„ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ“! - არაფერი ისე კარგად არ ასახავს ამ ამბავს, როგორც ბერტოლდ ბრეხტის ფრაზა „კავკასიური ცარცის წრიდან“. რუსეთ-უკრაინის ოთხწლიანი ომი უკვე მხოლოდ რუსეთში ასი ათასობით დაშავებულ ჯარისკაცს ითვლის. ეს რიცხვი ომის გაგრძელების კვალდაკვალ კიდევ უფრო გაიზრდება. არაერთი შემთხვევაა დოკუმენტურად აღწერილი, როდესაც რუსეთი დაჭრილ ჯარისკაცს გამოჯანმრთელებას და ჭრილობების მოშუშებას არ აცდის და უკან, ფრონტზე აგზავნის.
2025 წლის თებერვალში რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს (სსს) სტატისტიკა. ბაზა შეიცავს ინფორმაციას 166 ათასი პაციენტის შესახებ, რომლებმაც რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის სამხედრო ჰოსპიტლები გამოიარეს - 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე. ამ ბაზაში 2 250 ადამიანზე მითითებულია, რომ მძიმედ დაიჭრა. მსუბუქად დაჭრილი უწერია - 80 269 ადამიანს, საშუალო სიმძიმის ჭრილობა კი - 58 632-ს.
რა ბედი ელის ამ ხალხს ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ? ეს კითხვა რუსულენოვან სოცქსელებში სულ უფრო ხშირად გაისმის.
ასევე ხშირად ახსენდებათ, როგორ მოექცა საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებს. ისინი უბრალოდ გადამალეს, თვალს მოაცილეს.
„ფართოდ დახუჭული თვალები“
საბჭოთა კავშირი ასეთი ქვეყანა იყო - არც სექსი ჰქონდათ, არც შეზღუდული შესაძლებლობის ხალხი ჰყავდათ. სარა ფილიპსი თავის ნარკვევში „საბჭოთა კავშირში ინვალიდები არ არსებობენ!“ (ჟურნალი: „Disability Studies Quarterly, Vol. 29, No. 3, 2009) წერს, რომ სსრკ-ში ომის შემდეგინვალიდების (მაშინ ეს ტერმინი გამოიყენებოდა) არსებობას უარყოფდნენ. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ისინი თვალში არავის შეჩხეროდა და ზეიმი არ შეებღალა.
ასეთი სიტუაცია იყო ომიდან თითქმის 40 წლის შემდეგაც კი. 1980 წელს ბრიტანეში პარაოლიმპიური თამაშები ჩატარდა. იქაურმა ჟურნალისტმა იკითხა, მიიღებდა თუ არა მასში მონაწილეობას საბჭოთა კავშირი, რაზეც სსსკ-ის წარმომადგენელმა უპასუხა: „საბჭოთა კავშირში ინვალიდები არ არსებობენო!“
ადამიანს აღარც ხელები ჰქონდა, აღარც ფეხები, მხოლოდ სასქესო ორგანო - სამოვარებივით იყვნენ. ეს ტრაგიკული იუმორია, ტრაგიკული.
სინამდვილეში საბჭოთა კავშირის ქუჩები, სადგურები, სარდაფები, დუქნები სწორედ უფეხო, უხელო, ცალთვალა ომგამოვლილი ჯარისკაცებით იყო სავსე. მათ ყველაგან ხედავდნენ, ყველგან ჩანდნენ, ტელევიზორისა და გაზეთების გარდა. იმ კადრებში, რომლებსაც 9 მაისის ზეიმზე ტელევიზიით უჩვენებდნენ და რომელზეც ომიდან სახლში დაბრუნებული მებრძოლები არიან გამოსახულები, ინვალიდები არ გვხვდება, მხოლოდ მედლებით მკერდდამშვენებული ოფიცრები და კოხტა მუნდირებში გამოწყობილი, დაბანილ-გაკრეჭილი, საღსალამათი ჯარისკაცები, შეყვარებულები ყვავილებით რომ ხვდებიან. იფიქრებ, რომ მეორე მსოფლიო ომიდან ყველა ჯანრთელი დაბრუნდა.
„ათასობით მეტრი კინოფირი შევისწავლეთ, რომელიც გამარჯვებულების ფრონტიდან დაბრუნებას ეხება. იცით, ყველაზე მეტად რა მაოცებს? ამ კადრებზე დაჭრილი კი არა, ისეთიც არავინაა, შეხვეული ჰქონდეს რამე. შეუძლებელია ასეთი რამ! გვეგონა, კოჭლს მაინც ვიპოვიდით“, - ჰყვება რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან რეჟისორი ალექსანდრ აბრამენკო, ავტორი დოკუმენტური ფილმისა „სამოვარები“. ეს ფილმი 2014 წელს ომის ინვალიდებზე გადაიღეს. - „ფილმში ხალხი მოგვითხრობს, რომ ომის შემდეგ ქუჩები, მაგალითად, ლენინგრადი (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი რ.თ.), ასეთი ადამიანებით იყო სავსე, გვერდს ვერ აუქცევდი. მაგრამ არქივის კადრებზე ისინი არ ჩანან. დიდი ალბათობით, რედაქტირებულია“.
