Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამჩატკაზე მომხდარ უძლიერეს მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა


კამჩატკაზე 30 ივლისს მომხდარი მიწისძვრა უძლიერესია 1952 წლის 5 ნოემბრის შემდეგ, როცა რეგიონში 9 მაგნიტუდის მიწისძვრამ და ცუნამიმ დიდი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია.

დღეს, 30 ივლისს უძლიერესი მიწისძვრა მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის მხარეში.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის ადგილობრივი ფილიალის თანახმად, სხვადასხვა მონაცემით 8,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კამჩატკის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 149 კილომეტრში, 17 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მხოლოდ პირველი ერთი საათის განმავლობაში დაფიქსირდა 5 მაგნიტუდაზე მეტი სიდიდის 8 განმეორებითი მიწისძვრა.

კამჩატკის მხარის ჯანდაცვის მინისტრმა ოლეგ მელნიკოვმა სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მას კონკრეტული რიცხვი არ უთქვამს. სააგენტო „ინტერფაქსი“ კამჩატკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ სერგეი ლებედევზე დაყრდნობით წერს, რომ ნაწილობრივ დანგრეულია საბავშვო ბაღის შენობა, სადაც მიწისძვრის დროს არავინ იმყოფებოდა.

მოგვიანებით, კამჩატკის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ სოლოდოვმა განაცხადა, რომ მიწისძვრა 8,8 მაგნიტუდის იყო. დაზიანებულია სახლებიც.

განახლება: მოსკოვის დროით 11:00 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკსში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

კამჩატკაზე 30 ივლისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული საბავშვო ბაღის შენობა
კამჩატკაზე 30 ივლისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული საბავშვო ბაღის შენობა

კამჩატკის ნახევარკუნძულს წყნარ ოკეანესთან ოხოტის და ბერინგის ზღვები აკავშირებს. უძლიერესმა მიწისძვრამ კამჩატკის სანაპირო რაიონებში ცუნამი გამოიწვია. ზოგიერთ რაიონში დაფიქსირებულია 4-მეტრიანი ტალღები. მიწისძვრის შემდეგ სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის საფრთხის გამო ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

განახლება: კამჩატკაზე მომხდარმა მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია რუსეთის შორეული აღმოსავლეთის კიდევ ერთ რეგიონში, სახალინის მხარეში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნაწილობრივ დაიტბორა ქალაქ სევერო-კურილსკის პორტი. წყლის ქვეშ აღმოჩნდა თევზის საწარმო „ალაიდი". შეწყვეტილია ენერგომომარაგება. რეგიონის ხელისუფლების თანახმად, სანაპირო რაიონებიდან ევაკუაცია მიწისძვრიდან მალევე გამოცხადდა.

ცუნამის შედეგად წყლით დაფარული რაიონი ქალაქ სევერო-კურილსკში. 2025 წლის 30 ივლისი
ცუნამის შედეგად წყლით დაფარული რაიონი ქალაქ სევერო-კურილსკში. 2025 წლის 30 ივლისი

ცუნამის საფრთხე გამოცხადდა იაპონიაში, ჰავაის კუნძულებზე, ჩილეში და ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის მთელ სანაპიროზე.

განახლება: ცუნამის გამო ჰავაის სანაპიროდან ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაფიქსირებულია 1,2 მეტრის სიმაღლის ტალღები.

იაპონიის ხელისუფლებამ პრევენციის მიზნით გადაწყვიტა ათზე მეტი პრეფექტურის მცხოვრებთა ევაკუაცია. ევაკუაცია გამოცხადდა ფუკუშიმის ატომურ ელექტროსადგურზეც.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული სააგენტოს მიერ მონიშნული ადგილები, სადაც ცუნამის სხვადასხვა დონის საფრთხე არსებობს კამჩატკაზე 30 ივლისს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ
აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული სააგენტოს მიერ მონიშნული ადგილები, სადაც ცუნამის სხვადასხვა დონის საფრთხე არსებობს კამჩატკაზე 30 ივლისს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ
  • კამჩატკაზე 30 ივლისს მომხდარი მიწისძვრა უძლიერესია 1952 წლის 5 ნოემბრის შემდეგ, როცა რეგიონში 9 მაგნიტუდის მიწისძვრამ და ცუნამიმ დიდი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია.
  • იმ პერიოდის ოფიციალური მონაცემებით, სახალინის ოლქში 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სავარაუდოა, რომ რეალურად მსხვერპლი, სულ მცირე, ხუთჯერ მეტი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG