დაცვის მხარე 2016 წლიდან პერიოდზე მიუთითებს, როცა - პოლიტიკიდან წასულ ღარიბაშვილს თითქოს უკვე ჰქონდა ბიზნესი და დიდი შემოსავალი. ახსენებენ მისი მამის ღვინის ბიზნესსაც. პროკურატურის ვერსიაში კი 2016 წელი ნახსენები არ არის; პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში - ღარიბაშვილის მილიონები არ ჩანს.
„ასეთი დანაშაულის დროს დაზარალებული, პირველ რიგში, სახელმწიფო და საზოგადოებაა“, „დაზარალებული პროცესში გამოიკვეთება“, „ეს დიდი დარტყმაა ეკონომიკისთვის, თავისუფალი კონკურენციისთვის“ - ეუბნებიან იურისტები, ეკონომისტები რადიო თავისუფლებას და წაყენებული ბრალის არაადეკვატურობაზეც მიუთითებენ.
კონკრეტულად რას გულისხმობს წაყენებული ბრალი?
ირაკლი ღარიბაშვილს ამ ეტაპზე ბრალი სს კოდექსის მხოლოდ ერთი მუხლით აქვს წაყენებული, კერძოდ - 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია [ფულის გათეთრება], განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლით.
იურისტების განმარტებით, ეს მუხლი არ შეეხება უშუალოდ უკანონო შემოსავლების მიღებას და არც ამგვარი შემოსავლის წარმომავლობის დადგენას ემსახურება. მარტივად რომ ვთქვათ - 194-ე მუხლის მიხედვით ბრალის წაყენება თავისთავად ნიშნავს, რომ - მანამდე ბრალდებულს უკვე ჩადენილი ჰქონდა უკანონო ქმედება და თანაც - არაერთხელ.
„ვიდრე უკანონო შემოსავლების ლეგალიზება ანუ ფულის გათეთრება დაიწყება, უნდა იყოს ჩადენილი პრედიკატული [წინასწარი] დანაშაული - რომლითაც მიღებულია უკანონო შემოსავალი და ეს დანაშაული უნდა იყოს რეგულარული, ჩადენილი მრავალჯერადად. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ფინანსური დანაშაული... როდესაც ამ მუხლს უყენებ ყოფილ საჯარო მოხელეს, ნიშნავს, რომ ბრალდებულს უკანონო შემოსავალი უკვე ჰქონდა მიღებული“, - განუმარტავს რადიო თავისუფლებას იურისტი, ადვოკატი მარი შათირიშვილი. აღნიშნავს ასევე, რომ ფულის გათეთრების მიმართულებით ქართულ მართლმსაჯულებას მდიდარი პრაქტიკა არა აქვს და „ეს მუხლი „პოპულარული“ ამ ბოლო დროს გახდა“.
ბრალის წაყენების შემდეგ, პროკურატურამ აღწერა, თუ როგორ გაანაწილა [გაათეთრა] ღარიბაშვილმა უკანონოდ მოპოვებული 20 მილიონ ლარზე მეტი:
- 830 000 ლარის შემთხვევაში - ყალბ მონაცემებს წერდა თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებში, რომ “თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს”;
- 463 630 ლარად - ღარიბაშვილმა [2023-2024 წლებში] ორი ძვირფასი ავტომანქანა იყიდა და “მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა”;
- 210 000 ლარად - “ოჯახის წევრის მეშვეობით” შეიძინა კომპანიის 100% წილი, უძრავი ქონებით;
- 3 670 172 ლარი [ჯამში] - ჩადო მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში;
- 6 500 000 აშშ დოლარი შეიძინა [ახლანდელი კურსით - 17 მილიონ ლარზე მეტი], რაც ჩხრეკისას სახლში აღმოუჩინეს.
გამოძიება არ აკონკრეტებს - სულ ეს არის თუ არა ღარიბაშვილის მიერ არაკანონიერი გზით მოპოვებულ ფული და ქონება.
17 ოქტომბერს, როდესაც სუსმა 8 ყოფილი მაღალჩინოსანი მოხელის, ან მოხელესთან დაახლოებული და მათი ოჯახის წევრების 20-ზე მეტი ბინა და საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა, ფულის გარდა ამოიღო ასევე 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა, საათები, ძვირად ღირებული ნახატები.
და რა გზით მიიღო ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავალი?
194-ე მუხლთან ერთად, საგამოძიებო ორგანოები, უმეტესწილად სხვა მუხლსაც ასახელებენ - რომელიც უშუალოდ უკანონო შემოსავლების მიღებას უკავშირდება, რაც ფულის გათეთრებას უნდა უსწრებდეს წინ.
- ღარიბაშვილის კაბინეტის თავდაცვის ყოფილ მინისტრს - ჯუანშერ ბურჭულაძეს - 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გარდა, 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შეეხება;
- ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს, 194-ე მუხლის გარდა, ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ სამი მუხლით. მათგან ორი [332-ე და 333-ე] სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას შეეხება, ხოლო 337-ე მუხლი შეეხება - მოხელის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას; მართვაში უკანონო მონაწილეობას და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას, მფარველობის გზით.
მათგან განსხვავებით, ღარიბაშვილის შემთხვევაში - პროკურატურამ მხოლოდ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის "დანაწესზე" მიუთითა.
ეს კანონი ადგენს, მათ შორის - “ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის”, “კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებსა” და ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულებებს.
- გამოძიების თანახმად, 2019-2024 წლებში, თავდაცვის მინისტრის და პრემიერმინისტრის თანამდებობებზე ყოფნის დროს, ირაკლი ღარიბაშვილი “ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს”.
იურისტები რადიო თავისუფლებას განუმარტავენ, რომ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი შესაძლებელია გამოდგეს “პრედიკატულ” [წინასწარ] დანაშაულთან მიმართებაში, რომლითაც ბრალდებულმა უკანონო შემოსავლები დააგროვა, მაგრამ ასეთ "რბილ მიდგომას" “სასაცილოს” უწოდებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი, იურისტი სანდრო ბარამიძე.
“ბურჭულაძისა და სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკების ყოფილ ხელმძღვანელს, ღარიბაშვილს არ წარუდგინო [სხვა] ბრალი და არ დაიწყო ძიება მისი ქვემორე ჩინოვნიკების მიერ ჩადენილ [კორუფციულ] დანაშაულებში სავარაუდო თანამონაწილეობის თაობაზე, თავისთავად ბევრ კითხვას აჩენს… პროკურატურამ, ჯამში, დაახლოებით 10 მილიონ დოლარზე ილაპარაკა, ეს სასაცილო თანხაა ღარიბაშვილისთვის”, - კორუფციასთან დაკავშირებული სხვა ეჭვების გარდა, ბარამიძე მიუთითებს “ტვ პირველის” ეთერში [25 ოქტომბერს] გასულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენმა სუსს მისცა ჩვენება ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ტენდერებიდან 10%-იანი ქრთამის მიტანის შესახებ და მის ჩვენებაში ნახსენები იყო ირაკლი ღარიბაშვილიც.
რა შეკითხვები ჩნდება? დაზარალდა თუ არა სახელმწიფო?
ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი, რამაზ გერლიანი გვეუბნება, რომ ბიზნესსაქმიანობაში ჩართული პრემიერ-მინისტრი იმაზე ბევრად დიდი პრობლემა და დარტყმაა ეკონომიკისთვის - “ვიდრე ეს სამოქალაქო თვალით შეიძლება ჩანდეს”.
“როდესაც ესა თუ ის სუბიექტი [სახელმწიფო-პოლიტიკური ფიგურა] ლობირებს ნებისმიერ ბიზნესს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში და მის მომიჯნავე, ახლო სფეროებში დაირღვა თავისუფალი კონკურენცია. ეს იგივეა, რომ შეჯიბრების დროს, სტარტის ხაზთან, ვიღაცები წინ დააყენო, სხვები არ გაუშვა, დაიჭირო… სადავო ათეულობით მილიონის მიღებაზე უფრო უარესია ამ შემთხვევაში თავისუფალი კონკურენციის გარემოს გაფუჭების შედეგად მიღებული - როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ზარალი”, “ასეთი გზით კონკურენტი კომპანიები - სუსტდებიან, კოტრდებიან, ბაზარს ეთიშებიან”, - გერლიანისთვის წარმოუდგენელია, რომ ბიზნესში ჩართული პრემიერის ავტორიტეტი არ ყოფილიყო გამოყენებული, თუნდაც - ირიბად და ეს უკვე ნიშნავს, რომ “ბაზარზე სხვისი წილის დაკავება მოხდა”.
მაგალითად, ღვინის ბიზნესთან მიმართებით, რამაზ გერლიანს შეკითხვები აქვს ყურძნის შესყიდვასთან, სპირტის ბიზნესთან [“სადაც ერთეული საწარმოები ქმნიდნენ მონოპოლიას”] თუ სუბსიდიებთან დაკავშირებით.
“უნდა აგვიხსნან, რომ [მთავრობის მიერ გაცემული] სუბსიდიებით პირდაპირ არ უსარგებლია [ღარიბაშვილის კომპანიებს] და არც ირიბად უსარგებლია, მაგალითად - სუბსიდირებულ ყურძენს რომ არ ღებულობდა მისი გადამამუშავებელი ქარხანა, პირდაპირ ან ირიბად; ირიბად - ანუ როცა შეიძლება ჯერ სხვა ქარხანამ ჩაიბარა ყურძენი და მერე ნედლეული მიაწოდა [მის კომპანიას]…
მარტო ღვინის ბიზნესზე რომ იყოს საუბარი, კიდევ არა უშავს, სავარაუდოდ, კიდევ სხვა ბიზნესებში იყო, რაც დღეს შესაძლოა არ არის ჯერ ცნობილი”, - გვეუბნება რამაზ გერლიანი. ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ეს სისტემური პრობლემაა, განსაკუთრებით, 2016 წლის შემდეგ, როცა მაღალი რანგის პირები ბიზნესში მასობრივად არიან ჩართული.
გამოძიების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი 5 წლის განმავლობაში “აქტიურად” იყო ჩართული “სხვადასხვა ტიპის” ბიზნესსაქმიანობაში.
სანდრო ბარამიძე ლეგიტიმურად თვლის ასევე შეკითხვებს გადასახადების შესაძლო დამალვასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, როცა ადამიანი უკანონო შემოსავლებს მალავს და მილიონებს სახლში ინახავს, საკითხავია გადახდილია თუ არა ამ თანხაზე მაგალითად ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც 20%-ს უტოლდება, ანდა იურიდიული პირისთვის დაწესებული გადასახედები [დღგ, მოგების გადასახადი] - "რაც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შევიდეს".
იურისტები განმარტავენ, რომ - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დამნაშავეს ყოველთვის ჰყავს თანამონაწილეები, ხელშემწყობები - შესაბამისად, მათი ვარაუდით - სხვებიც უნდა გამოვლინდნენ.
ღარიბაშვილისთვის წაყენებული ბრალი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
"ღვინის ინდუსტრია", მილიონერი მამა
პროკურატურას ღარიბაშვილის ბიზნესსფეროები არ დაუკონკრეტებია.
ღვინის ბიზნესი ადვოკატებმა ახსენეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, 24 ოქტომბერს - როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერი მანდატურებმა სასამართლოში ცალკე შესასვლელით შეუშვეს და გამოუშვეს, მილიონიანი გირაოს შეფარდების შემდეგ. პროკურატურამ და სასამართლომ მნიშვნელოვნად არ ჩათვალეს მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა თუ მტკიცებულებების განადგურების რისკები.
დაცვის მხარის მტკიცებით, ღარიბაშვილს ბიუჯეტი არ დაუზარალებია; 2016 წლის შემდეგ, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი პირველად დატოვა, "ჩინურ სოლიდურ კომპანიასთან" თანამშრომლობდა, საიდანაც "ჰქონდა ძალიან სოლიდური შემოსავლები და ჰქონდა კერძო ბიზნესიც"… და “ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო კონკრეტული ოდენობის თანხა, 6 მლნ 500 ათასი დოლარი, ეს არის 2016 წლიდან დღემდე ბიზნესწარმოებიდან შემოსული თანხები".
ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განმარტა, რომ ღარიბაშვილის საქმიანობა შეეხებოდა ღვინის ინდუსტრიას - "ეს იყო ღვინის ქარხნები", "ღვინის ქარხანა", "რომლის ხელმძღვანელიც არის მისი მამა ტარიელ ღარიბაშვილი".
- პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2015 წელს გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში 4 წლის შემდეგ დაბრუნდა და თავდაცვის მინისტრი 2019 წლის სექტემბერში გახდა;
- 2021 წლის თებერვლიდან კი კვლავ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა [2024 წლის იანვრამდე].
- სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ღარიბაშვილის მამის სახელზე 2023 წლამდე არცერთი საწარმო არ აღირიცხებოდა. როდესაც ტარიელ ღარიბაშვილმა პირველი ღვინის ქარხნის წილი შეიძინა, მისი ვაჟი უკვე პრემიერ-მინისტრი იყო, მეორე წრეზე.
- 2013 წელს, ინტერვიუში, ტარიელ ღარიბაშვილი იხსენებდა რომ შვილი სასწავლებლად საფრანგეთში მეგობრების შეგროვებული ფულით გაუშვა; თავად ირაკლი ღარიბაშვილი სწავლისას მიმტანად მუშაობდა და ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა.
რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა [2019 წელს დაფუძნებული კომპანიის] შპს „ქართული ფესვების“ 50%-იანი წილი იყიდა 2023 წლის თებერვალში - 200 ათას ლარად. ხოლო 2024 წლის აპრილში უკვე 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. რეესტრის თანახმად, ამავე საწარმოს მეორე 50% ტარიელ ღარიბაშვილმა 10 ათას ლარად შეიძინა და დირექტორიც გახდა. კომპანიის საქმიანობის სფეროებია მევენახეობა, ღვინის წარმოება და რეალიზაცია (და სხვა). 2023 წელს ტარიელ ღარიბაშვილმა ახალი კომპანია - შპს „ღარიბაშვილის მარანი“ - დააფუძნა.
“მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს აქვს, ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი, ასე ვთქვათ - ბიზნესსაქმიანობა და ქონება”, - ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილი 2024 წელს, როცა მის ოჯახს, ოფიციალური ვერსიით - თვითმფრინავი მამამ უქირავა. ერთ ეპიზოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებისთვის თითქოს იმის ახსნასაც ცდილობდა - თუ საიდან აქვს მის მამას მილიონები, თუმცა შემოიფარგლა სიტყვებით - “…მან შექმნა… მოკლედ - სხვადასხვა საშუალებებით”.
რას ამბობს პირველი და ბოლო დეკლარაციები, 2019 წლიდან, პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ, 2025 წლამდე.
- პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში შევსებულ პირველ დეკლარაციაში ღარიბაშვილი მიუთითებს, რომ 2018 წელს, შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოზიციაზე მან მხოლოდ 169 926 ლარი მიიღო. ნაღდი ფულის სახით დანაზოგად ღარიბაშვილს მითითებული აქვს 50 000 ლარი, ხოლო “ქართუ ბანკში” - 40 406 ლარი.
- 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში, 2015 წლისასთან შედარებით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ქონების საკმაოდ გაზრდილია; მათ შორის - შეძენილია 76 500 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი ბაკურიანში , ორი ავტომობილი, ჯამში - 121 620 ევროს ღირებულების; მაგრამ, ამავე პერიოდში დეკლარაციაში ისევ ფიქსირდება მოცულობითი სესხები - აღებული “ქართუ ბანკში”. მისი მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის სახელზეა - 134 880 ლარი და 32 508 დოლარი.
- ნაღდი ფულის სახით, დანაზოგად, ასევე 50 000 ლარია მითითებული დეკლარაციაში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა სულ ბოლოს, 2025 წლის მარტში შეავსო - 2024 წლის 29 იანვარს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ. “ქართუ ბანკში” ნუნუ თამაზაშვილის საკრედიტო/სესხის ანგარიშზე იმ დროისთვის მითითებული იყო - 77 715 ლარი. ამავე დეკლარაციაში წერია, რომ მშობლებმა ყოფილ პრემიერს 200 ათასი ლარი აჩუქეს.
ბრძოლა კორუფციასთან?
“ქართული ოცნება” კორუფციასთან შეუწყნარებელ ბრძოლაზე ლაპარაკობს - აღნიშნავენ, რომ “ოცნების” ყოფილი თანაგუნდელობა ინდულგენცია არავისთვის არის და რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ შემოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ კორუფციასთან ბრძოლა იყო.
“ოცნების” ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადება ფარსის ნაწილია. სინამდვილეში, მათთვის ეს არის ბრძოლა კონკრეტულ ადამიანებთან - რომლებმაც “დიდი ფული გააკეთეს”, მაგრამ პარტიის მილიარდერ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს “სათანადოდ არ გამოადგნენ”, “იმედები გაუცრუეს”, მათ შორის - დასავლეთთან დაპირისპირების, სანქციებისა და საერთაშორისო იზოლაციის გამწვავების გათვალისწინებით.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ, თუკი ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, ნებისმიერს, და მათ შორის - ღარიბაშვილსაც, შეახებენ იმ ახალ, "არაადამიანურ კანონსაც" - რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული, ზარალის ანაზღაურებამდე, ქვეყნიდან ვერასდროს გავა; ხოლო ქვეყანაში "გროშებზე მოუწევს ცხოვრება".
გამოძიების თანახმად, 8 პირის, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის უძრავი ქონების ჩხრეკისას ამოღებულია - ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა. ეს ყველაფერი შესაძლოა დამატებით ინფორმაციას შეიცავდეს. გამოძიება გრძელდება.
იურისტები საქმეში კონკრეტული დაზარალებულების გამოჩენას მოელიან.
„როდესაც ქმედება არაკანონიერია, მას ყოველთვის ჰყავს დაზარალებული. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სახელმწიფო. ეს უნდა დადგინდეს საბოლოოდ - კონკრეტულად რა ზიანი იქნა მიყენებული და კონკრეტულად ვისთვის... ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, როგორც ითქვა და შესაბამისად - თანამშრომლობის ფარგლებში დაზარალებულიც უნდა გამოიკვეთოს. სავარაუდოდ, ეს გამოიკვეთება თანდათან. თუ არა და ბრალდებას მოუწევს სხვანაირად იფიქროს - ბრალის შესახებ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი, ადვოკატი მარი შათირიშვილი.
ფორუმი