სავალდებულო დაცვის მქონე პირების ინტერესებს სახაზინო ადვოკატი გიორგი მდინარაძე იცავს. ის ამბობს, რომ საქმის მასალების გაცნობა დაიწყო, თუმცა ის მოცულობითია და დამატებით დროს ითხოვს.
მოსამართლემ დააკმაყოფილა სახაზინო ადვოკატის მოთხოვნა, გაუხანგრძლივონ საქმის მასალების გაცნობის დრო და შესვენება გამოაცხადა. სხდომა 18:00-ზე განახლდება.
ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროცესს არ ესწრებიან. ისინი პროცესის დიდ დარბაზში გაგრძელებას ითხოვდნენ, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ ადვოკატებმა, დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა დარბაზი დატოვეს. სხდომას აღარ ესწრებიან ბრალდებულებიც.
სხდომა განახლდა.
ბრალდებულების ოჯახის წევრები დარბაზში პროტესტის ნიშნად არ შემოვიდნენ.
სხდომაზე არ შემოუყვანიათ დაპატიმრებულები.
ხმაური სასამართლოში:
ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი სხდომას ესწრება და სახაზინო ადვოკატის აცილებას მოითხოვს.
ის ამბობს, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს არ სურს დაიცვას სახაზინო ადვოკატმა, რადგან მას კერძო ადვოკატი უკვე ჰყავს.
მოსამართლე ამბობს, რომ ადვოკატს არ შეუძლია გადმოსცეს დაცვის ქვეშ მყოფის სურვილები, დაკავებულებმა კი უარი თქვეს პროცესში მონაწილეობაზე და ციხეში გადაიყვანა საბადრაგო სამსახურმა. “პროცესზე დაცვის მხარის ქმედებები მიმართულია პროცესის ჩაშლისკენ და გაჭიანურებისკენ” - ამბობს მოსამართლე.
ელგუჯა ავსაჯანიშვილი უერთდება ადვოკატების ბოიკოტს. პროცესზე შემოსვლის მიზანი მხოლოდ სახაზინო ადვოკატის აცილების მოთხოვნა გახდა.
“ზოგიერთ მოსამართლეზე ამბობენ, რომ კორუმპირებულია და ახლა იტყვიან, რომ ზოგიერთმა კანონი არ იცის”, - თქვა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა და სხდომა ისე დატოვა მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაელოდა.
ირაკლი ხუსკივაძემ ავსაჯანიშვილის შუამდგომლობები არც სახაზინო ადვოკატის და არც მოსამართლის აცილებაზე არ დააკმაყოფილა.
სახაზინო ადვოკატს უწევს დაიცვას დაკავებულები ისე, რომ საქმის მასალებს ბოლომდე არ იცნობს. ეს ფაქტი ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ პროცესზე თავადაც აღნიშნა. მან ბრალდებულებთან გასაუბრებაც მოითხოვა, თუმცა ისინი ბადრაგს უკვე წაყვანილი ჰყავდა. ახლა პროკურორები თავიდან იმეორებენ, რატომ ითხოვენ დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას.
ფორუმი