Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლის ბოლომდე გავგზავნით გენერატორებს უკრაინაში - დავითაშვილი


ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი
ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ უკრაინას გენერატორებს წლის ბოლომდე გაუგზავნიან, ამისთვის კი შესაბამისი შესყიდვის პროცესი სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს. ამ საკითხზე მინისტრმა დღეს, 19 დეკემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენ მივიღეთ თხოვნა, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრა გენერატორები არ გვქონდა. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, ჩვენ მივიღეთ დავალება გამოგვეყო რესურსები, დაწყებულია შესყიდვის პროცესი და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმარებით გენერატორებით. ისინი მიიღებენ ადეკვატურად საჭირო მაღალი ტექნოლოგიის მოწყობილობებს. წლის ბოლომდე საქართველოდან გაიგზავნება.

ისე დავგეგმეთ, რომ [გენერატორები] სხვადასხვა სიმძლავრის იყოს და გამოიყენონ როგორც კორპუსებისთვის, ისე კორპუსების ბლოკებისთვის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე დაიწყო იერიშების მიტანა. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ თვეზე მეტია სთხოვენ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარებას, მაგრამ პასუხი ამ საკითხზე არ მიუღიათ.

პარალელურად, საქართველოს მოსახლეობა მოხალისეობრივად ეწევა ფანდრაიზინგს გენერატორების შესაძენად საჭირო თანხის შესაგროვებლად.

XS
SM
MD
LG