Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველა სხვა სკოლაშიც სხვა სკოლაა შესახლებული“ - ახალი სასწავლო წელი „შესახლებულთა“ ძველი პრობლემებით


თბილისის N157 სკოლა
თბილისის N157 სკოლა

მოკლედ

  • საქართველოს სკოლების ნაწილი ავარიულია, რის გამოც მოსწავლეები სხვა სკოლებში არიან გადანაწილებული.
  • 157-ე სკოლის რეაბილიტაცია ორი წელია, არ იწყება, რაც მშობლებისა და მოსწავლეების პროტესტს იწვევს.
  • სკოლების გადანაწილება მოსწავლეებს რთულ პირობებში სწავლისა და ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის.
  • განათლების მინისტრი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, თუმცა საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

ახალ სასწავლო წელს საქართველოს განათლების სისტემა ისევ ძველი პრობლემით შეხვდა, მრავალი სკოლა დღემდე სხვა სკოლაშია შესახლებული და მოსწავლეებს სახლებიდან მოშორებით, მეორე ცვლაში სიარული უწევთ.

15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს თბილისის 157-ე სკოლის მოსწავლეები და მშობლები ცარიელი სკოლის წინ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. ვაზისუბნის ეს სკოლა მეორე წელია რეაბილიტაციას ელოდება, ათასზე მეტი ბავშვი კი, მეზობელ, 172-ე და 139-ე სკოლებშია გადანაწილებული.

157-ე სკოლიდან მოსწავლეების „გამოსახლების“ გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როდესაც 2024 წლის აპრილში ბათქაში ჩამოვარდა და დამლაგებელს თავზე დაეცა. დამლაგებელი გადარჩა, მაგრამ სკოლიდან გამოსული ბავშვები უკან ვეღარ შებრუნდნენ.

„ზუსტად იმ დღეს ვიხუმრე, ჩამოინგრევა ჭერი და დაეცემა ვიღაცას-მეთქი და მართლა დაეცა“, - იხსენებს უფროსკლასელი ქეთი კაჭარავა.

„მათემატიკა რომ დაიწყო, დიდი ბრახუნის ხმა გავიგეთ. რომ გავედით, აგურები იყო ჩამოცვენილი. ჩემი კლასელის დედა გვერდზე ხეს ღებავდა ზეიმისთვის. გადარჩა“, - იხსენებს გაბრიელა ქინქლაძე, რომელიც მაშინ მეორე კლასში სწავლობდა.

ახლა უკვე მე-4 კლასელი გაბრიელასთვის ახალი სკოლა, სადაც მეორე წელია სწავლობს, მისი სახლიდან ძალიან შორსაა - ხანდახან ვაგვიანებო.

ქეთის ახალ სკოლაში მეცადინეობა მეორე ცვლაში, 15:15 საათზე ეწყება. თან სამ საგანში ერთად ემზადება, ჩოგბურთზეც დადის. ეს ყველაფერი დღის მეორე ნახევარშია, ერთი თუ არ გააცდინე, მეორეზე ვერ მოხვდები. სკოლაში მეორე გაკვეთილზე რომ მივდივარ, მეოთხეზე მოვდივარო, ამბობს. იგივე პრობლემები აქვს მეათეკლასელ ნია ქაქუჩაიას.

„13:45 საათზე მეწყება სკოლა და 18:10 საათზე მიმთავრდება. ფეხბურთზე დავდივარ, რომელიც 17-18 საათისკენ იწყება და სკოლის გაცდენა მიწევს. გაკვეთილების მომზადებასაც ვერ ვასწრებ“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2024 წლის დასკვნაში წერია, რომ 157-ე სკოლის შენობას აქვს ჯდენითი დეფექტები, რის გამოც დაზიანებულია კედლები და ტიხრები.


ეკატერინე როსტიაშვილი
ეკატერინე როსტიაშვილი

„ამ სკოლას მას შემდეგ ხელი არ დადებია. „სამხარაულის“ რამდენიმე დასკვნა იყო, მაგრამ მინისტრები იცვლებიან და ყოველ ჯერზე ახლიდან სჭირდებათ ჩვენი საქმის შესწავლა. მერე პასუხისმგებელი ორგანო - ინფრასტრუქტურის სააგენტო - გაუქმდა. ჩათვალეს, რომ მისი გაკეთებული საქმეები არ გამოადგებოდათ და ისევ თავიდან დაიწყეს. მოკლედ, გვირაბის ბოლოს შუქი არ ჩანს“, - ჰყვება ერთ-ერთი მშობელი და აქციის ორგანიზატორი ეკატერინე როსტიაშვილი. იმასაც ამბობს, რომ როცა აქციის გამართვა დააპირეს, სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებლებს ჩამოურეკა და პროტესტის გამოხატვა აუკრძალა: „86 მასწავლებლიდან მხოლოდ 4 მოვიდა. მეც დამირეკეს“.

მშობლები ჰყვებიან, რომ რადგან სკოლა ავარიულია, თავადაც არ ცდილობენ, შიგ ძალით შეიჭრან, მაგრამ უნდათ, საკითხი როგორმე მოგვარდეს.

„ჩვენი შვილები უკვე რამდენი ხანია, ღამის სკოლაში სწავლობენ, ამას სხვა სახელს ვერ დავარქმევთ. პასუხსაც არავინ გვცემს. მოგვაქციონ ყურადღება. ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. მთელი დღე საჭმელს რომ ვერ შეჭამს ბავშვი და 19 საათზე რომ მოვა სახლში, ეს ნორმალურია? როდისღა უნდა იმეცადინოს?“ - კითხულობს ეკა ფანჯაკიძე.

მშობლები ამბობენ, რომ იმ სკოლებში, სადაც „შეასახლეს“ ოთახები მუდმივად სახვეწარი აქვთ. უადგილობის გამო ბავშვებს გაკვეთილების ნაწილი ონლაინ უტარდებათ.

„14 საათზე გვეწყება გაკვეთილები. ორი დღე ონლაინ უნდა ვიყოთ. ადრე ძიუდოზე დავდიოდი და ახლა ვეღარ დავდივარ. ძილის რეჟიმიც ამერია, ღამე მიწევს მეცადინეობა“, - ამბობს მეათეკლასელი გიორგი ითაშვილი.

„172-ე სკოლას გარეგნულად კიდევ არა უშავს და 139-ე ამაზე უარესია, ბავშვები რომ დადიან ზანზარებს. რა ლოგიკით გადაიყვანეს ბავშვები ერთი ავარიული სკოლიდან მეორე ავარიული სკოლაში? მხოლოდ იმ ლოგიკით, ალბათ, რომ ვაზისუბანში ყველა სხვა სკოლაშიც სხვა სკოლაა შესახლებული“, - ამბობს ეკატერინე როსტიაშვილი.

15 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ეკა უდესიანი ამ პრობლემას შეეხო და პასუხისმგებლობა თბილისის მერიას დააკისრა.

„მე-4, მე-10 და მე-11 სკოლებში ისევ რემონტია. ეს არ არის გარემო, სადაც ბავშვებს სრულფასოვნად შეუძლიათ განათლების მიღება... მე-14 სკოლაც ნახევრად დანგრეულია, 113-ე და 96-ე სკოლები კი - მიწასთან გასწორებული“, - თქვა უდესიანმა.

უკვე წლებია სკოლების საკმაოდ დიდი ნაწილი შენობის ავარიულობის გამო სხვა სკოლებსაა შეფარებული. „ბიზნეს მედია“ წერდა, რომ 2024 წელს სწავლის პროცესი 174 სკოლამ ვერ დაიწყო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 15 სექტემბერს აღნიშნა, რომ ახალ სასწავლო წელს არაერთი განახლებული სკოლით შეხვდნენ „ჩვენ ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ ყველა სკოლას ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო“, - განაცხადა მან.

მანამდე კი მასწავლებლებს გაკვეთილების ჩასატარებლად ორ-ორ სკოლაში უწევთ სირბილი.

„მე გამიმართლა, ისეთ კლასები მაქვს, რომ ერთ სკოლაში ვარ. ჩემი კოლეგები ორ სკოლაში დარბიან, რომლებიც საკმაოდ მოშორებულია ერთმანეთს. ისეთი დაღლილები არიან ხოლმე“, - ამბობს 157-ე სკოლის ხელოვნების მასწავლებელი გუკა მამაიაშვილი.

განათლების ექსპერტის თამარ მოსიაშვილის თქმით, საქართველოს სკოლები 90-იანი წლებიდან მოყოლებული უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ ეს იმას არ ამართლებს, რომ წლების განმავლობაში საკითხი ვერ მოაგვარო: „კოვიდპანდემიის დროს იყო ეს შესახლებები. წლები გავიდა და ისევ გრძელდება. ბავშვებს წლების განმავლობაში არა აქვთ საკუთარი საკლასო ოთახი, არც ბუფეტის ადგილი აღარ არის, რომ წაიხემსონ“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება სკოლებში ჯანსაღი კვების კულტურის ჩამოყალიბება, უფასო კვების შემოღებაა. მაგრამ ბევრ სკოლაში არ არსებობს სივრცე, სადაც ბუფეტი ან კაფეტერია მოეწყობა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იმ სკოლებში დგას, სადაც სხვა სკოლების მოსწავლეები არიან გადანაწილებულები.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG