Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას არ ესწრება


ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ ესწრება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას, რომელიც თბილისში, საელჩოს ტერიტორიაზე დღეს, 2 ივნისს, ამ წუთებში აღინიშნება. 

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ მისი მთავრობიდან მიღებას ესწრებიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. საელჩოში იმყოფება აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ზალკალიანი და ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათ შორის „ფედერალისტებიდან“ გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.

საელჩოს მიღებაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა არა - „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე წელს 249-ედ აღინიშნება. გასულ წელს საელჩოში გამართულ მიღებას ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, თუმცა მას საზოგადოებისთვის სიტყვით არ მიუმართავს.

ბოლო პერიოდში, წელს პირველად საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ისე აღინიშნება, რომ მას შეჩერებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა.

2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.

საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG