1915 წელს ოსმალეთში მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გამოქცეულ, ღონემიხდილ სომხებს შორის, ზოგიერთმა წიგნები და უძველესი დოკუმენტები ტანსაცმლის ქვეშ დამალა. მათთვის, ვინც გადარჩა, იოლად დასამალი ხელნაწერები ერთადერთი იყო, რაც დარჩათ ეროვნული მემკვიდრეობიდან და რაც ფარულად შეეძლოთ გაეტანათ და შეენახათ.
ათასობით ეს წიგნი და დოკუმენტი საბოლოოდ თანამედროვე სომხეთში მოხვდა, სადაც ისინი ინახება საგანგებოდ ამ მიზნით აშენებულ მატენადარანში (მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტი) - ისტორიული ხელნაწერების საცავში. თუმცა ბევრი მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაშია მიმოფანტული.
მატენადარანის თანამშრომლები ახორციელებენ განსაკუთრებულ პროექტს, რომლის მიზანია ყველა ხელმისაწვდომი სომხური ხელნაწერის - უძველესი ბიბლიით დაწყებული და შუა საუკუნეების ნამცხვრების რეცეპტებით დამთავრებული - განთავსება მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ექნება ძებნის ფუნქცია. მატენადარანის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ემა ჰოროპიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პროექტი, რომელსაც ოფიციალურად „სომხური ხელნაწერების კატალოგის წვდომის პლატფორმა“ ეწოდება, „ხელნაწერების აღწერილობას სტრუქტურირებულ და საძიებო ფორმატში შეინახავს და წარმოგვიდგენს“.
მსოფლიოს მასშტაბით სომხური ხელნაწერების ყველა მფლობელის დარწმუნება, რომ ისინი ფიზიკურად გადაეცათ სომხეთისთვის, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ ხელნაწერების ერთ ადგილას, ონლაინრეჟიმში ძებნის საშუალების მომცემი მონაცემთა ბაზის შედგენა საუკეთესო გადაწყვეტილებად ითვლება.
მატენადარანის თანამშრომელმა, გურგენ გასპარიანმა, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ პლატფორმა „ნებისმიერ არმენოლოგს, მკვლევარს ან მეცნიერს საშუალებას მისცემს, წამებში იპოვოს სასურველი ინფორმაცია“, როგორც კი მონაცემთა ბაზა ინტერნეტში განთავსდება და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება.
ონლაინპლატფორმაზე ათასობით ხელნაწერი იქნება ხელმისაწვდომი ფიზიკური აღწერილობების შემცველი საკვანძო სიტყვებით, და მათი უფასოდ ჩამოტვირთვა იქნება შესაძლებელი. პროექტის პირველი ეტაპის ამოქმედება 2026 წლის დასაწყისში იგეგმება.
ონლაინპლატფორმას აფინანსებს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აწ გარდაცვლილმა ბრიტანელ-სომეხმა, ნავთობის მაგნატმა, გალუსტ გულბენკიანმა დააარსა.
ემა ჰოროპიანის თქმით, რადგან სომხეთი პირველი ერია, რომელმაც ქრისტიანობა გამოაცხადა ოფიციალურად რელიგიად, სომხური ხელნაწერები წარმოადგენს „უნიკალურ წყაროს ქრისტიანობის შესწავლისთვის,” ისევე როგორც “შუა საუკუნეების ხელოვნების, ენათმეცნიერების და კულტურის” სფეროებში თანამშრომლობისთვის ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის რეგიონებში.