Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა გენპროკურორს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს


დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილსა და სამ მაღალჩინოსანს
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილსა და სამ მაღალჩინოსანს

დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსანს.

სანქცირებულები არიან:

  • გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე;
  • შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის (ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის) მოადგილე მირზა კეზევაძე
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე.

ბრიტანეთის საელჩო იუწყება, რომ სანქციები დაწესა „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამამისად“, სანქცირებული პირების მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.

საელჩოს თანახმადვე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ განაცხადა:

  • „მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ“;
  • „დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა“.

სანქცირების საფუძვლები

შალვა ბედოიძესა და მირზა კეზევაძესთან დაკავშირებით სანქციების დაწესების საფუძვლად მითითებულია, რომ:

„ის არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე

შალვა ბედოიძის შემთხვევაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიუთითებს:

„საპროტესტო აქციების დროს, რომელიც ჩატარდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედამხედველობდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ ძალადობის არაპროპორციულად გამოყენებას“.

მიხეილ ყაველაშვილი მირზა კეზევაძეს აჯილდოვებს.
მიხეილ ყაველაშვილი მირზა კეზევაძეს აჯილდოვებს.

მირზა კეზევაძის შემთხვევაში ბრიტანეთის საგარეო უწყება ასევე მიუთითებს:

„საპროტესტო აქციების დროს ... შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიზანში ძალადობრივად ამოიღეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები“, ხოლო „ამ ძალადობას ხელმძღვანელობდა მირზა კეზევაძე, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე“.

გიორგი გაბიტაშვილი

გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით მითითებულია, რომ გიორგი გაბიტაშვილი „არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთი ქმედების გამოძიებაზე ან [სისხლისსამართლებრივი] დევნის წარმოებაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებარონ სასტიკ, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს“.

ამასთან, მითითებულია, რომ გაბიტაშვილს სანქციები დაუწესდა ამ პასუხისმგებლობის „განზრახ ან დაუფიქრებლად შეუსრულებლობის“ გამო.

გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი
გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი

ბრიტანეთის საგარეო უწყება აქ ახსენებს „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღების შემდეგ პოლიციის ძალადობას დემონსტრანტებზე - „მოქალაქეებზე, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებზე, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებზე“, და აზუსტებს:

„გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მყოფი გიორგი გაბიტაშვილი პასუხისმგებელია, რომ ზედამხედველობდეს საპოლიციო ძალადობაზე პასუხისმგებელი სამართალდამცავი ჩინოვნიკების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესს“, ხოლო სანქციები უწესდება „ამ პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო“.

კოკა კაციტაძე

კარლო (იგივე კოკა) კაციტაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტს 2022 წლიდან იკავებს.

ბრიტანეთის საგარეო უწყება მასთან დაკავშირებითაც იმავეს წერს, რასაც გაბიტაშვილზე, - რომ იგი „არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთი ქმედების გამოძიებაზე ან [სისხლისსამართლებრივი] დევნის წარმოებაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებარონ სასტიკ, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს“.

კოკა კაციტაძე
კოკა კაციტაძე

ამასთან, „კარლო კაციტაძე, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, პასუხისმგებელია პოლიციის ძალადობისთვის სამართალდამცავების გამოძიებაზე და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე“, ხოლო სანქციები უწესდება ამ პასუხისმგებლობის შეუსრულებლობისათვის.

წინა სანქციები

მანამდე, 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა დაამატა მოსამართლეები, „სასამართლოს კლანის“ წევრებად მიჩნეული ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.

კიდევ უფრო ადრე კი ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილსა და პოლიციის კიდევ სამ მაღალჩინოსანს დაუწესეს სანქციები.

ზოგადად, მსგავსი სანქციები, ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ითვალისწინებს „ამ პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების აქტივების დაყადაღებას“, ყადაღა კი შეეხება „მათ [საბანკო] ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს“.

გაერთიანებულ სამეფოს ჯერჯერობით სანქციები არ დაუწესებია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, საპატიო თავმჯდომარისათვის, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილისათვის.

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.

წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლირიმ, 8 აპრილისათვის 27 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.

ჯეიმს მაკკლირიმ 8 აპრილს რადიო თავისუფლებას განუცხადა: „გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ივანიშვილს უკვე გაუტყდა ძილი. უკვე შიშობს, რომ შეიძლება გაიღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მას და მის აქტივებს სანქციები დააკისრა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG