ვალენტინა მატვიენკო, ასევე რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე პიოტრ ტოლსტოი და რუსეთის დელეგაციის კიდევ შვიდი წევრი შვეიცარიაში პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.
29 ივლისს მატვიენკო ერთ-ერთი პანელურ დისკუსიაზე სიტყვითაც გამოვიდა, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თითქოს რუსეთი იძულებული გახდა „ჩარეულიყო სისხლისღვრის შეჩერებაში“ „დონბასის მშვიდობიანი რეგიონების დაბომბვის“ შემდეგ.
სამი წლის წინ, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დაგმო. ამ გადაწყვეტილებიდან სამი წლის თავზე კავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციის მიწვევის შესახებ განმარტებისას, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მისი მიზანია დემოკრატიისა და მშვიდობის ხელშეწყობა და პირობა დადო, რომ რუსეთის დელეგაციასთან განიხილავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციას.
28 ივლისს ჟენევაში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რუსეთის დელეგაციის ჩასვლის გაპროტესტების პარალელურად, მოითხოვეს იმ პირობების გადახედვაც, რომლის საშუალებითაც ავტორიტარული რეჟიმების წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
29 ივლისს, გაზეთ „Tages Anzeiger“-ის შეკითხვაზე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა დეპარტამენტმა (FDFA) სანქცირებული რუსი პოლიტიკოსებისთვის ქვეყანაში შესვლის ნებართვების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს მოხდა პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კავშირთან შეთანხმებით.
ამ შეთანხმების ფარგლებში, შვეიცარიამ აიღო ვალდებულება, „ხელი შეუწყოს ოფიციალური დელეგატების შესვლას და, საჭიროების შემთხვევაში, დროებით მოხსნას სანქციები კონფერენციის ხანგრძლივობის განმავლობაში“, - ნათქვამია FDFA-ს განცხადებაში.
პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) შეხვედრის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი გენდერული უთანასწორობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამასთან რუსეთის დელეგაციაში მყოფი ლეონიდ სლუცკი, სამმა ჟურნალისტმა ქალმა 2018 წლის თებერვალში რუსეთის პარლამენტის შენობაში სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
მატვიენკო სანქციების ქვეშაა 2014 წლიდან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ხელშეწყობის გამო. მას შვეიცარიამ სანქციები 2014 წლის 2 აპრილს დააწესა, რაც აშშ-ის, ევროკავშირისა და კანადის მიერ მიღებული მსგავსი ზომების გაგრძელება იყო. სანქციები მოიცავს ქვეყანაში შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას.
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის მხარდაჭერისთვის სანქციების ქვეშაა სლუცკიც, 2022 წელს დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის შვეიცარიის, სანქციების სიაში შეიყვანეს ტოლსტოიც. ევროკავშირის მიერ ტოლსტოის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების განმარტებაში ნათქვამია, რომ ის „მთავრობის პროპაგანდის ცენტრალური ფიგურაა“... „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის“ საქმეში.
IPU საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს პარლამენტების საქმიანობას უწევს კოორდინაციას, ის 1889 წელს შეუქმნა, თავდაპირველად ქალაქ ბერნში, მოგვიანებით ოფისი ბრიუსელსა და ოსლოში, ხოლო 1921 წლიდან ჟენევაში გადაიტანეს.
2023 წლიდან IPU-ს ხელმძღვანელობს ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარე, ტულია ეგსონი. უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, 2024 წლის სექტემბერში, მან მონაწილეობა მიიღო მატვიენკოს მიერ ორგანიზებულ ევრაზიის ქალთა ფორუმში, სადაც შეხვედრის მონაწილეებისთვის მიმართვა ჩაწერა.
რუსეთმა ტანზანიას ვალები ორჯერ ჩამოწერა: 1999 წელს (586 მილიონი დოლარის 80%) და 2013 წელს (20,5 მილიონი დოლარი).
IPU-ს საქმიანობა მონაწილეთა შენატანებით ფინანსდება, რომლებსაც რუსეთის პარლამენტიც იხდის. ბოლო ინფორმაციით, 2024 წელს რუსეთმა 320 ათასი დოლარი გადაიხადა.
ფორუმი