უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უარი განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე დონეცკის ოლქის მთლიანად დათმობის შესახებ - ფრონტის სხვა ხაზების გაყინვის სანაცვლოდ.
ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. მას ევროპელი და ნატო-ს ლიდერებიც შეუერთდნენ.
სააგენტო "როიტერსი" თავის წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ პუტინის მოთხოვნებს შორის იყო:
- უკრაინის უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე.
- ყირიმის აღიარება რუსეთის ფედერაციად.
- რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნა.
- უკრაინაში რუსული ენის და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ სტატუსი.
- უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან.
- მოსკოვი დააბრუნებს ხარკოვისა და სუმის ოლქების ნაწილს.
- რუსეთის გაყინავს ფრონტის ხაზს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
ორშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილია დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. Reuters-ის წყაროები ადასტურებენ, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან ევროპელი ლიდერებიც.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ეს იყო აშშ-რუსეთის პირველი სამიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ.
ლიდერების მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა "პროდუქტიული" იყო. იქვე დაამატა, რომ ის ზელენსკის იმავე დღეს დაურეკავდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების გზები „სამართლიან საფუძველზე“ განიხილა.
„საუბარი იყო ძალიან გულწრფელი, შინაარსიანი და, ჩემი აზრით, [ის] გვაახლოებს საჭირო გადაწყვეტილებებთან“, -თქვა პუტინმა.
ალასკის სამიტი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. მას ორივე მხარე დადებითად აფასებს.
ფორუმი