თუ უფასოდ, ქალების ნამუშევარ საათებს ფულად ვაქცევთ, 10 მილიარდი ლარი გამოვა. ეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 17% გამოვა, - ასეთია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემები.
ქალები საქართველოში ბევრს, ძალიან ბევრს მუშაობენ უფასოდ.
ეს არის უხილავი და დაუფასებელი შრომა, რომელიც მათ ართმევს ყველაზე ძვირფასს - დროს საკუთარი თავისთვის. სხვანაირად ამას “დროით სიღარიბესაც” ეძახიან. თუმცა ასეთი შრომა ხშირად ნორმად მიიჩნევა: აბა, ვინ უნდა აკეთოს ეს საქმე თუ არა ქალმა? და ამ ნორმას ემორჩილებიან კაცებიც და ქალებიც.
რა მოხდა, თუ სახლი გამოგავე, აბაზანაში პირსახოცი ჩამოხსენი, თან, არა ერთი - არამედ ოჯახის ყველა წევრის. მერე გარეცხე, გააუთოვე, დაკეცე, შეცვალე. მეორე ხელით საჭმელს მოურიე. თუ სოფელში ცხოვრობ, ეზო დაგავე ან ქათმები გამოუშვი. ჭურჭელი დარეცხე, ბოსტანს დახედე. საყიდლების სია შეადგინე. მოხუცს გამოუცვალე, ბავშვი დააძინე ან ეთამაშე. ხვალინდელი დღის საჭმელზე იფიქრე. მერე ისევ დარეცხე, გაფინე, სურსათი მოიმარაგე და ამასობაში, საუთოო გორაც დადგება…
“ამ საქმის ჩამონათვალი ხშირად უსასრულოა”, - გვეუბნება ქალთა უფლებების დამცველი ელენე რუსეცკაია.
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომას უწოდებენ საოჯახო საქმეებს, რომლებსაც ქალები ანაზღაურების გარეშე ასრულებენ ოჯახში, სხვა ოჯახის წევრებისთვის.
ქალაქად და სოფლად მცხოვრებ ქალებს ვთხოვეთ, ჩამოეთვალათ, დღის განმავლობაში, რისი კეთება უწევთ, რაშიც მათ არავინ არაფერს უხდის. ასეთი სია გამოვიდა:
- სახლის დალაგება (რაშიც შედის: მტვრების გადაწმენდა, დაგვა, იატაკის მოწმენდა, ფანჯრების დაწმენდა და ა.შ)
- სარეცხი: გარეცხვა, გაფენა, ჩამოხსნა, დაკეცვა. გაუთოება.
- საჭმლის მომზადება. სიის შედგენა. პროდუქტების ყიდვა, მეორე დღის საჭმელზე ფიქრი.
- შინაური ფრინველების ან ცხოველების მოვლა.
- ბოსტანში მუშაობა. დარგვა, მორწყვა და ა.შ.
- ეზოს მოწესრიგება. შემოდგომაზე ჩამოყრილი ფოთლების დაგვა და ა.შ.
- ჭურჭლის დარეცხვა. დღეში არაერთხელ.
- ბავშვის გაზრდა და აღზრდა. თამაში. ძილი. კვება. წაყვანა-წამოყვანა. სკოლა, ბაღი, წრე და ა.შ.
- ოჯახში მყოფი მოხუცის მოვლა.
ოღონდ ეს არასრული სიაა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, 2020-2021 წელს, საქართველოში მომზადებული „დროის გამოყენების გამოკვლევის“ შესავალში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა წერდა, რომ ყოველდღიურად, მსოფლიოში, ადამიანები ჯამურად 16 მილიარდ საათს ხარჯავენ აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმიანობებზე. შედეგად კი, ქალები განიცდიან დროით სიღარიბეს. ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 66 პროცენტი ჩართულია აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობაში. ეს მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავდება ქალებისა (88.3 პროცენტი) და კაცებისათვის (39.6 პროცენტი). თან, ქალების სამუშაო დრო საშუალოდ 1.8-ჯერ აღემატება დასვენების დროს.
“მარტო იმაზე ფიქრი გღლის, ხვალ რა კერძი მოამზადო”
საჩხერის რაიონის სოფელ პერევში მცხოვრები 45 წლის ეკა გოგატიშვილის დილა ზაფხულში შვიდზე, ზამთარში კი რვის ნახევარზე იწყება.
ეკა და მისი ქმარი მეფუტკრეობას მისდევენ და მათი ოჯახის ძირითადი შემოსავალიც ესაა. პერევში სურსათის პატარა მაღაზიაც აქვთ. ორი ქალიშვილი ჰყავთ. ერთი სტუდენტი, ერთიც სკოლის მოსწავლე. ფუტკარსაც და მაღაზიასაც მუდმივი ყურადღება სჭირდება და საქმეს შეძლებისდაგვარად ინაწილებენ, თუმცა ოჯახის საქმეები მაინც ეკაზეა. თან, სულ ცდილობს, სხვადასხვა პროექტშიც იყოს ჩართული, რაც ქალებს ეხება. ამ ყველაფერს ემატება დიასახლისობა.
“მარტო იმაზე ფიქრო გღლის, ყოველდღე სადილად რა მოამზადო. მერე, დალაგება, ქათმები გვყავს. ეზოა. ბოსტანია… კი მეხმარებიან ხოლმე, მაგრამ რაღაცნაირად დამრევს ხოლმე ხელს უკმაყოფილების განცდა, მაწუხებს, მე რომ არ გავაკეთე და ბოლოს მაინც უნდა ჩავერთო. ალბათ, შეჩვევის ბრალიცაა”.
ეს განცდა, “ჯობს მე გავაკეთო, მოვასწრებ, ჩემი საქმეა, ბარემ გავაკეთებ” - ეკას მსგავსად, არაერთ ქალს ართმევს “დროს საკუთარი თავისთვის”.
“ერთადერთი გამოსავალი, რაც მოვიფიქრე, ის არის, რომ საქმეების კეთების დროს სულ იმაზე ვფიქრობ, რაც მომწონს. თუმცა ჩემი გაკეთებული საქმე თითქოს არასოდეს ჩანს. პატარა დეტალია, მაგრამ პირსახოცი თუ გავრეცხე და შეცვლა დამავიწყდა, კარგა ხანს იქნება საკიდი ცარიელი", - ამბობს ეკა.
ქალების დახურული ჯგუფები სოციალურ ქსელებში, როგორც წესი, საჯაროდ უთქმელ ათას დარდს ინახავს. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში, აუნაზღაურებელ შრომაზე დასმულ კითხვაზე, ათობით მესიჯი მივიღე - დიასახლისებისგან, პოლიტიკოსი ქალისგან, ჟურნალისტისგან, ფერმერისგან, საჯარო სამსახურში დასაქმებულისგან - აღმოჩნდა, რომ ეს აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა ყველას ერთნაირად აწუხებს.
ჟურნალისტმა მარიამო ჯანელიძემ მომწერა, ქანცგაწყვეტილი გწერ ორი ბავშვის დევნით, მთელი დღე სახლის ლაგებით დაღლილი და მაინც აყრილი ოთახიდანო. მარიამო არ არის მარტო, ეხმარებიან, თუმცა მისი აზრითაც, ოჯახური საქმის დიდი წილი მაინც ქალებზე მოდის.
„ზოგჯერ ვზივარ და ვტირი, რადგან მეცადინეობას ვერ ვასწრებ და იმ საქმის კეთებას, რაც მაინტერესებს. თავი მიფეთქდება ხოლმე მარტო ყველაფრის დამენეჯმენტებაზე. ან ბავშვს აქვს სამეცადინო, მეორეს - სადილი უნდა. ჰაერზე გასვლა უნდა მოასწროს. სკოლაში ვინ მიაკითხავს? სანამ სძინავს ხოლმე, იმდენ რაღაცას ვასწრებ, ხან მეცინება ხან მეტირება... ჩემი ქმარი ძალიან მეხმარება, ხშირად ის ასეირნებს, აკითხავს, აძინებს, აბანავებს, საჭმელსაც აკეთებს, უბრალოდ, საქმე მაინც ძალიან ბევრია და ფაქტობრივად, საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება”, - ამბობს მარიამო ჯანელიძე.
აი, კიდევ რამდენიმე ქალის პასუხი:
- „ამასწინათ ჩემმა 8 წლის შვილმა მკითხა: დასვენების დღეებში სულ რატომ ალაგებო“.
- „ ვოცნებობ ასისტენტ რობოტზე, რომელიც ზუსტი ინსტრუქციით ითავებს იმას, რასაც ცხოვრების ძვირფას წუთებს მუდმივად აუნაზღაურებლად ვალევ. ერთ საღამოს ან უქმეს გამოტოვებ და ორმაგად გიწევს შრომა“.
- „და ყველაფრის მიუხედავად, გამუდმებით სინდისის ქენჯნა და მტანჯველი ფიქრი.. ,,ცუდი დედა ვარ". თურმე, სტატისტიკურად, ქალების 60% განიცდის ამ თვითგვემას“...
ზოგიერთი ქალისთვის პრობლემაა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ „ფიქრით შრომაც“. ეს სიტყვები უფასო შრომაზე საუბრისას ნინო რობაქიძემ გამოიყენა, რომლის დაკვირვებით, ოჯახებში სწორედ ქალები აკეთებენ „ფიქრის საქმის“ 99%-ს მაშინაც კი, როცა კაცები მზად არიან გაინაწილონ ყოველდღიური ფიზიკური შრომის ტვირთი.
უნდა გახსოვდეს შენი შვილების მეგობრების დაბადების დღეები, ვის რა უყვარს და როგორი საჩუქარი გაუხარდება, როდის უწევს ბავშვს გეგმური აცრა, კიდევ რა არაგეგმური აცრებია საჭირო, ან რომელი ვაქცინა ჯობია? შენ უნდა გაიგო „რომელი სარეცხი საშუალებები არაა ტოქსიკური, რომელი რძე ვიყიდოთ, რა წრეზე ვატაროთ, სად ჯობია, სად დაისვენოს, ზაფხულის ბანაკი? და ა.შ. უსასრულოდ“.
ნინოს გამოხმაურებას, მაკა ცხვედიანის სიტყვები მოჰყვა:
„ამ წამს ბავშვს ვაძინებ და ყურებში ჩამდის ცრემლები. ასეთი მომენტები არასდროსაა დანაშაულის შეგრძნების გარეშე - რეალურად ყველაფერი ნორმალურადაა, ბავშვები ჯანმრთელები, პატარა წლის და 2 თვის გახდა და ყოველდღე უფრო და უფრო საყვარელი ხდება, მაგრამ ყველაფრით დაღლის შეგრძნება ისეთი ძალით მიტევს პერიოდულად, ვერაფერს ვუხერხებ“, - მომწერა მაკამ.
მისი დღე დილის 6 საათზე იწყება. ტელევიზიაში მიდის, სადაც ტელეწამყვანია. 12-ზე უკვე სახლშია, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ღამის 12-მდე მარათონშია ჩაბმული. მისთვისაც ყველაზე დამქანცველი, ათი ათას წვრილმანზე ფიქრი და იმის გაცნობიერებაა, რომ თუ ცოტათი მოდუნდი, „ეს სახელდახელოდ შეკოწიწებული წესრიგი ხუხულასავით ჩამოიშლება“:
„სიგიჟემდე მინდოდა მესამე ბავშვი და, 20 და 14 წლის შვილების მერე ყველაფერზე მქონდა ნაფიქრი, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის. პატარა ბავშვთან ერთად მუშაობა და სახლშიც 12-საათიანი უწყვეტი მუშაობა უბრალოდ ქანცისგამცლელია, როგორი ბედნიერიც არ უნდა იყო. ამას ემატება მუდმივი წუხილი იმაზე, რომ წამი აღარ მრჩება წერისთვის, რაც რეალურად წამალია ჩემთვის და არა ფუფუნება. ამ საღამოს ცენტრალური გათბობის ბაკი დაიწვა და იმ აზრმა, რომ ხელოსანი უნდა მომეძებნა, მერეკა, რომ კიდევ რაღაც გამოხტა დაუგეგმავი, სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანა“.
მომწერა პოლიტიკოსმა ქალმა, თეონა ჭალიძემაც, რომელმაც გამიზიარა, რომ პოლიტიკაში მყოფი არაერთი ქალისთვის საშინაო, უხილავი და აუნაზღაურებელი შრომა შეიძლება სამიდან ერთი სამსახურივით იყოს, რადგან პოლიტიკურ პარტიებში მყოფ ქალებს, ხშირად უწევთ პარალელურად თავის სარჩენად შემოსავლის წყაროს არსებობისთვის მუშაობა პოლიტიკასთან სრულებით არამომიჯნავე სფეროში. ამას ხომ ოჯახიც ემატება და:
„სამ ფრონტზე ბრძოლა გამოდის“, - ამბობს თეონა. თუმცა მას გაუმართლა და შვილების გაზრდასა და საოჯახო საქმეებშიც დედა ეხმარება.
„მე არასდროს მქონია იმის საშუალება რომ ძიძა დამექირავებინა და დიდი სიმშვიდეა, როცა დედას შეუძლია და გეხმარება, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს ეს ფუფუნება? თანაც პოლიტიკაში ყოფნა იმდენად არაპროგნოზირებადია და უგრაფიკო, რომ დღის რომელ მონაკვეთში მოგიწევს სახლიდან გასვლა ან სახლში დაბრუნება არ იცი. სახლის საქმეები მაინც არ ილევა, ბავშვების დილა/საღამოს რუტინა, მშობლობასთან დაკავშირებული საკითხები, ბაღი, სკოლა, წრე. ასეთი საქმეების მეუღლესთან თანაბრად განაწილება ხშირად არ გამოდის... ხან ამ განაწილებაზე იმხელა ემოციური ძალისხმევის დახარჯვა გიწევს, რომ გირჩევნია ისევ შენ გააკეთო“.
მაინც, რა იწვევს საქართველოში ზრუნვის შრომის არათანაბარ გადანაწილებას? ქალთა უფლებების დამცველების პასუხია, რომ ეს არის გავრცელებული სტერეოტიპები და არასწორი დამოკიდებულებები.
“მაგალითად, თუ კაცი ოჯახში საქმეს ინაწილებს, ის მაშინვე იძენს სტატუსს - უპირობოდ კარგი მამა და კარგი ქმარია, მაგრამ საკმარისია, ქალს რამე არ გამოუვიდეს, არ დაალაგოს, რამე ვერ მოასწროს, რომ სურათი იცვლება - ის უკვე “ცუდი დედაა”, “ცუდი ცოლია”, - შენიშნავს ელენე რუსეცკაია.
მისი აზრით, აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომას, პრობლემად, არც სახელმწიფო აღიარებს და როგორც ელენე რუცესკაიაც შენიშნავს, არც მის მოგვარებაზე ზრუნავს - ქალების ეკონომიკური გაძლიერებაზე, მათთვის ხელშემწყობი სერვისების შექმნაზე.
"ცოტა ხნის წინ, ქალთა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთმა მეწარმე ქალმა თქვა, ჩვენი შრომა ჯერ ოჯახში უნდა იყოს აღიარებულიო. ყველა ეტაპზე ქალებს უწევთ იმის მტკიცება, რომ რასაც აკეთებენ, ამას აკეთებენ ოჯახისთვის”.
“გადაინაწილე ზრუნვა”
ოჯახში ზრუნვის გადანაწილების წახალისების მიზნით, ამ გზავნილით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახლახან საინფორმაციო კამპანიაც დაიწყო, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მათ სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიდეც საინფორმაციო ბარათები და ვიდეოები მოწოდებებით, როგორ უნდა გადანაწილდეს ზრუნვა ოჯახში. რომ სიყვარულია, როცა “ერთი რეცხავს, მეორე კი ამშრალებს”.
თუმცა, გარდა ოჯახში საქმის განაწილებისა, ზრუნვის შრომა, უნდა გადანაწილდეს ოჯახს და სახელმწიფოს შორისაც - გვეუბნება ნათია მესტვირიშვილი, UN Women-ის კვლევისა და მონაცემთა ანალიტიკოსი.
როგორ უნდა მოხდეს ეს? ნათიას პასუხია, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ზრუნვის ისეთი სერვისები, რომლებიც იქნება ხარისხიანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და განსაკუთრებით, ქალების სამუშაო დროზე მორგებული.
ასეთი სერვისების გაუმართაობის და არარსებობის დასტურად ნათია კვლევებით დადგენილ ერთ დაკვირვებასაც გვიზიარებს - საქართველოში, როგორც კი ქალი ამთავრებს სწავლას და კარიერის საფეხურზე უნდა გადავიდეს, 25-35 ასაკობრივ ჯგუფში, ქალების ნახევარი ეკონომიკურად არააქტიურია - ისინი არც კი ეძებენ სამსახურს.
“რა შეიძლება, გააკეთოს ამის შესაცვლელად სახელმწიფომ? ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ქალს არ უნდა ჰქონდეს არჩევანი - აირჩიოს ან კარიერა ან ოჯახი. მას, როგორც კაცს, უნდა შეეძლოს, ჰქონდეს ორივე. მაგალითად, როცა ქალი ხარ, ქორწინდები და გინდა გყავდეს ბავშვი, მაქსიმუმ ექვსი თვე შეგიძლია დეკრეტული შვებულების აღება. ამ დროსი გასვლის შემდეგ კი, არანაირი სერვისი არ არსებობს, რომ ქალს არ ჰქონდეს წყვეტა - ერთადერთი გამოსავალი ძიძის აყვანაა”.
საქართველოს ქალაქებში, ბაგა-ბაღში ბავშვის მიყვანა ძირითადად 2 წლის ასაკიდან შეიძლება. ეს ბაღები მუშაობენ 9-დან 6-მდე. ამავე დროს იწყება და სრულდება სამსახურების უმრავლესობა, სადაც ეს ქალები შეიძლება პოტენციურად დასაქმდნენ. ანუ ქალი, რომელმაც ცხრა საათზე უნდა დატოვოს ბავშვი ბაღში, ვერაფრით ვერ იქნება დროულად სამსახურში. ვისაც შშმ ბავშვი, ხანდაზმულს ან ავადმყოფი ჰყავს მოსავლელი, ასეთი ქალებისთვის ყველა კარი ჩაკეტილია, რადგან როგორც ნათია მესტვირიშვილიც გვეუბნება, არც აქ არსებობს შესაბამისი მხარდამჭერო სერვისები და ოჯახზე მორგებული დასაქმების პოლიტიკა.
სოფლების უმრავლესობაში ბაღები საერთოდ არ არის, ამიტომ იქ მცხოვრები ქალებისთვის სადმე დასაქმების შანსიც ნულს უტოლდება. სოფლად მცხოვრებ ქალებს, ძალიან ხშირად, არც დასვენებისთვის, არც განტვირთვისთვის, არც სწავლისთვის დრო არ რჩებათ.
“თუ არ იქნება თანასწორობა აუნაზღაურებელი შრომის გადანაწილებაში, არ იქნება არც გენდერული თანასწორობა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნათია მესტვირიშვილი.
თუმცა, თუ ჩავხედავთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ „გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევას”, ვნახავთ, რომ გამოკითხულთა 71%-ის აზრით, ქალები ნაკლებს უნდა მუშაობდნენ და ოჯახზე ზრუნვას მეტ დროს უთმობდნენ.
ამ კვლევამ სხვა არაერთი საყურადღებო ტენდენციაც გამოკვეთა.
როცა კითხვა ასე დაისვა: თუ სამუშაო ადგილები მწირია, კაცების დასაქმება უფრო სწორია, ვიდრე ქალების, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (48%) დაეთანხმა იმას, რომ იმას, ასეთ დროს კაცების დასაქმება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქალების - ამ მოსაზრებას კაცების 52 პროცენტი და ქალების 44 პროცენტი უჭერს მხარს.
ხოლო მოსაზრებას, რომ ქალები ნაკლებს უნდა მუშაობდნენ და მეტ დროს უთმობდნენ ოჯახზე ზრუნვას დაეთანხმა მოსახლეობის უმრავლესობა (71%).
(ამ მოსაზრებას მეტი კაცი ეთანხმება (77%), ვიდრე ქალი (66%).
ქალების აუღიარებელი შრომა ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდება ხოლმე იმ სასამართლო პროცესებზე, რომლებზეც ქალები დავობენ მემკვიდრეობაზე, ალიმენტზე.
ქალთა უფლებების დამცველი, ადვოკატი ელისო რუხაძე ბოლო ათი წელია იცავს ქალებს, მათ შორის, ძალადობა გამოვლილ ქალებსაც და სწორედ ის გვიყვება, რომ თავიანთი “უფასო შრომის” სიმძიმეს, ხშირად ქალები თავადაც ვერ აანალიზებენ ხოლმე, რადგან მათ დაბადებიდან ასე ასწავლიან, რომ მათი მისია მამაკაცი მოვლა, ოჯახზე ზრუნვაა და რომ მათ ეს როლი "სამყარომ არგუნა".
“გუშინ ერთი გოგო მწერდა, თუ სახლს კარგად ვერ ვალაგებ და ჭურჭელს იდეალურად ვერ ვრეცხავ, ამის გამო გამო შვილებს ხომ არ ჩამომართმევენო?", - გვიყვება ელისო რუხაძე.
ადვოკატი იხსენებს, რომ განსაკუთრებით, განქორწინებების დროს, მოძალადე კაცების ადვოკატების მთავარი არგუმენტი არის - “რატომ უნდა გაიყოს ქონება ორად, როცა ქალს თითი არ გაუნძრევია და არ უმუშავია”. ხშირად აქ ოთხ და ხუთშვილიანი ქალი იგულისხმება, რომელსაც ბავშვების გაზრდის გარდა, სხვა უამრავი საქმე აქვს ოჯახში.
ელისო რუხაძე ქალებს შეხვედრებზე ხშირად ეკითხება ხოლმე, აქვთ თუ არა მათ თავიანთი ფული. პასუხი ხშირად უარყოფითია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ჰყავს საქონელი, ყიდის წარმოებულ ყველს ან თაფლს ან სხვა დოვლათს. პასუხი აქაც მარტივია - შემოსული ფული კაცის, ქმრის ჯიბეში მიდის. ქალის შრომა - ამ დოვლათის მოსაპოვებლად არსად ითვლება.
“ეს არ არის მხოლოდ სოფლებში მომხდარი შემთხვევები. თბილისში, ერთ-ერთ ე.წ. ელიტარულ ოჯახში საერთოდ გასაღებიანი მაცივარი ედგათ და ქალს ქმრისთვის უნდა ეკითხა საჭმელი გამოეღო თუ არა”.
ელისო რუხაძე გვიამბობს, რომ ფრაზებს “ქალების უსაქმურობის”შესახებ ხშირად მოისმენთ ქონების გაყოფის დავებზე, სადაც მხოლოდ ადვოკატები კი არა, მისი თქმით, მოსამართლეებიც იმ აზრზე არიან, რომ იატაკის გამოგვა, სახლის დალაგება, დარეცხვა, ბავშვების მოვლა, საჭმლის გაკეთება, ქალებისთვის ბუნებრივად მონიჭებული მისიაა.
“ერთი შემთხვევა მახსენდება, იმ სახლში 9 თუ 12 ოთახი იყო დასალაგებელი და ეს საქმე ოჯახის დიასახლისს საერთოდ არაფერში ეთვლებოდა: ეს ხომ თქვენი ვალდებულებააო, მოსამართლე ეუბნებოდა ქალს, რომელიც თავის წილს ითხოვდა:,
ელისო რუხაძე ამბობს, რომ ქალების ადვოკატებს უდიდესი ბრძოლა უწევთ მოსამართლეების დასარწმუნებლად იმაში, რომ ქალების შინ შრომას აქვს ფასი.
“ამ ქალებისადმი ჩემი რჩევა იქნება, შეძენის დროს, სახლი აუცილებლად თანასაკუთრებაში დაარეგისტრირონ, რადგან მათი შრომა მთელი ცხოვრება უხილავ შრომად დარჩება და თუ განქორწინებას მოინდომებენ, ქუჩაში დარჩებიან. როგორც წესი, ქმრების უმრავლესობა, თავის სახელზე გაფორმებულ ქონებას ყიდის და ქალი უარაფროდ რჩება. რამდენი იშრომა, რა აკეთა ამ სახლისთვის წლების განმავლობაში, ამას ვეღარავინ ხედავს” - ეუბნება ელისო რუხაძე რადიო თავისუფლებას.
როგორ უნდა შეიცვალოს ეს სურათი? ამ კითხვაზე ქალთა უფლებების დამცველების აზრით, ჯერ საჭიროა აღიარება, რომ ზრუნვის შრომაც - შრომაა.
შემდეგი ეტაპი კი სახელმწიფოსგან ოჯახზე მორგებული ზრუნვის პოლიტიკის, მომსახურებების და სამუშაო პირობების ჯიუტად მოთხოვნაა.