14 აგვისტოს აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. ქარხნის მფლობელია კომპანია „ლუკოილი“.
გამთენიისას ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა დაადასტურა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია.
ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების „მასირებული შეტევა მოიგერიეს“. გუბერნატორის თანახმად, „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ქარხანაში ნავთობპროდუქტები დაიღვარა და ცეცხლი გაჩნდა.
განახლება: 14 აგვისტოს, შუადღის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა. გენშტაბის განცხადებით, „ლუკოილის“ ქარხანაში, რომელიც რუსულ არმიას ნავთობპროდუქტებით ამარაგებს, ძლიერი ხანძრები გაჩნდა, სხვა დეტალები კი დაზუსტების ეტაპეა.
ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2025 წლის 31 იანვარს და 3 თებერვალსაც. მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ამ დარტყმების შედეგად ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
ფორუმი