მდინარაძის თქმით, ინფორმაცია მისთვის აქამდე უცნობი იყო, "მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პირველი რეაქცია, რაც მაქვს - არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს, მათ შორის, რუსეთის - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტამდე ოკუპირების ავტორი ქვეყნის - სპეცსამსახურებს თავისი ინტერესები აქვთ და მის გაშიფვრას მე ვერ დავიწყებ", - თქვა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვებზე პასუხისას.
მისი განმარტებით "ყველა ქვეყანას - ოკუპანტსაც, არაოკუპანტსაც, მეგობარს თუ მეგობრად წოდებულს, აქვს თავისი ინტერესები, მსგავსი განცხადება უნდა განვიხილოთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე".
დამაზუსტებელ კითხვაზე, რა ინტერესი აქვს ახლა რუსეთს, მამუკა მდინარაძემ უპასუხა:
"რუსეთს აქვს ინტერესი დააზიანოს სხვადასხვა ინტერესები, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსი. ოკუპაცია განგრძობითად, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს მყარად და ებრძვის დღეს და უკრაინის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს. რა ინტერესები ექნება? - მეგობრული ინტერესები ამასთან მიმართებაში არ ექნება, ხომ? და უნდა გამოვიდეს თავისი ინტერესებიდან", - თქვა მამუკა მდინარაძემ და დაამატა, "შეიძლება მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს - ამას დადგენა სჭირდება. სამართალდამცავებიც ჯერ მოახდენენ რეაგირებას და შემდეგ განცხადებას [გააკეთებენ]".
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ აღკვეთეს "უკრაინის სპეცსამსახურების კიდევ ერთი მცდელობა, ყირიმის ხიდზე დიდი სიმძლავრის ბომბი აეფეთქებინათ“.
უწყების მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა Chevrolet Volt-ის მარკის ავტომობილში იყო მოთავსებული და რუსეთში უკრაინიდან საქართველოს გავლით შეიტანეს - "ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იგეგმებოდა ავტომობილის კრასნოდარის მხარეში გადაყვანა კერძო გადამზიდავის მიერ მართული ავტომზიდით.
"ეფესბეს" ინფორმაციით მიხედვით, მანქანა შემდგომში სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ არაფერი უნდა სცოდნოდა და ყირიმის ხიდზე გავლისას „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად ქცეულიყო“.
იუწყებიან, რომ რუსეთის სპეცსამსახურმა მოახერხა „ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებლება“ და ასევე ყველა იმ პირის დაკავება, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე ავტომობილის გადაყვანაში მონაწილეობდა.
რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კიევი და თბილისი ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.
საქართველოს გავლით ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების შესახებ განცხადება მოსკოვში 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შემდეგაც გააკეთეს. მაშინ რუსეთის ხუთი და უკრაინის სამი მოქალაქე დააკავეს. გარდა ამისა, ბრალდება წაუყენეს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს - 2024 წელს რუსეთმა ის სახელმწიფოთაშორის ძებნილ პირთა სიაში შეიყვანა.
ტვ „პირველის“ ინფორმაციით. რუსული გამოძიების მასალებში ნახსენები სატვირთო მანქანა ინასარიძის დედას ეკუთვნოდა, რომელმაც რუსულ ვერსიას „ბოდვა“ უწოდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ქვეყანას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან "შემხებლობა არ აქვს".
ყირიმის (ქერჩის) ხიდი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენდა. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მის მშენებლობას უკანონოდ მიიჩნევს და 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ ხიდი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე იყო. მისი დაზიანების ერთ-ერთი ბოლო მცდელობა მიმდინარე წლის ივნისში იყო, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე ჩაიარა. მანამდე ხიდზე მოძრაობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სრულად ან ნაწილობრივ იყო შეზღუდული.
ფორუმი