iFact-ის ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს გამოძიება ორი რუსი „ლტოლვილის“ კოსმოსურ გეგმებზე. სიტყვა ლტოლვილი მათ ბრჭყალებში აქვთ ჩასმული, რადგან მოპოვებული მასალები შესაძლოა ამ ადამიანების თაღლითობაზე მიანიშნებდეს.
იულია და მარია არხიპოვებმა, „ეხო კავკაზას“ უთხრეს, რომ სტატიაში ფაქტები გაყალბებულია და ქვეყნებს შორის მტრობის ჩამოგდებას ისახავს მიზნად.
კოსმოდრომის პროექტი „კოლხიდა“: ამბები და დაბრკოლება
ამბავი შუხუთში ხდება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. „კოლხიდა“ აქ უნდა აშენებულიყო. ამ ამბიციური პროექტის ინიციატორი რუსეთის ორი მოქალაქეა - იულია და მარია არხიპოვები. ისინი „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ჰყვებიან, რომ საქართველოში უკრაინასთან ომის დაწყებამდე გადმოსახლდნენ.
iFact-ის გამოძიებაში ნათქვამია, რომ არხიპოვების კომპანიამ გურიაში მიწის სამი ნაკვეთი შეიძინა, საერთო ფართობით 14 ათასი კვადრატული მეტრი, ეს დაახლოებით ორი ფეხბურთის მოედნის ტოლია.
იულიასაც და მარიასაც „კოსმოსური“ წარსული აქვს. მარიას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოსმოსური კვლევების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ის საჯარო ადმინისტრირების მაგისტრია კოსმოსის სფეროში. მონაწილეობდა ორბიტალური სადგურის პროექტში („მირ-2“) . იურისტად მუშაობდა „კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმში“. იულია ამ კონსორციუმის თავმჯდომარეა.
კონსორციუმის საიტზე მითითებულია, რომ 2016 წელს შექმნილი კონსორციუმი არის კომერციული სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება. ის კომერციული კოსმოსური პროგრამების დასამზადებლად, სარეალიზაციოდ და საინვესტიციოდ შეიქმნა.
ორგანიზაციის იუტუბ-არხზე განთავსებულია ვიდეო, რომელშიც კოსმოდრომის მშენებლობის გეგმებსა და თანამგზავრების საწარმოზე გვიყვებიან: „ამ კორომების ცენტრიდან გაფრინდებიან თანამგზავრები როგორც დედამიწის მახლობელ სადგურებზე, ასევე შორეულ კოსმოსში. ამის რეალიზებას უმოკლეს დროში ვაპირებთ. მშენებლობას ხუთ თვეზე მეტი არ დასჭირდება. ახლა კოსმოდრომზე საბუთებს ვაფორმებთ“.
„თუ კოსმოდრომი ამუშავდება, სტადიონ „გურიას“ პატრონაჟს გავუწევთ. ეს რუსული რაიონია. აქ ოდესღაც რუსები ცხოვრობდნენ. გამსახურდიას დროს სახლები დატოვეს და წავიდნენ. სიმბოლურია, რომ კოსმოდრომი რუსულ რაიონზე გაივლის“, - ნათქვამია ვიდეოში.
დეტალებზე სალაპარაკოდ „ეხო კავკაზა“ მარია არხიპოვას დაუკავშირდა.
აღმოჩნდა, რომ კოსმოდრომის იდეა ჯერ კიდევ 2016 წლიდან მოდის, იმ დროიდან, როდესაც „კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმმა“ პირველი არასახელმწიფო ორბიტალური სადგურის „მირ-2“-ს მშენებლობაზე გამოცხადებული კონკურსი დაასრულა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ТАСС“ ამ პროექტს აფასებდა, როგორც კერძო სექტორის წარმატებას კოსმოსის ათვისების მიმართულებით. კონსორციუმის საიტზე ნათქვამია, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა სადგურის ბიუჯეტი და შეათანხმა თანხის გაცემის გრაფიკი პროგრამის ყველა ეტაპისთვის 2030 წლამდე.
მარია ამბობს, რომ ამის შემდეგ მათ სადგურისთვის საკუთარი სატრანსპორტო კვანძი დასჭირდათ. ბაიკანურითა და სხვა კოსმოდრომებით სარგებლობა შუამავლების გამო ძალიან ძვირი ჯდებოდა. გადაწყვიტეს, საკუთარი აეშენებინათ. ჯერ რუსეთში გეგმავდნენ, მაგრამ „პოლიტიკურმა პრობლემებმა“ აიძულეს საქართველოში გადმობარგებულიყვნენ. ირწმუნებიან, რომ აქ მათ არანაირი წინააღმდეგობა არა აქვთ.
მარია არხიპოვას თქმით, მიმართეს სახელმწიფო სტრუქტურებს, უფრო ეკონომიკის სამინისტროს, უნდოდათ გაერკვიათ, სად იყო შესაძლებელი პროექტის განხორციელება. იქ მათ რამდენიმე რეგიონი ურჩიეს.
„როგორც მივხვდი, გურია ერთ-ერთი დეპრესიული რეგიონია და აქ ინვესტორებს ეძებენ. მაშინვე შემომთავაზეს ლანჩხუთში დიდი მიწის ნაკვეთი შემესყიდა“.
მიწა არხიპოვებს არ მოეწონათ და ალტერნატიული ვარიანტიც გამოუძებნეს. ამჯერად - იყიდეს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური მოთხოვნები გაუგზავნეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს.
„პირველად 2021 წელს მივმართეთ. 2022 წელს ისევ გადავუგზავნეთ საბუთები. შემდეგ ბევრჯერ შევეცადეთ დავკავშირებოდით, მაგრამ „რუსებთან“ ურთიერთობაზე კატეგორიულ უარზე იყო. თანამდებობის პირებს ვხვდებოდი და არაერთხელ მომისმენია, რომ ჩვენს უკან დიდი ალბათობით პუტინი დგას. ვეკითხებოდი: „რა შუაშია აქ პუტინი? კერძო პირი ვარ. ჩემი ფული მაქვს, ჩემი პროექტი. რუსეთიდან წამოვედი და კოსმოსი განვითარება მსურს. ჩემს საქმეს ვაკეთებ“. მაგრამ ისინი მპასუხობდნენ: „შეუძლებელია, რუსეთში მთელ ბიზნესს პუტინი აკონტროლებს. არ არის იქ დამოუკიდებელი ბიზნესი“. ახსნას აზრი არ ჰქონდა. ვერ იგებდნენ, როგორ შეიძლება, რომ კოსმოსი კერძო იყოს“.
მარია არხიპოვა აღნიშნავს, რომ მისი ძალისხმევით საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან შეიქმნა კომისია, სადაც კიდევ ერთხელ მიახვედრეს, რომ რუსები აქ ვერაფერს გააკეთებდნენ.
კითხვაზე, მიმართეს თუ არა სხვა უწყებებს. პასუხი ასეთი იყო: „დიახ. ეკოლოგიური თვალსაზრისით ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია. პრობლემა ის არის, რომ სამინისტრო და სააგენტო გვპასუხობენ, ნებართვას ვერ მოგცემთ, რადგან კოსმოსურ საქმიანობაზე კანონი არ არსებობსო. ვეკითხები, თუ კანონი არ არის, ესე იგი შეგვიძლია ავაშენოთ? გვპასუხობენ: „თქვენ კი შეგიძლიათ ააშენოთ, მაგრამ აგიკრძალავთ, რადგან კანონი არ გვაქვს“.
ბევრი შეხვედრა გვქონდა. ეკონომიკის სამინისტროსთან ვურთიერთობდით - ისინი გვემხრობიან, მხარს გვიჭერენ. ხვდებიან, რამხელა ინვესტიციასა და რამდენ სამუშაო ადგილს მოიტანს ეს პროექტი, განვითარებას. აქ განათლებაც იგულისხმება. მაგრამ ბიუროკრატიულ გაურკვევლობას შევეჯახეთ. ეკონომიკის სამინისტროს პროექტის მნიშვნელობა ესმის, თუმცა ამის იქით საქმე ვერ მიდის. ამის გარდა, ვგრძნობთ ნაციონალიზმსაც და იმასაც, რომ მკაფიო წესები არ არსებობს“.
ჩვენ ვთხოვეთ ეჩვენებინათ წერილები, რომლებიც ოფიციალურ სტრუქტურებს მისწერეს. მარია არხიპოვამ გვიპასუხა, რომ ელექტრონული წერილები აქვთ, მაგრამ მათი გაზიარება არ შეუძლია.
