Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (02/07/2025)

რა ხდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 📝საქალაქო სასამართლოდან სიახლეებს ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი გვაცნობს

12:28 2.7.2025

პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი ამბობს, რომ საქმეზე დანიშნული იყო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, რომლებზეც პასუხი მიიღეს 27 ივნისს, შესაბამისად, საქმეს აქამდე ვერ დაურთავენ. ახლა ბრალდების მხარე ამ ექსპერტიზის დასკვნების საქმის მასალებზე მტკიცებულებად დართვას და ექსპერტების მოწმეთა სიაში დამატებას მოითხოვს, შუამდგომლობით.

12:39 2.7.2025

ადვოკატები ამბობენ, რომ შუამდგომლობის გაცნობა ვერ მოასწრეს, რადგან ბევრი დოკუმენტი იყო, თანაც, გუშინ ბრალდების მხარისგან მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი მიიღეს და შესაბამისად, პოზიციას დღეს ვერა, მაგრამ ხვალინდელ სხდომაზე დააფიქსირებენ.

ვახტანგ ცალუღელაშვილი, პროკურორი: „ერთი გვერდით არაა ჩვენი შუამდგომლობა და მითითებულია დასკვნების ნომრები და არ სჭირდება ერთი დღე ამის გაცნობას. დაცვის მხარისთვის კარგადაა ცნობილი, რის წაკითხვას ვაპირებდით დღეს, ჰქონდათ კომუნიკაცია და ჩვენ განვუცხადეთ. ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად ჩაშლის დღევანდელ სხდომას“.

როგორც ჩანს, პროკურორებს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევა დღევანდელ სხდომაზე სურთ.

ვაჟა თოდუა ამბობს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბრალდების მხარე ამ მტკიცებულებების დღეს გამოკვლევას გეგმავდა.

განმარტება: პროკურორები შუამდგომლობით ითხოვენ ექსპერტიზის დასკვნების საქმეზე დართვას და დღეს გამოკვლევას. შუამდგომლობა ცალკე დოკუმენტია, რომელსაც მხარეები შუამდგომლობის დაყენებამდე ცვლიან. დაცვის მხარეს შუამდგომლობა დღეს ჩაბარდა, თუმცა დასკვნები გუშინ. ახლა ადვოკატები ამბობენ, რომ შუამდგომლობის გაცნობა ვერ მოასწრეს, შესაბამისად დღეს პასუხს ვერ დააბრუნებენ, ეთანხმებიან თუ არა ექსპერტიზის დასკვნების საქმეზე დართვას და ექსპერტი მოწმეების დასაკითხ სიას.

12:40 2.7.2025

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გადაწყვიტა ნახევარი საათი მისცეს ადვოკატებს შუამდგომლობის გასაცნობად. შესვენების შემდეგ სხდომა განახლდება.

12:43 2.7.2025

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ნიშნავს ადამიანის გარეგნული მახასიათებლების (მათ შორის სხეულის აღნაგობის, ქცევისა და იდენტიფიცირების ნიშნების) ექსპერტულ შეფასებას. ეს შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგალითად, კრიმინალისტიკაში ვიდეოჩანაწერიდან ან ფოტოსურათებიდან პიროვნების იდენტიფიკაციისას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG