გავრცელებული ცნობებით, მდინარე ყარნებას კალაპოტში წყალი დიდი რაოდენობით ნაშალმა მიწამ და დამეწყრილმა ხეებმა დააგუბა, თავად შეგუბების სიღრმე კი 8 მეტრს აღწევდა.
“ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ. კორნებასღელე.
დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, - წერდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო 23 აგვისტოს, მოსახლეობის შიშების პასუხად გავრცელებულ პრესრელიზში. ამავე ტექსტის მიხედვით, გეოლოგები შემთხვევის ადგილას იყვნენ და მათი რეკომენდაციების მიხედვით უნდა გაწმენდილიყო შეგუბების უბანი, მეწყრის ზონაში კი მონიტორინგი დაწყებულიყო.
“არაკომპეტენტური ადამიანები წერენ, რომ ეს ახლა გზას გადაკეტავს, მერე ჩხერიმელა რომ წავა ქვემოთ, კიდევ რაღაცას გადაკეტავს და ლამის ისე დახატონ სურათი, რომ კოლხეთის დაბლობიც წაიღოს. ასე არ არის ნამდვილად - იქ წყლის მოცულობა პირველ შეგუბებაში არის დაახლოებით 1000 კუბური მეტრი, ეს არის დაახლოებით ავზის ის მოცულობა, რაც ხარაგაულში გვიდგას მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფისთვის. ეს რომ გამოვუშვათ ახლა კალაპოტში, 30 სანტიმეტრზე მეტი არ იქნება. მეორე შეგუბება, რომელიც შედარებით დიდია, იმასაც გაატარებს კალაპოტი, შესაბამისად, ყველანაირი გათვლებით, სარკინიგზო ხიდს ვერ დააზიანებს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ დამეწყრილ სოფლებში ვითარება სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მოქმედებით იმართება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
სოფელ ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები განსაკუთრებით თვალსაჩინო მაისში გახდა - უცბად გაჩენილმა ნაპრალებმა სოფელი “დასერეს”. სახლები და გზები დაიბზარა, ეზოები შუაში გაიყო, სოფლებმა ქვემოთ დაიწყეს “ცოცვა.”
რამ გამოიწვია ასეთი სწრაფი და მასშტაბური მეწყრული პროცესები, დადგენილი არ არის - მოსახლეობის ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება თბილისი-ბათუმის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების ეფექტი იყოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები კი პირველად დასკვნაში წერენ, რომ “საკვლევ ტერიტორიაზე ადამიანის არასწორი საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული გართულებები არ ფიქსირდება.”
იმის გამო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებს საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები არ აღმოაჩნდათ მთელი მეწყრული სხეულის დეტალური შესწავლისა და კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად, ხარაგაულის მერიამ ივლისის ბოლოს დაიქირავა კერძო კომპანია, რომელმაც მუნიციპალიტეტს უნდა შესთავაზოს სტიქიის ზონაში გასატარებელი დამცავი პრევენციული ღონისძიებები.
საქართველოს დასახლებული პუნქტების 25% სტიქიური საშიშროების მაღალი რისკის ზონაში მდებარეობს. ბოლო 10 წელიწადში თითქმის ოთხჯერ არის გაზრდილი აღრიცხული აქტიური მეწყრული ზონების რიცხვი.
საქართველოში სულ
52 ათასზე
მეტი მეწყრული სხეულია აღრიცხული - მათი საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰექტარზე მეტია.
ფიქსირებული მეწყრების 70%-მდე ურბანიზებული ტერიტორიების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა და საინჟინრო ობიექტების ზონაშია განვითარებული.
“მე ამ ეტაპზე ბაზალეთში ვარ, მეზობელ სოფელში, გამგეობა გვაფინანსებს, ბინა ჩემით ვიშოვე. ძალიან დაძაბულები და განერვიულებულები ვართ. ტკივილი, გაღიზიანება, გაურკვევლობა, ყველაფერი ერთმანეთშია არეული”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამილა კოპაძე, რომელიც სოფელ ღვერკში მოხუც მამასთან და სკოლის მოსწავლე შვილთან ერთად ცხოვრობდა. ღვერკი გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საფრთხეების რუკაზე პირველად 2017 წელს გამოჩნდა, როგორც გეოლოგიურად დაძაბული უბანი, 2019 წელს კი მას წითელი ფერი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სოფელმა მეწყერსაშიში დასახლებების კატეგორიაში გადაინაცვლა. თამილა ამბობს, რომ ამ დროს სოფელში სახლებს და გზებს შესაძლოა მცირე ბზარები და ნაპრალები ჰქონდა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული საფრთხე არ უგრძნიათ 2025 წლის მაისამდე, როცა სოფელმა სწრაფად დაიწყო უზარმაზარი ნაპრალებით დახლეჩა.
თამილამ და მისმა თანასოფლელებმა არ იციან, რა რეკომენდაციები გასცეს გეოლოგებმა, სააგენტოს მომზადებული დასკვნები მათ არ უნახავთ.
“ძალიან კი მაინტერესებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერს გავიგებთ, რაც იქნება იმ რეკომენდაციებში. ვიცი, რომ მდინარის გახსნაზე მუშაობენ. მდინარის ქვემო დინებაში, თუ გაირღვა, საკმაოდ დიდი კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს - მდინარე ყარნება არ არის ხელწამოსაკრავი მდინარე, დღე-ღამის განმავლობაში საკმაოდ დიდი წყალი ჩამოაქვს და რამდენიმე დღის გადაკეტვა საკმაოდ დიდი წყლის რეზერვუარს წარმოქმნის.
ეს არ არის მარტო მეწყერი, ეს არის ნეოტექტონიკა, ტექტონიკური პროცესებია - ორი სოფელი რომ ერთიანად დაიძრა, ძალიან შემაშფოთებელი იყო, თან სწრაფად პროგრესირებს”, - ამბობს თამილა.
გარემოს დაცვის სააგენტოს გეოლოგები ხარაგაულის დამეწყრილ სოფლებში რამდენჯერმე ჩავიდნენ - დასკვნას ისინი, სავარაუდოდ, 7 სექტემბრისთვის მოამზადებენ, მანამდე კი ადგილზე გასცეს რეკომენდაციები, რომლებიც მუნიციპალიტეტმა უნდა შეასრულოს. ადრე გაცემული რეკომენდაციების ნაწილი იყო მეწყრული ზონიდან მოსახლეობის გაყვანა უსაფრთხო ადგილას, ბოლო ზეპირი რეკომენდაცია კი მდინარეში დაგროვილი წყლის უსაფრთხოდ გაშვებას გულისხმობს.
ხემაღალსა და ღვერკში ჯამში ასი ოჯახი ცხოვრობს, მათი ნაწილი მხოლოდ სეზონურად იყენებს სოფლის სახლებს. მუნიციპალიტეტმა 80 ოჯახი სხვა სოფლებში გაიყვანა - ათ-ათი ოჯახი კი ჯერაც რჩება დამეწყრილ სოფლებში, მათი სახლები შედარებით უსაფრთხო ადგილას მდებარეობს და როგორც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათი გასახლების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.
“გარემო ამ ეტაპზე უსაფრთხოა, მდინარის შეგუბებასთან იმუშავეს ძალიან კარგად სამაშველო სამსახურმა და სხვა უწყებებმა, გაჭრეს არხი, ხელით ჩატარდა სამუშაოები, რადგან იქ ტექნიკა ჯერჯერობით ვერ მიდის. ამ შეგუბების ნელ-ნელა დაცლა ხდება, თუმცა იქ შეგუბებული წყლის მასიდან გამომდინარე რა საფრთხეები და რისკები შეიძლება იყოს, ეს ყველაფერი გათვლილია. არეალში მდინარე ჩხერიმელას უერთდება მდინარე ყარნება, შეგუბებიდან იქამდე არის 400-500-მეტრიანი მონაკვეთი, მას კიდევ პატარა შეგუბება აქვს წინ. გამომდინარე აქედან, ამათი მყისიერად გახსნის, ანუ გადმოტეხვის და ერთად წყლის დიდი მასის წამოსვლის ძალიან მცირეა, მაგრამ ასეთი შემთხვევისთვისაც მომზადდა სამუშაოები. თუ ეს ასე მოხდება, რკინიგზის ხიდის ქვეშ უნდა გაიაროს ამ წყალმა და ხიდის ბურჯები და სიმაღლე იმდენია, რომ ამ წყალს უპრობლემოდ გაატარებს. ჩხერიმელას კალაპოტიც დიდია და ისიც გაატარებს ამ წყალს, რაიმე გართულებას არ ველოდებით”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კობა ლურსმანაშვილი, რომელიც, მისივე თქმით, თვითონაც არაერთხელ იყო ამ სოფლებში ვითარების ადგილზე გასაცნობად და მისი წარმომადგენლებიც მუდმივად აკონტროლებენ ვითარებას - მაშველების, გეოლოგების, ჰიდროლოგებისა და გზების დეპარტამენტის მუშაობას. უფრო გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს, არის დამეწყრილი ფერდის ერთ, ჯერაც დაუზიანებელ მხარეს სათადარიგო გზის გაჭრა, რომლითაც სტიქიის ზონაში ტექნიკა შევა და ჩამოწოლილ მიწის მასას თუ დაგროვილ წყალს უფრო ადვილად გაწმენდს.
მოსახლეობისგან თითქმის დაცლილ სოფლებში დაზიანებული სასოფლო და საუბნო გზების შესაკეთებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დაჩქარებული წესით აპირებს 50 000-ლარიანი ხელშეკრულების გაფორმებას კომპანიასთან. “აღნიშნული ვითარების გამოუსწორებლობა და სასოფლო და საუბნო გზების მოუწესრიგებლობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს”, - ეს არის არგუმენტი, რომლითაც გეოლოგების დასკვნის მომზადებამდე გზების აღდგენის შესყიდვას ამართლებს მუნიციპალიტეტი.
“კონტროლის ქვეშ იქნება მდინარე. ეს არ არის ისეთი მდინარე, რომელმაც წუთებში და საათებში აავსოს ავზი, მეჩხერი მდინარეა, ამ ეტაპზე წყლის შემოდინება ძალიან დაბალი აქვს, თუმცა მკაცრად ვიცავთ უსაფრთხოების ზომებს, მოქალაქეები ტრანსპორტით ამ არეალში ვერ გადაადგილდებიან, ფეხით გადაადგილებაც შეზღუდულია”, - ამბობს ლურსმანაშვილი.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, როგორ აპირებს მუნიციპალიტეტი მეწყრული უბნის კონტროლს, ხარაგაულის მერი გვპასუხობს:
“შესაძლებელია, ვთქვათ, დადგეს შესაბამისი სათვალთვალო კამერები, მაგრამ ეს რომც ჩამოიშალოს, იქ არავინ არ ცხოვრობს, არავინ არ დადის, საფრთხეს არ ქმნის, და თუ ჩამოიშლება, ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. დაახლოებით 400-500 მეტრის პერიმეტრშია ჩვენი თანამშრომლების შენობა, სადაც ყოველდღიურად 24-საათიანი მორიგეობა გვაქვს დაწესებული ბოლო ერთ თვეზე მეტია. ასევე აქ არიან წარმოდგენილები მაშველები, აქ არიან თითქმის ყოველდღე გეოლოგები და ჰიდროლოგები, ასე რომ, უყურადღებოდ არაფერი არ დაგვრჩება.”
ფორუმი