ირანის მთავრობამ გაიწვია საკამათო კანონპროექტი, რომლითაც, თავდაპირველი განმარტებით, ყალბ ამბებთან გამკლავებას აპირებდა.
კანონპროექტის ინიციირებას მოჰყვა კრიტიკა, რომ მსგავსი კანონი სრულიად გააქრობდა ისედაც შეზღუდულ გამოხატვის თავისუფლებას ირანში.
მთავრობის სპიკერმა ფატემე მოჰაჯერანიმ 30 ივლისს X-ის პლატფორმაზე დაპოსტა, რომ რეფორმისტი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გაეწვია კანონპროექტი, “ეროვნული ერთიანობის შესანარჩუნებლად“.
მთავრობისა და სასამართლოს მიერ შედგენილი 22-მუხლიანი კანონპროექტი გასულ კვირაში წარედგინა პარლამენტს, სადაც მის დაჩქარებული წესით განხილვას 290-წევრიან მეჯლისში მხარი დაუჭირა 205-მა კანონმდებელმა, 49 წინააღმდეგი იყო, სამმა თავი შეიკავა.
კანონპროექტმა, რომელსაც კრიტიკოსებმა უწოდეს “მოგუდვის კანონპროექტი”, ინტენსიური დებატები გამოიწვია როგორც პოლიტიკოსებს, ისე სამოქალაქო ჯგუფებს შორის. კრიტიკოსების შეფასებით, ისეთი ბუნდოვანი ფრაზები, როგორებიცაა - “საზოგადოებრივი აზრის ღელვის გამომწვევი” და “სახელმწიფო უსაფრთხოების საწინააღმდეგო შინაარსი” შესაძლოა გამოყენებული იყოს მედიის თავისუფლებისა და კანონიერი განსხვავებული აზრის მასშტაბურად, თვითნებურად ჩახშობის საფუძვლად.
კანონპროექტის მხარდამჭერები, მათ შორის ბევრნი მთავრობაში და ულტრაკონსერვატორები, ირწმუნებიან, რომ მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, განსაკუთრებით ინტერნეტში ყალბი ინფორმაციის სწრაფად გავრცელების კონტექსტში. მათი მტკიცებით, წარმოდგენილი ზომები აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალური სტაბილურობისთვის.
კანონპროექტი კანონად რომ ქცეულიყო, ისინი, ვინც “ყალბ ამბებს” ავრცელებს, დაექვემდებარებოდნენ პატიმრობას 15 წლამდე ვადით, რაც, იურისტების თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში იმაზე მკაცრი სასჯელია, ვიდრე ისეთი დანაშაულების შემთხვევაში, როგორებიცაა ჯაშუშობა და გატაცება.
ირანი მედიის თავისუფლების გლობალურ ინდექსებში მუდამ სიის ბოლოში ხვდება ხოლმე. “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” (RSF) ირანს უწოდებს “მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ქვეყანას მედიის თავისუფლების მხრივ”. RSF-ის თანახმად, ირანში პატიმრობაში იმყოფება 21 ჟურნალისტი.
ფორუმი