116 წლის შემდეგ, ეს ფირფიტები ტრადიციული მუსიკის მკვლევრის, სანდრო ნათაძის კოლექციაში აღმოჩნდა - ის დღემდე იკვლევს მათი წარმოშობის და გადარჩენის დაუჯერებელ ისტორიას.
ფირფიტა ნომრით 9 8 4...
ერთ მშვენიერ დღეს, სანდრო ნათაძეს, მისმა ბუკინისტმა მეგობარმა გიორგიმ მათი საერთო მეგობრის, ასევე კოლექციონერის და ძველი ნივთების დიდი მოყვარულის, ედო გოგიშვილის საჯარო ფეისბუკპოსტზე მიაქცევინა ყურადღება - გამოქვეყნებულ ვიდეოში ძველი მუსიკალური ფირფიტა უკრავდა. სანდროსთვის რთული გამოსაცნობი არ იყო, რომ აქ ცნობილი მომღერლის, „გურიის ბულბულის“ - სამუელ ჩავლეიშვილის გუნდი მღეროდა 1909 წელს ჩაწერილ „მგზავრულს“.
მაგრამ მეორე ვიდეოზე მისთვის აქამდე უცნობი მელოდია მოესმა და რადგან სანდრო წლებია სწავლობს სამუელ ჩავლეიშვილის ფენომენს, მაშინვე მიხვდა, რომ ეს რაღაც ახალი უნდა ყოფილიყო. რამდენიმეწამიანი ჩანაწერის მოსმენის შემდეგ დარწმუნდა, რომ ეს იყო სამუელის სიმღერის ის ვერსია, რომელიც მას აქამდე არ მოესმინა და მაშინვე ფირფიტის ყიდვა გადაწყვიტა.
კოლექციონერს კიდევ ერთი ასეთივე ფირფიტა აღმოაჩნდა და საბოლოოდ, ორივე სანდროს კოლექციის ნაწილი გახდა. თუმცა მათ გაციფრულებამდე, მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რა დახვდებოდა ძველ ვინილებზე.
ფირფიტები ვიზუალურად, ერთი შეხედვით, არაფერს ამბობდა მნიშვნელოვანს. ერთ-ერთს რუსულად, ტუშის კალმით, გაკრული ხელით ეწერა ორი სიტყვა „გურიისკი ხორ“ – „გურიის გუნდი“ და სერიული ნომერი, რომელიც 98-ით იწყებოდა.
როცა ჩანაწერის მოსმენა დაიწყო, სანდრომ ნახა, რომ ფირფიტაზე, უკვე ცნობილი და აქამდეც არაერთხელ გამოცემული მრავალჟამიერის და მოკლე მრავალჟამიერის გარდა, მოკლე პაუზის შემდეგ, ჩაწერილი იყო კიდევ სამი ცნობილი გურული სიმღერის „მადლობელის“, „რაშო რერას“ და „შვიდკაცას“ ახალი და აქამდე გამოუცემელი, უნიკალური ვერსიები სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის შესრულებით - თავისი შესავალი შეძახილებით, სადაც ისმის შემსრულებლების სახელები და გვარები და სიმღერების დასახელებებიც.
ამ ვიდეოში სანდრო ნათაძე ჩვენთან ერთად უსმენს და გვიყვება ამ ჩანაწერებზე.
„116 წლის შემდეგ, 1909 წელს, ქუთაისში ჩაწერილი სიმღერების ამ ვერსიების მოსმენა ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო“, - იხსენებს სანდრო ნათაძე.
ძველი გურული მომღერლები ხომ ერთსა და იმავე სიმღერას, ყოველ ჯერზე განსხვავებულად, სრული იმპროვიზაციით მღეროდნენ და ასე აქცევდნენ მას თითქმის ახალ სიმღერად.
ეს, დღემდე სადღაც ჩაკარგული, პირველი ქართული ხმოვანი ჩანაწერებიც ამიტომ იყო ასე ძვირფასი. „და უნიკალურიც“ - აზუსტებს სანდრო ნათაძე: მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებულ ამ მომღერალთა სიმღერის სტილით მათი მასწავლებლების სიმღერაზეც შეიძლება წარმოდგენის შექმნა - ეს კი უკვე ტრადიციული ქართული სიმღერის ორსაუკუნოვანი ისტორიაა.
და კიდევ - რომ არა ეს ჩანაწერები, რომელიც 1909 წელს, ბრიტანულმა „გრამოფონმა“ ჩაწერა, სამუელ ჩავლეიშვილის ხმა შეიძლება საერთოდ ვერ მოგვესმინა და მასზე და მის გუნდზე მხოლოდ ლეგენდები შემორჩენილიყო.
სიმღერები ქუთაისში ჩაიწერა. სანდრო ნათაძის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ სამეულ ჩავლეიშვილის გუნდი იქ აკაკი წერეთლის იუბილეზე მიუწვევიათ. როგორც ჩანს, სწორედ ამ იუბილეს შემდეგ ეწვივნენ ისინი ქუთაისში “ზინგერისა“ და „გრამოფონის“ მაღაზიას.
„ჩვენ ვიცოდით, რომ მათ იქ მხოლოდ 11 სიმღერა ჩაწერეს. ამ აღმოჩენით კი მას კიდევ სამი დაემატა“, - გვიყვება სანდრო.
მაგრამ ფირფიტების ამბავი აქ არ სრულდება. სანდრო ნათაძემ ისინი მეგობრებს, ასევე ტრადიციული მუსიკის ექსპერტებსა და მოყვარულებს, სანდრო ჯანგირაშვილსა და დავით შუღლიაშვილს მოასმენინა და სწორედ მათ ივარაუდეს, რომ ეს შესაძლოა, იყო ე.წ. ტესტ პრესი, რაც იმას ნიშნავს, რომ „გრამოფონის“ ხმის რეჟისორებმა გურული მომღერლები ჩაწერეს, შემდეგ სიმღერები გადაარჩიეს, რაც მოიწონეს, გამოსაცემად მომზადდა, რაც არა, წესით, გადაყარეს ან უნდა გადაყრილიყო.
ამ ვერსიის სისწორეში 99%-ით დარწმუნებული სანდრო ნათაძე დიდ ბრიტანეთში კომპანია „გრამოფონის“ წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც თქვეს, რომ შეუძლებელი იყო ეს ტესტ პრესები გადარჩენილიყო, რადგან ისინი მაშინვე ნადგურდებოდა. მათთვის ისიც დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ ამ, არაოფიციალურად ჩაწერილ ფირფიტაზე, ხმა თითქმის ისევე ხარვეზების გარეშე ისმოდა, როგორც 116 წლის წინ.
„გრამოფონი“ ამ ამბით ძალიან დაინტერესდა და მოინდომა ეს ფირფიტები თავის არქივში ჰქონოდა. მოსმენის შემდეგ კი სანდრო ნათაძეს „გრამოფონის” არქივის 4-მა ექსპერტმა რამდენიმეგვერდიანი დასკვნაც გამოუგზავნა, რომელშიც საინტერესო, მაგრამ ძალიან დამაბნეველი ამბები ეწერა.
“გრამოფონი” ირწმუნებოდა, რომ ფირფიტაზე დატანილი ნომრები მათ კომპანიას არ ეკუთვნოდა, თუმცა ეს სიმღერები ნამდვილად იყო “გრამოფონის” ჩაწერილი.
ყველაფერი თავდაყირა დადგა - მაშ, ვის შეიძლება ეს ჩაეწერა? ვის ეკუთვნოდა ეს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც იწყებოდა რიცხვებით 9, 8, 4?
ეროვნული ბიბლიოთეკის ფონოტეკაში აღმოჩნდა ერთი ფირფიტა, ამავე ფონტით მიწერილი ამავე ნომრებით, რომელსაც ჰქონდა ლოგო და წარწერა - “მონარქ რეკორდი”. სანდრო ნათაძემ ანზორ ერქომაიშვილის კატალოგს ჩახედა - იქ “მონარქ რეკორდსი” არსად ჩანდა. თან, ფირფიტაზე ჩაწერილი იყო არა სიმღერა, არამედ, ვიღაც გურული კაცის საუბარი.
უტყუარი ფაქტი იყო ის, რომ ეს კომპანია მაშინდელ საქართველოში ნამდვილად მუშაობდა. ძებნა-ძებნით სანდრო ერთ გერმანელ კოლექციონერს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ეს სინამდვილეში არა “მონარქ რეკორდის”, არამედ გერმანული “ანკერ რეკორდის” ჩანაწერი იყო. გერმანელმა კოლექციონერმა სანდროს ფირფიტაზე გამოსახულ ღუზის (Anker (გერმ.) - ღუზა) ლოგოზე მიუთითა და ისიც უთხრა, რომ ეს კომპანია მაშინდელი რუსეთის იმპერიაში (რომლის ნაწილიც იყო საქართველოც) “მონარქის” სახელით მუშაობდა…
“ახლაც ვიკვლევ და ვცდილობ რაიმე კვალზე გავიდა, როგორ მოხვდა ეს სიმღერები ამ ფირფიტაზე, ვინ შეინახა, ვინ მიანიჭა ეს ნომერი, როგორ გადარჩა… ერთადერთი, რაც უტყუარად ვიცით ის არის, რომ რა სიმღერებიც იყო გამოცემული და ემთხვევა ამ ჩანაწერსაც, ეს არის “გრამოფონის” მიერ ჩაწერილი სიმღერები”.
ცნობილი “გრამოფონი” და მისი პირველი მაღაზია თბილისში
ბრიტანული “გრამოფონი” კომერციული ორგანიზაცია იყო, რომელიც, როგორც სანდრო ნათაძე გვიამბობს, არ ფიქრობდა ქართველი ხალხისთვის მათი ტრადიციული სიმღერების ოქროს ფონდის შექმნაზე, თუმც ზუსტად ეს გამოუვიდა.
მათ ამიერკავკასიაში, სწორედ თბილისში გახსნეს თავიანთი პირველი მაღაზია - მაშინდელი გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ, სადაც ადრე სასტუმრო “ორიენტი” იდგა. აი, სწორედ ამ კუთხეში გაიხსნა 1901 წელს ეს მაღაზია და “გრამოფონის” პირველი ხმის ჩამწერი სტუდიაც თბილისში.
“საკრალური ადგილი არა მხოლოდ ქართველებისთვის. რადგან აქ ხმის ჩასაწერად ჩამოდიოდნენ უნიკალური მომღერლები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც. ხმას კი ამ მაღაზიაში იმიტომ იწერდნენ, რომ თავად საკრავის, გრამოფონის დემონსტრირება მოეხდინათ და მერე გაეყიდათ”.
“გრამოფონის” რეკლამებს მაშინდელ გაზეთ “ივერიაშიც” ხშირად ნახავდით.
ცნობილი მომღერალი, ლადიმე ბერძენიშვილი იხსენებდა თურმე, როგორ იდგა ჩოხატაურის ბაზარში გრამოფონი, რომელიც სამუელ ჩავლეიშვილის სიმღერებს უკრავდა, მოსასმენად კი რამდენიმე კაპიკი უნდა გაგეღო.
სანდრო ნათაძე იმედს არ კარგავს, რომ კომპანია “გრამოფონის” არქივში აუცილებლად გამოჩნდება იმ ხმის რეჟისორების დღიურები, რომლებმაც ქართველი მომღერლების ხმები ჩაიწერეს და მათი სიმღერების შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვათ. მათ შორის, “გეისბერგი, ჰამპე და სხვები”.
თუმცა “გრამოფონი” არ იყო ერთადერთი ევროპული ხმის ჩამწერი სტუდია მაშინდელ საქართველოში. “მონარქ რეკორდი” და “ანკერ რეკორდი” ვახსენეთ და იყო კიდევ ცნობილი ფრანგული “პატეც”:
“მთელი ჩვენი ოქროს ფონდი, სწორედ ჩვენი ევროპელი მეგობრების წყალობით არის შემონახული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა”.
