საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ეხმიანება უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს და მიუღებელს უწოდებს. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო თავდასხმას შოკისმომგვრელს უწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ის არის ხელისუფლების მეორე წარმომადგენელი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებას გამოეხმაურა.
"უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ [რუსეთს] სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ", - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.
უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად სხვადასხვა ქალაქში 9 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო.
ეროვნული პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ასახავს 24 თებერვლის მდგომარეობას ადგილობრივი დროით 09:00 საათისთვის, გერაშჩენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ ოდესის ოლქის ქალაქ პოდოლსკში, სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 და დაიჭრა 7 ადამიანი, კიდევ 19 დაკარგულად ითვლება. დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა 1 ადამიანი და 2 დაიჭრა. კიევის ოლქში დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი. ხერსონის ოლქში დაიღუპა 17 წლის ბიჭი.