ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის ნაყიდი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი დანიშნულების ადგილზე, ქალაქ კიევში ჩაიტანეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს... საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოდან უკრაინაში გენერატორები დეკემბრის ბოლოს გაიგზავნა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევში ჩატანილი გენერატორები საჭიროების მიხედვით უკრაინის სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა.
უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე დაიწყო იერიშების მიტანა. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სთხოვდნენ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარებას, მაგრამ მისგან პასუხი არ მიუღიათ.