თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აქტივისტი საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა შუამდგომლობის საფუძვლად, დაკავებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასახელებდა.
სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს.
აქციების საქმეზე დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაკავებულის ადვოკატი, მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი] მონაწილეობას ედავება.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალის დადგენილებაში ფაქტობრივი გარემოებები და აღწერილობა ანდროს საქმესთან კავშირში არაა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახეთ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 18 წლის სტუდენტს, საბა ჯიქიას.
გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 წლამდე.
პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიებამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 6 პირს ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი