Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთის ქალაქ ნოვოჩერკასკზე


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკსა და კიდევ რამდენიმე რაიონზე, მათ შორის ქალაქ შახტიზე. რუსული ტელეგრამ-არხებით 23 ივლისს გავრცელებული ცნობებით, დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ნოვოჩერკასკის რკინიგზის სადგურის რაიონი.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ ნოვოჩერკასკში სამი ადამიანი დაიჭრა და ხანძარი გაჩნდა ქალაქის რამდენიმე რაიონში.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ დაადასტურა, რომ ნოვოჩერკასკში შეტევა იყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე.

კოვალენკოს თანახმად, რუსეთი ამ ინფრასტრუქტურას იყენებს არმიისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის და წარმოადგენს ლოგისტიკურ კვანძს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სტრატეგიულ მიმართულებებს: დონის როსტოვს, ვორონეჟს, ვოლგოგრადს და კამენსკ-შახტინსკს. კოვალენკოს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის საზღვრისკენ ამ სარკინიგზო კვანძის გავლით აგზავნის სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალებს, საწვავს და არმიის პირად შემადგენლობას.

ანდრიი კოვალენკოს ცნობითვე, ქალაქ ნოვოჩერკასკში ფუნქციონირებს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ლოგისტიკური ცენტრიც, რომელიც პასუხისმგებელია იარაღის და საწვავის განაწილებაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 23 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, შუაღამიდან დილის შვიდ საათამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 33 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 11 - როსტოვის ოლქში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG