლამენტში, პირველი მოსმენით, 15 ოქტომბერს დაამტკიცეს - საკომიტეტო დონეზეც და პლენარულ სხდომაზეც - ერთხმად.

„ოცნება“ აცხადებს, რომ სექტემბერში მიღებული ნორმები უბრალოდ იხვეწება - „ზიანის სწრაფი და ეფექტური ანაზღაურების” მიზნით; თუმცა იურისტები ახალ ნორმებში "ბრუტალურ" ცვლილებებს ხედავენ. გვითხრეს, რომ ისედაც “არაადამიანური კანონი” ახლა კიდევ უფრო მძიმდება, რაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მეტ შესაძლებლობას აჩენს.

რა იცვლება კიდევ ერთხელ?

მსჯავრდებულს ქვეყნიდან გასვლის უფლებას ორ შემთხვევაში დაუბრუნებენ:

  • თუ ის დაზარალებულს სრულად გადაუხდის კომპენსაციას [და ეს დადასტურდება ნოტარიულად];
  • ანდა თუკი დაზარალებული წერილობით განაცხადებს უარს - მისთვის კომპენსაციის გადახდაზე.


სექტემბერში დამტკიცებული ცვლილებებით, აკრძალვის მაქსიმალური ხანგრძლივობა 16 წელიწადი იყო რის შემდეგაც - მსჯავრდებული ქვეყნის დატოვებას შეძლებდა.

კანონპროექტის თანაავტორმა და წარმდგენმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თორნიკე ჭეიშვილმა, სადავო პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის დროს, შეკითხვის საპასუხოდ, დააზუსტა, რომ - ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის ვადები რელევანტური აღარ იქნება.

“თუკი აქამდე იყო შემოთავაზებული, ბლანკეტურად, ეს 16-წლიანი ვადა, როგორც ერთგვარი ჭერი, ამ შემთხვევაში, ეს არ იქნება რაღაც ვადით ზღვარდადებული ”, - განაცხადა ჭეიშვილმა სადავო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ხოლო ოდნავ მოგვიანებით - პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ “კანონპროექტის მიღების შემდგომ აქტუალური აღარ იქნება” ვადების შესახებ ამჟამად არსებული ჩანაწერი.

“ჯერ ისედაც არაჰუმანური და არაადამიანური კანონი კიდევ უფრო არაადამიანურად აქცია “ქართულმა ოცნებამ”. ეს აჩვენებს იმას, რომ შეიძლება სასჯელი მოიხადო, მაგრამ ქვეყანას მაინც ვერ დატოვებ; ხოლო ამ ქვეყანაში არ გექნება ყოველთვიურად 500 ლარზე მეტი შემოსავლის ან სარგებლის მიღების უფლება. ადამიანებს ქვეყნის შიგნით ატყვევებენ და არსებობის საშუალებასაც არ აძლევენ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი ნიკა სიმონიშვილი, საიას ყოფილი თავმჯდომარე.

ავტორები აცხადებენ, რომ 15 ოქტომბერს, სადავო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით ერთხმად დამტკიცებული ახალი პაკეტი დახვეწავს სექტემბერში დამტკიცებულს.

სწორედ სექტემბერში მოიწონეს პარლამენტარებმა ხმაურიანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ვიდრე საპატიმროდან გამოსული მსჯავრდებული ზარალს სრულად არ აანაზღაურებს:

  • თვეში შეუძლია მიიღოს და მოიხმაროს მხოლოდ "საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა" - [468 ლარი - საქსტატის 2024 წლის ივნისის [ყველაზე მაღალი] მაჩვენებლით]; ეს თანხა მან უნდა იმყოფინოს ყველაფერზე - ბინა, ავტომანქანა, საკვები, ტანსაცმელი თუ კბილის ჯაგრისი;
  • თანხის მიღება შეუძლია უნაღდო ანგარიშსწორებით - პირად ანგარიშზე [მხოლოდ ბანკებში თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში] - ხელფასის თუ დახმარების სახით; თუკი დაშვებულზე მეტი ჩაერიცხება, სხვაობა პირდაპირ ჩამოეჭრება [დაზარალებულის კომპენსაციისთვის]
  • შეუძლია იჩუქოს უძრავი ან მოძრავი ქონება [ბინა, ავტომობილი], მაგრამ ეს ქონება მაშინვე დაყადაღდება და გაიყიდება [დაზარალებულის კომპენსაციისთვის].


ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანები შესაძლოა დააპატიმრონ:

  • თავად ყოფილი მსჯავრდებული - საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის/ქონების მიღებისთვის, 3-წლამდე ვადით;
  • მისი ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები - 5- წლამდე ვადით, თუკი მათი დახმარება დასაშვებ ზღვარს აღემატება.

“პუტინის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ პირადი ტყვეები, პირადი პატიმრები ჰყავდეს… დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი რაღაც წარმოუდგენელია. მმართველი პარტია ასეთი ბრუტალური, აღვირახსნილი კანონის მიღებას რომ ბედავს, უკვე ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს”, - გვეუბნება ნიკა სიმონიშვილი.

სხვა ექსპერტების მსგავსად, ისიც ვარაუდობს, რომ ახალი პროცედურები “ქართული ოცნების” მილიარდერი საპატიო თავმჯდომარის ინტერესებს მოერგო - რათა მან "სხვადასხვა გზით წაღებული ფული” უფრო მარტივად დაიბრუნოს, მათ შორის - ყოფილი თანაგუნდელებისგან.

თვეების წინ, როდესაც საკანონმდებლო პაკეტზე დაიწყო მუშაობა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ინსპირატორი გიორგი ბაჩიაშვილი იყო - ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი - ამჟამად პატიმარი.

ბაჩიაშვილისგან ივანიშვილი 9000 ბიტკოინის [868 მილიონი დოლარი] გადახდას ითხოვს.

“ოცნების” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ ვერავინ შეძლებს, რომ სასჯელი მოიხადოს და მერე - მოპარული და მითვისებული ფულით უდარდელად, განცხრომით იცხოვროს.

საკანონმდებლო ცვლილებების სექტემბერში დამტკიცების შემდეგ, მალევე დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

კიდევ რა იცვლება?

15 ოქტომბერს პირველი მოსმენით დამტკიცებული პაკეტი მოიცავს ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ასევე თანმდევ 4 კანონში.

ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაწესდება "სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე” - სასამართლოს ეხსნება ვალდებულება, რომ ეს ზომა გამამტყუნებელ განაჩენში დაასაბუთოს.

178-ე მუხლში დამატებული ჩანაწერებით, სასამართლოს განაჩენის ასლი უნდა გადაეცეს:

  • შს სამინისტროს - „შესაბამისი მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვის უზრუნველყოფის მიზნით“ [რათა საზღვარზე აღარ მოხდეს მისი გატარება]
  • და ასევე - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც დაევალება მისი მონიტორინგი, მათ შორის - ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით.


ქვეყნიდან გასვლის აკრძალვისთვის კვლავ აუცილებელია, რომ მსჯავრდებული გასამართლებული იყოს კონკრეტული მუხლებით - ძირითადად ეკონომიკური და საფინანსო დანაშაულებისთვის. აუცილებელია ასევე :

  • მსჯავრდებული იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.
  • დაზარალებული არ აცხადებდეს წერილობით უარს მისთვის ზარალის ანაზღაურებაზე ან მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე.


რომელ დანაშაულებს შეეხება?

დანაშაულები, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლის უვადო აკრძალვა შეეხება, ჩამოთვლილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653-ე მუხლში. მათ შორის არის - ე.წ. თეთრი საყელოს დანაშაულებიც.

  • თაღლითობა, დიდი ოდენობით - [180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი],
  • გამოძალვა - დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით [181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი],
  • მითვისება და გაფლანგვა, დიდი ოდენობით [182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი],
  • ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით [185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი],
  • ნივთის დაზიანება ან განადგურება (თუ ზიანი აღემატება 10 000 ლარს) [187-ე მუხლი], ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით (თუ ზიანი აღემატება 10 000 ლარს) [188-ე მუხლი],
  • ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, დიდი ოდენობით [2051 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი],
  • უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება [220-ე მუხლი];
  • გულგრილობა - [220​1-ე მუხლი]
  • კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია [2861 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი].


“თეთრი საყელოს” ტიპის დანაშაულს იურისტები უწოდებენ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე, ინტელექტუალური შესაძლებლობებით ჩადენილ, მათ შორის - სამოხელეო დანაშაულს.

სექტემბრის შემდეგ ეს ჩამონათვალი უცვლელად დარჩა.

ამ პაკეტს სადაო პარლამენტში კიდევ ორი მოსმენით განხილვა და დამტკიცება დარჩა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG