მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მეტროსადგურებში ჩატარებულმა რეიდებმა, რომელთა მიზანი წვევამდელების გამოჭერა და კომისარიატებში გადაყვანაა, სისტემური ხასიათი მიიღო. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცებს ჯერ უკანონოდ აკავებენ, შემდეგ კი მათი დიდი ნაწილი გაწვევის პუნქტებში გადაჰყავთ. როგორც რუსული მედია წერს, ასეთი ვითარება იყო 18 ოქტომბერს, როცა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მეტროსადგურებში 50-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა ნათესავებმა რადიო თავისუფლების პროექტის, Sibir.Realii-ს რედაქციას განუცხადეს, რომ ახალგაზრდებს აკავებდნენ გაწვევის გადავადების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაშიც. როგორც წესი, ასეთ დროს დაკავებულებს გაწვევისგან თავის არიდების ბრალდებით ემუქრებიან და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებზე ხელის მოწერას აიძულებენ.
ყველანი ფრონტზე
ალექსეი, ანას ვაჟი (სახელი შეცვლილია მისი უსაფრთხოების მიზნით), გაწვევის პუნქტში დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ამყოფეს. ანას თქმით, მის შვილი სადგურ ბარიკადნაიასთან გააჩერეს და მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი თან ჰქონდა კომისარიატში გადაიყვანეს.
„აჩვენა პასპორტი და სამედიცინო ცნობები, რომლებიც ადასტურებდა, რომ გაზაფხულზე საავადმყოფოში იმყოფებოდა, როდესაც გასაწვევი უწყება მიუვიდა... დოკუმენტები წაართვეს, ძალით ჩასვეს მანქანაში და კომისარიატში წაიყვანეს, სადაც ტელეფონი წაართვეს", - ამბობს ანა, - "ის შვიდ საათზე მეტხანს ჰყავდათ დაკავებული, რაც უკანონობაა. ყველა დოკუმენტი თან ჰქონდა, მათ შორის სამედიცინო კომისიის დასკვნა, რომ გულის პრობლემები აქვს, დიაგნოზი, რომელიც არ ამართლებს მის გაწვევას. თუმცა ახლა ხელახლა აიძულებენ სამედიცინო კომისიის გავლას. აშკარაა, რომ წვევამდელებს კონტრაქტებზე ხელის მოწერას აიძულებენ. მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: წვევამდელები აქციონ კონტრაქტით დაქირავებულ ჯარისკაცებად და სასაკლაოზე გაუშვან.“
ანას თქმით, ყველა ვერ უძლებს ზეწოლასა და მუქარებს: „ყველაფერი წაართვეს - დოკუმენტები, მედიკამენტები, ტელეფონი. რამდენიმე საათით დააკავეს და შემდეგ დაიწყეს ზეწოლა - დეზერტირი ხარ, სამხედრო სამსახურს თავს არიდებ, რამდენიმე წლით წახვალ ციხეში და ა.შ. 24/7 გაწამებენ, სანამ ხელს არ მოაწერ კონტრაქტს“.
კიდევ ერთი დაკავებული წვევამდელის და ამბობს, რომ მისი სტუდენტი ძმა მოსკოვის იმავე მეტროსადგურში დააკავეს და ისიც გადაიყვანეს ერთ-ერთ კომისარიატში, სადაც კონტრაქტზე ხელის მოწერა მოსთხოვეს.
„ზეწოლა [კონტრაქტზე ხელის მოწერის იძულების მიზნით] წარმოუდგენელი იყო. არ ვიცი, როგორ არ გატყდა. სტუდენტია, მაგრამ ამჟამად აკადემიურ შვებულებაშია. აწვებოდნენ, „უკლონისტი“ ხარ, ან ჯარში წახვალ, ან ციხეშიო. აიძულებდნენ იქვე მოეწერა ხელი კონტრაქტზე. რომ ვერაფერს გახდნენ, გამოუშვეს. ახლა ქუჩაში გასვლისაც გვეშინია“, - ამბობს წვევამდელის და, ოლგა (სახელი უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია).
ანტისაომარი მოძრაობის „იდიტე ლესომ“-ის (Идите лесом) მონაცემებით, მოსკოვის პოლიცია სისტემატურად ატარებს რეიდებს წვევამდელების გამოვლენის მიზნით. ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ ისინი „ძებნილები“ არიან და მაშინაც კი, თუ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების დოკუმენტები წესრიგში აქვთ, კომისარიატებში გადაჰყავთ და აიძულებენ, მოტყუებით ან დაშინებით, კონტრაქტის გაფორმებას თავდაცვის სამინისტროსთან.
რუსეთში მოქმედი კანონის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს არ აქვს უფლება სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნოს. ამისათვის საჭიროა კონტრაქტის გაფორმება ჯარისკაცსა და უწყებას შორის. ყველა სხვა შემთხვევაში წვევამდელები სამსახურს გადიან სასწავლო ქვედანაყოფებში ან მუდმივი დისლოკაციის ადგილებში. წვევამდელების ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ზონაში გაგზავნა უკანონოა.
„კონტრაქტნიკების“ პრობლემა
რუსული გამოცემის „ვაჟნიე ისტორიის“ მიხედვით, რუსეთის არმიაში კონტრაქტით გაწვევის მაჩვენებელი ორწლიან მინიმუმამდეა დაცემული.
„2025 წლის მეორე კვარტალში СВО-ში (სპეციალური სამხედრო ოპერაცია - ასე უწოდებენ რუსეთის უკრაინაში მიმდინარე ომს) მონაწილეობის კონტრაქტის გაფორმებისთვის კუთვნილი ერთჯერადი გადასახდელი მიიღო 37 900-მა ადამიანმა", - ამის შესახებ 18 აგვისტოს დაწერა გამოცემა „ვაჟნიე ისტორიიმ“ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯების მონაცემებზე დაყრდნობით.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამხედრო კონტრაქტებისთვის ანაზღაურების მიმღები მოქალაქეების რაოდენობა 2,5-ჯერ შემცირდა - მაშინ კუთვნილი თანხა 92 800-მა ადამიანმა მიიღო.
როგორც გამოცემა ამტკიცებს, 2025 წლის მეორე კვარტალში გაფორმებული კონტრაქტების რაოდენობა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ორი წლის განმავლობაში:
„ამაზე დაბალი იყო მხოლოდ 2023 წლის მეორე კვარტალში, როდესაც რუსეთმა დაიწყო მასშტაბური კამპანია კონტრაქტით ჯარისკაცების არმიაში მოსაზიდად. მაშინ კონტრაქტი გააფორმა 22 900-მა ადამიანმა“.
„ვაჟნიე ისტორის“ გამოთვლებით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში კონტრაქტების ხელმოწერისთვის ერთჯერადი ანაზღაურება 127 500-მა ადამიანმა მიიღო. 2024 წლის პირველ ნახევარში ეს რიცხვი 166 200 კაცი იყო.
ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციისგან. მედვედევი ამბობს, რომ 2025 წლის პირველ ექვს თვეში კონტრაქტებს 210 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, თუმცა ეს 1,5-ჯერ მეტია იმაზე, რაც ბიუჯეტის მიერ გაწეული ხარჯების მონაცემებიდან გამომდინარეობს.
17 ოქტომბერს დმიტრი მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 336 000 ადამიანთან გააფორმა კონტრაქტი.
„სამხედრო ნაწილები შეივსო 28 000 მოხალისითა და 336 000 სამხედრო მოსამსახურით, რომლებმაც 2025 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმეს", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, ასტრახანის ოლქში სამხედრო კომისარიატში ვიზიტის დროს განაცხადა.
დმიტრი მედვედევის თქმით, ქვეყნის მასშტაბით კონტრაქტით გაწვევის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია“.
„ყველა რეგიონს, ყველა ფედერალურ სუბიექტს, გაწვევის ყველა ცენტრს თავისი წვლილი შეაქვს. ამიტომ, ამ სამუშაოს გადაჭარბებულად შეფასება შეუძლებელია“, - თქვა დმიტრი მედვედევმა.
თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ოფიციალური სტატისტიკა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით:
- 2023 წელს სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა 486 000-მა ადამიანმა
- 2024 წელს სამინისტროს კონტრაქტი გააფორმა 427 000-მა ადამიანმა
რეზერვისტები რუსეთის არმიის ახალი იმედი?
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ ახალ კანონს რეზერვისტების შესახებ, რომლის ანალიზი სამხედრო ექსპერტებს აფიქრებინებთ, რომ რუსეთში რეკრუტირების მასობრივი პროცესი დიდი შეფერხებით მიმდინარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მართლაც მოამზადა კანონპროექტი მშვიდობიან პერიოდში რეზერვისტების სამხედრო მისიებში ჩართვის შესახებ „შეიარაღებული კონფლიქტების, ანტიტერორისტული ოპერაციებისა და რუსი სამხედროების საზღვარგარეთ გამოყენების შემთხვევაში“.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, ამჟამად, მოქმედი კანონებით, რეზერვისტების სამხედრო ამოცანებისთვის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მობილიზაციის ან ომის პირობებში, ცვლილებების მიღების შემდეგ კი რეზერვისტებს გამოიყენება შესაძლებელი გახდება ე.წ. მშვიდობიან პერიოდშიც, როგორც რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სპეციალისტების განმარტებით, რუსეთში ახლა ოფიციალურად „მშვიდობიანი პერიოდია“, რადგან რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით არასოდეს გამოუცხადებია საომარი მდგომარეობა და ომის დაწყებიდან 3,5 წლის შემდეგაც, მოსკოვი უკრაინაში შეჭრას კვლავ უწოდებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და არა სრულმასშტაბიან ომს.
მოსკოვს ასევე არ გამოუცხადებია საყოველთაო მობილიზაცია: 2022 წლის შემოდგომაზე ჩატარდა „ნაწილობრივი მობილიზაციის“ მხოლოდ ერთი რაუნდი ჩატარდა, რუსეთის არმია კი ძირითადად „მოხალისეებით“ და დაქირავებული მეომრებით ივსება.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ ანდრეი კარტაპოლოვის თქმით, კანონპროექტი საკმაოდ ფართო შინაარსებს იყენებს, რაც საშუალებას მისცემს თავდაცვის სამინისტროს გამოიყენოს რეზერვისტები „სხვადასხვა ვითარებაში, დამატებითი კანონების მიღების საჭიროების გარეშე“.
კარტაპოლოვის თქმით, კანონის მიღების შემდეგ რუსეთის სარდლობა უპრობლემოდ გაგზავნის რეზერვისტებს სუმისა და ხარკოვის ოლქებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
რეზერვისტები - საბჭოთა კავშირს, რომელიც მთელ სამყაროსთან ომისთვის ემზადებოდა, მშვიდობიან დროშიც ძალიან დიდი (მრავალრიცხოვანი) არმია ჰყავდა.ასევე არსებობდნენ დანაყოფები, რომლებიც სრულად არ იყვნენ დაკომპლექტებული, არამედ ინახავდნენ აღჭურვილობასა და იარაღს. ასეთ ნაწილებში მსახურობდნენ შეზღუდული რაოდენობით ოფიცრები და ჯარისკაცები. მობილიზაციის დროს სწორედ ამ დანაყოფებში იგზავნებოდნენ რეზერვისტები, რომლებსაც მანამდე პერიოდულად წვრთნიდნენ. მაგრამ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის სერდიუკოვის 2008-2010 რეფორმის შემდეგ, რუსეთმა უარი თქვა სარეზერვო არმიაზე, დახურა შესაბამისი სამხედრო ნაწილები და შექმნა შედარებით მცირერიცხოვანი პროფესიონალური არმია. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთს მოუწევდა რეზერვისტების მობილიზების ისეთ მოდელზე დაბრუნება, რომელიც ახლა პუტინს უკრაინასთან ომისთვის სჭირდება.
როგორც სერგეი კრივენკო, ორგანიზაციის „მოქალაქე და არმიის“ დირექტორი ეუბნება The CurrentTime-ის (რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტი) რედაქციას, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ თადარიგი და რეზერვი:
„ყველა მამაკაცი, ვინც ჯარში მსახურობდა ან 30 წელს მიაღწია, მაშინაც კი, თუ არ უმსახურია ჯარში, მაგრამ ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის, ირიცხება თადარიგში. ეს უზარმაზარი კატეგორიაა, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა მამაკაცს რუსეთში, დაახლოებით 20 მილიონს. თადარიგიდან ომში გაწვევა მხოლოდ მობილიზაციის გზით შეიძლება! რეზერვისტები კი ამ თადარიგის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ. რეზერვისტია ის, ვინც რეზერვში ყოფნასთან დაკავშირებით ნებაყოფლობით გააფორმა კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან. თუმცა ეს არ არის კონტრაქტი, რომელიც მათ ომში წასვლას ავალდებულებს; ეს სულ სხვა რამ არის. ომამდელი ძველი პირობების თანახმად, რეზერვისტები ვალდებულები არიან გაიუმჯობესონ საბრძოლო მომზადება, პერიოდულად იარონ საწვრთნელ შეკრებებზე და სანაცვლოდ თავდაცვის სამინისტროსგან მიიღონ გარკვეული მინიმალური ანაზღაურება“.
სერგეი კრივენკოს თქმით, რუსეთის ხელისუფლებას, კანონის შეცვლით, სწორედ ამ ადამიანების გამოყენება სურს სამხედრო მოქმედებებისთვის:
„ახლა სურთ ამ რეზერვისტების გამოყენება კონტრაქტების გაფორმებით - რათა გაგზავნონ ისინი უკრაინასთან გამოუცხადებელ ომში, ფორმალურად მშვიდობიან პერიოდში. ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ჩავარდა ჯარის ე.წ. კონტრაქტნიკებით (კონტრაქტით დაქირავების) შევსების მასშტაბური პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრო არც ძალას და არც სახსრებს არ ზოგავს, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაგზავნოს ომში. ისინი დიდი ხანია ცდილობენ, წვევამდელებთანაც (სავალდებულო სამსახურში გაწვეულებთან) გააფორმონ კონტრაქტები, ვიდრე სამხედრო ნაწილებში იმყოფებიან. რუსეთის მთავრობა ასევე ცდილობს კონტრაქტები გააფორმოს მიგრანტებთან, ასევე იმ ადამიანებთან, რომლებმაც ახლახან მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა (ემუქრებიან მოქალაქეობის ჩამორთმევით), რაც სრულიად უკანონო და არასწორია. აიძულებენ მიგრანტებს, ხელი მოაწერონ კონტრაქტებს მოტყუებითა და მუქარით“.
სამხედრო ექსპერტის თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ფრონტზე გასაგზავნი ხალხის დაქირავება, რომელიც ომის დაწყებიდან მიმდინარეობს, არ იძლევა საჭირო რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეს იმ უზარმაზარი დანაკარგების გათვალისწინებით, რომლებსაც რუსეთის არმია განიცდის.
სერგეი კრივენკოს თქმით, თუ მობილიზაცია გამოცხადდება, მთავრობას შეუძლია გაიწვიოს თადარიგში მყოფი ყველა (30 მლნ ადამიანი) ადამიანი, რადგან მობილიზაცია იძულებითი გაწვევაა, რეზერვში კი ისინი არიან, ვინც ადრე ნებაყოფლობით გააფორმა კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან. „ეს ფარული მობილიზაცია კი არა, კონტრაქტით გაწვევის ერთ-ერთი ფორმაა“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი, რომელსაც უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე: რამდენ ადამიანს შეიძლება შეეხოს ახალი კანონი?
„ეს არის მთავარი ინტრიგა", - ამბობს სერგეი კრივენკო, - "რადგან 2015 წლიდან რეზერვში მყოფთა რიცხვი სახელმწიფო საიდუმლოებაა. სხვადასხვა შეფასებით, საუბარია ათიათასობით ადამიანზე: დაახლოებით 50, 60, 70 ათასი ადამიანი იმყოფებოდა რეზერვში უკრაინასთან ომის დაწყებამდე. თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს რეზერვი უკვე ამოწურა 2022, 2023 და 2024 წლებში, რადგან ნაწილმა თავად გამოთქვა კონტრაქტის გააქტიურების სურვილი, ნაწილი კი მობილიზაციის დროს გაიწვიეს. ასე რომ, ახლა მილიონებზე საუბარი აღარ არის. ათასობით, ან შესაძლოა ათიათასობით ადამიანი შეიძლება იყოს“.
სამხედრო ექსპერტის თქმით, ახალი კანონით გაწვეული რეზერვისტები ფრონტზე ამინდს ვერ შეცვლიან:
„სავარაუდოდ, ძირითადად ხვრელების ამოსავსებად და დივერსიების განსახორციელებლად გამოიყენებენ. ომში მათი გაგზავნა რუსეთის დანაკარგებს ვერ დაფარავს და ფრონტზე არსებულ სიტუაციას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის. რადგან, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ათიათასობით ადამიანზეა საუბარი. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ თავდაცვის სამინისტრო ომში აგზავნის ათასობით მიგრანტს: ამისთვის ტარდება რეიდები, იტაცებენ ადამიანებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოჭერაზე არიან. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს კანონი აჩვენებს, რომ რუსეთს უბრალოდ ომში წასვლის მსურველი ადამიანები ელევა“.
რეგიონებში სიცოცხლის ფასი დაეცა
2025 წლის ოქტომბერში, რუსეთის ოთხმა რეგიონმა - სამარის ოლქმა, თათრეთმა, მარი-ელმა და ჩუვაშეთმა - მნიშვნელოვნად შეამცირა კონტრაქტით დაქირავებულებისათვის გადასახდელი ერთჯერადი თანხების მოცულობა. გამოცემა „ვოტ ტაკ”-ის მიხედვით, საუბარია თანხების 5-9-ჯერ შემცირებაზე. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან რუსეთის რვა რეგიონმა შეამცირა სამხედროებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი თანხები. როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ასეთი რამ პირველად ხდება ომის დაწყების შემდეგ და ამის სავარაუდო მიზეზი დიდწილად რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაა.
კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცებისა და მობილიზებულებისთვის ერთჯერადი გადახდების სისტემა 2022 წლის შემოდგომაზე შემოიღეს, როდესაც რუსეთის არმიის წინსვლა უკრაინაში შენელდა და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში ორი წარმატებული კონტრშეტევა ჩაატარეს, რითაც ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გაათავისუფლეს.
2022 წლის 2 ნოემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც დაფიქსირდა ერთჯერადი გადასახდელი თანხის მოცულობა - 195 000 რუბლი (1000 რუბლი - 12,3$). ეს ე.წ. ერთჯერადი სოციალური დახმარების ზომა ეხებოდა ყველას, ვინც კონტრაქტს ხელი მოაწერა იმავე წლის 21 სექტემბრის შემდეგ. 2024 წლის 1 აგვისტოდან კი ფედერალური დანამატი 400 000 რუბლამდე გაიზარდა. ამ თანხას ემატება რეგიონული ხელისუფლების მიერ შემოღებული ასევე ერთჯერადად გადასახდელი თანხები. რეგიონებს შორის გაჩაღდა ერთგვარი შეჯიბრება ცენტრისთვის თავის მოსაწონებლად: ვინ უფრო მეტს ადამიანს გაგზავნიდა ომში. თავის მხრივ ამ შეჯიბრებამ გამოიწვია „გადახდების რბოლა“ - რეგიონები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაწვევას დანამატების მოცულობის გაზრდის გზით.
„ვოტ ტაკის“ გამოთვლებით, 2025 წელს კონტრაქტის ხელმოწერისთვის საშუალო ერთჯერადი რეგიონული ანაზღაურება 1,22 მილიონი რუბლი იყო, ყველაზე მეტი კი - 2,8 მილიონი რუბლი, რაც ტიუმენის ოლქსა და პრიმორსკის მხარეში დაფიქსირდა. ყველაზე მცირე თანხა - 100 000 რუბლი ჩეჩნეთში გაიცემა.
2025 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში რეკორდული კლება დაფიქსირდა სამარის რეგიონში, სადაც კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჯარისკაცები ერთჯერადი ანაზღაურების სახით 400 000 რუბლს იღებენ, ნაცვლად 3,6 მილიონი ლარისა (9-ჯერ შემცირდა), რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო მთელი რუსეთის მასშტაბით. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ახლა ასეთ თანხას მხოლოდ თადარიგის ოფიცრებს გადაუხდიან, თუკი თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს გააფორმებენ.
რესპუბლიკა მარი ელში „კონტრაქტნიკებისთვის“ განკუთვნილი ერთჯერადი ანაზღაურება ოქტომბერში 2,6 მილიონი რუბლიდან 400 000 რუბლამდე შემცირდა (6,5-ჯერ შემცირდა).
მარი ელის მეზობელ რესპუბლიკაში, ჩუვაშეთი ეს თანხა 5,25-ჯერ შემცირდა - 2,1 მილიონი რუბლიდან 400 000 რუბლამდე.
თითქმის 7-ჯერ (2,7 მლნ-დან 400 000 რუბლამდე) შემცირდა თანხა თათრეთში ადრე ამ რესპუბლიკაში კონტრაქტორი ჯარისკაცები რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ერთჯერად ანაზღაურებას - 3,1 მილიონ რუბლს იღებდნენ.
2025 წლის წლის პირველ ნახევარში თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების ღირებულება რუსეთის სხვა რეგიონებშიც შემცირდა. ბელგოროდის ოლქში ეს თანხა 2,6 მილიონი რუბლიდან 400 000 რუბლამდე დავიდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში - 2,6 მილიონიდან 1,1 მილიონამდე, იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში - 2,7 მლნ-დან 1,5 მლნ რუბლამდე.
ექსპერტების თქმით, რუსეთის რამდენიმე რეგიონში ერთჯერადი გადახდების რეკორდული შემცირება, ძირითადად, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდით აიხსნება - როგორც ფედერალურ დონეზე, ასევე ცალკეულ რეგიონებში. ეკონომისტ ნატალია ზუბარევიჩის თქმით, უფრო სტაბილური ხაზინის მქონე რეგიონებში შენარჩუნებულია როგორც კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცების გაწვევის ძველი ტემპი, ასევე გადასახდელი თანხების მოცულობა.
ეკონომიკური მიმომხილველის ბორის გროზოვსკის თქმით კი, ეკონომიკის შენელების გამო რეგიონების ბიუჯეტებში შემოსავლები მცირდება, ხარჯები კი, მათ შორის სამხედრო ხარჯები, კვლავ მაღალი რჩება.
ექსპერტთა მოსაზრებებს ამყარებს რეგიონების ფინანსური მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშები. მაგალითად, თათრეთში 2025 წლის ბოლოსთვის ხაზინის დეფიციტი, სავარაუდოდ, 31 მილიარდ რუბლი იქნება, მაშინ, როცა თავდაპირველად დაგეგმილი იყო არაუმეტეს 13,4 მილიარდი რუბლისა. სამარის ოლქშიც ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა, 25,8-დან 58.8 მილიარდ რუბლამდე. მსგავსი მდგომარეობაა ბაშკირეთსა და ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც ბიუჯეტის დეფიციტი ერთ შემთხვევაში 9,75-მლრდ-დან 28,6 მილიარდამდე გაიზარდა, მეორე შემთხვევაში კი 27,7-მლრდ-დან 45,3 მილიარდამდე.
„გასაკვირი არაა, რომ ყველა ზემოხსენებულმა რეგიონმა მნიშვნელოვნად შეამცირა კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცებისთვის გადასახდელი ერთჯერადი თანხის მოცულობა“, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი კირილ მიხაილოვი, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ხარჯების ცვლილებები, ძირითადად, ფინანსური მიზეზებით არის განპირობებული, მასზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფრონტზე არსებული ვითარება: ბოლო თვეებში მკვეთრად შემცირდა ომის ინტენსივობა, რამაც გარკვეულწილად შეამცირა როგორც არმიის დანაკარგები, ასევე აქტიური გაწვევის საჭიროებაც.
ფორუმი