Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილს პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აუკრძალეს


კადრი ინტერვიუდან, რომლის გამოც არჩილ გორდულაძის მოთხოვნით ელისო ჯარიაშვილს პარლამენტში მუშაობა აუკრძალეს.
კადრი ინტერვიუდან, რომლის გამოც არჩილ გორდულაძის მოთხოვნით ელისო ჯარიაშვილს პარლამენტში მუშაობა აუკრძალეს.

„ფორმულის“ წამყვანსა და ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილს პარლამენტში მუშაობა ერთი თვით, 23 მაისამდე აუკრძალეს. ჟურნალისტის წინააღმდეგ სანქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის მოთხოვნით გამოიყენეს.

2025 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში, მიუხედავად პარლამენტის წევრის (არჩილ გორდულაძის) მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას“, - წერია ელისო ჯარიაშვილისთვის პარლამენტიდან გაგზავნილ წერილში.

პარლამენტიდან ელისო ჯარიაშვილისთვის გაგზავნილი წერილი.
პარლამენტიდან ელისო ჯარიაშვილისთვის გაგზავნილი წერილი.

ჟურნალისტი პარლამენტში 17 აპრილის გადაცემისთვის ინტერვიუებს წერდა. მას აინტერესებდა, რას აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები სიღარიბის დასაძლევად.

„გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს, ოღონდ ახლა არა. და ისე არა, როგორც თქვენ გადაწყვეტთ... ნაცების ჟურნალისტებს და ტელევიზიებს ცალკე ინტერვიუს არ გაძლევთ. თუ არ დაემორჩილებით წესებს, იძულებული გავხდები, რომ მიგითითოთ წესის დაცვაზე, თუ ისევ არ დაემორჩილებით, მერე უკვე აღსრულდება ის, რაც წერია ბრძანებაში“, - უთხრა 16 აპრილს არჩილ გორდულაძემ ელისო ჯარიაშვილს.

ჟურნალისტებისთვის მკაცრი რეგულაციები შალვა პაპუაშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში შემოიღო. ამ შეზღუდვების მიხედვით, ჟურნალისტს არ აქვს უფლება, გააგრძელოს ინტერვიუს ჩაწერა, თუ რესპონდენტი მას უარს ეუბნება - პირველ შემთხვევაში მას ერთი თვით უკრძალავენ პარლამენტში მუშაობას, მეორე შემთხვევაში კი - ექვსი თვის ვადით.

ამავე რეგულაციით პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა არაერთხელ შეუზღუდეს ონლაინმედიის, პრესისა და რადიოჟურნალისტებს - პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ჟურნალისტებისთვის შეზღუდვები სამუშაო ადგილების მიხედვით დააწესოს.

პარლამენტში შესვლის ამკრძალავი ორჯერ გამოიყენეს „TV პირველის“ ჟურნალისტის, ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ. მას საკანონმდებლო ორგანოში შესვლა 2025 წლის 24 სექტემბრამდე აქვს აკრძალული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG