Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფი გვარამია მეორედ დაიბარეს „ოცნების“ შექმნილ კომისიაზე - ის არც ამჯერად მიდის


წულუკიანის წერილის თანახმად, პატიმრობაში მყოფი გვარამია „საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანო“ ქმედებების გამო პარლამენტში დაიბარეს.
წულუკიანის წერილის თანახმად, პატიმრობაში მყოფი გვარამია „საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანო“ ქმედებების გამო პარლამენტში დაიბარეს.

პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ხელმეორედ დაიბარეს - ამჯერად დისტანციური ჩართვით - ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია. იგი კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე უკვე არის პატიმრობაში. პარტიის თქმით, გვარამია არც ამჯერად აპირებს გამოცხადებას.

„ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას“, - წერს პარტია „ახალი“ და კომისიიდან მიღებულ წერილს ასაჯაროებს.

წერილში კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას სწერს, რომ კომისია ითხოვს მისგან „ახსნა-განმარტების მიცემას 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“ და 30 ივნისს, დილის ცხრა საათზე იწვევს კომისიის სხდომაზე „ჩართვის მეშვეობით“.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას“, - წერს პარტია „ახალი“ ფეისბუკზე.

გვარამიას მსგავსად, ამავე საქმეზე - კომისიაში გამოუცხადებლობის და შემდეგ გირაოს გადაუხდელობის ბრალდებით - დაკავებულია მისი კოლეგა, „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელიაც. ასევე, კოალიციური პარტნიორი, ზურაბ ჯაფარიძე.

პატიმრობაშია ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

„თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწოლეობა არჩევნებად წოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ“, - წერს პარტია.

„ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე, გვარამიას გარდა, კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები:

  • „ლელო“/„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე (ხაზარაძე აქამდეც იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა და გირაო გადაიხადა);
  • პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია. გახარია კომისიაზე 14 აპრილს გამოცხადდა, რის გამოც ოპოზიციური პარტიების კრიტიკა დაიმსახურა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG