„თქვენი ხედვა წინააღმდეგობაში მოდის ცენტრის ადმინისტრაციის ახალგაზრდულ პოლიტიკასთან... თქვენი პოზიციაზე მუშაობის პერიოდში გამოვლინდა დაბალი კვალიფიკაცია, ორგანიზებულობის, სამუშაო უნარ-ჩვევების დაბალი დონე და არსებითი შეუთავსებლობა ახალგაზრდული მიმართულების სამომავლო საქმიანობასთან და მის სამომავლო განვითარებასთან... 31 დეკემბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47 მუხლის "ო" ქვეპუნქტის შესაბამისად თქვენ მიმართ წყდება შრომითი ხელშეკრულება“, - ეს ნაწყვეტია წერილიდან, რომელიც ფოლკლორის ცენტრის ახალგაზრდული მიმართულების სპეციალისტმა სალომე ცისკარაულმა დეკემბრის დასაწყისში, ამავე ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი დონაძისგან მიიღო.
სალომეს გარდა, ფოლკლორის ცენტრიდან გაათავისუფლეს კიდევ ერთი თანამშრომელი, ირაკლი ჭელიძეც. ორივე დარწმუნებულია, რომ მათი სამსახურიდან დათხოვნის ნამდვილი მიზეზი პროევროპულ აქციებზე სიარული და ღიად გამოხატული პოლიტიკური პოზიცია გახდა.
ფოლკლორის ცენტრში გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო მათ არავინ გაუშვიათ სამსახურიდან.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობა ასობით საჯარო მოხელემ მიიღო, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, მათთვის გაგზავნილ წერილში არ ჩაუწერიათ ისე მკაფიო მიზეზი, რაც სალომე ცისკარაულს მისწერეს.
მან რადიო თავისუფლებასთან ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკი გადაწყვიტა და გვიამბო, რა უძღოდა წინ მისი გათავისუფლებას და როგორ იცვლებოდა მის მიმართ ბოლო ერთ წელში ხელმძღვანელობის დამოკიდებულება.
სალომე ჰყვება, რომ ყველაფერი აირია გაზაფხულის აქციების შემდეგ: ის ჯერ ნელ-ნელა ჩამოაშორეს საქმეს, შემდეგ კი, სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ ახალგაზრდებს, რომლებთანაც ის მუშაობდა, აქციებზე დაატარებდა, მათი „მედროშე“ და სოციალურ ქსელში ახალგაზრდების „სთორების“ წამქეზებელი იყო.
სალომე გვიყვება, რომ ფოლკლორის ცენტრში ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, ის უეცრად აღმოჩნდა მტრულ გარემოში, სადაც მუშაობა შეუძლებელი გახდა.
„ყველა პროექტს ჩამომაშორეს. ფაქტობრივად, გარიყული აღმოვჩნდი და ერთადერთი, რასაც უშედეგოდ ვითხოვდი, იყო - აეხსნათ, რა დავაშავე“.
ახსნა-განმარტება სალომეს მოსთხოვეს სთორის (მოკლე ვიდეო ან ფოტო, რომელიც ქვეყნდება ფეისბუკში, იუტყბსა ან ისტაგრამში) გამოც, რომელიც დაიდო იმ ახალგაზრდების გაერთიანების გვერდზე, რომლებთანაც უწევდა მუშაობა - ამ სთორიში, საქართველოს და ევროკავშირის დროშების ფონზე ეწერა, რომ ახალგაზრდების მომავალი ევროპაშია.
საბოლოოდ, სალომე ცისკარაული უფროსის კაბინეტში დაიბარეს, სადაც მას დახვდნენ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და მისი იმჟამინდელი მოადგილე, გიორგი გაბუნია, რომელიც ახლა „ქართული ოცნების” დეპუტატია პარლამენტში.
„მეძახეს პროვოკატორი, მეუბნებოდნენ, რომ მათ ყველაფერი იცოდნენ და მეც უნდა მეღიარებინა, როგორ ვაქეზებდი ახალგაზრდებს აქტიურობისკენ, ფოლკლორის ცენტრში ვკრებდი მათ, მიმყავდა აქციებზე და შემდეგ ფოტო-ვიდეომასალას ვაქვეყნებინებდი ფეისბუკგვერდებზე… ორივე ხმამაღლა მიყვიროდა და, ფაქტობრივად, მაიძულებდნენ, მათთვის ბოლომდე მომესმინა.
მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ფსიქოლოგიური ძალადობა. არა მხოლოდ სამსახურიდან გაშვება, არამედ ჩემი, როგორც ქალის, მორალური განადგურება - ასეთ მოპყრობას, ჩემი აზრით, არცერთი ქალი არ იმსახურებს”, - გვეუბნება სალომე ცისკარაული.
ფოლკლორის ცენტრში მისი მუშაობის ბოლო ერთ წელსა და გათავისუფლების სხვა დეტალებზე სალომე ცისკარაული ამ ვიდეოინტერვიუში დაწვრილებით ყვება.
სალომეს გარდა, ფოლკლორის ცენტრიდან გაათავისუფლეს მისი კიდევ ერთი თანამშრომელი, გიორგი დონაძის ბავშვობის მეგობარი ირაკლი ჭელიძე.
მას ჯერ საყვედური გამოუცხადეს, „13, 14 და 15 იანვარს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო” და მისწერეს, რომ მან არ წარმოადგინა სამსახურის გაცდენის საპატიო მიზეზი, რაც „მოვალეობების უხეში დარღვევააო”.
15 იანვარს დაწერილი საყვედურის წერილის შემდეგ კი, 20 იანვარს, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებაც გამოიცა.
ირაკლი ჭელიძეს ფოლკლორის ცენტრში ერთხანს დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა, შემდგომ, 2019 წლიდან, ღონისძიებების ორგანიზატორი იყო.
ყვება, რომ ცენტრის ხელმძღვანელობასთან ამ ხნის განმავლობაში პრობლემა არასოდეს ჰქონია. არც მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინელების მხარდამჭერ აქციებზე დადიოდა.
„სამსახურში არასოდეს უთქვამთ, ირაკლი, ამას ნუ აკეთებ, მიუღებელია ან რამე მსგავსი“.
თუმცა ვითარება ნელ-ნელა შეიცვალა 2024 წლის გაზაფხულიდან, როცა ის, თავის მეგობრებთან ერთად, რუსული სტილის აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებზეც გამოჩნდა.
სამსახურში ამის შესახებაც იცოდნენ, რადგან ირაკლი თავის პოზიციას ღიად გამოხატავდა სოციალურ ქსელებში - ხან პოსტის, ხან „სთორის“ დადებით, თუმცა ამის გამო შენიშვნა არ მიუციათ.
თუმცა მაისში, როცა აქციების გაზაფხულის ტალღა მინელდა, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი დონაძემ (რომელიც ირაკლის ბავშვობის მეგობარია), ირაკლის საერთო მეგობრის პირით შეუთვალა, „ირაკლის ქცევა რეპუტაციას მილახავს და მისი ჩვენთან მუშაობა აღარ გამოვაო“.
ირაკლი ჭელიძემ გიორგი დონაძეს მეგობრის დახმარებითვე უპასუხა, თუ მის მიმართ ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელობიდან რაიმე პრეტენზია არსებობდა, შეხვედროდნენ და პირადად აეხსნათ, რადგან მას ცენტრში მუშაობის ათი წლის განმავლობაში ერთი საყვედურიც კი არ მიუღია.
მაისიდან დეკემბრამდე, როგორც ირაკლი გვიამბობს, „იყო სრული სიჩუმე“. მას არავინ შეხმიანებია. იმავე, 2024 წლის ზაფხულში, რაჭაში, მისი ხელმძღვანელობით ფესტივალიც ჩატარდა. თუმცა სამსახურში ირაკლი აღარ მისულა. ამბობს, რომ ყველაფრის ორგანიზებას ჩამოაშორეს, წაიშალა ვოთსაფის ჯგუფიც, სადაც ყველა ერტად მსჯელობდა.
გიორგი დონაძის ზარი მასთან მხოლოდ 23 დეკემბერს გაისმა:
„ჯერ მკითხა, სად დაიკარგეო, რაზეც მისი შემონათვალი შევახსენე და ვუთხარი, ამის შემდეგ სამსახურში როგორ უნდა მევლო-მეთქი. შევთანხმდით, რომ ორშაბათს შემხვდებოდა და ვილაპარაკებდით, თუმცა ორშაბათს, დონაძის მაგივრად, ცენტრის სხვა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ 31 დეკემბრიდან მიწყდებოდა ხელშეკრულება. თუმცა არანაირი დოკუმენტი არც წინასწარ და არც 31 დეკემბერს არ მიმიღია“.
31 დეკემბრიდან 13 იანვრამდე საჯარო სექტორისთვის უქმე დღეები გამოცხადდა. 13 იანვარს ირაკლი ჭელიძემ ფოლკლორის ცენტრს ოფიციალური წერილი მისწერა, სადაც გათავისუფლების ბრძანებას ითხოვდა.
სამსახურიდან მან ჯერ წერილობითი გაფრთხილება მიიღო, 13 და 14 იანვარს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო. ირაკლიმ უპასუხა, როგორც ვიცი, 31-ში შეწყდა ჩემი ხელშეკრულება და თუ ეს ასე არ არის, მზად ვარ თანამშრომლობა გავაგრძელოო.
15 იანვარს მეორე საყვედურიც გაუგზავნეს სამსახურში გამოუცხადებლობაზე. ხოლო 20 იანვარს - უკვე გათავისუფლების ბრძანებაც.
„ამ ამბებს კიდევ ერთი ფაქტი უძღოდა წინ, ფეისბუკზე ჩემი რეაქცია გიორგი გაბუნიას ქარდზე, რომელიც, როგორც მახსოვს, "იმედმა" გამოაქვეყნა, სადაც მისი რაღაც ფრაზა იყო, როგორ გვღუპავს ევროპა... ეს ქარდი დავაჰაჰავე. მოგვიანებით ეგეც გამიხსენეს“.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საქმიანობა მოიცავს: ქართული ხალხური მუსიკის, ქართული ტრადიციული გალობის, ზეპირსიტყვიერების, ქორეოგრაფიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებებს. ცენტრის მისიაში ვკითხულობთ, რომ ცენტრი "თავისი დაარსების დღიდან ემსახურება ეროვნულ ტრადიციულ კულტურას".
როდესაც ფოლკლორის ცენტრში ირაკლი ჭელიძის გათავისუფლების მიზეზები მოვიკითხეთ, ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, მარიამ ებანოიძემ ასე გვიპასუხა:
„მაგ კითხვაზე მხოლოდ ასე გიპასუხებთ, ჰკითხეთ თავად ირაკლის, ბოლოს როდის იყო სამსახურში?“
- ანუ, სამსახურში არ დადიოდა და ამიტომ გათავისუფლდა?
- პასუხი ეს არის - ჰკითხეთ, როდის იყო ბოლოს სამსახურში.
- თუ სამსახურში არ დადიოდა, ამის გამო, მთელი ამ თვეების განმავლობაში საყვედური მაინც არ უნდა მიეღო?
- გიორგი დონაძე მაქსიმალურად ცდილობდა მისთვის გაეგო. ბოლომდე მისცა შანსი.
რადგან გიორგი დონაძესთან კომენტარის მოთხოვნის შემდეგ, ფოლკლორის ცენტრმა გადაწყვიტა, რომ თანამშრომლების გათავისუფლების საკითხზე რადიო თავისუფლებას მარიამ ებანოიძე უპასუხებდა, სალომე ცისკარაულის გათავისუფლების მიზეზის ახსნაც მას ვთხოვეთ:
როგორც მარიამ ებანოიძე ამბობს, სალომე მისი მეგობარია და ამ სამსახურშიც მისი რეკომენდაციით მიიღეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ცენტრი მას „მენეჯმენტთან შეუთავსებლობის“ გამო დაემშვიდობა, რაც შესამჩნევი გახდა ბოლო ორ წელიწადში.
„ეს, რაც მოხდა, ალბათ, უფრო მის ხასიათთან არის დაკავშირებული, რადგან სალომეს უჭირს სხვისი აზრის გათვალისწინება. როცა გუნდი ერთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, სალომე ყოველთვის სხვა აზრზე იყო....
პოლიტიკური ნიშნით ფოლკლორის ცენტრში ადამიანებს არ ვანსხვავებთ. ასე რომ იყოს, გადახედეთ ჩვენს სხვა თანამშრომლებს, გვყავს ისეთები, ვინც გაცილებით მწვავედ გამოხატავენ პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად და მაინც მუშაობენ ჩვენთან. ჩვენ პოლიტიკა სამსახურში არ შემოგვაქვს“.
- ღიად გამოხატავენ მხარდაჭერას, მაგალითად, მიმდინარე პროტესტის მიმართ და მათთან ხელმძღვანელობას პრობლემა არ აქვს?
- რა თქმა უნდა. ფოლკლორის ცენტრიდან პოლიტიკური ნიშნით არასოდეს არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა. ხელმძღვანელობიდან გიორგი უშიკიშვილის წასვლის შემდეგ თუ თავისით გადავიდა ვინმე, თორემ, ჩვენ არავინ გაგვითავისუფლებია. ყველა ადგილზეა და ვმუშაობთ გუნდურად. ამიტომ, ამაზე საუბარი არასერიოზულია. სალომეს რაც შეეხება, გიორგი ძალიან ეცადა, რომ მას სამსახური არ დაეკარგა, სხვა არაერთი პოზიცია შესთავაზა, რაზეც სალომემ უარი თქვა.
- სალომე თავის საქმეებს და პროექტებს არ ჩამოგიშორებიათ?
- პირიქით. მას მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა ამ წლების განმავლობაში. უბრალოდ, საჯარო სამსახური მოიცავს რაღაც წესებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობა, დილით სამსახურში გამოცხადება... სალომე ამ წესებს არ ემორჩილებოდა.
- და ამისთვის რატომ არ გამოუცხადეთ საყვედური? როგორც ვიცი, მას არ მიუღია არცერთი საყვედური აქ მუშაობის ექვსი წლის განმავლობაში.
- სიტყვიერი საყვედური მიუღია, მეც მითქვამს ეს მისთვის, მაგრამ მას არასოდეს ჩემი აზრი არ გაუთვალისწინებია.
- გიორგი დონაძისთვის გვინდოდა ამ კითხვის დასმა - სალომე ამბობს, რომ ის უფროსის და მისი მოადგილის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია და ამ შემთხვევას, თუ როგორ უყვიროდა მას ორი კაცი, აღწერს კიდეც. ამაზე რა პასუხი აქვს გიორგი დონაძეს?
- სალომეს რომ კარგად იცნობდეთ, მიხვდებით, რომ მისი დაჩაგვრა წარმოუდგენელია. მე არ ვიცი, იყო თუ არა ასეთი ხმამაღალი საუბარი, მაგრამ თუ მსგავსი რამ მოხდა, ალბათ, ეს იყო ორმხრივი. სალომე საკადრის პასუხს გასცემდა ყველას.
მარიამ ებანოიძე, რომელიც ფოლკლორის ცენტრის სახელით, კატეგორიულად უარყოფს თანამშრომლების ცენტრიდან გათავისუფლებას, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ პირადად ის გახდა ამ ნიშნით გათავისუფლების მსხვერპლი 2005 წელს, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოუშვეს:
„მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად. გამომიშვეს ორი რეპორტაჟის გამო: ერთი ზურაბ ჟვანიას მკვლელობას ეხებოდა, მეორე - პატრიარქის საწინააღმდეგო განცხადებები რომ არ გავაშუქეთ, მაგას. მე არ ვნანობ ამას, უბრალოდ, პოლიტიკურ დევნაზე თუ ვლაპარაკობთ, სწორედ მაშინ იყო ეგ პოლიტიკური დევნა და დღეს ამ მიზეზით სალომეს და ირაკლის გათავისუფლებაზე საუბარი სასაცილოა“.
დეკემბრის შემდეგ საჯარო სამსახურებიდან ასობით საჯარო მოხელე და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანი გაათავისუფლეს და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
საჯარო მოხელეების მიერ შექმნილი პროფკავშირი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საჯარო მოხელეებს სამართლებრივ დახმარებას უწევენ და მათი საქმეების ნაწილი უკვე სასამართლოშია.
ამ საჯარო მოხელეების უმრავლესობა, ვინც დღეს ღიად ლაპარაკობს, აცხადებს, რომ ისინი გაათავისუფლეს მათი საჯარო კრიტიკული პოზიციის, ძალადობის დამგმობი და ევროკავშირის მხარდამჭერი პეტიციების ხელმოწერის გამო.
ისიც ცნობილი გახდა, რომ მათმა ნაწილმა ამ განცხადებებზე საკუთარი ხელმოწერა უკან წაიღო, რაც, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „კონსტიტუციის 78 მუხლის“ შეფასებით, სავარაუდო ზეწოლის მანიშნებელი შეიძლება იყოს.
სასამართლოს უკვე მიმართა სალომე ცისკარაულმაც.