პოლონური მედია საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქმების თითქმის 100%-ის შეჯამება აჩვენებს, რომ კანდიდატს ოპოზიციური პარტიიდან „კანონი და სამართალი“, მემარჯვენე-კონსერვატორ კაროლ ნავროცკის ხმების 50,89% აქვს, ხოლო მმართველი პარტიის, ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური ორიენტაციის ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის - 49,11%.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა 71,63% იყო.
უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგები (ცდომილება 2%) მცირე უპირატესობით ტშასკოვსკის გამარჯვებაზე მიუთითებდა, თუმცა გვიან ღამით გამოქვეყნებულმა, ეგზიტპოლის საბოლოო შედეგმა საპირისპირო სურათი აჩვენა - ნავროცკი 51% და ტშასკოვსკი 49%.
42 წლის კაროლ ნავროცკი 2021 წლიდან ხელმძღვანელობს პოლონეთის „ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტს“.
ნავროცკი სკეპტიკურადაა განწყობილი ბრიუსელის მიმართ და ეწინააღმდეგება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულად მიღებას და ნატოში უკრაინის მიწვევას.
ანალიტიკოსების შეფასებით, პოლონეთის პრეზიდენტად კაროლ ნავროცკის არჩევა გამოიწვევს არა მხოლოდ ევროკავშირში ურთიერთობების დაძაბვას, არამედ შიდაპოლიტიკურ კრიზისსაც ლიბერალურ მთავრობასა და კონსერვატორ პრეზიდენტს შორის.
პოლონეთის მოქმედ პრეზიდენტს, ანჯეი დუდას უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.
ფორუმი