განახლება: თბილისის დროით 6 მაისს, ღამის 3 საათისათვის პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ.
სიტყვით ხუთი კონგრესმენი გამოვიდა - სამი რესპუბლიკური, ორი კი დემოკრატიული პარტიიდან.
- ბრაიან მასტი - პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი, ფლორიდა
- ჯონი ოშესკი - დემოკრატი, მერილენდი
- ჯო უილსონი - რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა
- სტივ კოენი - დემოკრატი, ტენესი
- უორენ დევიდსონი - რესპუბლიკელი, ოჰაიო
ოთხმა მათგანმა სიტყვით გამოსვლაში მხარი დაუჭირა „მეგობარი აქტის“ მიღებას, ერთი კი - რესპუბლიკელმა უორენ დევიდსონმა - შეეწინააღმდეგა.
აი, რა თქვეს მათ დღევანდელ განხილვაზე:
ბრაიან მასტი: პარტნიორობა, გავლენის ბალანსი
„საქართველო ოდესღაც ნატოს მთავარი კანდიდატი და შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ. შეერთებული შტატები სარგებელს იღებდა მასთან სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობით, ქართველი ხალხი ცნობილია პროამერიკული განწყობით.
სამწუხაროდ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან შეირყა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო, რომლებიც იმეორებენ რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას და აჩვენებს ჩინეთთან და ირანთან მათ დაახლოებას.
აშკარაა ის სარგებელი, რასაც პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს შეუძლია შემოგვთავაზოს. შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მას ცენტრალურ აზიაში შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან ქვეყნად აქცევს და შეიძლება დააბალანსოს რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენა.
მე მხარს ვუჭერ ბატონი [ჯო] უილსონის მიერ წარმოდგენილ ამ ორპარტიულ კანონპროექტს, რადგან ის საქართველოს რესპუბლიკის მიმართ იყენებს მიდგომას, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.
ეს კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური ტრაექტორიის შელახვის გამო, ასევე, გადახედავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის დახმარების პროგრამებს და მოითხოვს ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეისწავლის რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ქმედებებს საქართველოში.
თუმცა, ეს კანონპროექტი ასევე აძლევს საქართველოს ალტერნატივას. როგორც კი პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ] დარწმუნდება, რომ საქართველო დაუბრუნდა პროდასავლურ ტრაექტორიას, [კანონპროექტი] გვპირდება ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობას და ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას“.
ჯონი ოშესკი: აგენტების კანონი, არჩევნები
„მე მხარს ვუჭერ ამ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ ერთგული დარჩეს საქართველოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ.
კომუნიზმის დაცემის შემდეგ, განსაკუთრებით 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში მუშაობდა დემოკრატიისა და ეკონომიკის წარმატებით ასაშენებლად. ამავდროულად, ისწრაფოდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ…
საქართველოს ისტორია წარმატების ისტორიაა. შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მდებარე საქართველო უფრო დიდი გეოპოლიტიკური ძალებისთვის უცხო არ არის. ~ რუსეთი 2008 წელს პეკინის ოლიმპიადის დროს საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის მიუხედავად, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და, როგორც ამ კანონმდებლობაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ერაყისა და ავღანეთის ომებშიც კი.
თუმცა, ევროპის სხვა ნაწილებსა და საკუთარ ქვეყანაში არსებული გამოცდილებიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ დემოკრატიული პროგრესი მყიფეა და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.
2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც, მათი თქმით, გამჭვირვალობისკენ იყო მიმართული. თუმცა, კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას მძიმე შეზღუდვებს უწესებდა და მათს სტიგმატიზაციას ეწეოდა, როგორც „უცხოეთის აგენტებისა“.
აშშ-სა და ევროპაში პარტნიორების გაფრთხილებებისა და საპროტესტო აქციების ტალღის შემდეგ, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა 2024 წლის აპრილში ხელახლა წარადგინა. ამ დროისთვის, მასშტაბური პროტესტის, პრეზიდენტის ვეტოს, აშშ-ის კონგრესის, ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის დამატებითი შენიშვნების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი დაამტკიცა.
მოგვიანებით, დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მაგალითი გახდა 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი და ჩატარდა მრავალი და სერიოზული დადასტურებული საარჩევნო დარღვევით.
ეს კანონი [„მეგობარი აქტი“] საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებაზე რეაგირებას წარმოადგენს. ის ქართველ ხალხს აცნობებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიის, პატივს ვცემთ მათს უფლებებს და მხარს ვუჭერთ მათს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო ღრმა ინტეგრაციის სურვილს“.
ჯო უილსონი
„155 დღეზე მეტია, რაც თავისუფლების მოყვარული საქართველოს ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი ერის მომავლისა და სულის დასაცავად.
ისინი შეერთებული შტატების დროშებში არიან გამოწყობილები და ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პლაკატებს დაატარებენ, რაც თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი მათი სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოხატულებაა.
მათი ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს…
2020 წელს მქონდა ბედნიერება, მაშინ კომიტეტის თავმჯდომარის, ამჟამად კი [წარმომადგენელთა პალატის] სპიკერის, მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით, „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ (RSC) ანგარიშში უსაფრთხოების შესახებ წარმედგინა, სადაც გამოვედი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით. რესპუბლიკელები ჯერ კიდევ მაშინ ხედავდნენ საფრთხეს, რომელსაც მაშინ ეს ავაზაკი და მისი მეგობრები ქმნიდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად დაიწყო ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. მან უარყო ამერიკული კომპანიების შეთავაზება სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მიერ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ. აშშ-ს მიერ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან მასთან აფილირებულ კომპანიებს, ანუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს გადაეცა.
ეს ბლოკავს ამერიკის „შუა დერეფნიდან“ და უწყვეტს კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე წვდომას ცენტრალურ აზიაში, რომლის შემადგენელ ქვეყნებსაც ასევე სურთ იყვნენ ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციის მეგობრები. რეჟიმი ყოველდღიურ ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს, ასევე, სენატის საგარეო საქმეთა თავმჯდომარეს, პატივცემულ ჯიმ რიშს, ადანაშაულებს კორუფციაში და „დიპ სტეიტის დაქვემდებარებაში“. სულ რაღაც გასულ კვირას მთავრობის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ დონალდ ტრამპი ღრმა სახელმწიფოს იარაღი იყო...
ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ავაზაკებისათვის, მათი უკანონო ქმედებების გამო. იგი ასევე ითვალისწინებს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება თავის კონსტიტუციის ვალდებულებებს“.
სტივ კოენი: ივანიშვილის „რევოლუცია“
„დაახლოებით 12 წლის წინ მე ვიმყოფებოდი საქართველოში იმ არჩევნებზე, რომლის შედეგადაც „ქართული ოცნება“ აირჩიეს. მაგრამ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ იქცა.
ამერიკაშიც, დოქტორ მარტინ ლუთერ კინგს ჰქონდა ოცნება და ეს ოცნება დღემდე ცოცხლობს. თუმცა, საქართველოში, ქვეყანაში, ეს ოცნება აღარ არსებობს და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უფრო აახლოებს.
ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არალეგიტიმურმა „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 2024 წლის არჩევნები - მათ მართლაც გააყალბეს ეს არჩევნები ამ შემთხვევაში. მას შემდეგ მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციები არ წყდება.
ყოველ კვირას საქართველოში იმართება მასობრივი საპროტესტო აქციები თავისუფლებათა და უფლებათა ჩამორთმევის წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზება გაუწია მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვას, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებას მომიტინგეების უკანონოდ დაპატიმრებისა და ბრალდების წასაყენებლად…
ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია უჭერს მხარს თავისუფლებას საქართველოში და ახლაც არ დავუშვათ გამონაკლისი. „მეგობარი აქტი“ ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. როგორც ჰელსინკის კომისიის მაღალი რანგის წევრი, ვამაყობ, რომ დემოკრატიული პარტიიდან „მეგობარი აქტის“ წარმდგენი ვარ ჩემს მეგობარ ჯო უილსონთან ერთად.
ეს აქტი შეაფასებს საქართველოს მთავრობის ყველა თანამდებობის პირს სანქციების თვალსაზრისით. თუ დადგინდება, რომ ისინი ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას ან კორუფციაში არიან ჩართულნი, მათ სანქციები დაეკისრებათ. ასევე, მომზადდება ანგარიში საქართველოში რუსეთის სადაზვერვო აქტივებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ძირის გამოსათხრელად რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ.
რაც ხდება, არსებითად, რევოლუციაა, სადაც ივანიშვილი, რომელიც პარტიას მართავს და რუსეთში მის ინვესტიციებს ახორციელებს, ცდილობს ქვეყანა რუსეთთან და პუტინთან დააახლოოს.
დაბოლოს, ეს კანონპროექტი და ხედვა ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ძლიერ ურთიერთობას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც მისივე კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და რასაც მისი ხალხი მოითხოვს“.
უორენ დევიდსონი: „საშინელი იდეაა“
„ზოგადად, მე მხარს ვუჭერ ყველაფერს, რასაც თავმჯდომარე უჭერს მხარს. მაგრამ ეს კანონპროექტი არასწორი მიმართულებისაა. ჩვენმა კოლეგებმა უარი უნდა განაცხადონ ამაზე.
ამერიკელ ხალხს აქ იმისთვის არ გამოვუგზავნივართ, რომ ამერიკის უსაფრთხოების საბანი მსოფლიოს უფრო მეტ ნაწილს გადავაფაროთ. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი, ყველა კონფლიქტში ჩავერთოთ, რომელშიც გვეპატიჟებიან და, რა თქმა უნდა, არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძიება.
შეგვიძლია, საქართველოს ხალხს წარმატება ვუსურვოთ ისე, რომ ევროპის დაცვის ძალად ჩამოყალიბების დაპირება არ გავცეთ.
ცხადია, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი თავის დაცვა რეალურად არ შეუძლია. ახლანდელ ვითარებაში თავიანთი ფულის, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-საც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე. ეს NATO-ში შესვლის მინიმუმია. და ვერც გაამტყუნებ იმის გამო, რომ ფიქრობენ, რომ დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, რადგან [ევროპის] უდიდესი ქვეყნებიც კი ისტორიულად არ ასრულებენ ამ დანაწესს.
მაგრამ მათი ეკონომიკა არ არის ასეთი დიდი. მეტსაც რომ ხარჯავდნენ, არაფერს შეცვლიდა. ეს ეროვნული უსაფრთხოების მიმართ მცდარი მიდგომაა და ასევე ასუსტებს ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას,
ვფიქრობ, ეს საშინელი იდეაა. ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩევლები კითხულობენ, რატომ ვაკეთებთ ამას იმის ნაცვლად, რისი დაპირებაც გავეცით არჩევისას. იმედი მაქვს, ფოკუსირებულნი დავრჩებით პოლიტიკაზე, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ეს ეგ არ არის. [კანონპროექტს] ვეწინააღმდეგები და ყველას ამისკენ მოვუწოდებ“.
რა ხდება შემდეგ?
წარმომადგენელთა პალატაში სხვა საკითხებზე დებატები გრძელდება. შემდეგ იქნება შესვენება, რასაც თბილისის დროით დაახლოებით 02:00 საათისთვის კენჭისყრა მოჰყვება.
ანალოგიური შინაარსის „მეგობარი აქტი“ წარდგენილია სენატშიც - ორპარტიული მხარდაჭერით. 2025 წლის 27 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა.
დღეს კონგრესის კენჭიყრის შემდეგ, ბურთი სენატის მოედანზეა. სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს.
კანონპროექტის დეტალები
ორპარტიული MEGOBARI Act-ი მოიცავს არაერთ მიმართულებას:
- აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
- ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების - ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
- [აშშ-ის] პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, [რომლებიც] ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
- ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
- მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
- მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
კანონპროექტი თავდაპირველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იყო ინიციირებული რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ: პირველად - 2024 წელს, ხოლო შემდეგ 2025 წლის იანვარში - როდესაც 119-ე მოწვევის კონგრესი შეუდგა მუშაობას.
ფორუმი