უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ არზამასში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რაკეტებისთვის საჭირო დეტალებს აწარმოებს.
გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ უკრაინა“ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 11 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციების ცენტრ А-ს დრონებით დაარტყეს არზამასში მდებარე, პლანდინის სახელობის დანადგარმშენებელ ქარხანას, რომელიც Х-32 და Х-101 ტიპის რაკეტებისთვის აწარმოებს ჰიროსკოპიულ მოწყობილობებს, მართვის სისტემებს და საბორტო კომპიუტერებს.
წყაროთა თანახმად, ქარხანაზე პირდაპირი დარტყმა იყო მინიმუმ ოთხი დრონით.
რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა 11 აგვისტოს, დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ დრონებით შეტევა იყო არზამასის ერთ-ერთ ქარხანაზე, სადაც ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა. ნიკიტინს ქარხანა არ დაუკონკრეტებია.
რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები დილითვე იუწყებოდნენ, რომ დარტყმა იყო ქარხანაზე, რომელიც საავიაციო, სარაკეტო და კოსმოსურ დანადგარებს აწარმოებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დილის განმავლობაში ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ორი უკრაინული დრონი „ჩამოაგდეს". სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
ფორუმი