სანდროს პასუხი არც იმ კითხვაზე ჰქონდა, სად იყო ეს ფირფიტები 116 წლის განმავლობაში ან როგორ მოხვდა ის ჯერ “ბარახლოვკაზე”, მერე კი კოლექციონერის ხელში - ისევ ამ უკანასკნელს დაურეკა და გაარკვია, რომ ეს ორი ვინილი, კიდევ სხვა რამდენიმე ფირფიტასთან იდო ყუთში. ყუთის ფოტოც მოიძიეს და მასზე მისალოცი წარწერაც, სადაც ვინმე ვასილს 60 წლის იუბილესა და “ნაყოფიერი შემოქმედებიდან 40 წლის” იუბილეს ულოცავდნენ. იქვე წელიც იყო მიწერილი - 1969.
ივარაუდეს - ხომ არ შეიძლება ეს ყოფილიყო გურული მომღერალი, ვასილ მახარაძე, რომელიც 12 წლისა იყო, როცა ლანჩხუთში ჩასულ მაშინ უკვე ძალიან ცნობილ სამუელ ჩავლეიშვილს წარუდგინეს, როგორც ნიჭიერი ბავშვი და მასთან ერთად იმღერა.
“ეს ის ვასილ მახარაძეა, რომლისთვისაც სამუელს უთქვამს ერთად სიმღერის შემდეგ, “კაი ხარ, ბიძიკო, მარა მოლხენა გაკლია სიმღერაშიო”, - გვიამბობს სანდრო ნათაძე.
ეს ვერსია მალე იქცა რეალობად. სწორედ იმ დღეებში, როცა სანდრო ამ წარწერის ადრესატის ვინაობას ადგენდა, ხალხური სიმღერის ქომაგის, ცნობილი არმენოლოგის, ვანო შილაკაძის არქივში იპოვა მოსაწვევი ვასილ მახარაძის ფოტოთი და ტექსტით, რომელიც მეცნიერს ვასილ მახარაძის 60 წლის იუბილეზე ეპატიჟებოდა და ისიც 1969 წლით იყო დათარიღებული.
სანდრომ ვასილის შთამომავლებს ორთაჭალაში, ყოფილი ნადიკვარის ბინაზე მიაგნო და იქ გაირკვა, რომ მათ ჰქონდათ ვასილ მახარაძის მთელი არქივი, რომლის ნაწილიც, დიდი ალბათობით იყო ეს ძველი ვინილებიც, რომლებიც როგორღაც აღმოჩნდა ძველმანების ბაზრობაზე… როგორ და რატომ, ეს ჯერ სანდრომ არ იცის. და ელის, რომ იმ არქივშიც შეიძლება მიაკვლიოს პასუხებს დაგროვილ კითხვებზე.
სამუელ ჩავლეიშვილი და მისი გუნდი
მათზე ბევრი დაწერილა და თქმულა - სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის თითოეული წევრი ფენომენალური მომღერალი იყო. თავად სამუელ ჩავლეიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, სამუელ ჩხიკვიშვილი, ბესარიონ ინწკირველი, ილარიონ ჩავლეიშვილი, ალექსანდრე მახარაძე, სამსონ ურუშაძე და სხვები. ინდივიდუალიზმით გამორჩეული შემსრულებლები, რომელთა იმპროვიზაციულ ნიჭზეც ლეგენდები დადიოდა.
საბჭოთა კავშირის დროს, როცა დიდი სასიმღერო გუნდები გაჩნდა, როგორც სანდრო ნათაძე გვიყვება, ეს ხელწერა დაიკარგა.
„საბჭოთა იდეოლოგიის არსიც ხომ ეს იყო, რომ პიროვნების როლი უნდა დაკარგულიყო. ასე მოხდა სიმღერაშიც“.
სამუელს, რომელსაც „გურიის ბულბულს“ სიცოცხლეშივე ეძახდნენ, სულაც არ ჰქონია ბულბულის ხმა - მეტიც, სინამდვილეში ჩახრინწული ხმა ჰქონდაო, გადმოცემით არის ცნობილი.
„ეთნოგრაფიული გურიის“ ავტორი აპოლონ წულაძე სამუელზე გავრცელებულ ლეგენდას იშველიებდა - სამუელი ანგელოზებს მოჰყავდათ, შემთხვევით გურიის თავზე ჩამოუვარდათ და ბავშვი გონს რომ მოვიდა, გაიხედ-გამოიხედა და გურულ დიალექტზე თქვა: „სა მუელი კი მარაო?“
ჩვენამდე მოღწეულია კიდევ ერთი ამბავი - როგორ გასჯიბრებიან ჭყონაგორაში გამართულ ქორწილში სამუელს ძმები გორგილაძეები ერთი სიმღერის მრავალგვარად მღერაში: თურმე ერთ ვერსიას რომ იტყოდნენ, ასანთის ერთ ღერს დადებდნენ მაგიდაზე. სამუელმა, თურმე, 51-ჯერ მოატრიალა ერთი და იგივე სიმღერა სულ სხვადასხვანაირად. გორგილაძეებმა - 27-ჯერ.
ე.წ. ლატარიის სიმღერაც მის სახელს უკავშირდება - როცა მომღერლები მხოლოდ ტექსტზე თანხმდებოდნენ, დანარჩენი კი სრული იმპროვიზაცია იყო - ერთი იწყებდა, მეორე აგრძელებდა და ან გაგიმართლებდა ან არა. ასე შესჯიბრებია სამუელს ფოთში, ძუკუ ლოლუაც - მეგრულ-აფხაზური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი.
სამუელი ჩიტებს უსმენდა და მათგან სწავლობდაო. სასტვენები ჰქონია, რომლითაც ეძახდა და მათ ნამღერ მელოდიებს უსმენდაო.
„განსაკუთრებით კი ჩხართვებს, რომლებიც თავად არ გალობენ, მაგრამ სხვა ჩიტების იმიტაციას აკეთებენ და ამიტომ, მათი არცერთი ნაგალობები მუხლი, ერთმანეთს არ ჰგავდა - მათ უსმენდა და შეჰქონდა ეს მელოდია სიმღერაში. აი, ამიტომ იყო სამეულ ჩავლეიშვილი რევოლუციონერი გურული მომღერალი“.
მისი ოჯახი ცნობილი გურული თავადის, სამუელ მაქსიმელაშვილის ყმა ყოფილა - კაცის, რომელიც ეწეოდა გურული სიმღერის პოპულარიზაციას და როგორც ძველ ამბებში წერია, „შემღერდა ხალხი მის სასახლეშიო“.
მაქსიმელაშვილის ოჯახი საბჭოთა მთავრობამ ამოწყვიტა. წლების შემდეგ, ისევ სამუელ ჩავლეიშვილის ოჯახის ძველ ალბომში ნაპოვნ ფოტოზე იპოვა სანდრო ნათაძემ ამ ოჯახის უძველესი ფოტო, რომლის ამბავსაც ის თავად გვიამბობს ამ ვიდეოში.
სამუელ ჩავლეიშვილის გუნდი საბოლოოდ 1917 წელს შეიკრა. მანამდე ისინი სპონტანურად იკრიბებოდნენ ხოლმე და მიწვევით მღეროდნენ ხან სად და ხან სად. ეს „შემღერებული ტრიოები“ ხან მეშახტეებისთვის ატარებდნენ საქველმოქმედო კონცერტებს, ხან სკოლებისთვის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის.
სამუელი მუდამ პირველ ხმას მღეროდა. ვარლამ სიმონიშვილი ბანს ამბობდა. მეორე ხმაში სამუელ ჩხიკვიშვილი და ბესარიონ ინწკირველი ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. კრიმანჭულში ალექსანდრე მახარაძე და სამსონ ურუშაძე შემოდიოდნენ...
და არცერთი მათი ნამღერი არ იყო წინა ნამღერის მსგავსი - სულ იცვლებოდა და რთულდებოდა. სწორედ ეს იყო ის, რამაც სამუელ ჩავლეიშვილი და მისი გუნდი ლეგენდარულ გურულ მომღერლებად აქცია.