ავტორი: გეგა ფრიდონიშვილი
შიში ადამიანის მეგობარია. არა ინდივიდის, პიროვნების ან სოციალური სტრუქტურის, არამედ სახეობის მეგობარია. ათასწლეულების განმავლობაში ევოლუციური პროცესებისას მთავარ როლს სწორედ ეს ინსტინქტი ასრულებდა. საფრთხეს, რომელიც შენ წინაშეა, უნდა გაექცე, უნდა დაემალო, რათა გადარჩე. ამ პრინციპით მუშაობს ევოლუცია. უფრო სწორად, ეს ერთგვარი ხვრელია ევოლუციის დაუნდობელ კანონმდებლობაში. ვინც ძლიერია, ის გადარჩება, - ამბობს ევოლუცია და მართალიც არის, მაგრამ გადარჩება ისიც, ვინც საკმარისად ჭკვიანია და საკმარისად ეშინია.
ადამიანი ყველაზე ჭკვიანი არსებაა დედამიწაზე სახეობათა მრავალფეროვნებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არც ყველაზე ძლიერი ყოფილა და არც ასეთი მტაცებელი, მაინც მოახერხა და გადაურჩა უამრავ სირთულეს, რაც დაბრკოლებად შეხვდა. ამის მიზეზი კი, პირველ რიგში, სწორედ შიში იყო. ეს გადარჩენის ინსტინქტია, გაიქეცი მაშინ, როცა ვიღაც მოგდევს და ვერ ერევი, გაჩერდი და იბრძოლე, როცა უფრო ძლიერი ხარ.
ბოლო პრინციპს ბიოლოგებიც დაგვიდასტურებენ. ადრენალინი ადამიანს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. რეაქცია სახიფათოზე ან გაქცევა და დამალვა უნდა იყოს, ან დარჩენა და ბრძოლა, ადრენალინი კი ამ ორს შორის ამორჩევას აადვილებს. საბოლოოდ, შიში და გამბედაობა დიდად არც უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. ეს არჩევანი უფროა, ვიდრე ინსტინქტური რეაქცია გარემო ფაქტორებზე. გარდა ამისა, გააზრებული შიშის მთავარი ღირსება ისიცაა, რომ მოსალოდნელი საშიშროების წინაშე მომზადებას ამარტივებს. შეშინებულმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ, თუკი საფრთხე ემუქრება, არჩევანი ან სამუდამო დამალვა და სოროში ცხოვრებაა, ან იქამდე გაძლიერება, რომ გამარჯვების სასწორი მის მხარეს გადმოიხაროს.
მაშასადამე, აღმოჩნდა, რომ ადამიანს შიშის გააზრება შეუძლია. მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ეს მოცემულობა დაუშვა, ხელში სახიფათო იარაღი ჩაუვარდა. უკვე დიდი ხანია, რაც მტრის ხატით მანიპულირება მიღებული ტაქტიკაა მასების კონტროლისათვის. ირჩევ მტერს და მას აღწერ ისე, თითქოს მისი დამარცხება შეუძლებელია, მასთან ბრძოლა დაუშვებელი, მისი გაღიზიანება, პროვოცირება სახიფათო და სულელურია, არ შეიძლება, მისი ყურადღება მიიქციო, არ შეიძლება, სოროდან ამოხვიდე, თორემ ის აუცილებლად თავს დაგესხმება და მერე ვერავინ გიშველის. არაჩვეულებრივი არგუმენტია იმისათვის, რომ სოროში ცხოვრება გაამართლო. ასეთი ხატები საზოგადოების ქსოვილს ამახინჯებს. ადამიანები იბნევიან, ეშინიათ და ეს შიში რაციონალობას სრულიად გამოდევნის, ვეღარც ადრენალინი ასრულებს წინანდელ ფუნქციას და შიშის ბატონობა იწყება.
თუმცა მტრის ხატს დადებითი თვისებებიც შეიძლება ვუპოვოთ, თუკი ის უკვე შექმნილია. ზოგადად, ასეთი ცნების შექმნა ბოროტება და, თუკი დემოკრატიულ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა; თუმცა, თუ ის უკვე არსებობს, მითუმეტეს, თუკი ის თავისით შეიქმნა, ამ ხატის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება თავად იქცეს მკურნალად. მიზნის არჩევა და ამ მიზნისკენ სწრაფვა, შესაძლოა, იყოს გამოსავალი იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც ასეთ დროს საზოგადოებები ხვდებიან. როდესაც სოროს სიბნელესა და მზის შუქს შორისაა არჩევანი, რთული არაა იმის მიხვედრა, რომელს ამჯობინებს ადამიანი, როცა კეთილდღეობასა და გაჭირვებას შორისაა არჩევანი, მაშინაც არაა რთული მისახვედრი, საით გადაიხრება ინდივიდი. ვინ არის ამ არჩევანში ხელის შემშლელი? მტრის ხატი. რა ვუყოთ მტრის ხატს? სოროდან ამოსვლის პარალელურად ვემზადოთ მასთან შესახვედრად, მის წინ დასადგომად, მეგობრები და მოკავშირეები ვიპოვოთ, სხვებს, ვინც ამ სოროდან ამოსვლა მოახერხა, დავუძახოთ და შველა ვთხოვოთ. ეს კი იმიტომ, რომ გაქცევა და სოროში ცხოვრება სამუდამო მარცხს შეიძლება ნიშნავდეს. რატომ დავდოთ სასწორზე ის, რაც ასე გვჭირდება?!
ცხადია, ისეთი მტრის ხატიც არსებობს, ადამიანებს საბრძოლველად რომ განაწყობს, მიზეზსა და მიზანს მისცემს და ხანდახან იმას შეაძლებინებს, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა სხვა შემთხვევაში. ფოლკნერის „დათვი“, ალბათ, საუკეთესო მაგალითია ამ შემთხვევისათვის. ადამიანები ყოველ სეზონზე იკრიბებიან სანადირო ქოხში, რათა ამ ჯერზე მაინც მოკლან დათვი, რომელიც ტყის შემოგარენს ატერორებს. ეს ადამიანები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, მუშაობენ და არსებობენ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ამის დრო მოდის, მათ დათვი აერთიანებთ, რომლის მოკვლაც ჯერ კიდევ ვერავის მოუხერხებია. ეს არის ამბავი საზარელი შიშისა და ამაყი გამბედაობის ჭიდილის შესახებ, რომლებიც ისე ახლოს დგანან ერთმანეთთან, გარჩევაც კი შეუძლებელია. საბოლოოდ, დათვი კვდება და ეს ადამიანები მიზანს კარგავენ, სულ ბოლოს კი ერთმანეთსაც.
და მაინც, შეშინებულ ადამიანს, რომელსაც სიამაყის განცდა აღარ დარჩენია, რით შეიძლება ვცეთ ნუგეში, რით შეიძლება სოროდან ამოსვლის გამბედაობა დავუბრუნოთ?!
ამის პასუხი 1984 წლის ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის რეკლამაში შეიძლება ვიპოვოთ. ცივი ომის მიწურულს, როდესაც ამერიკა ძლიერის პოზიციიდან საუბრობს, საბჭოთა კავშირის ერთადერთი ძალა კი მისი ატომური არსენალია, ერთმანეთს ორი კანდიდატი - რონალდ რეიგანი და უოლტერ მონდეილი უპირისპირდებიან. მონდეილმა სიტუაციის სათავისოდ გამოყენება სცადა და რეიგანს, რომელსაც ერთი ვადა უკვე გალეული ჰქონდა, აგრესიული საგარეო პოლიტიკა და ამერიკის საფრთხეში ჩაგდება დასდო ბრალად. მისი აზრით, ამერიკას უკან უნდა დაეხია და ეცადა, ძლიერის პოზიციიდან კი არა, თანაბარი პირობებით ესაუბრა. მისი ხედვით, ეს საბჭოთა კავშირის მხრიდან მომავალ საფრთხეს შეამცირებდა. რეიგანმა ამ ბრალდებას პასუხი რეკლამით გასცა, სადაც ჩანს დათვი, რომელიც ტყეში დადის. ფონზე ისმის ხმა: „ტყეში დათვი ბინადრობს. ადამიანთა ნაწილი მას მარტივად ამჩნევს, ნაწილი კი საერთოდ ვერ ხედავს. ზოგი ამბობს, რომ ის თვინიერია, ზოგი კი ამბობს, რომ ის საშიში და დაუნდობელია. რადგან არავინ იცის, ვინაა მართალი, ნუთუ ყველაზე ჭკვიანური არ იქნება, ისეთივე ძლიერები ვიყოთ, როგორც დათვი?! თუკი ტყეში დათვი ბინადრობს.“
ფორუმი