Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის საფასურს ყველა გადაიხდის - რუსეთში გადასახადები იზრდება


მიხაილ მიშუსტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი (მარცხნივ) და ანტონ სილუანოვი, რუსეთის ფინანსთა მინისტრი. ფოტოკოლაჟი
მიხაილ მიშუსტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი (მარცხნივ) და ანტონ სილუანოვი, რუსეთის ფინანსთა მინისტრი. ფოტოკოლაჟი

მოკლედ

  • რუსეთში დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 2025 წლის 1 იანვრიდან 20%-დან 22%-მდე გაიზრდება, რაც მცირე ბიზნესსა და მომხმარებლებს დამატებით ფინანსურ ტვირთს დააკისრებს.
  • გადასახადების ზრდის მიზანია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და სამხედრო ხარჯების დაფარვა, მაგრამ ექსპერტები პროგნოზირებენ ფასების ზრდას, ინფლაციის აჩქარებას და ეკონომიკური ვარდნის რისკს.
  • საქართველოს ეკონომიკა, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, შესაძლოა დაზარალდეს რუსეთის ეკონომიკის მოსალოდნელი შემცირების შედეგად.

რუსეთის ხელისუფლება კვლავ აპირებს საგადასახადო ტვირთის გაზრდას. არადა სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი პირობას დებდნენ, რომ გადასახადები არ გაიზრდებოდა.

რუსეთში გადასახადების ზრდა რეგულარულ მოვლენად იქცევა. 2025 წლის 1 იანვრიდან იურიდიული პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-დან 25%-მდე გაიზარდა, ახლა კი გაირკვა, რომ კვლავ იზრდება მთელი რიგი გადასახადებისა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - დამატებული ღირებულების გადასახადი ანუ დღგ 20%-დან 22%-მდე გაიზრდება.

ბოლოს რუსეთში დღგ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე სამი წლით ადრე გაიზარდა. მაშინ ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ გადასახადებს მეტად აღარ გაზრდიდა.

რუსეთის მთავრობა დღგ-ს განაკვეთს უზრდის მცირე ბიზნესსაც, რისთვისაც ამცირებს შეღავათიანი რეჟიმის ზღურბლს: თუ აქამდე დღგ-ის შეღავათიანი რეჟიმი ვრცელდებოდა 60 მლნ რუბლამდე წლიური ბრუნვის მქონე ბიზნესებზე, მთავრობის ინიციატივის ძალაში შესვლის შემდეგ ზღურბლი ექვსჯერ (ანუ 10 მლნ-მდე შემცირდება). როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთში მილიონობით ასეთი მცირე ბიზნესია. შესაბამისად, ყველა მათგანი იძულებული იქნება დაბეგვრის გამარტივებული სისტემიდან (დღგ - 10%) გადახდის ჩვეულებრივ სისტემაზე (დღგ - 22%) გადავიდეს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ასევე საშუალო მომხმარებელს დააწვება კისერზე.

1 იანვრიდან მნიშვნელოვნად გაეზრდება საგადასახადო ტვირთი ერთ კონკრეტულ ინდუსტრიას, ბუკმეკერულ ბიზნესს: 2026 წლიდან ბუკმეკერებს ბრუნვის 5%-ის და მოგების 25%-ის გადახდა მოუწევთ.

გარდა ამისა, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, იგეგმება სადაზღვევო შეღავათების გაუქმება, რომლებითაც რიგ სექტორებში მცირე და საშუალო ზომის კომპანიები სარგებლობენ, რაც ასევე მნიშვნელოვან საბიუჯეტო თანხებს გამოათავისუფლებს.

დღგ - დამატებული ღირებულების გადასახადი - „დამატებული ღირებულება“ არის სხვაობა გაყიდული პროდუქტისა და მისი წარმოებისათვის გამოყენებული მასალების ფასებს შორის. მაგალითად: კომპანიამ X ფასად შეიძინა ხის მასალა, რომლისგანაც დამზადებული ავეჯი გაყიდა Y ფასად. Y-X არის დამატებული ღირებულება. რუსეთში ამჟამად დღგ-ის 20%-იანი საბაზისო განაკვეთი სტანდარტულად გამოიყენება ყველა ტრანზაქციაზე, თუმცა არსებობს გამონაკლისები. შეღავათიანი 10%-იანი განაკვეთი ვრცელდება მრავალ სასურსათო პროდუქციასა და საბავშვო ნაწარმზე, ასევე: მედიკამენტებზე, პერიოდულ გამოცემებზე, წიგნებსა და სანაშენე პირუტყვზე.

როგორც კომპანია Astra Asset Management-ის საინვესტიციო დირექტორმა, დიმიტრი პოლევოიმ თავის Telegram არხზე გამოითვალა, ყველა ამ ცვლილებიდან მიღებულმა დამატებითმა საბიუჯეტო შემოსავალმა 2,4-2,9 ტრილიონი რუბლი (ანუ მთელი შემოსავლების 6-8%) უნდა შეადგინოს.

„ამ თანხიდან 1,8-2 ტრილიონი დღგ-ს ზრდიდან მოვა, 500-600 მილიარდი - სადაზღვევო შენატანებზე შეღავათების გაუქმებიდან, ხოლო კიდევ 100-300 მილიარდი - ბუკმეკერებისთვის დაწესებული ახალი გადასახადებიდან“, - ამბობს ექსპერტი.

რატომ იზრდება გადასახადები?

რუსეთის მთავრობის ინიციატივას გაზარდოს გადასახადები ერთადერთი საფუძველი აქვს - ბიუჯეტის კოლაფსისა და ჩამოშლის საფრთხე, რომელსაც ბიუჯეტში გაჩენილი ხვრელი ქმნის. 19 სექტემბრის მონაცემებით, რუსეთის მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტმა უკვე გადააჭარბა 5 ტრილიონ რუბლს (1 ტრილიონი რუბ. – 12 მლრდ დოლარი), არადა, 2025 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ის არ უნდა აღემატებოდეს 3 ტრილიონს. დეფიციტის გეგმურ მაჩვენებლამდე შესამცირებლად რუსეთის ხელისუფლებამ წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ხარჯები, თუმცა, აშკარაა, რომ ამის გაკეთებას არავინ აპირებს. უფრო პირიქით, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო თავდაცვის ხარჯების გაზრდას აპირებს.

24 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა 2026-2028 წლების ბიუჯეტის პროექტი. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, მომავალ წელს ომისთვის 12,6 ტრილიონი რუბლია გამოყოფილი. ამავდროულად, რუსეთის მთავრობა ვეღარ მალავს, რომ ომისთვის ფული არ ჰყოფნის. როგორც ეკონომისტები ამბობენ, ნავთობის სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და შენელებული ეკონომიკის გამო, რუსეთის მთავრობას სულ უფრო უჭირს დეფიციტის დაფარვა. რუსი ჩინოვნიკები ცდილობენ შემოსავლების გაზრდის ახალი გზების პოვნას (მაგალითად, იგეგმება ავტომობილების ე.წ. უტილიზაციის გადასახადის გაზრდა). რუსეთის ფინანსთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დღგ-ს განაკვეთის 22%-მდე გაზრდით თან დააფინანსებს სამხედრო ხარჯებს და თან შეამცირებს ბიუჯეტის დეფიციტს.

2024 წლის სექტემბერში რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურეთა რაოდენობა 2,39 მილიონამდე გაიზარდა, ახლა კი ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც სამხედრო პერსონალისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ხელფასების 7,6%-ით ზრდას ითვალისწინებს.

როგორც ეკონომისტები განმარტავენ, „საგადასახადო ტვირთის“ გაზრდის გარეშე, არსებული შემოსავლებით ვერანაირად ვერ მოხერხდება ომის გამო მკვეთრად გაზრდილი ხარჯების დაბალანსება: 2026 წლის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯები (12,6 ტრლნ. რუბლი) ბიუჯეტის მთლიანი ხარჯის 28%-ია (ამასთან აქ არ შედის უსაფრთხოების ძალების დანახარჯები). შედარებისთვის, 2021 წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯები მხოლოდ 3,6 ტრილიონი რუბლი იყო.

რუსეთის ბიუჯეტის დაბალანსების მნიშვნელოვანი წყაროა ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ომის გამო ფონდში ნაღდი ფულის ოდენობა თითქმის განახევრდა 2022 წლის შემდეგ, რადგან ამ ფონდის თანხები აქტიურად გამოიყენება სწორედ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად: 2022 წლის დეკემბერში, უკრაინაში შეჭრის პირველი წლის შემდეგ, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან 2,41 ტრილიონი რუბლი დაიხარჯა. 2023 წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ფონდიდან გამოიყო - 2,9 ტრილიონი რუბლი, 2024 წელს კი - 2,12 ტრილიონი რუბლი. ეკონომისტების განმარტებით, თუ ნავთობის ფასები დაეცემა, 2025 წელს ეროვნული კეთილდღეობის ფონდს ფული შეიძლება საერთოდ გამოელიოს. Bloomberg-ის გათვლებით, ნავთობის გაყიდვიდან რუსეთის ყოველთვიური ბიუჯეტის შემოსავალი ორწლიან მინიმუმამდე დაეცა.

როგორი იქნება გადასახადების გაზრდის ეფექტი?