„კომერციული საიდუმლოებაა. კოსმოდრომის გაკეთება უფრო ტექნიკურ საკითხებს ეხება, დეტალების გასაჯაროება არ მინდა. ეს ტექნიკური საიდუმლოა. არის საკითხები, რომელსაც მედიას ვერ გავანდობთ. ასეთი ტექნიკური საკითხები განიხილება წერილებში“.
არხიპოვები ამბობენ, რომ უნდათ დაეხმარონ საქართველოს, რათა მან კოსმოსის სფეროში დამოუკიდებლობა მოიპოვოს, მისგან სამხრეთ კორეა შექმნან - არ იყოს დამოკიდებული არც ამერიკელებზე, არც ჩინელებზე და არც ევროპელებზე. მაგრამ ჯერ მშენებლობა შეჩერებულია და ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
„ჩვენი მხრივ ყველაფერი გავაკეთეთ. ინვესტირება გვინდა, სამუშაო ადგილების, დასაქმებულებისთვის მუშაობისა და განათლებისთვის პირობების შექმნა. პროექტი მომზადებულია, გაფორმებულია და გადაგზავნილია, მთელი თავისი ტექნიკური დოკუმენტაციით. მხოლოდ ხელის მოწერა უნდა. როგორც კი უფლებას მივიღებთ, მაშინვე დავიწყებთ მშენებლობას“.
არხიპოვები ამბობენ, რომ საქართველო ამის გამო 6 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციას კარგავს.
ლანჩხუთის მერია აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს კოსმოდრომი შენდება სპეკულაციაა და iFact-ის გამოძიება კი დეზინფორმაცია. ოფიციალურ განცხადებაში მერია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ობიექტის მშენებლობა საგანგებო ნებართვას საჭიროებს, რომელიც კომპანიას არ გააჩნია. კომპანიამ 2023 წელს უარი მიიღო, როგორც მერიიდან, ასევე ეკონომიკის სამინისტროდან.
„არც სტატიაში, არც ფილმში არ გვითქვამს, რომ ნებართვა უკვე მიიღეს“, - განაცხადეს რედაქციაში.
მათი თქმით, კოსმოდრომი ჯერ მხოლოდ პროექტია და სტატიაშიც მხოლოდ ეს წერია. გარდა ამისა, გამოძიებაში მოყვანილია თავად არხიპოვების პასუხიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამჯერად პროექტი შეჩერებულია, მაგრამ პასუხს ელიან.
კოსმოსური მისია თუ კრემლის ინსტრუმენტი?
როგორც გამოძიება აჩვენებს, კოსმოდრომის პროექტის უკან სამეცნიერო ამბიციებზე გაცილებით საინტერესო რამ შეიძლება იმალებოდეს.
გამოცემის მიხედვით „შეიძლება, ამ ყველაფერზე თქვენ გეცინებათ, მაგრამ არხიპოვების გეგმა მხოლოდ არხიპოვების გეგმა არაა. მათ უკან უფრო დიდი ამბავი დგას.“, - წერს გამოცემა.
„მარია 46 წლისაა, იულია 45 წლის. გურიაში მათ დებად იცნობენ, მაგრამ მარიას მამის სახელი სერგეია, იულიასი კი - ალი. სინამდვილეში, ისინი პარტნიორები არიან და ცოლ-ქმარი იყვნენ მაშინაც, როცა მარიას ჯერ კიდევ ევგენი ერქვა და კაცად იდენტიფიცირდებოდა.
წლების წინ, მარია არხიპოვას ევგენი არხიპოვი იყო. შემდეგ კი ის ტრანსგენდერი ქალი გახდა და ამაზე მედიაში ღიად დაიწყო საუბარი. ერთ-ერთ ინტერვიუში მარია ამბობდა, ჩემმა ცოლმა ურთიერთობის დასაწყისიდანვე იცის, რომ ქალი ვარ და სქესის შეცვლისას მხარსაც მიჭერდაო.
ქალები, საკუთარი ოჯახური მდგომარეობის გარდა, გურულებს კიდევ ბევრ რამეს უმალავენ“, - წერს iFact. მაგალითად, თუ როგორ გადასცემენ ისინი ანგარიშებს რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებსო.
გამოძიებაში ასახულია მიმოწერა თანამემამულეთა უფლებების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან. ამ წერილებში საუბარია კოსმოდრომის შესახებ და იმაზეც, რომ საქართველოში თითქოს რუსების უფლებები ირღვევა.
ამ მიმოწერამ ფონდიდან „გაჟონა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია OCCRP-ში მოხვდა. ქართული გამოცემა iFact, რომელიც ამ ქსელის წევრია, გამოძიებაში ჩაერთო.
თანამემამულეთა უფლებების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდი შეიქმნა 2012 წელს, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ბრძანებით. მას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. ოფიციალურად ის უცხოეთში მცხოვრებ რუსებს ეხმარება, არაოფიციალურად კი კრემლის „რბილ ძალას“ წარმოადგენს ევროპასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. 2023 წლიდან მოყოლებული ფონდი აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა.
ფონდი აფინანსებს რუსების იურიდიულ დაცვას, ატარებს საინფორმაციო კამპანიებსა და მუშაობს საელჩოს საშუალებით. ესტონეთისა და ლატვიის სადაზვერვო მონაცემებით, ფონდი დაკავშირებულია რუსულ სპეცსამსახურებთან და მხარს უჭერს პრორუსულ სტრუქტურებს.
ამ ფონდმა გადაუხადა რუსეთის უშიშროების თანამშრომლის ვადიმ კრასიკოვის ადვოკატს. კრასიკოვს გერმანიაში ბრალი ედებოდა ქართველ ზელიმხან ხანგოშვილის პოლიტიკურ მკვლელობაში. ის 2024 წელს ამერიკელ ჟურნალისტში გაცვალეს.
მარია და იულია არხიპოვები თანამემამულეთა უფლებების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდთან სულ მცირე 2014 წლიდან თანამშრომლობენ.
2000-იანი წლებიდან მარია და იულია იურისტებად მუშაობდნენ და იცავდნენ ადამიანის უფლებებს რუსეთში. მარიამ იქ ადვოკატთა ასოციაცია დააარსა. 2023 წლის თებერვალში ასოციაციამ პუტინსა და ლავროვს თხოვნით მიმართა, გაეუქმებინათ სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის. 2023 წლის მაისში პუტინის ბრძანებით, ვიზები გააუქმეს.
„პუტინს მივმართე ვიზების გაუქმების შესახებ. ეს წერილი იყო. თანამემამულეებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას ვითხოვდით. ვიზები გააუქმეს“, - ეუბნება მარია არხიპოვა „ეხო კავკაზას“.
არხიპოვას ფონდთან მიმოწერაში ნახსენებია საქართველოში კოსმოსური საწარმოს მშენებლობის გეგმები, „რომლის გამოყენებაც შესაძლებელია რუსეთიდან კოსმოსური ხომალდების გასაშვებად და ასაწყობად“. ასევე ნახსენებია, რომ დასავლეთ საქართველოს ნაციონალისტურად განწყობილი მცხოვრებლები მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მუდმივად უქმნიან საფრთხეს. ისიც, რომ რისკია პროექტი „რუსული წარმოშობის“ გამო დახურონ.
მარია და იულია პერიოდულად აგზავნიდნენ ანგარიშებს რუსების უფლებრივ მდგომარეობაზე და იმაზეც თუ რა ხდება საქართველოში. ამ წერილებს ფონდი თავის მხრივ, ხან რუსეთის განათლების სამინისტროს გადასცემდა, ხან - პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
2023 წლის მარტში მარია არხიპოვამ რუსეთში გაგზავნა ანგარიში რეკომენდაციებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე. მასში ნათქვამი იყო, რომ რუსულ ენას უნდა მიენიჭოს მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი, რუსები უნდა ჩაერთონ საზოგადოებრივ და სახელმწიფო აქტივობებში. ასევე გამარტივდეს პირობები მათ ჩამოსასვლელად და მოქალაქეობის მისაცემად, მათი პოლიტიკური ემანსიპაციისთვის.
„ის ირწმუნება, რომ ოპოზიცია და „მაიდანის“ ორგანიზატორი ჯგუფები მიზანმიმართულად მიდიან რუსების წინააღმდეგ პროვოკაციაზე. და თუ მათი უფლებები დაირღვა საქართველო აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის კონტროლქვეშ“, - ნათქვამია გამოძიებაში.
ჟურნალისტებს ასევე მოჰყავთ ციტატები არიხოპოვას 2024 წლის ინტერვიუდან:
„საქართველოს ერთ-ერთი მკვიდრი ხალხი რუსებია. რუსულმა დიპლომატიამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი უნდა მიეცეს. რუსული სკოლები უნდა გაიხსნას. რუსები დიპლომატიური დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს საქართველო დავაბრუნოთ ისევე, როგორც ახლა უკრაინას ვაბრუნებთ“.
2023 წლის თებერვალში, ხსენებული მიმოწერის თანახმად, მათ რუსეთს ურჩიეს, არ შესწინააღმდეგებოდა ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოსთვის დაბრუნებას რუსული ბაზების სანაცვლოდ.
„ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში არხიპოვებმა განაცხადეს, რომ ეს მიმოწერა უკანონოდ იყო მოპოვებული, პირადი ფოსტის გატეხითა და ინფორმაციის გაჟონვით. მტკიცებულება, რომ მიმოწერა ნამდვილი არ არის, არ არსებობს. მარია არხიპოვამ არჩია ამ თემაზე კომენტარი არ გაეკეთებინა.
„აზრს ვერ ვხედავ. კონტექსტიდან ამოიღეს და დაამახინჯეს. დარწმუნებული ვარ, რომ დოკუმენტები გაყალბებულია. უბრალოდ არ მინდა ამაზე ლაპარაკი“.
ჩვენ მაინც დავაზუსტეთ, მართლაც მას ეკუთვნის თუ არა, რეკომენდაცია საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსებაზე. არხიპოვამ განაცხადა, რომ ეს მტკნარი სიცრუეა.
„ეს ჩემს შეხედულებებსა და პრინციპებს არ ემთხვევა. ამას ვერ ვიტყოდი. იცით რატომ? ყოველთვის ყველგან ვამბობ, რომ საქართველოს თვითგამორკვევის უფლება აქვს... მხოლოდ ქართველ ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მიუერთდეს რუსეთს თუ პირიქით, გამოეყოს მას“.
არხიპოვამ „ეხო კავკაზას“ გაუზიარა თავისი „მშვიდობის ფორმულა“, რომელიც ფაქტობრივად ემთხვევა იმ შეთავაზებებს გამოძიებიდან, რომლებსაც არხიპოვებმა მტკნარი სიცრუე უწოდეს.
„საქართველოს ევროკავშირში შესვლის უფლება აქვს, მაგრამ აქ საქმე ეხება რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო უსაფრთხოებას. ნატოს გაფართოება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს საფრთხეს უქმნის, რადგან არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. და რა თქმა უნდა, ეს არის ჯარი სოჭთან, ადლერთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს არის ნატოს დომინაცია შავ ზღვაზე. აქედან გამომდინარე რუსეთი არასდროს დაუშვებს ნატოს გაფართოებას საქართველოს ტერიტორიაზე. ახლა უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო იმის გამო, რომ ნატო იდგება ბრიანსკთან და ასე შემდეგ. იგივე შეიძლება საქართველოსაც დაემართოს. არის მიუღებელი მომენტები.
მე შევთავაზე შემდეგი - რუსეთი წინააღმდეგი არ იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თუ სანაცვლოდ მიიღებს უფლებას განათავსოს ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ ამასთან რუსეთს არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო საქმეებში“.
მაგრამ არხიპოვას ფორმულირებაში მაინც გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც „რუსულ არმიას რეაგირების უფლება ექნება“ – მაშინ, „როდესაც ექსტრემისტები საქართველოს ხელისუფლებაში მოდიან და რუსული დასახლებების აწიოკებას იწყებენ“.
მისი თქმით, არხიპოვებმა რუსეთის ხელისუფლებას ურჩიეს, ურთიერთობა ჰქონოდათ ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციასთან, რადგან მისი პოლიტიკა „ადეკვატური“ იყო.
ფეისბუკზე ღარიბაშვილზე საუბრისას არხიპოვა იხსენებს, რომ 2021 წელს, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, პირადად ღარიბაშვილის მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო ჩინოვნიკი ეუბნებოდა, კოსმოდრომი არ აეშენებინა.
„მეგობრულად მაფრთხილებდა, ნაციონალები გამოცვივდებიან და დაიწყებენ, რუსები საქართველოს იპყრობენ, რაკეტებს დგამენო. არ აგაშენებინებენ, პროექტს ჩაშლიან და ფულს დაკარგავთო. დაჟინებით გვირჩევდა, მხოლოდ სოფლის მეურნეობისთვის მიგვეყო ხელი. ვუპასუხე, კოსმოსი ჩემი პროფესიაა, როგორც მოცვივდებიან, ისე გაცვივდებიან-მეთქი“.
მარია არხიპოვა ვერაფერ ანტიქართულს ვერ ხედავს იმაში, რომ ისინი რუსების უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშებს წერდნენ, რადგან ეს ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილია.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს უშიშროების სამსახურს მარია და იულია არხიპოვების საქმიანობის თაობაზე, მაგრამ ამ უწყებიდან პასუხი არ მოსვლიათ.
კოსმოდრომიდან კონსერვებამდე
გამოძიების ნაწილი ეხება კონსერვების ყოფილ ქარხანა „ლიმონს“. 2022 წელს მარია და იულია არხიპოვები სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონალური ოფისის მენეჯერ გელა ზოიძესთან ერთად „ლიმონის“ მფლობელი გახდნენ. 2022 წელს ზოიძემ არხიპოვები ქარხნის ყოფილ მფლობელს თამაზ იმნაიშვილს გააცნო. გამოძიებაში ნათქვამია, რომ არხიპოვებმა პირობა დადეს, 2 მილიონ ლარზე მეტი ჩაედოთ წარმოების აღსადგენად და ქარხნის ფასადის შესანარჩუნებლად.
29 ივნისში ისინი შეხვდნენ თამაზ იმნაიშვილს, რომელმაც მათ აქციების 51,55 პროცენტი უსასყიდლოდ გადასცა: 49% - არხიპოვებს, 2,55% - ზოიძეს. შეთანხმება ნოტარიუსთან 2022 წლის ივნისში გააფორმეს. დირექტორი იულია არხიპოვა გახდა.
არხიპოვებმა მიწასა და შენობაზე კონტროლი მოიპოვეს, მაგრამ რამდენიმე თვეში ცხადი გახდა, რომ ისინი ქარხნის აღდგენას არ აპირებდნენ. არხიპოვამ განმარტა, რომ მან უბრალოდ შეიცოდა მფლობელები, რომლებიც ემუდარებოდნენ ფული ჩაედოთ ამ წარმოებაში. სინამდვილეში ეს მისთვის მიმზიდველი არ იყო და უთხრა კიდეც ზოიძეს.
„ვეუბნები, არ მაინტერესებს კონსერვების ქარხანა. კოსმოდრომი მაინტერესებს და მას ვყიდულობ, თანამგზავრების წარმოება მინდა ამ კოსმოდრომისთვის. მეუბნებიან, უნდა წამოხვიდეთ, ნახოთო. ვეუბნები: „არ წამოვალთ“. ის იწყებს: „იყიდეთ, წაიღეთ ეს საწარმო“. ვეუბნები: „არა“. იქნებ, თანამგზავრებისთვის გამოგადგეთო. ვეუბნები: „არ მინდა, ახლის აშენება უფრო იოლი იქნება“.
მიუხედავად ამისა, თამაზის გაცნობის შემდეგ ისინი საწარმოს ყიდვაზე დათანხმდნენ, რადგან ის დაჟინებით ითხოვდა დახმარებას.
„პირდაპირ გეტყვით, შემეცოდა. ბებერი „კაკებეშნიკი“ პენსიაზე, საბჭოთა კავშირის გარეშე დარჩენილი. ივნისის შუა რიცხვებამდე ჩვენ დაგვდევდა. ყველაფერზე თანახმა ვარ, დაგიჩოქებთო“.
არხიპოვები ამბობენ, რომ არ ყოფილა არავითარი ვალდებულება 2 მილიონის ინვესტირებისა. გამოძიებაში მოყვანილი შეთანხმებები მათ ყალბად მიაჩნიათ.
ყელა დაბრკოლების მიუხედავად, არხიპოვები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ირწმუნებიან, რომ კოსმოდრომ „კოლხიდას“ ააშენებენ. თავიანთ ფეისბუკზე ისინი წერენ, რომ რისკისა და პროვოკაციის მიუხედავად მათ კოსმოდრომის მშენებლობა გადაწყვიტეს. პროექტის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მთელი ნეგატივი კონკურენტების მხრიდან მოდის, იმათგან, ვინც ასევე კოსმოსურ სფეროშია. ორიოდე თვის წინ ამბავი მიუვიდათ, რომ ილონ მასკმა გადაწყვიტა, მათ საქართველოში შეუტიოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ გეგმებზე „ეს ვერანაირად ვერ იმოქმედებს“.
ფორუმი