ფილმის სახელწოდება „სამოვარები“ მწარე ხუმრობას უკავშირდება.ასე ეძახდნენ ადამიანებს, რომელთაც კიდურები ჰქონდათ მოწყვეტილი.
„ადამიანს აღარც ხელები ჰქონდა, აღარც ფეხები, მხოლოდ სასქესო ორგანო - სამოვარებივით იყვნენ. ეს ტრაგიკული იუმორია, ტრაგიკული“, - ამბობს ფილმში მხატვარი ედუარდ კოჩერგინი.
ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი 2 მილიონამდე ინვალიდს ითვლიდა. აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ინვალიდობას ყველას არ აძლევდნენ ან აძლევდნენ მესამე ხარისხისას. სარა ფილიპსი წერს, რომ საბჭოთა მოდერნიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის იდეოლოგია ყველა მოქალაქეს - მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს - როგორც შრომით ძალას ისე უყურებდა. მათ რეაბილიტაციაზე სრულფასოვნად არავის უზრუნვია. თერაპიის მთელი ტვირთი ჯარისკაცების ცოლებსა და დედებზე გადადიოდა.
ოცი წლით გადადებული ზეიმი
მართალია ნაციზმი დამარცხდა, მაგრამ ნაცისტურ გერმანიასთან ბრძოლა საბჭოთა კავშირს 27 მილიონი ადამიანის სიცოცხლე დაუჯდა. ფრონტიდან დაბრუნებულებიდანაც მეტი წილი დაშავებული იყო. ამის გამო პირველი წლები გამარჯვებას არც ზეიმობდნენ.
„ადამიანებს ახსოვდათ, რის ფასად დაუჯდათ ეს ყველაფერი. მთელი თაობები გაიჟლიტა, უბნები ამოწყდა. ბრძოლისუნარიანი მამაკაცების 80 პროცენტამდე ომში იყო გაწვეული, აქედან მესამედი ან დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ცხადია ამ ფონზე ომში გამარჯვების წლისთავისა თუ ორი წლისთავის აღნიშვნა ადეკვატური არ იქნებოდა. უკვე ოცი წლის შემდეგ კი ომის მონაწილეებიდან ბევრი ცოცხალი აღარ იყო, მოგონებებიც გაფერმკრთალდა. თან ახალი ცივი ომისთვის სჭირდებოდათ ეს ელემენტი და დაიწყეს კიდეც გამარჯვების თემის კულტივირება“, - ამბობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი ირაკლი ხვადაგიანი.
ნუთუ ჩვენს ქვეყნას არ შეუძლია სამამულო ომის ინვალიდები და ბავშვები მინიმალურად დააკმაყოფილოს, რომ ისინი არ მათხოვრობდნენ?
„უსაქმურებისა და მათხოვრების შესახებ“
რუსეთის სოციალური და პოლიტიკური ისტორიის სახელმწიფო არქივში ინახება 1952 წელს, თბილისიდან სტალინის სახელზე გაგზავნილი წერილი. წერილი ანონიმურია, ავტორის ვინაობა არ ვიცით.
„უსაქმურებისა და მათხოვრების შესახებ
ჩვენს ქვეყანაში ყველა რამე სასარგებლო შრომით უნდა იყოს დაკავებული. თბილისში ათობით ათასი ადამიანი საეჭვო შემოსავლით ცხოვრობს. ქუჩები, ბაზრები, მაღაზიები, ტაძრები ამ უსაქმურებითაა სავსე. თბილისში ძალიან ბევრი მათხოვარია. განსაკუთრებით აუტანელია, როცა მათხოვრებს სამხედრო ფორმა აცვიათ. ხშირად ორდენებიც ჰკიდიათ მკერდზე და ტრამვაებში, ტროლეიბუსებში, ქუჩებში მთვრალები გაჰყვირიან: „დაეხმარეთ სამამულო ომის მონაწილეს“. მათხოვრებს შორის ბევრი ბავშვია (უმეტესად რუსები). ნუთუ ჩვენს ქვეყნას არ შეუძლია სამამულო ომის ინვალიდები და ბავშვები მინიმალურად დააკმაყოფილოს, რომ ისინი არ მათხოვრობდნენ“?
„თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ომის დასრულებისთანავე ქალაქებში უამრავი დუქანი გაჩნდა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. ინვალიდები, სამწუხაროდ, ყველანი იქ ცხოვრობდნენ. სხვაგან სად წასულიყვნენ“, - ამბობს ალექსანდრ აბრამენკო.
ირაკლი ხვადაგიანიც თვითმხილველების მონათხრობს იხსენებს და ჰყვება, რომ ომის შემდეგ წლებში საჯარო სივრცეებში ძალიან ბევრი ინვალიდი ჩანდა, მერე კი... „იხსენებდნენ, რომ რაღაც მომენტში უეცრად გაქრნენ. რუსეთში არის ამაზე სტატიები, კვლევები, რომ ეს იყო გეგმური კამპანიის ნაწილი, რომ ისინი მკაცრი რეჟიმის სანატორიუმებში ან კიდევ უარეს ადგილებში გადაეყვანათ“.
მონასტრები კომუნისტი ჯარისკაცებისთვის
სარა ფილიპსი თავის სტატიაში წერს, რომ 1940-იანი წლების ბოლოსა და 1950-იანებში, ომის ინვალიდები იძულებით გადაასახლეს როგორც მოსკოვიდან, ასევე სხვა დიდი ქალაქებიდან. გადაიყვანეს შორეულ რეგიონებში. კოლმეურნეობების თავმჯდომარეები არაეფექტური ინვალიდი მუშებისგან თავის დასაღწევად მათ მუქთახორებად აცხადებდნენ, რის შემდეგაც ისინი იძულებითი შრომისთვის იგზავნებოდნენ. საბჭოთა კავშირში არსებობდა სპეციალური სასჯელაღსრულების ბანაკები როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ინვალიდებისთვის. მათგან ყველაზე ცნობილი იყო სპასკის შრომის კოლონია ყარაგანდის მახლობლად, ყაზახეთში. იქ 1940–1950-იან წლებში 15 000-მდე ინვალიდი პატიმარი გადაიყვანეს.
„ყოფილი კრიმინალები კონფლიქტურები იყვნენ, საჩივრებს წერდნენ, რაღაცებს ითხოვდნენ. ომის ინვალიდები კი თავიანთთვის იწვნენ მორჩილად. როგორც ჩვენი ფილმის ერთმა გმირმა თქვა: „თითქოს შეგნებული ჰქონდათ, რომ ქვეყნისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთეს და თუ მაინც ასე მოექცნენ, ამასაც არა უშავდა“, - ამბობს ალექსანდრ აბრამენკო.
გენშტაბის მონაცემებით, 2 მილიონი ინვალიდი გვყავდა. ისტორიკოსების ანგარიშით, მათგან 70 პროცენტმა კიდური დაკარგა.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ჰყვება, რომ 1954 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა სერგეი კრუგლოვმა პრეზიდიუმს საიდუმლო ანგარიშის წარუდგინა, რომლითაც ამგვარი ადამიანებისაგან ქუჩების გათავისუფლებას ითხოვდა.
„ისინი უკვე ძალიან ბევრნი იყვნენ. გენშტაბის მონაცემებით, 2 მილიონი ინვალიდი გვყავდა. ისტორიკოსების ანგარიშით, მათგან 70 პროცენტმა კიდური დაკარგა. შსს-ს ანგარიშის მიხედვით, ეს ხალხი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, გადაიყვანეს ინვალიდებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სახლებში, განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულებებში. მინისტრმა კრუგლოვმა ასე მოითხოვა. ამ რეჟიმის მიხედვით, ხალხს კლინიკის დატოვება არ შეეძლო. ყველაზე სევდიანი ის არის, რომ კლინიკებისთვის მიტოვებული და გაპარტახებული მონასტრები შეარჩიეს“, - ჰყვება აბრამენკო.
სარა ფილიპსი წერს იმასაც, რომ ომის ინვალიდები მალულად გაიყვანეს ლენინგრადიდან და ლენინგრადის ოლქიდან. დაასახლეს ვალაამის არქიპელაგზე (კარელიის რესპუბლიკა, რუსეთი). ვალაამისა და იქ გადაყვანილი ვეტერანების ბედი დღემდე იდუმალებით არის მოცული.
„მხატვარი გენადი დუბროვი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ინვალიდებს ხატავდა... თავის წერილებში იხსენებს, როგორ მივიდა ერთხელ კუნძულ ვალაამზე ინვალიდებთან აბანოში. ნანახმა შეძრა. ეს ხალხი, ჯერ თავიანთ ყავარჯნებს რეცხავდა და მერე შეძლებისდაგვარად თავად ბანაობდა. ისე ექცეოდნენ ამ თვითნაკეთ ჯოხებს, თითქოს სხეულის ნაწილები ყოფილიყო“, - ჰყვება „სამოვარების“ რეჟისორი.
ამ სოციალური დაწესებულებებიდან დოკუმენტები ფაქტობრივად არ შემორჩა, არც ჯარისკაცების საფლავები. ადგილობრივებს მიახლოებით ახსოვთ, სად მარხავდნენ გარდაცვლილებს, მაგრამ იქ გათხრების გარეშე კვალის პოვნა უკვე შეუძლებელია.
ამ საფლავებს ხომ არავინ უვლიდა.
ფორუმი