კოლსმა და უიკერმა სხვა პოლიტიკოსებთან, მათ შორის ლიეტუვის პარლამენტის ვიცესპიკერ ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად გამართეს შეხვედრა 16 მაისს. შეხვედრის შემდეგ რიჰარდს კოლსი X-ზე წერს:
„მყარი თანხმობა [გვაქვს]: სანქციები უნდა შენარჩუნდეს და გავრცელდეს მაცოცხლებლებზე. ხელშემწყობ პირებზე, თუნდაც ისინი მოკავშირე სახელმწიფოებიდან იყვნენ“.
კოლსის თქმით, შეხვედრისას განიხილეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი სესია, - რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება პორტუგალიაში, - და ასევე განიხილეს, „თუ როგორ შევამციროთ კრემლის მავნე გავლენის გაფართოების გზები“.
ამ გზებს შორის ევროპარლამენტარი ასახელებს „რეჟიმთან დაკავშირებულთა“ მიმართ სავიზო სერვისების დაბლოკვას და წერს: „ამასთან დაკავშირებით, საქართველოს თანამდებობის პირებიც უნდა გვყავდეს რადარზე“.
ევროპარლამენტი უკვე მრავალი თვეა, ფართო მხარდაჭერის მქონე რეზოლუციებით ითხოვს „ქართული ოცნების“ მესვეურთათვის სანქციების დაწესებას.
ჯერჯერობით ევროკავშირში ამაზე კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, ამაზე მუშაობა გრძელდება; ამასთან, ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა არაერთ ქართველ პოლიტიკოსს დაუწესეს სანქციები დემოკრატიული უკუსვლასა და ანტი-დასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე პასუხად.
ამასთან, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ ხმების 80%-ით, ფართო ორპატიული მხარდაჭერით დამტკიცების შემდეგ, იდენტური კანონპროექტი სენატშია წარდგენილი. ინიციატივა 27 მარტს უკვე მოიწონა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. ახლა დარჩენილია კენჭისყრა სენატის სრული შემადგენლობის წინაშე.
ამასთან, მიმდინარე კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, უკრაინის, ლატვიისა და ლიეტუვის დელეგაციების ხელმძღვანელებმა და წევრებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს და მოუწოდეს, არ გასცეს ვიზები ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაესწრონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიურ სესიას, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება პორტუგალიაში.
წერილს ჰელსინკის კომისია ავრცელებს სოციალურ ქსელში. მისი ხელმომწერები მიიჩნევენ რომ, „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟულ სესიაზე დასწრების პრივილეგიის მინიჭება მათ რეპრესიულ მმართველობას ლეგიტიმაციას მიანიჭებს და მისცემს მათ დაუმსახურებელ პლატფორმას".
ფორუმი