Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო


ფოტო არქივიდან: მაღაროელების აქცია
ფოტო არქივიდან: მაღაროელების აქცია

ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად ხუთმა ჭიათურელმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი აპროტესტებენ მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ (CMC) (იმავე „ჯორჯიან მანგანეზის“) დაწყებულ პროცესს, რადგან ვარაუდობენ, რომ მათი ნაწილი უმუშევარი დარჩება.

„ხუთმა ადამიანმა დაიწყო შიმშილობა. მხოლოდ წყალსა და სითხეს იღებენ. მსურველი ბევრია, უფრო მასშტაბური გახდება. იმედია, მოგვაქცევს ჩვენი ხელისუფალი ყურადღებას და მოუსმენს იმ მშრომელ ხალხს, იმ უბრალო ხალხს, რომელიც ნამდვილ, რეალურ სათქმელს მიიტანენ“, - თქვა ერთ-ერთმა მაღაროელმა ბრიფინგზე.

მისივე ცნობით, უკვე მესამე დღეა ე.წ. მშრალ შიმშილობაზეა კიდევ ერთი მაღაროელი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

24 აპრილს მაღაროელებმა გაასაჯაროვეს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიღებული განაცხადების ფორმები, რომელზე ხელის მოწერის შემთხვევაშიც გამოდიოდა, რომ დასაქმებულები დაეთანხმებოდნენ:

  • კომპანიაში რეორგანიზაციის დაწყებას, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულთა ნაწილი უმუშევარი დარჩებოდა;
  • კომპანია არ აიღებდა ყველა თანამშრომლის დასაქმების ვალდებულებას, თუმცა „გამოხატავდა მზაობას“ ვაკანტური ადგილების მოძიებაში დასახმარებლად;
  • შემცირდებოდა სამუშაო საათები - ვახტური გრაფიკიდან (12 სთ) 8 საათამდე.

„თუ შენ ხელს მოაწერ კომპანიის შემოთავაზებულ განცხადებას, იცოდე, რომ ხელს აწერ სამუშაოს დაკარგვას... კომპანიის განცხადებაზე ხელმოწერით, შენ რჩები კომპანიის ნების ამარა, რომ დაგაბრუნებს სამსახურში. ოღონდ იმ პირობებით, რაც მისთვის იქნება მისაღები - შეგიმცირდება ხელფასი და შეგეცვლება სამუშაო რეჟიმი“, - განაცხადეს „მაღაროელებმა“ 24 აპრილს.

მაშინ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „რეორგანიზაციის მიზანია შრომის სწორად და ეფექტიანად წარმართვა, რაც უშუალოდ უკავშირდება როგორც კომპანიის საკადრო პოლიტიკას, ისე საოპერაციო ხარჯების შემცირებას“.

ერთი დღით ადრე, 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ირკვეოდა, რომ „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“.

ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც სამთომოპოვებითი საქმიანობიდან ამ კომპანიების გასვლას თვეებია ითხოვენ და დემონსტრაციებს მართავენ, აცხადებენ, რომ კომპანია „ულტიმატუმის ენით“ საუბრობს და „რეპრესიებს“ აანონსებს.

მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. ბოლო კვირებია მაღაროელები აქციებს მართავდნენ ხელისუფლებისგან ყურადღების მისაქცევად.

ჭიათურაში მომპოვებელი პროცესის ძირითადი ნაწილი 2024 წლის 1 ნოემბრიდან შეჩერებულია - მაშინ თანამშრომლებმა მიიღეს დაპირება, რომ 2025 წლის 1 მარტამდე ხელფასის 60% დაერიცხებოდათ.

7 მარტს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG