„დღეს ომებს იგებენ უფრო ჭკვიანი, უკეთესად აღჭურვილი და ტექნოლოგიურად განვითარებული ძალები", - განაცხადა 30 ივლისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ტექნოლოგიების ინსტიტუტში დაესწრო პოლონური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის პრეზენტაციას. "ყველაფერი, რაც დღეს აქ მე და მინისტრს წარმოგვიდგინეს, აჩვენებს, რამდენად ძლიერად იცვლება თანამედროვე არმია. არმია, რომელსაც სურს გამარჯვება მომავალ კონფლიქტებში, რომელსაც აგრეთვე სურს, ეფექტიანად დაიცვას საკუთარი ტერიტორია და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება, ტექნოლოგიურად უნდა აღემატებოდეს კონკურენტებისას“, - თქვა ტუსკმა.
მან განაცხადა, რომ თავდაცვაზე მომუშავე პოლონური კომპანიები მიიღებენ მეტ დაფინანსებას:
„პოლონეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ასობით მილიარდი ზლოტი, რომლის გამოყოფაც გვსურს თავდაცვაზე - ეს კი მოიცავს, როგორც პოლონელი გადასახადის გადამხდელების, აგრეთვე ევროპული ფონდების ფულს - მაქსიმალურად იყოს გამოყენებული პოლონეთში. პოლონეთის ფული უნდა ჩავდოთ არა მარტო პოლონურ კომპანიებში, არამედ უპირატესად - პოლონურ ტვინებში“.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებსა და ინსტიტუტებში არის წარმოების ზრდისა და ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისი ადამიანური რესურსი:
"ლაპარაკია განსაკუთრებით კომპეტენტურ საკადრო შემადგენლობაზე - არა მხოლოდ მეთაურებზე, არა მხოლოდ ინსტიტუტების ხელმძღვანელებზე, არამედ ახალგაზრდა ინჟინრებზე, პროგრამისტებსა და IT-სპეციალისტებზე - ეს არის პოლონეთის სამხედრო ძალების ნამდვილი განძი.
სწორედ ამ გამორჩეული ტალანტების წყალობით, სამხედრო-საჰაერო ტექნოლოგიების ინსტიტუტს შესწევს უნარი, თანამედროვე ბრძოლის ველის რეალურ მოთხოვნებს უპასუხოს ისეთი პროდუქციის შემუშავებით, როგორიცაა ლაზერული იარაღი SYLAND-ი, გადაადგილების მიდევნების ფუნქციის მქონე უპილოტო საფრენი აპარატები და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები“.
თავდაცვის სექტორის "რეპოლონიზაცია" პოლონეთის ახლანდელ მთავრობას ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებად აქვს გამოცხადებული. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ცეზარი ტომჩიკის თქმით,
“შესაძლოა, სიტყვა „რეპოლონიზაცია“ პოლონეთის ეკონომიკისა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთ სხვა სფეროში ასე ფუნდამენტურად არ ჟღერს, როგორც პოლონეთის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვაში.
...დღეიდან ვაცხადებ ხარჯების ბალანსის პრინციპულად ცვლილების შესახებ. საკმარისი სახსრები იყო ინვესტირებული პოლონეთის გარეთ მომუშავე კომპანიებში. საკმარისად გვაქვს კარგი კომპანიები, გვყავს ნიჭიერი სამხედროები, მწარმოებლები, მენეჯერები და ინჟინრები, რომ ეს ნაკადი შემოვაბრუნოთ უცხოეთიდან პოლონეთის ბაზრისკენ - პოლონეთის კომპანიებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისკენ. პირადად გავაკონტროლებ ამას.
შეიარაღებული ძალების იარაღის უპილოტო სისტემებით აღჭურვის ტექნოლოგიური რევოლუცია უკვე დაწყებულია და ჩვენ, როგორც ქვეყანას, გვსურს მონაწილეობა ამ ტექნოლოგიურ რბოლაში, რომ ჩვენს ინჟინრებს, ჩვენს საუკეთესო სპეციალისტებს ყოველდღიურად შეეძლოთ ჩვენი პროდუქციის წარდგენა მსოფლიოსთვის და რომ მომავალში ჩვენი პროდუქცია გამოყენებული იყოს შეიარაღებული ძალების მიერ და საექსპორტო საქონლად იქცეს”, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პოლონეთმა მკვეთრად გაზარდა თავდაცვითი ხარჯი, რომელიც 2022 წელს მშპ-ს 2,7%-ს შეადგენდა, 2024-ში - 4,2%-ს. 2025 წელს კი დაგეგმილია 4,7%-მდე გაზრდა.
ფორუმი