2022 წლის 14 ივლისის იმ საბედისწერო დღეს, როდესაც რუსეთის არმიამ დილის 10 საათზე ვინიცის ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანა, იქ იმყოფებოდნენ რომანი (მაშინ 7 წლის) და მისი დედა, გალინა. რომანი ამ ქალაქში ბებია-ბაბუას სტუმრობდა, იმ დღეს კი, გამოკვლევის მიზნით, დედას მიყვანილი ჰყავდა ვინიცის სამედიცინო კლინიკაში, რომელსაც სამი რუსული რაკეტიდან ერთ-ერთი დაეცა.
სარაკეტო იერიშის შედეგად სხვებთან ერთად დაიღუპა რომანის დედა, 29 წლის გალინა. რომანი სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ სხეულის 45%-იანი დამწვრობა მიიღო. ექიმების თქმით, ზოგიერთ ადგილას დამწვრობა იმდენად ღრმა იყო, რომ ძვლებამდე აღწევდა. რომანს მძიმედ ჰქონდა დამწვარი სახე, ხელები, ფეხები და სასუნთქი გზები. გარდა ამისა, დაზიანებული ჰქონდა თავი (რაკეტის ნამსხვრევებისგან) და მოტეხილი მარცხენა ხელი. სამი წლის განმავლობაში რომანმა გადაიტანა 30-ზე მეტი ოპერაცია, მათ შორის პლასტიკურიც. პატარა ბიჭმა თავი ნამდვილ მებრძოლად გამოავლინა და, რომანის მამის თქმით, ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, ის ყოველთვის იმეორებდა ფრაზას: „არ უნდა დავნებდე“.
ომამდე რომანი მამასთან და დედასთან ერთად ლვოვში ცხოვრობდა. ბავშვის მამა, იაროსლავი, კომპოზიტორი, აკორდეონისტი და მასწავლებელია. დედამისი, გალინა, ასევე აკორდეონისტი და მუსიკის მასწავლებელი იყო.
გალინა 2022 წლის 14 ივლისს დაიღუპა. იმ დღეს, შავ ზღვაში მყოფმა რუსულმა წყალქვეშა ნავმა ვინიცას ცენტრისკენ „კალიბრის“ ტიპის სამი რაკეტა გაუშვა. შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი, ხოლო ასზე მეტი დაშავდა.
სამივე რაკეტა საოფისე შენობას მოხვდა, იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა ახლომდებარე ოფიცერთა სახლი და საცხოვრებელი სახლები. სწორედ საოფისე შენობაში იყო განთავსებული სამედიცინო კლინიკა, რომელშიც იერიშის დროს 7 წლის რომანი და მისი დედა იმყოფებოდნენ.
„ბახ! და კედელს მივეხეთქე. ავდექი, დავინახე, რომ ყველაფერი იწვოდა, არაფერი ჩანდა - მხოლოდ მანათობელი წარწერა: „გასასვლელი“ , - ასე გაიხსენა რომანმა ის დღე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 2023 წელს. - წინ წავედი. ქვებზე ვხტებოდი, მარცხენა ხელსა და მარჯვენა ფეხს ვერ ვგრძნობდი. ძლივძლივობით ვმოძრაობდი: "გადავდგამდი ნაბიჯს, დავჯდებოდი. ასე გავაღწიე“.
დედის ფეხსაცმელი და გულღია საუბრები მომხდარზე
„ღმერთო ჩემო, რა მაღალი გახდი“, - ამ სიტყვებით ესალმება რომანს თავისი ფიზიოთერაპევტი. ბიჭის ფეხის ზომა უკვე 38-ია. ასეთივე ჰქონდა დედამისს. რომანი ყველას აჩვენებს, რომ დედის ბოტასები აცვია.„დედის ფეხსაცმელი. უკვე გავიზარდე და ახლა ჩემია“, - ამბობს ის.
რომანის მამა, იაროსლავ ოლექსივი, ამბობს, რომ გადატანილმა უბედურებამ ძალიან იმოქმედა ბავშვზე: ყოველ დღე დაახლოებით დილის ხუთ საათზე დგებოდა და იწყებდა მოყოლას, თუ რა დაემართა. იმეორებდა დაუსრულებლად, კვლავ და კვლავ.
„მომხდარზე განსაკუთრებით ბევრს საუბრობდა პირველ წლებში. პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველ დილას ამ ამბის დეტალური გახსენებით იწყებდა “, - ამბობს იაროსლავი, - ტრაგედიის დროს იქ (ვინიცაში) არ ვყოფილვარ. პირველი ექვსი თვის განმავლობაში მან ყველაფერი ამოთქვა. ყოველ დილით ის დაახლოებით ხუთ საათზე დგებოდა და იწყებდა მოყოლას, თუ რა მოხდა, როგორ შევიდნენ შენობაში, როგორ მოფრინდა რაკეტა, როგორ გამოაღწია შენობიდან“.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთი საუბრები დაეხმარა რომანს მომხდარის გადატანაში: მას სჭირდებოდა ამაზე ლაპარაკი. დროთა განმავლობაში, უფრო მშვიდი დამოკიდებულება გაუჩნდა ვინიცაში მომხდარი ტრაგედიისადმი.
„უფრო იოლად და მშვიდად საუბრობს ამაზე, - ამბობს იაროსლავი, - ასე იყო დედაზე ლაპარაკის დროსაც: თუ მუდმივად ვსაუბრობთ დედაზე, მაშინ მშვიდად ვიხსენებთ მას, ვიხსენებთ მასთან დაკავშირებულ კარგ მომენტებს, რომლებიც გვქონდა. მისთვის ეს ერთგვარი სითბოს სხივია“.
„მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი. უბრალოდ ჩუმად ყოფნა არ შეიძლება. ჩვენ მუდმივად დავდივართ დედასთან სასაფლაოზე, თითქმის ყოველ მეორე დღეს. მიდის, ანთებს სანთელს, ცოტა ხანს ჩამოვსხდებით და შემდეგ სახლში მივდივართ“, - ამბობს ბავშვის მამა.
სხეულის 40% ჰქონდა დამწვარი. ამასთან 35% იყო ღრმა დამწვრობა. რაც ნიშნავს ყველა ქსოვილის დაზიანებას ძვლების ჩათვლით. ყველაზე უარესი - ჰქონდა სასუნთქი გზების უმძიმესი დამწვრობა. კომბინირებული ინჰალაციური ტრავმა ერთი ორად ამძიმებს ვითარებას. გარდა ამისა, მოტეხილი ჰქონდა მარცხენა ხელი და დაჭრილი იყო თავის არეში.
მიღებული დაზიანებების შედეგად, რომანმა პირველი სამი დღე ვინიცის რეანიმაციაში გაატარა. ამ დღეების განმავლობაში იაროსლავ ოლექსივი ცოლის დაკრძალვასა და მძიმედ დაშავებულ შვილს შორის იხლიჩებოდა.
ბავშვი ვინიციდან ლვოვში გადაიყვანეს, შემდეგ ჟეშუვში, იქიდან კი თვითმფრინავით დრეზდენში (გერმანია) გადააფრინეს. შემდეგ იყო ბრძოლა დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე - ექიმები იბრძოდნენ რომანის აღდგენისათვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიჭმა 30-ზე მეტი ოპერაცია გაიკეთა, მათ შორის პლასტიკური ოპერაციები. ორი წლის განმავლობაში სახეზე სპეციალური კომპრესიული ნიღაბი ეკეთა, რაც კანის დაცვასა და ნაწიბურების წარმოქმნის საფრთხის თავიდან აცილებაში ეხმარებოდა.
„თავიდან თავს უხერხულად გრძნობდა, ვერ ხვდებოდა, რაში სჭირდებოდა ნიღაბი, რომლის გამო სულ მუდამ ხალხის ყურადღების ცენტრში ექცეოდა, - ამბობს იაროსლავ ოლექსივი, - მას მოუწია შეჰგუებოდა ამ დამოკიდებულებასა და, შესაბამისად, ნიღბის ტარებასთან. იხსნიდა მხოლოდ ღამით, როცა სახეზე მალამო ჰქონდა წასასმელი“.
ექიმების თქმით, რომანს 18 წლამდე კიდევ რამდენჯერმე მოუწევს ოპერაციის გაკეთება, რადგან ზრდასთან ერთად იჭიმება მისი კანიც, თუმცა უცვლელი რჩება ნაწიბურები. ამიტომ სხეულის დაზიანებული ადგილები ისევ და ისევ უნდა დამუშავდეს, ჩაუტარდეს კორექტირება და გამოსწორდეს პლასტიკური ქირურგიით.
დრეზდენში მკურნალობისას რომანი გერმანულ სკოლაში დადიოდა, ისწავლა გერმანული ენა, 2023 წლის შემოდგომაზე კი მამასთან ერთად დაბრუნდა ლვოვში. თუმცა შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოუწია გერმანიაში დაბრუნება სამკურნალოდ.
„გერმანიიდან შინ დაბრუნება სურდა, რადგან იქ ემოციურად კიდევ უფრო უჭირდა, - განმარტავს იაროსლავ ოლექსივი, - აქ, ლვოვში, მან კვლავ იგრძნო სიმშვიდე, ბედნიერება. ძალიან უყვარს სკოლა, სადაც ბევრი მეგობარი ჰყავს. ასევე ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვესტუმროთ ბებია-ბაბუას. ყველა, ვინც ახლოსაა, მას ეხმარება, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ყოფნისას თვლები უბრწყინავს.“
„ახლა მას გარკვეული დრო სჭირდება, ამ ოპერაციებისგან სულის მოსათქმელად: 35 ოპერაცია, რომელიც მან გადაიტანა, ძალიან ბევრია. ბავშვს უნდა შეეძლოს ბავშვობით დატკბობა“, - ამბობს რომანის მამა.
იაროსლავ ალექსივი ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, რაც რომანმა გადაიტანა თავის 10 წლის ასაკში, ის ძალიან ამტანი და სიცოცხლისმოყვარულია. მისი თქმით, გერმანიაში სწავლამ ბავშვს ბევრი რამ მისცა: გერმანული ენის შესწავლის გარდა, რომანმა ნახა სხვა კულტურა, გაიცნო ახალი ადამიანები და გაეცნო გერმანულ საგანმანათლებლო სისტემას.
„როდესაც უკრაინული სკოლიდან გერმანულ სკოლაში გადავედი, ეს ცოტა უცნაური იყო. მაგალითად, ჩვენ ერთი მეთოდით ვაკეთებდით გამრავლება-გაყოფას, ისინი კი სულ სხვა მეთოდით. შემდეგ, როცა უკრაინაში ჩამოდიხარ, აკეთებ ისე, როგორც გერმანიაში, - ამბობს რომანი, - უკრაინაში ბევრად უკეთესია, რადგან, მაგალითად, უკრაინაში თუ ვინმეს დაუმეგობრდი და ეს ადამიანი უკვე შენი მეგობარია“.
„გერმანიაში სკოლაში ხშირად მეკითხებოდნენ, რა დამემართა. თუ უფროსები მეკითხებოდნენ, ვუხსნიდი, პატარა ბავშვები კი დიდ ყურადღებას არ მაქცევდნენ, რადგან ჯერ არაფერი ესმით, - ამბობს ბიჭი, - მეკითხებოდნენ, რა ხდება ლვოვში, ხშირად თუ ირთვება საჰაერო განგაშის სიგნალიზაცია, ძალიან საშიში იყო თუ არა უკრაინაში ცხოვრება და ა.შ. ბევრ ასეთ რამეს მეკითხებოდნენ“.
დღეს რომან ოლექსივი მშობლიურ ლვოვში სკოლაში დადის, ცეკვავს და უკრავს მუსიკას - ესეც მისი რეაბილიტაციის პროგრამის ნაწილია. ბიჭიც მშობლების კვალს გაჰყვა: გაზაფხულზე გამარჯვება მოიპოვა აკორდეონისტთა საერთაშორისო კონკურს InterSvitiaz Accomusic-ზე.
იაროსლავი, როგორც პროფესიონალი მუსიკოსი და მასწავლებელი, შვილს სახლში ასწავლის აკორდეონზე დაკვრას, რაც ასევე ეხმარება რომანს რეაბილიტაციაში.
„ფიზიკურად, აკორდეონზე დასაკრავად საჭიროა ძალისხმევა. ასევე ფიქრი, - განმარტავს რომანი, - რადგან, როცა საუბარია მარჯვენა ხელზე, თან გიწევს ფიქრი, რა დაუკრა და თან ინსტრუმენტიც ისე უნდა გაწელო, რომ თან კარგი ჟღერადობაც გქონდეს და თან კარგადაც მიესადაგებოდეს მარცხენა ხელს. მარჯვენა ხელის თითები კი დიდად არ მიმოძრავებენ“, - ამბობს რომანი.
ამის გამო რომანი აგრძელებს რეაბილიტაციას ფიზიოთერაპევტთან. მისი დღის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია, მათ შორის ცურვითაც.
„უნდა ვიაროთ თერაპიაზე, ანუ ვიაროთ ცეკვაზე, მუსიკალურ სკოლაში. ესეც რეაბილიტაციის ნაწილია. ყველაფერი უნდა შევუთავსოთ, მაგრამ ყველაფერს ვერ უძლებს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბავშვს, მასაც უნდა თამაში, დასვენება და სეირნობა, - ამბობს იაროსლავი, - ოცნებობს არდადეგებზე, რომ მაათან ერთად სირბილითა და მოგზაურობით გული იჯეროს.“
მამის თქმით, 10 წლის ასაკში რომანი უკვე ძალიან ზრდასრულია. ამასთან ადამიანური და კეთილიც არის.
„მან ბევრი რამ მასწავლა. ყოველთვის ამბობს: „არ დანებდე“. ეს მისი საყვარელი ფრაზაა, - აღნიშნავს იაროსლავი, - ზოგჯერ ისეთ სერიოზულ რამეებს ამბობს ხოლმე, რომ გაოცებას ვარ, ასეთი ზრდასრული როგორ გახდა. თავიდან მას მხოლოდ ბავშვად აღვიქვამდი. ახლა კი ნამდვილ მეგობრად, საიმედო მხარდამჭერად აღვიქვამ. ყოველთვის ბევრ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. 10 წლის ასაკში რომჩიკი ძალიან მომწიფებული და ზრდასრულია“.
რომანი ხშირად ურთიერთობს ჟურნალისტებთან, ესწრება მრავალ ღონისძიებას: ამბობს, რომ სურს მსოფლიოს უამბოს როგორც უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე იმათ შესახებაც, ვინც, მის მსგავსად, ამ ომმა დაასახიჩრა.
2022 წლის 14 ივლისს შავ ზღვაში მყოფმა რუსულმა წყალქვეშა ნავმა ვინიცას ცენტრისკენ „კალიბრის“ ტიპის სამი რაკეტა გაუშვა. შედეგად დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, ხოლო ასზე მეტი დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მონაცემებით, 2025 წლის 26 მაისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 630 ბავშვი დაიღუპა და 1960 დაიჭრა.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის (645), ხარკოვის (492), ხერსონის (208), დნეპროპეტროვსკის (242), კიევის (146), ზაპოროჟიეს (181), ნიკოლაევის (119) და სუმის (139) ოლქებში.
2022 წელს ვინიცაზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, რუსულმა მხარემ სამჯერ შეცვალა თავდასხმის მიზეზების ვერსია.
უკრაინა ამ თავდასხმას რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულად მიიჩნევს.