- პირველი ბიჭიკო პაიკიძეა, გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი, ნათლულის მამა, ვანში „ოცნების“ დეპუტატი და ბიზნესმენი; მასზე 24 სექტემბრიდან ძებნაა გამოცხადებული;
- მეორე - კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;
- მესამე - ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში:
სუს-მა ჩაატარა ჩხრეკა ლილუაშვილის, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული არაერთი ადამიანის სახლებში.
ღარიბაშვილი, სუს-ის თანახმად, წლების განმავლობაში „უკანონო შემოსავლების მიღებას“ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. გამოძიება გრძელდება.
#1: ბიჭიკო პაიკიძე - პატიმრობა დაუსწრებლად
გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვიდან პირველი, რომელიც პასუხისგებაში მისცეს, ბიჭიკო პაიკიძე იყო.
24 სექტემბერს სუსში გამართული ბრიფინგიდან საზოგადოებამ შეიტყო, რომ უწყებამ ძებნა გამოაცხადა პაიკიძეზე, რომელიც ლილუაშვილის ახლობელია.
გრიგოლ ლილუაშვილი ბიჭიკო პაიკიძის შვილის ნათლიაა.
პროკურატურის ცნობით, პაიკიძისთვის ცნობილი იყო, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა. მას 26 სექტემბერს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა.
ბრალდება უკავშირდება სამშენებლო კომპანია B.P. TRANS-ს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს. გამოძიება მას ან თანხის „მოტყუებით დაუფლებას“ ედავება.
საქმეში კიდევ ხუთი ადამიანი ფიგურირებს. ესენი არიან:
- ვალერიან კვარაცხელია - ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი;
- იოსებ ჭანჭალეიშვილი - კომპანიის ფინანსური დირექტორი;
- ტენდერის შესრულებაზე მაკონტროლებელი კომპანიის 3 თანამშრომელი: როინ ფოფხაძე, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრე.
წაყენებული ბრალით მათ ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
B.P. TRANS-ის დეკლარირებული ბრუნვა, გამოძიების თანახმად 17 მილიონ ლარს აღემატება.
ბრალდების თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელი პირები, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან „მილიონობით ლარის მიღების პარალელურად, სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას“.
- „სტუდია მონიტორის“ 2020 წლის გამოძიების თანახმად, პაიკიძესა და ლილუაშვილს საქმიანი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდათ, როცა ლილუაშვილი „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იყო, პაიკიძე კი ივანიშვილის კუთვნილი სასტუმრო „პარაგრაფის“ მშენებლობის დროს ერთ-ერთი კონტრაქტორი.
- შპს „ჯორჯიან ენერჯიმ“ შპს „ბლექსი რეზორთსთან“ (რომლის დირექტორიც ინფრასტრუქტურის მინისტრად და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ირაკლი ქარსელაძე იყო) 319 000 ლარი მიიღო.
- ამავე კომპანიამ [ეს კომპანია ბრალდებაში არ ფიგურირებს] 2018 წლიდან სახელმწიფო ტენდერების მოგება დაიწყო.
- ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრობამდე, 2018 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე ამავე სამინისტროს კომპანიის, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო.
- გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში, 30 მაისს შპს Georgian energy-მა 1 850 000 ლარის პირველი გამარტივებული შესყიდვა მოიგო. კომპანია მილიონობით ლარის ტენდერებს მომდევნო წლებშიც იგებდა.
#2: კობა ხუნდაძე - დაკავებულია
22 ოქტომბერს, პროკურატურამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დააკავეს მოქალაქე კობა ხუნდაძე. ის აქამდე საქმეში არ ფიგურირებდა.
კობა ხუნდაძე არის შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილის, ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძის ძმა.
- ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძე ამ თანამდებობაზე 2019-2025 წლებში მუშაობდა.
- მან სულ რაღაც ორი თვის წინ დატოვა თანამდებობა - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი.
- ზაზა ხუნდაძე გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარეა.
კობა ხუნდაძე, - რომელიც წარსულში საქართველოს რკინიგზაში მუშაობდა, - არის სამშენებლო კომპანია „დაგი ბილდინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი.
პროკურატურის განცხადებითვე, ის არის სუსის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან „დაკავშირებული პირი“.
საჯარო რეესტრის მიხედვით, კობა ხუნდაძეს ათობით ბინა აქვს შეძენილი.
პროკურატურის ვერსიით, მან „დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში“.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, ხუნდაძის სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი.
პროკურორმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბრალდებულმა ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი სქემა.
მას „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას“ - ანუ ფულის გათეთრებას - 2017-2025 წლების განმავლობაში ედავებიან.
აღსანიშნავია, რომ 2014-16 წლებში შემოსავლების სამსახურში, საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა მიხეილ (მიშა ჩოხელი), - ოთარ ფარცხალაძის მეგობარი.
ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებიდან 22 ოქტომბერს 2 904 900 აშშ დოლარი „ამოიღეს“.
#3: ანდრია ლილუაშვილი - დაკავებულია
ბოლოს, დღეს, 23 ოქტომბერს დააკავეს ლილუაშვილის ბიძაშვილი, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი. გასულ პარასკევს მისი საკუთრებაც გაჩხრიკეს.
ის დააკავეს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის“ ბრალდებით.
ემუქრება 9-დან 12 წლამდე პატიმრობა.
სუს-ი და პროკურატურა ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ.
აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება „იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი“.
გამოძიება გრძელდება „ფულის გათეთრების“ მუხლითაც და „ზეგავლენით ვაჭრობის“ მუხლითაც.
როგორც პროკურატურა წერს, გამოძიება გრძელდება ასევე „ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის“ მიზნით.
სუს-ის ყოფილი უფროს გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის, ანდრია ლილუაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაში, „ჩხრეკის შედეგად არ არის ამოღებული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი“ და არ ამოუღიათ არც თანხა.
„ამდენად, დაკავების სამართლებრივი საფუძველი, ცოტა არ იყოს, საკვირველია“, - ამბობს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
„რაც შეეხება ოქროს, ოქრო არის ყველა ადამიანის საცხოვრებელ ბინაში“, - ამბობს ის და დასძენს, რომ ლილუაშვილი 2000 წლიდან არის ბიზნესში.
რა ბიზნესს ფლობს ანდრია ლილუაშვილი
54 წლის ანდრია ლილუაშვილის სახელზე სამეწარმეო რეესტრში 14 კომპანიაა რეგისტრირებული - უძრავი ქონების, ნავთობპროდუქტებისა და ტრანსპორტის სფეროში.
ბიზნესის ჩამონათვალი ასეთია:
- სააქციო საზოგადოება „ავტოსადგური დიდუბის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ეს კომპანია ფლობს და მართავს დიდუბეში მდებარე ავტოსადგურს;
- ნავთობპროდუქტების ბიზნესში მომუშავე კომპანია „ოილ ვეის“ 100%-იანი წილის მფლობელი;
- ამავე სფეროში „ჯორჯიან პეტროლეუმ დისტრიბიუშენის“ 100%-ის მფლობელი;
- ამავე სფეროში „ოილ ლენდის“ 100%-ის მფლობელი;
- გაზგასამართი სადგურების ოპერატორი „გაზ იმპექსი“ - 100%-იანი წილი;
- სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიები, „ბაუ სტარ რუსთავი“ და „ბაუ სტარ გლდანი“.
- მის სახელზე
ჩხრეკა მაღალჩინოსნების სახლებში
გრიგოლ ლილუაშვილის სახელი ფულის გათეთრების საქმეში პირველად 17 ოქტომბერს გაჟღერდა.
„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ანტიკორუფციული „წმენდისა“ და პარალელურად მედიაში მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე გავრცელებული ცნობების ფონზე, გასული კვირიდან ექსმაღალჩინოსნების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.
17 ოქტომბერს, დილიდან საქართველოში გაჩხრიკეს სამი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი პირის ბინები და სახლები - 24 ადგილი.
ეს მაღალჩინოსნები არიან:
- ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი;
- ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე - პოსტს 2013 წელს იკავებდა, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში;
- სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
მათ გარდა, გაჩხრიკეს შემდეგი ხუთი ადამიანის სახლები:
- რომეო მიქაუტაძე - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე; ის დაკავებულია, წინასწარ პატიმრობაშია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ასევე კორუფციას უკავშირდება;
- სანდრო ლილუაშვილი - გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი;
- ვანო და თორნიკე პარკაულები;
- მიხეილ ჩოხელი - ოთარ ფარცხალაძის მეგობარი.
18 ოქტომბერს სუსმა განაცხადა, რომ წინა დღეს ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და ასევე 7 მილიონი დოლარი.
ფორუმი