როგორც ზვიად რატიანის ერთ-ერთმა ადვოკატმა მარიამ პატარიძემ უთხრა ჟურნალისტებს, პროკურატურა აცხადებს, რომ ზვიად რატიანმა "ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს".
ადვოკატების თქმით, ზვიად რატიანი დუმილის უფლებით სარგებლობს.
"საქმეში თეიმურაზ მეშველაშვილის გამოკითხვის ოქმთან ერთად დევს მისი ორი მოადგილის გამოკითხვის ოქმი, სხვა მტკიცებულებებს ჯერჯერობით არ გავცნობივართ... ...პროკურატურა, სავარაუდოდ, მოითხოვს პატიმრობას, ჩვენ კი ვაპირებთ სხდომაზე დავაყენოთ გირაოს შუამდგომლობა", - განაცხადა მარიამ პატარიძემ.
ზვიად რატიანი 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს - „მთავარი არხმა“ პოლიციის მიერ რატიანის დაკავების ფოტოც გამოაქვეყნა. გავრცელდა ვიდეოკადრებიც. ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, ზვიადი “სამართალდამცავთან მივიდა და მას ხელი დაარტყა”.
ეს არ არის ზვიად რატიანის დაკავების პირველი შემთხვევა.
უწყვეტი საპროტესტო აქციების დასაწყისში, 2024 წლის 29 ნოემბრის ღამით, აქციაზე ის სპეცრაზმელებმა სცემეს - ჰქონდა მეხუთე მალის მოტეხილობა, გატეხილი ჰქონდა ცხვირის ძვალი და ძგიდე, ხოლო თავსა და მთელ სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები და დაჟეჟილობები.
მაშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს კიდეც, როგორ უსწორდება ზვიად რატიანს ათობით სპეცრაზმელი.
ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს (166-ე და 173-ე მუხლები) და რვა დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს - 2 დეკემბერს ზვიად რატიანი სასამართლოს დარბაზში პირდაპირ საავადმყოფოდან მიიყვანეს.
საპროტესტო აქციებზე სიარული პოეტსა და მთარგმნელს არც მას შემდეგ არ შეუწყვეტია.
12 დეკემბერს, საღამოს, ზვიად რატიანს საკუთარ საცხოვრებელი სახლთან უცნობი პირები დაესხნენ თავს.
“სადარბაზოდან რომ გამოვედი, ფეხი დამიდეს. მე რაც მახსოვს, ოთხნი იყვნენ. წავიბორძიკე, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ“, - ჰყვებოდა ზვიად რატიანი „ტვ პირველთან“.
კიდევ უფრო ადრე, 2017 წლის 23 დეკემბერს, ზვიად რატიანი პირველად დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
რატიანი ადვოკატთან საუბარში ჰყვებოდა, რომ ის ბანკომატთან გაჩერდა, სადაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა - შსს-ს თანამშრომლები. ზვიადს ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა, მასთან მისულმა პირებმა დამცინავად ჰკითხეს, თუ რატომ ეცვა ასეთი ფერის ტანსაცმელი. რატიანმა უპასუხა, რომ „ეს მათი საქმე არ იყო“.
შსს-ს თანამშრომლებმა რატიანი მანქანაში ჩასვეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც რატიანი იხსენებს, გზაში, სანაპიროზე, მოფარებულ ადგილას ჩამოსვეს და იქაც სცემეს. მერე კი, ბორკილდადებული, პოლიციის იზოლატორში გადაიყვანეს.
სხეულზე თერთმეტი დაზიანება ჰქონდა, მათ შორის, თავისა და სახის არეში.
მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.
მომხდარის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ზვიად რატიანისა და პოლიციის შელაპარაკება ჩანს. ეს ვიდეო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის ეთერში გაუშვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი და პირველი არხისადმი ბოიკოტიც მოჰყვა, რადგან მოქალაქეები, მათ შორის ზვიად რატიანის არაერთი კოლეგა, მიიჩნევდნენ, რომ გავრცელება დამონტაჟებული კადრებისა, რომლებშიც არ ჩანდა მოქალაქის დაკავების მომენტი, რატიანის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ეს ვიდეო ასახავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რატიანის გინებას.
მოგვიანებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საჩივრის საფუძველზე, შს სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა, რომ დაუშვებელი იყო პოლიციელების მიერ ზვიად რატიანის გადაღება პირადი მობილური ტელეფონის გამოყენებით და ასევე დაუშვებელი იყო ამ ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა.
ზვიად რატიანის ინტერესებს მაშინაც “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” იცავდა. 2019 წლის აგვისტოში ზვიად რატიანის საქმეზე მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართეს.
ზვიად რატიანისადმი წაყენებული მუხლით არის დაპატიმრებული “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც.
ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გერმანიის პენცენტრმაც, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამს ზვიად რატიანის პატიმრობის გამო და შენიშნავს, რომ პოეტს, რომელიც არაერთხელ გამხდარა სახელმწიფო რეპრესიების სამიზნე, დღეს უფრო ხანგრძლივი პატიმრობის საფრთხე ემუქრება.