ეკონომიკის ექსპერტების ვარაუდით, დღგ-ის გაზრდის სავარაუდო ეკონომიკური შედეგები მოიცავს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირებას, ინფლაციის ზრდას და რუსეთის ეკონომიკის ვარდნას. ამასთან დღგ-ის გაზრდა იმოქმედებს მცირე ბიზნესზეც, რადგან მცირდება დაბეგვრის გამარტივებული სისტემისთვის აუცილებელი ბრუნვის ზღვარი, რაც, თავის მხრივ, გაზრდის მეწარმეებისა და მომხმარებლების ფინანსურ ტვირთს.

დღგ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გადასახადთან ერთად. 2024 წელს დღგ-ზე მოდიოდა რუსეთის ბიუჯეტის ყველა შემოსავლის 70%. 2026-2028 წლების ბიუჯეტის განხილვისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა 2026 წლის ბიუჯეტის დეფიციტს „მისაღები“ უწოდა. 2026 წლის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 40,283 ტრილიონი რუბლია, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - 44,869 ტრილიონი. შესაბამისად, 2026 წლის რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 4,6 ტრილიონ რუბლს შეადგენს.

როგორც ეკონომისტმა ვლადისლავ ჟუკოვსკიმ უთხრა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის პროექტის, The CurrentTime-ის რედაქციას, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ჯერ კიდევ ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომის მობილიზაციის შემდეგ ითხოვდა დღგ-ს განაკვეთის 22-23%-მდე გაზრდას:

“ჯერ კიდევ მაშინ გადავხედე ინიციატივის ფინანსურ და ეკონომიკურ დასაბუთებას. სრულიად აშკარა იყო, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ასეთი ზრდა გარდაუვალად გამოიწვევდა ფასების ზრდასა და ინფლაციის აჩქარებას, რაც საბოლოოდ რუსეთის რიგით მოქალაქეებს - მომხმარებლებს დააწვებათ მხრებზე”.

ექსპერტის გათვლებით, დღგ-ის 22%-მდე გაზრდამ რუსეთის ბიუჯეტს დამატებით დაახლოებით 1,5-2 ტრილიონი რუბლი უნდა შესძინოს.

“რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოიწვევს ფასების ზრდასა და ინფლაციას აჩქარებას - საქონლის ჯგუფის მიხედვით ფასები დამატებით შეიძლება გაიზარდოს 10-დან 20%-მდე. დღგ ხომ ის გადასახადია, რომელიც ბოლომდე მიჰყვება დამატებითი ღირებულების შექმნის მთელ ჯაჭვს. რაც უფრო ღრმად და მეტჯერ გადამუშავდება ნედლეული საბოლოო პროდუქციის მიღებამდე, ფასის ზრდის მით მეტი ეტაპი იქნება”, - განაცხადა ვლადისლავ ჟუკოვსკიმ.

ვლადისლავ ჟუკოვსკი
ვლადისლავ ჟუკოვსკი

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინიციატივის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა თვით ვლადიმირ პუტინის რწმუნებულმა, რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეების კავშირის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ შოხინმაც კი, რადგან, სულ ახლახან, 2025 წლის ივნისში ვლადიმირ პუტინი და ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ამბობდნენ, რომ რუსეთის ფინანსური სისტემა მდგრადია, ხოლო ბიუჯეტი - საფუძვლიანად დაბალანსებული და, შესაბამისად, სტაბილური. სამთავრობო პროპაგანდაც ამტკიცებდა, რომ პუტინის რეჟიმს ძლიერი ეკონომიკური ბაზა აქვს, რომ გადასახადების გაზრდა კატეგორიულად გამორიცხულია, რადგან ამან შესაძლოა შეარყიოს ბიზნესისა და საზოგადოების ნდობა სახელმწიფოს მიმართო.

“მაგრამ, ცნობილია, რომ ფეოდალურ, ოლიგარქიულ, მაფიოზურ სახელმწიფოებში საზოგადოებასა და მთავრობას, მმართველ „ფეოდალებსა“ და ხალხს შორის არანაირი კონტრაქტი არ არსებობს, - ამბობს ვლადისლავ ჟუკოვსკი, - ასე რომ, ამჯერადაც ფეხებზე დაიკიდეს დაპირებები და გაზარდეს დღგ ისე, როგორც აქამდე გაზარდეს საპენსიო ასაკი, საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირებისთვის, მოგების გადასახადი. ახლაც, ომის დაფინანსებისთვის საჭირო ფულის მოსაძებნად, ხელისუფლება კვლავ საზოგადოების ჯიბეებში ყოფს ხელს. ასე რომ, ფასების 10-15%-იანი ზრდა გარდაუვალია. სრულიად შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ისედაც მაღალი რეფინანსირების განაკვეთის (17%) კიდევ უფრო გაზრდა. რაც თავის მხრივ ნეგატიურ გავლენას მოახდენს შიდა წარმოებაზე, რადგან გამოიწვევს წარმოების ხარჯების დამატებით ზრდას. დღგ-ით იბეგრება ყველა საქონელი, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი წარმოების”.

2024 წელს იმპორტირებული საქონლიდან და მომსახურებიდან დღგ-ს სახით აკრეფილი იქნა 4,7 ტრილიონი რუბლი (1 რუბლი - 0,012 $), ხოლო შიდა ბაზარზე გაყიდული საქონლიდან - 8,7 ტრილიონი რუბლი.

რუსეთის ერთ-ერთ მაღაზიაში...
რუსეთის ერთ-ერთ მაღაზიაში...

როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, სიახლეს თავის ტყავზე გამოცდის ყველა, ვინც დადის მაღაზიებში, აფთიაქებში, საწვავს ისხამს ბენზინგასამართ სადგურებში, ყიდულობს ავტომობილებს, სათადარიგო ნაწილებს, ელექტრონიკასა და უძრავ ქონებას, რადგანაც ყველა საქონლის ფასში ჩადებულია გადასახადები - დამატებული ღირებულების გადასახადი, მოგების გადასახადი. გარდა ამისა, 1 იანვრიდან რუსეთის მოქალაქეებს ხელფასებიდან დაექვითებათ გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი და სადაზღვევო შენატანები.

ექსპერტთა თქმით, რუსეთის ეკონომიკა მანკიერ წრეში მოხვედრის რისკის ქვეშ იმყოფება: ფასების ზრდის შესანელებლად ცენტრალური ბანკი იძულებული იქნება გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, რის გამოც ეკონომიკა გაცივდება, ეს კი, თავის მხრივ, შეამცირებს ბიუჯეტის შემოსავლებს და გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს, რომლის შესამცირებლად ჩინოვნიკებს ახალი გზების (მაგალითად გადასახადების მეტად გაზრდის) მოძებნა მოუწევთ.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა ელვირა ნაბიულინამ პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ზედმეტი სამხედრო ხარჯები (რომელიც განკუთვნილია ომის ხარჯებისა და ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად) დაფინანსდება ფულადი ემისიით (ფულის ბეჭდვით) ან გაზრდილი სახელმწიფო ვალით, და არა შიდა წყაროებითა და გადასახადების ზრდით, მაშინ ცენტრალური ბანკისთვის ეს იქნება ექსკლუზიურად ინფლაციური ფაქტორი, რაც გამოიწვევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და რეფინანსირების განაკვეთის ზრდასაც კი. ყოველივე ამის გამო მრეწველობის სამოქალაქო დარგები გააგრძელებენ ვარდნას. მათთვის მიყენებული ზიანი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. შიდა წარმოება სულ უფრო მეტად დაკარგავს კონკურენტუნარიანობას ჩინურ, თურქულ და პარალელურ იმპორტთან შედარებით. რუსეთის მოსახლეობისთვის კი ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: მსყიდველობითი უნარის შემცირებას და შემდგომ გაღატაკებას.

როგორც ეკონომისტები ფიქრობენ, გადასახადების გაზრდით რუსეთის მთავრობა მოკლე ვადიან პერსპექტივაში გარკვეულ სარგებელს მიიღებს, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, გადასახადების გაზრდა გარდაუვალად გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკის ვარდნასა და შესაძლოა კოლაფსსაც კი.

შესაძლო გავლენა საქართველოზე

საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე, რაც, ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, რადგან რუსეთის ეკონომიკის მოსალოდნელი შემცირება და კოლაფსი, სავარაუდოდ, საქართველოზეც იქონიებს გავლენას. საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ძირითად ნაწილს იმპორტი შეადგენს. საქართველო რუსეთისგან 2,7-ჯერ მეტი ღირებულების საქონელს ყიდულობს, ვიდრე თავად ჰყიდის რუსეთში. რუსეთი საქართველოს მეოთხე (10,4%) უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია (ძირითადი საექსპორტო საქონელი ღვინო და სხვა სახის სასმელებია).

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მონაცემებით, რუსეთზე მაღალი დამოკიდებულებით გამოირჩევა ტურიზმის დარგი. რუსეთი ლიდერობს ვიზიტორების რაოდენობაშიც.

რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი: 2024 წელი - 850,1 მლნ $; 2023 წელი - 938,4 მლნ $; 2022 წელი - 891 მლნ $; 2021 წელი - 151,7 $.

მაღალია საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ნერგორესურსებზეც: 2023 წელს საქართველოში რუსეთიდან 787 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოიტანა, 2024 წელს - 1,2 მლრდ კვტს.სთ-ზე მეტი.

მზარდია რუსული გაზის იმპორტიც: 2024 წელი - 145,7 მლნ $; 2023 წელი - 110,2 მლნ $; 2022 წელი - 93,1 მლნ $; 2021 წელი - 70,8 მლნ $.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG