Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ახობაძის საქმის ყოფილი მოსამართლე უზენაესში წარსადგენად შეარჩიეს


მიხეილ ჯინჯოლია.
მიხეილ ჯინჯოლია.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძის საქმის ყოფილი მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებლად პარლამენტისთვის წარსადგენად შეარჩია. 5 აგვისტოს გამოცემულ დოკუმენტს ხელი მოაწერა საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

მიხეილ ჯინჯოლია პროევროპული აქციების აქტიური მონაწილის, ექიმ გიორგი ახობაძის საქმეს აღარ განიხილავდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. საქმე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს დაეწერა, რომელმაც ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ „შემდეგ ეტაპზე“, რაც პარლამენტისთვის დასამტკიცებლად კანდიდატის შერჩევას გულისხმობს, ვერ გადავიდნენ მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი: ივერი აბაშიძე, ლიანა კაჟაშვილი, ეკატერინე კულულაშვილი და ლაშა თავართქილაძე.

მიხეილ ჯინჯოლიამ განიხილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონო გზით შემოსვლის საქმეც. მისი გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში გაატარებს 12,5 წელს.

მანვე გაასამართლა კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი უჩა აბაშიძე და მისი ცოლი მარიამ იაშვილი. ისინი გაასამართლეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით.

უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება. ამ ინსტანციაში 26 უვადო მოსამართლეა და 26-ვე „ქართული ოცნების“ მიერ არის დანიშნული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG